იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე მომუშავე მრავალი უწყება და დაბნეული დევნილები

წეროვნის დევნილთა დასახლება

ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები დღემდე დაბნეულები არიან და არ იციან, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად რომელ უწყებას მიმართონ. დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმების შემდეგ მათ საკითხებს უკვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კურირებს. გარდა ამისა, დევნილთა საკითხების მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაცაა და კიდევ არაერთი უწყება მუშაობს პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა ამით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად არ იცვლება.

17 დეკემბერს, რეგიონალური დიალოგის ფარგლებში, გორის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელიც დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, განსახლებისა და სხვა საკითხებს ეხებოდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ახლახან დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი. შევიდა ცვლილებები შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციებსა და უფლებამოსილებებში. შეიქმნა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების ახალი სააგენტო. ამ სააგენტოს დაევალა დევნილთა სოციალური და განსახლების საკითხების აღსრულება. სააგენტოს თანამშრომლები გორში იძულებით გადაადგილებულ პირებს, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და თავიანთ გეგმებზე ესაუბრნენ. მთავარ გამოწვევად დევნილებისთვის ისევ არაინფორმირებულობის პრობლემა რჩება. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს, პირველ რიგში, რეფორმის ფარგლებში დევნილთა 45-ლარიანი შემწეობის შესაძლო გაუქმების საკითხი აინტერესებდათ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ უპასუხეს, რომ 45-ლარიანი შემწეობების გაცემა გრძელდება და თუ რეფორმის ფარგლებში რაიმე შეიცვლება, ესეც დევნილთა საჭიროებებზე იქნება მორგებული.

კვლავ გამოწვევად რჩება კომპეტენციების გამიჯვნის საკითხი. მაგალითად, გორში მცხოვრებ დევნილებს ერთბაშად რამდენიმე უწყებასთან აქვთ ურთიერთობა და ვინ რას აკეთებს, ბოლომდე ვერ ერკვევიან. ეს უწყებებია, მაგალითად: სამინისტრო, დევნილი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია და ასე შემდეგ.

50 ათასი დევნილი ოჯახი კვლავ განსახლების მოლოდინიშია, 2020 წელს კი ბინით მხოლოდ 5 ათასი ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება.


დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს წარმომადგენელი თამარ გავაშელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ აუცილებელია გაგრძელდეს დევნილთა ინფორმირების კამპანია, რათა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ზუსტად იცოდნენ, მათი პრობლემების მოგვარებისას ვის რა კომპეტენცია აქვს და რა პროგრამები და პროექტები მუშაობს დევნილთა პირობების გასაუმჯობესებლად.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ნებისმიერი პრობლემა მოქალაქეთა ჩართულობით უნდა გადაჭრას და დევნილთა შემთხვევაში მათი ჩართულობა და გააქტიურება მნიშვნელოვანია, ამიტომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები, სადაც ხელისუფლებისა და დევნილი საზოგადოების წამომადგენლები მოსაზრებებს გაცვლიან, ხშირად უნდა ჩატარდეს.

კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება. 50 ათასი დევნილი ოჯახი კვლავ განსახლების მოლოდინიშია, 2020 წელს კი ბინით მხოლოდ 5 ათასი ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება.