ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.
23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.
კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.
ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.
17 თებერვალი, 2020
კარანტინის 25-ე დღე
დღეს ძალიან დავიღალე - ემოციურადაც და ფიზიკურადაც. 2 თებერვლის შემდეგ პირველად გავედი სახლიდან. საყიდლებზე 20-კილოგრამიანი საბარგო ჩემოდნით და ზურგჩანთით წავედი. სულ გავავსე და ძლივს ამოვიტანე სახლამდე.
გარეთ ხალხმრავლობა, რა თქმა უნდა, არ იყო, მგრამ ქუჩები არც ისე ცარიელია, ალაგ-ალაგ მოძრაობს ხალხი. ჩემი მეგობარი მოშორებით ცხოვრობს, უჰანის გარეუბანში, და ეგ ნაწილი მთლიანად ჩაკეტილია, კორპუსიდან მარტო 3 საათით აქვთ გასვლის უფლება. ჩემთან ასეთი სიმკაცრე არ არის.
ადრე გოგოებმა რუკა ჩამიგდეს - წითლად იყო მონიშნული დაინფიცირებული უბნები და კორპუსები. იმ რუკაზე ჩემი უბანი საერთოდ არ იყო “მოპწიჩკული”, სულ რამდენიმე მეზობელი კორპუსი იყო წითლად მონიშნული.
ამბობენ, რომ ქალაქში, პოლიციელები დადიან, ჩემთან არავინ ყოფილა. არ ვიცი, შეიძლება არც კი იციან, რომ აქ ვინმე ცხოვრობს. ჩემი სახლი კომპანიას აქვს დაქირავებული. 22 სართულიანი კორპუსია, მე მე-20-ზე ვცხოვრობ.
ასევე ნახეთ კარანტინის მე-12 დღე - ნინის დღიური უჰანიდანახლა მაქვს:
ნაყინი, შოკოლადები, წყალი; მაკარონი წამოვიღე, ფქვილი არ დამხვდა და ძალიან დამწყდა გული...
კიდევ რა?
პეჩენიები, კარტოფილი, სტაფილო, ბროკოლი, მზესუმზირა...
კიდევ…
ნაგეტსები, გაყინული ფრი, კვერცხი, პამიდორი, რძე ...ხომ ვამბობ - 20-კილოიანი სამგზავრო ჩემოდანი და ზურგჩანთა გატენილი მოვიტანე.
დახლთან ოპერატორმა გოგომ ჩემი 13 ნაყინი ერთიანად კი არ მონიშნა, სათითაოდ გაატარა და ჩემ უკან რიგი დადგა. 2 კალათა სავსე, ხელსახოცები და წყალი ხელში მიჭირავს, არადა, ხალხს ჩემ უკან თითო-თითო კალათა აქვთ, ისე, ყოველდღიური საყიდლებით. აი, ასე იდგნენ თითო კალათით და გაოცებულები მიყურებდნენ. ამ 13 ნაყინის გატარება რომ დაიწყო მოლარემ უცებ ვიგრძენი, რომ ჩოჩქოლი ატყდა, წყალიც რომ გაატარა, მკითხა - პარკი გინდაო? არა-მეთქი, მაგრამ არც იმას ესმის ჩემი და არც მე მესმის იმისი, მინიშნებებით ვაგებინებთ ერთმანეთს, ჰოდა პარკზე რომ უარი ვთქვი გადავხსენი ეს ჩემი ჩემოდანი და ყველას გიჟებივით სიცილი აგვიტყდა, როგოც უცხოელ ტურისტს, ისე მიყურებდნენ.
დღევანდელი შოპინგი ლარებში რომ გადავიყვანო 250 ლარამდე დამიჯდა, 800 იუნი დაახლოებთ. რაღაცები ძალიან ძვირია, ყავას როგორც წესი, ვიწერ ხოლმე იაფად, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ მქონდა და 83 იუანი მივეცი. ასე არაფერზე არ დამწყვეტია გული, მაგრამ რა მექნა?! რაღაცები გაძვირდა, მაგალითად რძე 10 იუნი ღირდა, ახლა 26 მივეცი.
ასევე ნახეთ კარანტინის მე-19 დღე - ნინის დღიური უჰანიდანსაელჩოდან გუშინაც მომიკითხეს. 3-4 დღეში ერთხელ მაინც მწერენ ან მირეკავენ, კონტაქტზე სულ არიან. რამდენადაც ვიცი, ახლა მთელი ჰუბეია ჩაკეტილი. მაშინ, როდესაც ევაკუაცია ხდებოდა და მე უარი ვუთხარი, გამაფრთხილეს, კარგად მოიფიქრე - მერე თუ წასვლა მოგინდება, ვეღარ გაგიყვანთო. არ მინდა, საერთოდ არ ვნერვიულობ.
ამასწინათ მესიჯი მომივიდა, რომ ყველა მკაცრად უნდა იყოს აღრიცხული და თუ დავმალავთ ვირუსის არსებობას, დავისჯებით. თუმცა რა და როგორ იქნება, ზუსტად არ ვიცი. მესიჯები ჩინურად მოვიდა, ცუდად ვთარგმნე - დავიცვათ კანონიო, მოგვიწოდებდნენ. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა მეტ-ნაკლებად ყველა ინფიცირებული გამოვლენილია და საერთო ჯამში სიტუაციას აკონტროლებენ.
უკვე კარანტინის 25-ე დღეა. რაც სახლში ვარ, წელი ამტკივდა და ყოველდღე, დილით რომ ვდგები, ცოტა ვარჯიშებს ვაკეთებ - დაახლოებით ისეთს, სინდი კროუფორდი რომ აკეთებდა. თავი რომ გავირთო, მასწავლებლის სერტიფიკატსაც ვიღებ, მოკლედ, დრო გამყავს. სამსახურიდან არავინ შემომხმიანებია, ისევ ველოდები.
ვიდეოებსაც ვგზავნი, არ არის კარგი - არასდროს ვიყავი ყოჩაღი გადაღებაში, მგრამ, აი, ეს არის, რაც შევძელი.
- კარანტირის მე-19 დღე
- კარანტინის მე-12 დღე
- კარანტინის მე-11 დღე
- კარანტინის მე-10 დღე
- კარანტინის მე-9 დღე
- კარანტინის მე-8 დღე
- ნინი დავლიანიძე უჰანში