ლუკასმა ვაჟა თავბერიძეს 2 წლის წინ, ამ ინტერვიუში უთხრა:
“არა მგონია, ბატონ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გააზრებული ჰქონდეთ, რამხელა ზიანს აყენებენ მათი შიდაპოლიტიკური მაქინაციები ქვეყნის რეპუტაციას.” რას ფიქრობს ედვარდ ლუკასი ახლა, საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით ივანიშვილის პარტიის გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები გაყალბების ფაქტებზე მიუთითებენ, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 5 პროცენტი გადალახა, არჩევნებს მოპარულს უწოდებს?
რადიო თავისუფლება: როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები არჩევნების შემდეგ?
ლუკასი: ვფიქრობ, ეს იყო ცუდი დღე საქართველოსთვის, ცუდი დღე საქართველოს მეგობრებისთვის და კარგი დღე ვლადიმირ პუტინისა და მთელი მისი სამეგობროსთვის. ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალური ხმების მხრივაც, ჩემი აზრით, უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ხალხი მოელოდა, და რა თქმა უნდა, არჩევნები გააყალბა იმ ხმების ხარჯზე, რომელიც მიიღო დაშინებებით და [ბიულეტენების] ღია გაყალბებით, რაც საკმაოდ ნათლად დამტკიცდა სტატისტიკური ანალიზით. რაც შეეხება ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს, რა თქმა უნდა, ეს სანაქებო და გაბედული საქციელია და პრეზიდენტის როლიც ცალკე უნდა ვახსენოთ - მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდება ქვეყნის სრულად გასაჩერებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად საერთაშორისო ზედამხედველობით — ანუ, იმის მოსახდენად, რაც ამ სიტუაციაში გვჭირდება. ასე რომ, ვშიშობ, საქართველო ახლა იმავე გზას ადგას, რომელსაც ბელარუსი დაადგა, და ამის გააზრება ჩემთვის ერთობ სევდიანი რამაა.
ასევე ნახეთ „მინდა, რომ ნატოზეც თქვან უარი“ - კრემლი და მისი პროპაგანდისტები საქართველოს მომავალს გეგმავენრადიო თავისუფლება: გასაგებია. რას გვეუბნება მმართველ პარტიაზე ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანი იყო პირველი და, ამ ეტაპზე, ერთადერთი დასავლელი ლიდერი, ვინც მათ გამარჯვება მიულოცა — და თანაც წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ლამის ერთი საათით ადრე. მერე თვითონაც ჩამოფრინდა, პირადად მისალოცად. როგორ გამოიყურება დღეს დასავლეთიდან დანახული ქართული ოცნება?
ლუკასი: ვშიშობ, რომ საქართველოს არც კი უყურებენ, რადგან დასავლელი გადაწყვეტილების მიმღებთა უმრავლესობის მზერა ახლა საქართველოსკენ ნამდვილად არ არის მიპყრობილი. ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება, ახლო აღმოსავლეთში კრიზისია, უკრაინაში ომი მძვინვარებს. ასეთ დროს საქართველოსთვის საჭირო ყურადღების მიპყრობა უჭირთ, რამდენადაც უსამართლო არ უნდა მოგეჩვენოთ ეს. ვფიქრობ, ორბანის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს მის მოქნილობას, როგორც პოლიტიკური შოუმენისა - აშკარად იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, თვითონ კი ტრამპის მთავარ მოკავშირედ იქცევა ევროპაში. ეს კი, თავის მხრივ, ევროპული გეოპოლიტიკის დიდ გადალაგებას გამოიწვევს, თუ ასე მოხდა. მაგრამ ორბანი... იცით, მეგობარს რომ ვეძიებდე საერთაშორისო პოლიტიკაში, ვიქტორ ორბანს არ ავირჩევდი მეგობრად, რადგან ვიქტორ ორბანის ერთადერთი და საუკეთესო მეგობარი თავად ვიქტორ ორბანია. აი, ასეა საქმე. ამ ეტაპზე არც ქართველებისთვის და არც მათი მეგობრებისთვის საზღვარგარეთ არ ჩანს რაიმე რეალური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც უკეთესობისკენ წაგვიყვანდა. ამიტომ, ერთადერთი, რაც შემიძლია გირჩიოთ, სტრატეგიული მოთმინებაა – იმედი დავიტოვოთ, რომ მდგომარეობა შეიცვლება.
