"იყო აგრესორი ქვეყნის მოქალაქე, ეს წყევლაა" - მარგარიტა ზავადსკაია

რადიო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ ინტერვიუ აიღო ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევართან, სოციოლოგ მარგარიტა ზავადსკაიასთან.

სერგეი მედვედევი: შარშან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რუსული ემიგრაციის სოციოლოგიის შესახებ. მე მსურს, ჩვენი დღევანდელი საუბარი ავაგო ამ ოპოზიციის ირგვლივ, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება წელიწად-ნახევრის ომის შემდეგ - „ვინც წავიდა“ და „ვინც დარჩა“. დავიწყოთ დარჩენილთა სოციოლოგიით. არ ფიქრობთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბოლო მობილიზაციის შემდეგ, მოხდა რაღაც კონსოლიდაცია, ნორმალიზაცია? ხალხი შეეგუა ომს და ამ ომში საკუთარი ყოფნის მდგომარეობას, როგორც გარკვეულ ბედს და უკვე მის შესაბამისად აგებს საკუთარი ცხოვრების კონტურებს.

მარგარიტა ზავადსკაია: ეს მართლაც ასეა. ადამიანები, უმეტესწილად, ადაპტაციური არსებები არიან. საშინელია ამის თქმა, მაგრამ ადამიანი თითქმის ყველაფერს ეჩვევა. როგორც უკრაინული მხარე ეჩვევა სანგრებში და დაბომბვის ქვეშ ცხოვრებას, ასევე აგრესორი ქვეყნის მცხოვრებლები ეჩვევიან ცხოვრებას ან მორჩილებას... ეს ალბათ არ არის სწორი ზმნა, მაგრამ მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფისთვის ნამდვილად ნიშნავს მორჩილებას. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას არ ძალუძს ბევრი რამ პოლიტიკურად, არა იმიტომ, რომ მათ არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ ცოტანი არიან და ამ მომენტში მათ არ აქვთ ბევრი შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი პოზიცია, თუ, რა თქმა უნდა, არ არიან პოლიტიკურად გაბედულები, რომლებიც მზად არიან თავიანთ სიტყვებზე პასუხისმგებლობა აიღონ და, შესაბამისად, დაისაჯონ ამისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელით ან დატოვონ ქვეყანა და უფრო უსაფრთხო ადგილიდან ილაპარაკონ. უმეტესწილად, ადამიანები პოულობენ რაიმე სახის გამართლებას - ზოგჯერ ამას შეიძლება ეწოდოს იმ სიტუაციის პოსტ ფაქტუმ რაციონალიზაცია, რომელშიც ისინი აღმოჩნდებიან. ეს არ არის რუსეთის მოქალაქეების უნიკალური თვისება - ეს მეტ-ნაკლებად უნივერსალურია. მოცემულ სიტუაციაში ის განსაკუთრებით დრამატულ ფორმას იძენს.

ახლა ეს არის უიმედობის გამო კონსოლიდაცია, ანუ გადარჩენის საშუალება

სერგეი მედვედევი: შემხვედრია ტერმინი „თავდაცვითი კონსოლიდაცია“. ხდება საზოგადოების გარკვეული გაერთიანება, დუმილზე გარკვეული უსიტყვო შეთანხმება. შუაში არსებობს შავი ხვრელი, მაგრამ ჩვენ თანახმა ვართ, რომ ეს ხვრელი არ შევამჩნიოთ და ვცხოვრობთ მის პერიმეტრზე.

მარგარიტა ზავადსკაია: დიახ, ეს დროშის გარშემო ერთიანობის მსგავსია, მაგრამ მექანიზმი განსხვავებულია. დროშის ირგვლივ გაერთიანება ხდება ეიფორიის, სიმბოლურად დადებითი ან უბრალოდ დადებითი მოვლენის ვითარებაში: ის, რასაც ვხედავდით 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. ახლა ეს არის უიმედობისგან კონსოლიდაცია, ანუ გადარჩენის საშუალება. ეს არის არა სიხარულის კონსოლიდაცია, არამედ ნაწილობრივი მორჩილების კონსოლიდაცია. რა უნდა ვქნათ? რადგან ცხოვრებამ ლიმონები მოგცათ, იცხოვრეთ ამ ლიმონებით.

