კარანტინის 32-ე დღე - ნინის დღიური უჰანიდან

ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.

23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.

ნინი დავლიანიძე

ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.

დილით 9 საათზე გავიღვიძე. გავიღვიძე რა, მეზობლის ტელევიზორმა გამაღვიძა.

24 თებერვალი, 2020

კარანტინის 32-ე დღე

წინა დღეს ვიღაცა გოგომ გააკეთა კომენტარი ჩემს დღიურზე, ყველაზე არასაინტერესო დღიურია, თავის ემოციებზე არაფერს ჰყვება, არადა რამდენი რამის მოყოლა შეუძლიაო. მართალი ხარ, მეგობარო! არც ისე საინტერესოა, რადგან ემოციების გადმოცემა ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, არც ერთ ვითარებაში. მაგრამ, რომც შემეძლოს ყველაფერი ისე გაჩვენო, როგორც მე ვგრძნობ, ეჭვი მაქვს, მაინც ვერ გამიგებ, რადგან ემოციები ინდივიდუალურია. მე რომ ნაყინი მადარდებს, ვიღაცას პური ადარდებს და ადამიანი, რომელსაც პური ნაყინზე მნიშვნელოვანი ჰგონია, ვერასოდეს გაიგებს ჩემს ბედნიერებას, როცა ნაყინით გავავსე საყინულე და მხოლოდ ერთი ცალი პური ვიყიდე. მაგრამ მაინც სულ მცირედს მოგიყვები, ახლა ჩემს თავს რაც ხდება.

ასევე ნახეთ კარანტინის 25-ე დღე - ნინის დღიური უჰანიდან

ზუსტად 1 თვეა, კარანტინში ვარ.

თავიდან ეს კარანტინი იმ დამსახურებულ შვებულებას ჰგავს, რომელიც, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვინატრია: ვალდებულება - 0, საჭმელ-სასმლით უზრუნველყოფილი, წლობით გადადებული წიგნები, რომელთა წასაკითხად ახლა იდეალური დრო და გარემოა, ცხელი ყავით ან ჩაით ხელში. კატა ან ძაღლი აკლია ამ ფანტაზიის სრულყოფილ რეალობად ქცევას. შეგიძლია დაიძინო და გაიღვიძო, როცა გინდა. ერთადერთი სადარდებელი რაც გაქვს, ფილმის არჩევაა - დღეს რას ვუყურო.

ისე ზარმაცდები, საკუთარ თავს ვერ ცნობ; იძინებ ღამის 3-4, იქნებ გამთენიის 6 საათზეც კი, იღვიძებ შუადღის 12 ან 1 საათზე და ფიქრობ: ,,რატომ გავჩნდი ადამიანად? იქნებ კალია უნდა ვყოფილიყავი და ზემოთ აერიათ ჩვენი ყუთები და არასწორ ადრესატთან გამომგზავნეს? ...


მაგრამ ცოტა ხანში ხვდები, რომ დეპრესიისკენ ისე მიექანები, ცოტა მაზოხისტურ სიამოვნებაშიც კი გადადის და ერთ დროს რომ გეგონა, ძააააააააან ექსტროვერტი იყავი, ახლა ძაან ინტროვერტზე უფრო ძაააან ინტროვერტი გახდი.

რა მაგარია! ერთი თვე - სრულიად თავისუფალი დრო! იმდენი რამის გაკეთება შეიძლება: ჩინურს ისწავლი, საინტერესო სტატიებს წაიკითხავ, ცნობიერებას აიმაღლებ, თვითგანვითარებას მიეცემი და სწორ ჩვევებს ჩამოიყალიბებ. მთავარია, დროის მენეჯმეტი სწორად გააკეთო: პირველ რიგში, იძინებ ყველაზე გვიან, ღამის 1 საათზე, რომ დილით 8-9 საათისთვის გაიღვიძო; გაღვიძებისთანავე 1 ჭიქა წყალს სვამ, როგორც დედამ, ინტერნეტმა მსოფლიოს ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრების სრულიად უმრავლეობას გასწავლა; მერე საუზმობ და რთავ იუთუბზე მინიმუმ ნახევარსაათიან ბოდი თოუნ აფ ვიდეოს და იმ ლამაზტანიან გოგოებთან ერთად ვარჯიშობ; შემდეგი ნახევარი საათი საყვარელ სიმღერებს უსმენ, რომლებიც შენდაუნებურად ცეკვას გაიძულებენ და განწყობას გიმაღლებენ, რომ ტონუსში იყო მთელი დღე.