"დასავლეთის თეთრი გემი," რომელიც მოვა და რუსეთის ჩრდილში მყოფ ქვეყნებს გადაარჩენს, ცოტა გულუბრყვილო მოლოდინია."
რადიო თავისუფლება: და რამდენად ძვირად შეიძლება დაუჯდეს დასავლეთს ეს “მოუცლელობა”?
ლუკასი: ბოლო 35 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც უგულებელყოფის პერიოდი - 35 წლის განმავლობაში, ვარშავიდან დასავლეთით მყოფმა მსოფლიომ ვერ შეძლო ბოლომდე გაეაზრებინა, მაინც რაც წარმოადგენს 1991 წლის შემდგომი რუსეთი. ეს უკვე 90-იანების დასაწყისში გამოჩნდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ომების დროს – ამ, ე.წ. "გაყინული კონფლიქტებისას," რომლებიც სინამდვილეში სულაც არაა გაყინული, თუ მათი დესტაბილიზაციის ეფექტებს შევავლებთ თვალს. ამიტომ ხალხს არ ვურჩევდი ილუზიის ტყვეობაში ყოფნას და იმის ლოდინს, როდისღა “გამოიღვიძებს” დასავლეთი? რადგან დასავლეთი ასე, უბრალოდ, არ იღვიძებს. თქვენ შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ, რეკოთ განგაშის ზარები, მაგრამ თუ [დასავლეთი] ღრმა ძილშია და გამოღვიძებასაც არ გეგმავს, ეს მხოლოდ იმედგაცრუებას მოიტანს. "დასავლეთის თეთრი გემი," რომელიც მოვა და რუსეთის ჩრდილში მყოფ ქვეყნებს გადაარჩენს, ცოტა გულუბრყვილო მოლოდინია. დღეს დასავლეთი ისეა გახლეჩილი და გაფანტული, როგორც არასდროს, და უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ იმ სამყაროში, როგორიც არის და არა ისეთ სამყაროში, როგორიც გვინდა, რომ იყოს.
ასევე ნახეთ რა იცავს თავისუფალ არჩევნებს - ტექნოლოგიები თუ პოლიტიკური ნება?რადიო თავისუფლება: ანუ, გვირაბის ბოლოსაც კი არ მოჩანს სინათლე?
ლუკასი: ვფიქრობ, ერთადერთი იმედი უკრაინის გამარჯვებაშია. თუ უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება, თუ რუსეთი იქცევა ნაკლებად ბოროტმზრახველ თუ არა, უფრო სუსტ და დაქსაქსულ რუსეთად, მაშინ ყველას მიეცემა ამოსუნთქვის საშუალება. ასეთი რამ უკვე ვიხილეთ 90-იან წლებში და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. იმპერიები ემხობიან, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ამერიკის იმპერიაში უფრო მეტი არეულობაა, ვიდრე რუსეთის იმპერიაში.
ვფიქრობ, პოსტ-1991 წლის ლიბერალური კონსენსუსის საფლავის ქვას ეწერება: იდეები კაი გქონდათ, მაგრამ შესრულებაში ჩაფლავდით
რადიო თავისუფლება: რუსეთზე აუცილებლად გკითხავთ, მაგრამ მანამდე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელსაც ამ ყველაფერში ალბათ ყველაზე დიდი „წვლილი“ მიუძღვის - მოდით, ბიძინა ივანიშვილზე ვისაუბროთ. და სიამოვნებით მოვისმენდი, როგორ ხედავთ მას, ივანიშვილს, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს.
ლუკასი: არ მგონია, რომ სახელმწიფო მოღვაწე შესაფერისი სიტყვა იყოს. უფრო „მფლობელი,“ ან, თუ გნებავთ, ბიზნეს-მენეჯერი შეიძლება დავარქვათ. დიდი შეცდომა იყო ფიქრი, რომ რუსეთში გამდიდრებული ადამიანი პოლიტიკურ ბაგაჟს იქვე დატოვებდა. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილმა ხალხის მხარდაჭერა იმიტომ მოიპოვა, რომ ხალხს მართლა ყელში ჰყავდა ამოსული მაშინდელი მთავრობა. მართლა არსებობდა გულწრფელი უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის მეთოდების მიმართ. ბევრი ქართველი ფიქრობდა, რომ ძალაუფლების გადაბარების დრო დადგა, და ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოლოდინი იყო. და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი თავისუფალი არჩევნები [საქართველოში]. აქ მთავარი გზავნილი ისაა, რომ “ცუდი ბიჭები” მაშინ იმარჯვებენ, როცა “კარგი ტიპები” მიქარავენ ხოლმე. ეს უკვე არაერთხელ ვნახეთ ევროპაში – ორბანი ბრუნდება, ფიცო იმარჯვებს სლოვაკეთში, და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება. ვფიქრობ, პოსტ-1991 წლის ლიბერალური კონსენსუსის საფლავის ქვას ეწერება: იდეები კაი გქონდათ, მაგრამ შესრულებაში ჩაფლავდით.
ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანი თბილისშია - სააკაშვილის ყოფილი მეგობარი „ოცნების“ გამარჯვებას ზეიმობსრადიო თავისუფლება: დაბოლოს, დაპირებული კითხვა რუსეთზე, უფრო სწორად, მის დღევანდელ მმართველზე. ჩვენს ბოლო ინტერვიუში თქვით, რომ რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა, პუტინი კი გეოპოლიტიკის ტონი სოპრანოდ მონათლეთ. გავაგრძელოთ ეს შარადა: რომელ სეზონს ვუყურებთ ახლა, დღეს? ვოვა სოპრანოს თავგადასავლის რომელ ეპიზოდს?
ლუკასი: ვფიქრობ ეს ის სეზონია, რომელიც გადაუღებელი დარჩათ - სეზონი, სადაც ტონი სოპრანოს ამბიციები არ ასვენებს და უბიძგებს, საკუთარი ბიზნეს-იმპერია გააფართოოს, ექსპანსია მაგალითად, პენსილვანიაში ან სადმე ეგეთში. ვფიქრობ, ნიუ იორკის მაფია ეს ჩინეთის ეკვივალენტია, ისინი ტონიზე დიდები არიან და ძლიერები, მაგრამ მაინც იჭერენ საქმეს სოპრანოსთან, საერთო ინტერესების გამო. ის ცდილობს, ახალ ტერიტორიაზე დაიმკვიდროს თავი - ზოგან გამოუდის, როგორც მაგალითად, დღევანდელ საქართველოში, ზოგან კი საქმე კარგად არ მისდის - როგორც, მაგალითად, უკრაინაში. მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ FBI თავის, შიდა პრობლემებშია ჩაფლული, სხვა თემებზეა გადართული და ტონის უფლება ეძლევა, დაუსჯელად აკეთოს, რაც მოეპრიანება, და გაუდის - პოლიცია სხვა მხარეს იყურება.
რადიო თავისუფლება: სანამდე?
ლუკასი: [იცინის] ვფიქრობ, ნეტფლიქსი უნდა გამოიწეროთ და უყუროთ, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები.
ასევე ნახეთ “პუტინს უნდა შევხედოთ, როგორც ტონი სოპრანოს” - ედვარდ ლუკასი მოსკოვთან მოლაპარაკებებისა და ომის რეალური საფრთხის შესახებ