ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.
23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.
კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.
ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.
11 თებერვალი
კარანტინის მე-19 დღე
ეს ერთი კვირა არაფრით განსხვავდება წინა ერთი კვირისგან, აბსოლუტურად არაფრით. ვზივარ სახლში და სერიალს სერიალზე ვუყურებ. თუ რამე შეგიძლიათ საინტერესო შემომთავაზოთ, ღია ვარ.
სამსახურში, წესით, 13-ში უნდა გავსულიყავი, მაგრამ მოიწერეს, არ გვაქვს უფლება და შეგეხმიანებით, გეტყვით, როდისო. გუშინ ჩვენმა ელჩმა დამირეკა და მკითხა, საჭმლის მარაგი ხომ გაქვსო? საჭმელი კი მაქვს ყველაფერი. ერთადერთი, რისი პრობლემაც გამიჩნდა მას მერე, რაც ჩავიკეტე - ისტერიულად მინდა შოკოლადის ჭამა.
გუშინ, ცხოვრებაში პირველად, გამოვაცხვე კარტოფილის ღვეზელი. არასოდეს არ მომიზელია ცომი - აი, არასოდეს - აღვიდგინე, დედაჩემი როგორ აკეთებდა ამას. კვერცხი მქონდა. ძმარი და სოდა გადავურიე, რომ ცოტა ამოსულიყო. მარგარინი არ მქონდა და მარგარინის მაგივრად ზეთი გამოვიყენე. გემოზე ნორმალურია - სტუმრებს ვერ დავპატიჟებ, მაგრამ ჩემთვის და კარანტინის კვალობაზე მშვენიერია.
გარეთ გასვლაზე ჯერჯერობით ისევ არ ვფიქრობ. მართლა ყველაფერი მაქვს: მაკარონიც, ბრინჯიც, კარტოფილიც. ბოსტნეულიც ბევრი მაქვს. მირჩევნია ვიჯდე სახლში და დაველოდო. გარეთ თუ გავალ ცნობისმოყვარეობა უფრო იქნება, ვიდრე საჭიროება.
ჩემი ყოველი გასვლა და გარეთ რაღაცასთან შეხება მთელი ნახევარი დღის ნერვიულობად დამიჯდება - ხომ ყველაფერი დავსპირტე, ვირუსი ხომ არ შემოვიტანე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, მირჩევნია ასე წყნარად ვიჯდე სახლში და არ ვიფიქრო: ნეტა, გარეთ ვინმემ ჩემს გვერდით ხომ არ დაახველა და მე ხომ არ ჩავიარე-მეთქი.
რადგან სპეციალური საშუალება არაფერი მაქვს, სპირტი მაქვს მარტო, ვსპირტავ ყველაფერს, რაც მომაქვს, ეგრევე აბაზანაში შევრბივარ და ხელებს ვიბან, ტანსაცმელს გასარეცხად ვყრი და ვბანაობ. ყველაფერს ისტერიულად სწრაფად ვაკეთებ, რომ რამეს არ შევეხო, რამე არ დავაინფიცირო სახლში, იმიტომ რომ რამდენიმე ხანი ხომ ცოცხლობს ეს ვირუსი უსულო საგანზე, არ მინდა, რომ სახლში რაიმეს ხელი მოვკიდო.
ყოველდღიურად ჯგუფებში სხვადასხვა ვიდეოები იგზავნება. აი, დღესაც მივიღე ვიღაც ჩინელი ტიპის ვიდეო. ვინ იყო, არ ვიცი. უბრალოდ, იჯდა და მიმართავდა ხალხს ინგლისურად - რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჰიგიენის წესები დავიცვათ, ასე და ასე. ეს მიმართვები მთავრობას ხშირად აქვს - ხალხს მოუწოდებენ სიფრთხილისკენ, ჰიგიენის დაცვისკენ და სხვისი და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად რომ გააკეთონ ყველაფერი და, რაც მთავრია, პანიკას არ აჰყვნენ.
ყველა განცხადება მთავრდება მაგით, რომ გთხოვთ პანიკას არ აჰყვეთ, იმიტომ რომ ამდენ მილიარდ ადამიანში ბევრი ძალინ კარგი ადამიანია და ბევრი უსაშინლესად ბოროტი ადამიანიც არის, ხომ. ისეთი ვიდეოებიც გავრცელდა, სადაც ინფიცირებული ადამიანები დადიან და ახველებენ სახელურებზე, ლიფტში აფურთხებენ ღილაკებს.
რა თქმა უნდა, ეგეთი ბოროტი ხალხიც არსებობს, მაგრამ, საერთო ჯამში, ქუჩაში, აი ახლაც რომ ვიყურები, საერთოდ არავინ მოძრაობს - არც მანქანა და არც ადამიანი.
ზოგადად, ასე ვარ: რაღაცისკენ რომ მოვემართები, რომ რაღაც ასე უნდა გაკეთდეს, მერე, როგრც არ უნდა რთული მდგომარეობა იყოს, ადვილად მივყვები. ახლა ეს ყველაფერი არ მიჭირს - აქ ყოფნა, რაც მიჭირს, ის არის, რომ ხალხი ჩემგან რაღაცას ელოდება, რაღაც არსაიდან მოსული პასუხისმგებლობაა, რომელიც უცებ ვერ გავიაზრე. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ ყურადღება. მე ასეთ სიტუაციაში არ ვგრძნობ თავს კომფორტულად. მირჩევნია ჩემთვის ვცხოვრობდე, ჩემს პატარა სამყაროში.