სერგეი მედვედევი: მე ვფიქრობ, რომ პროპაგანდას, პოლიტიკოსებს, იმათ, ვინც გეგმავდა ამ ომს, დაახლოებით ამის იმედი ჰქონდათ: რომ ხალხი ამ ომს მიიღებდა როგორც რაღაც გარდაუვალს. საჯარო დონეზე ხდება გარკვეული აკლამაცია სატელევიზიო გადაცემების, ტოქშოუების, დიდი პერფორმანსებისა და შამანის კონცერტების მეშვეობით.

მარგარიტა ზავადსკაია: ეს მართლაც ასეა. ზოგადი ტენდენცია ესაა პოლიტიკურად დემობილიზებული საზოგადოების მართვის ისტორია. რუსეთის რეჟიმზე არის ექსპერტთა სხვადასხვა მოსაზრება, რომ ეს არის მოფაშისტო რეჟიმი, ხალხი მარშებით დადის ქუჩებში, შეინიშნება რეჟიმის მხარდასაჭერად მობილიზაცია... მაგრამ ამის მიუხედავად პარადოქსულია, რომ ვერ ვხედავთ მასობრივ პრორეჟიმულ მობილიზაციას. ის არის წერტილოვანი, საჩვენებელი - ეს არის სადემონსტრაციო მობილიზაცია კონტროლირებად პირობებში. იმ შემთხვევაში, თუკი ეს მობილიზაცია არის თუნდაც პატრიოტული, მაგრამ უკონტროლო, ის ასევე არასასურველია. და ეს არის მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც ხშირად ავიწყდებათ, როდესაც ცდილობენ გაიგონ, რა ხდება რუსეთის პოლიტიკაში. ეს არის ღრმად დემობილიზებული საზოგადოება და რეჟიმს ნამდვილად ხელს აძლევს დემობილიზებული საზოგადოების მართვა.

სერგეი მედვედევი: ჩვენ ვხედავთ, რა მოუვიდათ ტურბოპატრიოტებს, გირკინისტებს, პრიგოჟინისტებს, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ამ ფლანგის წმენდა. რიცხვი, რომელმაც განმაცვიფრა: ჯარში გაწვეული ადამიანების ორი მესამედი მოხალისეა; მობილიზაციაც დიდად აღარ არის საჭირო! ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა ყოფილმა მშობლიურმა ეკონომიკის უმაღლესმა სკოლამ, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი მოხალისედ მიდის ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, უკვე არის მსხვერპლი, ნეკროლოგები უკვე განთავსებულია ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ვებსაიტზე. მე არ ვამართლებ, მაგრამ მესმის, როდესაც იქ ეწერებიან უმუშევრები, დავალიანების მქონენი იმიერბაიკალეთიდან, სოციალურად დათრგუნული რეგიონიდან, მაგრამ ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტები საზოგადოების ზედა ფენებიდან არიან...

რუსეთის საზოგადოებაში დომინირებს მაჩიზმო, რასაც ტოქსიკურ მამაკაცურობას უწოდებენ

მარგარიტა ზავადსკაია: აქ ორი მექანიზმი მუშაობს. პირველი არის კარიერული მექანიზმი. ახალგაზრდები დიდ ქალაქებში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ახალგაზრდობა, ეძებენ, სად არის ინდივიდუალური კარიერული ზრდის შესაძლებლობა. ისინი ვერ ხედავენ, რომ ამგვარმა ქცევამ შეიძლება დიდად იმოქმედოს მათ რეპუტაციაზე. ეს საქციელი არ არის სტიგმატიზებული, მათ ესმით, რომ, დიდი ალბათობით, ეს მომგებიანია, უახლოეს მომავალში ეს მათ მისცემს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას: სტიპენდია, პროფკავშირი, „კა-ვე-ენი“... ანუ უმეტესწილად, ეს არის ძალიან პრაგმატულად ორიენტირებული ქცევა. ახალგაზრდა გამოუცდელი ბიჭები, რომლებსაც ადრე არ ჰქონიათ ოპოზიციური შეხედულებების ალტერნატიული მოსაზრებები, უყურებენ, ქარი საიდან უბერავს: რაც ამ კონკრეტულ კონტექსტშია მოდური, სწორედ იმას აკეთებენ, ასეთი პრაგმატული კარიერისტები არიან.

მარგარიტა ზავადსკაია

მეორე მომენტია ბიჭები რეგიონებიდან, რომლებიც სასწავლად ეწყობიან ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში და დედაქალაქის სხვა მოწინავე დაწესებულებებში. ვხედავთ იმას, რასაც მათ უფროს კლასებში ასწავლიდნენ, მათთვის ეს უბრალოდ იმ ტრაექტორიებისა თუ სოციალური მოლოდინების ლოგიკური გაგრძელებაა, რაც თავიანთ მშობლიურ რეგიონში ნახეს.

სერგეი მედვედევი: მეჩვენება, რომ აქ არის ახალგაზრდული რომანტიზაციის გარკვეული ელემენტი. დაუმტკიცო სხვებს: მე შემიძლია ვიყო მამაკაცი. საკითხი, რომ სხვა ადამიანების მოსაკლავად მიდიხარ, სრულიად არ დგას. სამაგიეროდ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ქვეყანა ომს აწარმოებს და შენ როგორმე უნდა მოერგო და დაუმტკიცო შენი მამაკაცურობა შენს თავს, საყვარელ ადამიანებს, ქალაქს, ბიჭებს.

მარგარიტა ზავადსკაია: რუსულ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, დომინირებს მაჩიზმი, რასაც ტოქსიკური მასკულინობა ჰქვია და ეს აშკარად ამ ტენდენციის გაგრძელებაა. პირველკურსელები, სამხედრო ასაკის ბიჭები, უკვე ახალი თაობაა, რომელიც, ალბათ, არ მონაწილეობდა ნავალნის საპროტესტო აქციებში, მით უმეტეს, არ ახსოვთ 2011-12 წლები. დიახ, აქ ერთი მეორეს ედება. ამ „ტრადიციულმა ღირებულებებმა“ გზა გადაუკეტა გენდერული ქცევის ალტერნატიულ მოდელებს და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს იმაზე, რა არის „მაგარი“ და რა არ არის „მაგარი“. რა არის პრესტიჟული და რა არ არის პრესტიჟული. მოდა ნამდვილად ტრიალდება ამ მიმართულებისკენ.

სერგეი მედვედევი: ამჟამად სოცქსელებში განიხილება სოციალური ფსიქოლოგის, ლუდმილა პეტრანოვსკაიას პოსტი. ის წერს, რომ შეინიშნება მზარდი განწყობა: რაც არ არის ჩემი სახელით, დავიღალე ამ ყველაფრით, მზად ვართ, აქედან ნელ-ნელა გამოვიდეთ. ეს საკმაოდ დაუსაბუთებელია, ის აღწერს საკუთარ გრძნობებს. თქვენი აზრით, იზრდება ეს თუ ხალხი მთლიანად ჩაიკეტა და მზად არის ამ დახურულ სამყაროში იცხოვროს ერთი, ორი, ან ათი წელი, რამდენ ხანსაც გაგრძელდება ომი?

მარგარიტა ზავადსკაია: არსებობს სხვადასხვა მოდელი იმისა, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები ამ სიტუაციას, არსებულ კრიზისთან შეურიგებლობის სტრატეგია. რა თქმა უნდა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეობა იდენტობის კრიზისია, თვითგამანადგურებელი ისტორიაა. საკუთარ თავს სარკეში უყურებთ, ხვდებით, რომ ეკუთვნით წარმოსახვით თანამეგობრობას, რომელიც სასტიკ დანაშაულს სჩადის, ეს ისტორიაში შევა, ამით ბავშვებს დააშინებენ თაობების განმავლობაში. ეს წყევლაა - არც მეტი და არც ნაკლები. ეს არის კრიზისი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ ეგოს და ადამიანის როგორც სოციალური არსების ღირებულებას.

ამ საკითხს ყველა თავისთვის წყვეტს. მე დავეყრდნობი მიგრანტებზე ჩვენი კვლევის მონაცემებს: ადამიანები ამ კრიზისს ძალიან სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან. ასევე ნაწილობრივ დავეყრდნობი

რომის პაპზე უფრო კათოლიკე, ბომბების ქვეშ მყოფ უკრაინელებზე უფრო უკრაინელი

ლიუბოვ ბორუსიაკის და სხვა კოლეგების მონაცემებს. რომ განვაზოგადოთ, პირველი ვარიანტია: ხალხს ახსოვს მათი უკრაინული, ბელარუსული, ჩუვაშური, უდმურტული, ებრაული, როგორიც გნებავთ, ფესვები - ეს არის ისეთი გადარჩენის სტრატეგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაემიჯნოთ ტოქსიკურ რუსებს, რუსეთის მოქალაქეებს, ერს, აგრესორთა თანამეგობრობას. მეორე სტრატეგიაა: უარის თქმა, მაგრამ თუ არ გყავთ, პირობითად, ჩუვაშები ან უდმურტები, რომლებიც გეხსომებოდათ და სიმბოლურად შეგეძლოთ მათთან შეერთება, მაშინ ხდება მსხვერპლის იდენტობასთან შერწყმის ისტორია. თბილისში საინტერესო გამოთქმა გავიგე, კოლეგა ენჯეოელებს ვესაუბრე და ვიღაცამ მითხრა ეს ტერმინი - „ტრანსუკრაინელობა“. ეს მწარე დაცინვით თქვეს იმ თანამოქალაქეებზე, რომლებიც წავიდნენ, საკუთარ რუსულობას გაემიჯნენ.

თბილისი, 24 თებერვალი, 2023.

სერგეი მედვედევი: ანუ ესაა, იყო უფრო კათოლიკე, ვიდრე პაპი, იყო უფრო უკრაინელი ვიდრე უკრაინელები ბომბების ქვეშ.

მარგარიტა ზავადსკაია: ზუსტად. თითქოს ხდება მსხვერპლის იდენტობის მითვისება. დღესდღეობით ასევე პრობლემური ისტორიაა პოსტკოლონიალურობის, დეკოლონიზაციის შესახებ მოდური ისტორია. იმიტომ, რომ ვინც წავიდა, ბომბების ქვეშ არ ისხდნენ, მათ სხვა გამოცდილება აქვთ, ესეც დრამატულია, ესეც პირადი ტრაგედიაა, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური თანამეგობრობისა.

სერგეი მედვედევი: იქნებ ეს რაღაც უმაღლესი თანაგრძნობაა? ხომ არ არის ისე, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქვეყნიდან წასული არიან და უკრაინელების ბედს ირგებენ, შესაძლოა, აქტიურად ეხმარებიან ლტოლვილებს, შემოწირულებებს უგზავნიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გრძნობენ ემპათიას, რომელიც გამოისყიდის ამ დანაშაულში მათი თანამონაწილეობის გრძნობას?

მარგარიტა ზავადსკაია: ჩვენ ძალიან თხელ ყინულზე ვდგამთ ფეხს. შევეცდები ჩამოვაყალიბო ეს დელიკატური განსხვავება. გამოცდილების განცდის მცდელობა, მსხვერპლთა მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი, ეს ნაწილია მონანიების მექანიზმისა, რომლის მოწოდებითაც გამოდის ახლა ზოგიერთი თანამემამულე. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ცნობიერების მძიმე, დრამატული გამოცდილება. რუსეთის ხალხი პირველი არ არის ისტორიაში, ვინც ეს გაიარა. თუმცა, ეს არ არის იდენტობის მინიჭების ეკვივალენტი. თანაგრძნობის მექანიზმი არ არის იდენტობის მინიჭების მექანიზმი, ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეწირულების გაღება და ლტოლვილების დახმარება ყოველი ადამიანის პირადი არჩევანია, ჩემი აზრით, ეს ღირსეული არჩევანია, ვინაიდან ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, მკვლევარი არ იყოს ანგაჟირებული. ღრმა სიმპათიით ვარ განწყობილი ასეთი ადამიანების მიმართ, თავადაც ვმონაწილეობ ასეთ ღონისძიებებში.

მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის მცდელობა რაღაც ღირებული და მნიშვნელოვანია

როდესაც საქმე ეხება მსხვერპლის იდენტობის, გამოცდილების მითვისებას, როცა თანამემამულეები ცდილობენ იქ მიერთებას, ეს უკვე აჩენს კითხვებს: მეგობრებო, თქვენ საერთოდ იქიდან ხართ? მე არ ვარ იმ ადამიანების წინააღმდეგი, ვისაც „ვიშივანკა“ აცვია, უკრაინის დროშას ატარებს - ესეც სიგნალია საზოგადოებისთვის, რომ ხალხს ახსოვს ევროპის შუაგულში დატრიალებული ტრაგედია. როცა ჩნდება „კლასში კაი ტიპების“ კოალიცია, - ისინი ახლა ყურადღების ცენტრში არიან, ისინი კარგები არიან, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ცუდები, - აი, აქ გადის თხელი, დელიკატური ხაზი, სადაც დახმარება და თანაგრძნობა გადადის ექსპროპრიაციაში. უბრალოდ, ისინი აღარ არიან მაგრები და ჩვენ მყისიერად ვიცვლებით და ვითვისებთ ახალი მსხვერპლის „სიმაგრეს“, რადგან ახლა ისინი ცენტრში არიან.

სერგეი მედვედევი: მინდა ვისაუბროთ იმ ადამიანების დისკურსულ სტრატეგიებზე, რომლებიც ახლა აწარმოებენ რაღაც მნიშვნელობებს და ტექსტებს, იმათზე, ვინც წავიდა და ვინც დარჩა. როგორც ამ დისკუსიების აქტიური მონაწილე, ჩემშიც და ჩემს კოლეგებშიც ვამჩნევ: ხალხი სულ უფრო მეტად ამართლებს თავის ტერიტორიულ პოზიციებს. ისინი, ვინც რუსეთში დარჩნენ, ცდილობენ, საქმე ისე წარმოაჩინონ, რომ იშვება პროტესტი, წასულები კი უფრო სტიგმატიზაციის დისკურსს იყენებენ: რომ ეს ადგილი დაწყევლილია, რომ რუსი ხალხი ჩამოსაწერია. ჩემი აზრით, მიმდინარეობს წმინდა დისკურსული გამიჯვნა.

მარგარიტა ზავადსკაია: დიახ, მართლაც ხდება გამიჯვნა (ჩვენს კვლევებს ვეყრდნობი).

სერგეი მედვედევი: ყველა ამართლებს თავის ცხოვრებისეულ პოზიციას: დავრჩი რუსეთში, ამიტომ ჩავეწერები [საერთო სურათში]. წავედი, ამიტომაც ასე ვუყურებ ყველაფერს.

მარგარიტა ზავადსკაია: დიახ. ყველა ადამიანი ძალიან ყოჩაღია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების რაციონალიზაციისას. და ძნელად თუ შეიძლება ინსტრუმენტული მოტივაციის განცალკევება ღირებულებითი მოტივაციისგან. პოლიტოლოგები არც კი ცდილობენ ერთმანეთისგან განასხვაონ ისინი, რადგან ემპირიულად ჩვენ ამის გაკეთება პრაქტიკულად არ შეგვიძლია. ხალხს ვეკითხებით: რატომ წახვედით? ჩვენ მათ ვთავაზობთ პასუხების ვარიანტებს და თავისუფალ პასუხებს. გვიპასუხებენ: ეკონომიკის საქმე არ იქნება კარგად, ზოგადად ომი კატასტროფაა. ჩვენ ვერ განვასხვავებთ, რა არის მათთვის პირველადი და რა - მეორადი.

ჩვენ მკვლევრები ვართ და არა ინკვიზიტორები, არა პავლე მოციქული, რომელიც დგას სამოთხეში და ეკითხება. ზედმეტად არ უნდა შევაფასოთ ჩვენი როლი ამ პროცესში. პოლიტიკური, სოციალური, სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით, არა აქვს მნიშვნელობა, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები: მათ ფეხით მისცეს ხმა. თუ ისინი წავიდნენ და მოხვდნენ ისეთ ადგილას, სადაც შეუძლიათ დაეხმარონ ლტოლვილებს, თანამემამულეებს, შეწირულებები გაიღონ „მედუზისთვის“ და სხვა მედიასაშუალებებისთვის, არა აქვს მნიშვნელობა, ეს ეკონომიკის გამო გააკეთეს, თუ ისინი კომპანიამ გადაიყვანა სხვაგან. მთავარი ის არის, რომ მოგვიანებით, როცა ახალ გარემოში აღმოჩნდებიან, სოციალიზაცია მოახდინონ და ხვდებოდნენ, რომ აქ მიღებულია ისე, როგორც კარგი ადამიანები აკეთებენ.

ოპოზიცია და ახალი პოლიტიკური ლიდერები გარედან არ მოვა

რაც შეეხება იმათ, ვინც დარჩა... გვესმის, რომ ემიგრაცია პრივილეგიაა. არმიისთვის დაწუნებული ყველა ადამიანი არ წასულა, მათი უმეტესობა დარჩა და მერე ისინი თვითონ ირჩევენ გადარჩენის ვარიანტებს. არის მოქალაქეობრივი სიმამაცის, მოქალაქეობრივი ღირსების ნიშნები, მაგალითად, ალექსანდრ სკოჩილენკო, მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ყველა ღირსეული დამოუკიდებელი მედიისთვის პრობლემურია რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობა, საკორესპონდენტო ქსელს პრობლემები აქვს... ოლგა რომანოვას ორგანიზაცია „მჯდომარე რუსეთში“ უამრავი შემთხვევაა და მათზე საუბარიც კი არ შეუძლიათ, რადგანაც ამაზე საუბრისას ისინი საფრთხეს უქმნიან მათ მიერ გამოყენებულ მეთოდებსა და ტექნიკას. ან ორგანიზაციები, რომლებსაც უკრაინელი ლტოლვილები გაჰყავთ რუსეთის ტერიტორიიდან - მათ არ მოეპოვებათ არავითარი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინაიდან როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჩნდება, ისინი გაქრებიან. ეს ადამიანები არსებობენ, იმედია, ვინმე ამას დოკუმენტურად ასახავს და ომის დამთავრების შემდეგ მაინც გვემახსოვრება ეს სახელები.

ოლგა რომანოვა

სერგეი მედვედევი: თქვენი დაკვირვებით, გამგზავრებულთაგან საბოლოოდ რამდენი წყვეტს რუსეთთან კავშირს და პირიქით - რამდენი ზის ჩემოდნებზე, რამდენია მზად, დაბრუნდეს?

მარგარიტა ზავადსკაია: რუსეთის მოქალაქეები არ არიან პირველი ადამიანები, ვინც პოლიტიკური მოტივებით დატოვა ქვეყანა. არიან სირიელები, არის უამრავი სხვა ქვეყანა და პოლიტიკური თემები, რომლებიც, შესაძლოა, არა ასეთსავე, მაგრამ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდნენ. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, რაც უფრო მეტად შენარჩუნდება პირობები, რომლებიც ხელს უშლის უსაფრთხო დაბრუნებას, მით მეტია ხალხის ინტეგრაციის ალბათობა.

ჩვენ გვესმის, რომ ემიგრაცია პრივილეგიაა

გარედან რევოლუცია არსად მოვა, არავინ ჩამოვა [სანქტ-პეტერბურგის] ფინეთის სადგურზე [მინიშნება უცხოეთიდან დაბრუნებული ვ. ი. ლენინის ჩასვლაზე ფინეთის სადგურზე - რედ.]. ეს არის მითი, რომლისაც კრემლის ადმინისტრაციას შეიძლება ჯერ კიდევ გულწრფელად სჯერა, მაგრამ პოლიტიკური მეცნიერებები და სტატისტიკა ამბობენ, რომ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება. თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ადამიანების გარკვეული ნაწილი ფეხს არ იკიდებს იმ ადგილებში, სადაც აღმოჩნდება, ისინი უბრალოდ გეგმავენ საკუთარ ცხოვრებას და როგორც კი შეძლებენ დაბრუნებას, უკვე აქვთ მოქმედების რაღაც მზა გეგმა. ისინი არ იჩენენ მეგობრებს, არ ცდილობენ მიიღონ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში ან სომხეთში, ისინი ისე ცხოვრობენ, თითქოს ხვალ გაემგზავრებიან, გაფრინდებიან, ფეხით დაბრუნდებიან უკან და გაივლიან რუსეთის საზღვარს და გააკეთებენ იმას, რაც დაგეგმილი აქვთ. ასეთი ადამიანები არსებობენ, მაგრამ ისინი არ არიან მასობრივი ფენომენი.

სერგეი მედვედევი: თუ მათი დაბრუნების პირობები შეიქმნა, მიიღებენ თუ არა მათ ისინი, ვინც დარჩა? ჩემი აზრით, განხეთქილება ყოველთვიურად უფრო ღრმავდება, ორივე მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულებაა. ვინც დარჩა, წასულებს გაქცეულებს ეძახის. დაბრუნების შემდეგ ექნებათ თუ არა ხმა ახალ პოლიტიკურ რეალობაში?

მარგარიტა ზავადსკაია: ეს ძალიან სწორი და ამავე დროს სამწუხარო შეკითხვაა. არაერთხელ მომისმენია ბრალდებები, განსაკუთრებით აკადემიურ გარემოში (ეს ჩემი პირადი ისტორიაცაა): ვინც არ შეშინდა და ნიჩბები არ მიატოვა, ნამდვილი გმირები არიან, ნამდვილი ბიჭები დარჩნენ. ყველა დანარჩენი კი - დრეკადი პოლიტიკოსები, რომლებსაც მამაცს ვერ უწოდებ, წავიდა. რადგან მე მეორე კატეგორიიდან ვარ, ბუნებრივია, არც მე მაქვს პირველი პოზიციის მიმართ დიდი სიმპათია, მაგრამ თუ დისტანცირებას შევეცდებით, მომავლის პოლიტიკური ცვლილებები მაინც იმ რუსებზეა დამოკიდებული, რომლებიც ქვეყნის შიგნით არიან. ოპოზიცია და ახალი პოლიტიკური ლიდერები გარედან მაინც არ მოვლენ. თუმცა პოლიტიკურ ემიგრაციას მთლიანად არ ჩამოვწერდი, რადგან არის ესტონეთის, ლიეტუვის მაგალითები, როდესაც პოლიტიკურმა ემიგრაციამ, სხვათა შორის, არა პირველ თაობაში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალი პოლიტიკური ელიტის სწრაფვაში, განახლებულიყო და თავი დაეღწია მძიმე საბჭოთა ავტორიტარული "ბაგაჟისთვის".