  • 11:00-13:00 დროის მანძილზე მასწავლებლის ტესტებს მეცადინეობ;
  • 13:00-14:00 სრულიად თავისუფალი ხარ - რაც გინდა, აკეთე; თუ გინდა, უბრალოდ, ფანჯრიდან მანქანები თვალე, ან ფრჩხილებზე ლაქი წაისვი და მოიშორე, წაისვი და მოიშორე, ან ჭაღარა რომ გაგიჩნდა, ის ითვალე სარკეში… მოკლედ, თავისუფალი ხარ;
  • 14:00-15:00 ჩინურში რაც უკვე ისწავლე, ის გადაიმეორე;
  • 15:00-16:00 წიგნი წაიკითხე;
  • 16:00-18:00 ფილმი აარჩიე და უყურე;
  • 18:00-19:00 ვახშმის მომზადების პარალელურად, თედთოქის ან აზროვნების აკადემიის ვიდეოებს მოუსმინე, ან რამე საინტერესო წაიკითხე სამყაროზე;
  • 19:00-21:00 ჩინურის უფასო კურსებზე რომ დარეგისტრირდი, ის იმეცადინე;
  • 21:00-00:00 სოციალური ქსელები, ფილმები, მეგობრებთან ჭორაობა… რაც გინდა, ის გააკეთე;
  • 00:00-01:00 დასაძინებლად მოემზადე და ძილი ნებისა.

თუმცა, ეს ყველაფერი შეიძლება 10 დღეში ერთხელ მოახერხო.

რეალობა კი ასეთია: ისე ზარმაცდები, საკუთარ თავს ვერ ცნობ; იძინებ ღამის 3-4, იქნებ გამთენიის 6 საათზეც კი, იღვიძებ შუადღის 12 ან 1 საათზე და ფიქრობ: ,,რატომ გავჩნდი ადამიანად? იქნებ კალია უნდა ვყოფილიყავი და ზემოთ აერიათ ჩვენი ყუთები და არასწორ ადრესატთან გამომგზავნეს? იქნებ ის კალია წინა ზაფხულს სახლში რომ შემოფრინდა, ფარდაზე იჯდა განაბული და მე ჩუსტით მოვკალი, მისი სული ამ სხეულში უნდა ყოფილიყო და მე მის სხეულში?“

ასევე ნახეთ ვირუსი, რომლითაც რასიზმი გადადის

პარალელურად რაღაცა დებილობას თამაშობ ტელეფონში, გუშინ რეკლამად რომ ამოგიგდო - მაგალითად, ბარბს მაკიაჟს უკეთებ და აცმევ. ჯანდაბა! ჯობია ადგე, თორემ წელი გაგიშეშდა. ძლივს დგები, თან შენ თავზე ბრაზდები, ძილის წინ ჩუსტების სწორად დალაგება რატომ ვერ ისწავლე, რომ დილით ძებნა არ დაუწყო ასკინკილით.

ყველა დღე ერთნაირად იწყება და ერთნაირად მთავრდება. ადრე თუ ყველაზე მეტად ,,როდის თხოვდები?“ კითხვა გეზიზღებოდა, ახლა ჩაანაცვლა კითხვამ ,,რა ხდება მანდ?“...


შედიხარ აბაზანაში, დილის რუტინას ამთავრებ და ფიქრობ: ,,ვჭამო თუ დავწვე ისევ?“ გააჩნია, ზოგჯერ რა იმარჯვებს, ზოგჯერ რა. თუ ძალიან აქტიურად გათენდი, ,,აერობიკას“ წერ იუთუბში, მართლა, ოღონდ! არანაირი მაღალინტელექტუალური სიტყვები, შენს დროს აერობიკა ერქვა! მთელი 10 წუთი დაუღალავად ვარჯიშობ, მერე ჯდები ტახტზე და ისვენებ შემდეგი 2, ან 3, ან 4 საათი, ან სანამ ახლიდან არ მოგშივდება, რომ ფიზიკურად ადგომა მოგიწიოს.

ლეპტოპი ტელევიზორზე გაქვს შეერთებული და უამრავი მელოდრამა, კომედია გაქვს გადმოწერილი: გოგომ და ბიჭმა შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი, ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული, მერე მეზობელმა ნაზიმ რაღაცა ინტრიგა ჩაუხლართა, მაგრამ სიყვარულმა გაიმარჯვა და ერთმანეთისკენ გზა მაინც იპოვეს. ბოლო ეპოზოდის კულმინაციურ კოცნაზე და რამე ბანძ ხუმრობაზე, რომელიც აუცილებლად უნდა თქვას რომელიმემ, გბურძგლაააავს... ოღონდ, აი, ვერაფრით ხვდები, იქრინჯები თუ გსიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, სხვა ფილმზე გადადიხარ - იმავე შინაარსით, იმავე დასასრულით და ასე, დაუსრულებლად.

Your browser doesn’t support HTML5

ცარიელი ქუჩები და სავაჭრო ცენტრები ჩინეთში

ყველა დღე ერთნაირად იწყება და ერთნაირად მთავრდება. ადრე თუ ყველაზე მეტად ,,როდის თხოვდები?“ კითხვა გეზიზღებოდა, ახლა ჩაანაცვლა კითხვამ ,,რა ხდება მანდ?“, რადგან არაფერი ხდება და ამის ხმამაღლა თქმა ისე გძულს, როგორც უმარილო ბორშჩი.

ამ დღიურის ქვეშ მომწერეთ თქვენი შეკითხვები. შევეცდები თავი მოვაბა და დეტალურად გიპასუხოთ ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ.