იქნება „გირჩი“ არჩევნების „მთავარი სიურპრიზი“?

რა ვნახეთ და მოვისმინეთ ხალხთან შეხვედრაზე? - რადიო თავისუფლების საარჩევნო პროექტია

რა ვნახეთ და მოვისმინეთ ხალხთან შეხვედრაზე? - საპარლამენტო არჩევნებამდე რადიო თავისუფლება აკვირდება, ისმენს და გიყვებათ, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს.

ზუბალაშვილის ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს ნახევარსარდაფისკენ კიბეს რომ ჩაუყვებით, კედელზე „გირჩის“ დიდ მწვანე ლოგოს დაინახავთ. ამ შენობაში პარტიას სტუდია აქვს მოწყობილი.

მაგიდის გარშემო ოთხი კამერა და განათებები დგას, მის უკან წიგნის თაროებია. პირდაპირი ეთერისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა ერთ პატარა მაგიდაზე ეტევა.

პარტია „გირჩის“ სტუდიაში დღეს 11:00-ზე დილის ეთერია დაგეგმილი, გადაცემა იაგო ხვიჩიას და სანდრო რაქვიაშვილს მიჰყავთ.

ასე გამოიყურება „გირჩის“ სტუდია

სტუდიაში ნახევარი საათით ადრე მივდივარ, მხოლოდ ოპერატორი მხვდება. ისაა პასუხისმგებელი ტექნიკურ მხარეზე - კამერების განლაგებაზე, განათებასა და პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე. 10 წუთში სანდრო რაქვიაშვილიც მოდის.

„არჩევნების შემდეგ დიდ ტელევიზიას გავაკეთებთ“, - მეუბნება ის. „გირჩი“ ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალურ არხებზე პარტიას მიზანმიმართულად არ იწვევენ.

ამ სტუდიის მოწყობაზე სამი წელი და საარჩევნო წლის შემოსავლის ნახევარი დახარჯეს. ეს პირდაპირი ეთერია პარტიისთვის „ამომრჩეველთან კომუნიკაციის მთავარი არხი“.

„გირჩი“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია სრულად სოციალურ ქსელებზე ააწყო. პარტიის წევრები არ დადიან რეგიონებში და არ ხვდებიან ამომრჩევლებს. დღევანდელ პირდაპირ ეთერში "გირჩის" ლიდერებს ემიგრანტებიც დაურეკავენ იტალიიდან და საფრანგეთიდან.

„ზოგი საარჩევნო დაპირებაზე გვეკითხება, ზოგს აინტერესებს რომელ თამაშს ვთამაშობთ - ცოცხალი პროცესია, რეალური საუბარია ამომრჩეველთან, ჩახვიდე თელავში, სადაც არავინ გელოდება, ხალხი თავისი საქმითაა დაკავებული, დაადგე და ფლაერი ჩააკვეტო, ეს ხომ არაფერ შუაში არ არის? ეს ხომ არაეფექტურია?”, - მეუბნება სანდრო რაქვიაშვილი.

ასეთი პირდაპირ ეთერი პარტიას ყოველდღე აქვს, დღეში ორჯერ: დილით და საღამოს. ტიკტოკზე ლაივს უმეტესად იაგო ხვიჩია რთავს, მისი მაყურებლები და ამომრჩევლები კითხვებს პირდაპირი ეთერის მსვლელობისას სვამენ.

პარტიას ტელევიზიაც აქვს, რომელიც უკვე მულტიპლექსზეა, რაც ნიშნავს, რომ მათ გადაცემებს რეგიონებში ისინიც ნახავენ, ვინც არხებს ამ დრომდე ანტენით იჭერს.

„სულ სხვა ასაკისა და სოციალური ფენის მხარდამჭერები გაგვიჩნდა ტელევიზიის ხარჯზე. ყოველდღე ეთერში ვართ, წინა კვირას 12-საათიანი უწყვეტი ეთერიც გვქონდა“, - მეუბნება რაქვიაშვილი.

სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია „დილის თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში

იაგო ხვიჩიას რამდენიმე წუთით აგვიანდება, „საცობში მოვყევიო“ - ამბობს და ტიკტოკზე პირდაპირ ეთერს რთავს, რომელსაც რამდენიმე წამში უკვე 100 კაცი უყურებს.

„ჩემზე ჭორი გავიგე, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდაო“, - ასე იწყებს საუბარს ხალხთან იაგო ხვიჩია და ამატებს, „პარლამენტის გარეთ მე ეს კაცი არ მინახავს, ამ ჭორით კი, ალბათ, უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მათთან მე უკვე კოალიციაზე შეთანხმებული ვარო“.

გირჩი 5%-იანი ბარიერის დაძლევისა და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ყველა პარტიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უშვებს, მათ შორისაა „ქართული ოცნებაც“. ამ პოზიციის გამო „გირჩი“ ბევრჯერ გააკრიტიკეს.

„ჩემს გემოვნებაზე არ არის დამოკიდებული, ვისთან ვითანამშრომლო და ვისთან არა. მომიწევს ყველასთან ვითანამშრომლო. ვიღაცები ამბობენ - ჩვენ ქოცებთან არ ვითანამშრომლებთ - ისინი ჩემთვის ნაცები არიან, ვიღაცები ამბობენ - ნაცებთან არ ვითანამშრომლებთ - ჩემთვის ისინი ქოცები არიან. მე ვამბობ, რომ არც ერთი არ მომწონს, არც ქოცი, არც ნაცი და ორივესთან ვითანამშრომლებ, თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდა, ისე რომ ქუჩაში გასვლის არ მრცხვენოდეს“, - ამბობს იაგო ხვიჩია.

პარტიას „ქართულ ოცნებასთან“ ადრეც უთანამშრომლია. მე-10 მოწვევის პარლამენტში "გირჩი" „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა და ერთადერთი ოპოზიციური პარტია იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას, სანაცვლოდ "ქართულმა ოცნებამ" ქალთა კვოტირება გააუქმა.

ასევე ნახეთ პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე შეცვლილი კოდექსით ხუთი წლით აირჩია

სანდრო რაქვიაშვილი იმ საკითხებს ჩამომითვლის, რომლებიც მე-11 მოწვევის პარლამენტში მათთვის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის მთავარი პირობა და გარანტია იქნება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაა.

„სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა პერსონიფიცირებულია. ირაკლი კობახიძე ან მიშა სააკაშვილი ცუდი ადამიანებია და რაც არ უნდა გააკეთონ, ცუდი ადამიანები იქნებიან. თუ სასამართლო რეფორმას მწვანეს დააჭერს ირაკლი კობახიძე - ვეტყვი: მადლობა, ირაკლი, დააჭერს ბოკუჩავა და ვეტყვი - მადლობა, ბოკუჩავა.

ჩვენი მიზანი ესაა პოლიტიკაში და არა ის, რომ კობახიძე რუსეთში გავუშვათ, არათუ არაა მიზანი, ფეხებზეც კი გვკიდია. ამას ვამბობთ 2016 წლიდან“, - ამბობს რაქვიაშვილი.

„გირჩი“ — მემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტიაა, რომელიც 2015 წლის ზაფხულში, იმ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა: პალიკო კუბლაშვილმა, ზურა ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ შექმნეს. პარტია ხშირად მიმართავს არასტანდარტულ პოლიტიკურ აქტივიზმს - დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია — „ბიბლიური თავისუფლება“ და ათასობით ახალგაზრდას სავალდებულო სამსახურიდან თავის აცილებაში დაეხმარა. გააპროტესტა მკაცრი ნარკოპოლიტიკა და კანაფი პარტიის ოფისში საჯაროდ კამერების წინ დათესა, პარტიის წევრები ატოცში ჩავიდნენ და ოკუპანტების დასანახად შარვლები ჩაიხადეს.

„გირჩის“ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება იყო მოგებული საკონსტიტუციო სარჩელები, რამაც კანაფის მოხმარების კონსტიტუციურობა აღიარა საქართველოში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ გადალახა 1%-იანი ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა. ამავე წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „გირჩი“ დატოვა მისმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ახალი პარტია „გირჩი — მეტი თავისუფლება“ დააარსა და ეს გადაწყვეტილება პარტიის სხვა ლიდერებთან კონფლიქტით ახსნა.

2024 წლის არჩევნებში პარტია არ შეუერთდა არცერთ ოპოზიციურ გაერთიანებას და არც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერა ხელი.

ლიდერები პირდაპირ ეთერში მოკლედ მიმოიხილავენ წინა დღის მთავარ პოლიტიკურ ამბებს, ორი სიტყვით პრეზიდენტის ქარტიასაც ახსენებენ. მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მინისტრთა კაბინეტი არჩევნებამდე უნდა წარადგინოს.

ეთერის დაწყებიდან 5 წუთში პირველი მაყურებელი რეკავს:

ინფლაცია, ერთპიროვნული მმართველობის მოშლა, ბანკის პროცენტის განსაზღვრა, ჯარიმები არასწორი პარკირების გამო - რაზე აღარ სვამენ შეკითხვებს მაყურებლები. რამდენიმე ვეტერანმაც დარეკა და იკითხა: რას ჰპირდება ამ ჯგუფს პარტია?

„ჩვენი პრინციპია დავეხმაროთ გაჭირვებულს და არა, მაგალითად, ცალკე აღებულ ვეტერანებს”, - უპასუხებს ხვიჩია.

დილის გადაცემა საათ-ნახევარი გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში ტელეფონი არ გაჩერებულა. კითხვის დასმის მსურველები ყოველ წუთში რეკავდნენ.

„გირჩისთვის“ პირდაპირი ეთერი ამომრჩეველთან კომუნიკაციის მთავარი არხია

„რატომ უყურებთ პირდაპირ ეთერს? გასართობად თუ ინტერესისთვის? რატომ უჭერთ მხარს ამ პარტიას?“, - პირდაპირ ეთერში სტუდიიდან კითხვების დასმის საშუალება მეძლევა. იაგო ხვიჩია ტელეფონს ჩემკენ ატრიალებს, რომ მაყურებელმა დამინახონ. ისინი საპასუხოდ უკან რეკავენ. უმრავლესობა სახელსა და გვარს არ ამბობს. მათი პასუხები ასეთია:

  • „სხვა არცერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს დღეს საქართველოში, სადაც შეგიძლია, პოლიტიკოსს, ვინც მოგწონს, დაურეკო, მისწერო ან მეილი გაუგზავნო და გიპასუხოს“.
  • „მე გირეკავთ ისეთი ამომრჩეველი, ვისზეც მუშაობდით და გამოგივიდათ, "ოცნებას" უფრო ვუჭერდი მხარს, თქვენი ლაივები და იუტუბზე ჩართულობა დამეხმარა შეხედულების შეცვლაში“.
  • „დრო თუ მაქვს, გისმენთ, თუ ვიცი, რაიმე ახალი უნდა თქვათ, გისმენთ, ასე ყოველ წუთს დავჯდე და გისმინოთ, ცოტა მოსაწყენია ამდენი კითხვები, კითხვები, პასუხები, კითხვები“.

ამ დროისთვის სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე პირდაპირ ეთერს საშუალოდ 600 მაყურებელი ჰყავს. „გირჩის“ ლიდერები პასუხების გაცემისას წინასაარჩევნო დაპირებებსაც გასცემენ იმის მიხედვით, ვინ რეკავს და რას კითხულობს.

„გირჩის“ საარჩევნო პროგრამა - 2024

2024 წლის არჩევნებისთვის გირჩის დაპირებებს შორისაა:

  • სახელმწიფოს კუთვნილი ქონების ხალხისთვის თანაბრად და უსასყიდლოდ განაწილება;
  • ყოველთვიური საბაზისო შემოსავალი გამონაკლისების გარეშე ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა;
  • მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება;
  • ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება;
  • საპენსიო ფონდის ფულის ხალხისთვის დაბრუნება და საპენსიო შენატანის გაუქმება;
  • დიდი ამნისტიის გამოცხადება;
  • სასამართლო რეფორმა, რაც არჩევით მოსამართლეებსა და ნაფიც მსაჯულებს მოიაზრებს;
  • ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც გულისხმობს ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას; ე.წ. მძიმე ნარკოტიკების რეგულირებას ფარმაცევტული პროდუქციის სტანდარტის მიხედვით, ვინაიდან, „გირჩის“ ხედვით, წამალი აფთიაქში უნდა იყიდებოდეს;
  • ადმინისტრაციული ჯარიმების ჩამოწერა;
  • რეგულაციების გაუქმება და სხვა.
ასევე ნახეთ 53 კითხვა და ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ არჩევნებამდე - პარტიები რადიო თავისუფლების კითხვარს ავსებენ

„ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველთან შეხვედრაზე უკეთესია ეს, თურმე ჩვენ არ ვხვდებით ხალხს და არ ველაპარაკებით, ჩვენი გიჟი კოლეგები კიდევ ხალხს ხვდებიან და ელაპარაკებიან“, - მეუბნება სანდრო რაქვიაშვილი პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ.

ამ სტუდიაში რამდენიმე საათში „გირჩის“ კიდევ ერთი გადაცემა უნდა დაიწყოს „მოხუცი და გირჩი“, რომლის სტუმარი საზოგადოება „სტალინელის“ დამფუძნებელი გრიშა ონიანია. ის მხარს პარტია „გირჩს“ უჭერს.

პირდაპირ ეთერში სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ 20 ოქტომბერს „გირჩის“ მხარდამჭერების წინასაარჩევნო შეხვედრა დააანონსეს. ამ შეკრებას უჩვეულო ფეისკონტროლი აქვს. იქ ვერ მოხვდებით, თუ ანგარიშზე 1000 ჯედი არ გაქვთ.

„რას ნიშნავს ჯედი, რომელიც ქართულ დოლარად ითარგმნება?“, - ვეკითხები „გირჩის“ მხარდამჭერ ავთო ლაბაძეს, რომელიც ჯედებს კართან ამოწმებს. მიხსნის, რომ ჯედი „გირჩის“ ციფრული ვალუტაა, რომელიც მხოლოდ პარტიის წევრებსა და შემწირველებს აქვთ. 100 ჯედი საშუალოდ 27 ლარია.

იმისთვის, რომ ჯედი იყიდო, „გირჩის“ პორტალზე უნდა დარეგისტრირდე. $1 დოლარი, რომელიც „გირჩის“ პოლიტიკოსებისათვის არის შემოწირული, 100 GeD-ს გამოიმუშავებს. ჯედების ოდენობა გავლენას ახდენს პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. პრაიმერიზში, რა დროსაც პარტიული სიის წევრებს ირჩევენ, გირჩელებს აქვთ არა ერთი ხმა, არამედ საკუთარი ჯედების შესაბამისი წონის ხმა. საკუთარი ჯედების რაოდენობას პრაიმერიზში მონაწილე გირჩელი ანაწილებს მისთვის სასურველ კანდიდატებზე. ანუ, როგორც ნათქვამია, „გირჩში“ „ხმები კი არ ითვლება, არამედ იწონება“. ასე ჩამოყალიბდა 2024 წლის საპარლამენტო სია, რომლის პირველი ნომერი იაგო ხვიჩიაა.

„გირჩის“ შეკრებას კაფე „გალერიმ“ უმასპინძლა

„გირჩის“ მხარდამჭერები პარტიის შეხვედრაზე

გირჩელების შეკრებაზე მხარდამჭერებმა საღამოს შვიდი საათიდან დაიწყეს მოსვლა. ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში კი, პროევროპულ მარშზე დასასწრებად იკრიბება ხალხი რესპუბლიკის მოედანზე. „რატომ გამართეთ შეკრება მაინცდამაინც ამ დღეს?“, - ვეკითხები „გირჩის“ წევრ ლევან ჯგერენაიას, რომელიც მიხსნის, რომ თარიღები ერთმანეთს დაემთხვა, ეს ადგილი დიდი ხნის წინ დაჯავშნეს და ფული გადაიხადეს.

„ერთმანეთს ხელს არ უშლის, ჩვენიდანაც შეუძლიათ ჩასვლა ან იმ აქციიდან მოსვლა და ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები, მაგალითად, როგორ ვხედავთ ევროკავშირთან დაახლოებას“, - მეუბნება ლევანი.

სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესი „აგენტების კანონს არ გაუჭედია“ და, რომ ეს კანონი „მიზეზი კი არა, სიმპტომი იყო“.

„ევროპული ინტეგრაციის პროცესი გაჭედა იმან, რომ სასამართლო რეფორმა ვერ ჩავატარეთ, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს, ეს რომ არ ყოფილიყო, რომელიმე შტო რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო, ამ კანონს ხომ ვერ მიიღებდნენ? ევროკავშირთან ინტეგრაცია წინ რომ წავწიოთ, ამ ვერტიკალში სხვა კარგი ადამიანები ჩავსვათ, რომლებიც ყვირიან, რომ ევროპელები არიან, თუ ვერტიკალი ჩამოვშალოთ და პოლიტიკური კონკურენცია შევქმნათ? თუ ჩვენი ხალხი პროევროპელია, კონკურენტულ სისტემაში ის გაიმარჯვებს, ვინც პროევროპელია და მოდი კონკურენტული სისტემა შევქმნათ“, - ასე ხედავს გეოპოლიტიკური გამოწვევების გადაჭრის გზას სანდრო რაქვიაშვილი.

შეკრების პარალელურად „გირჩის“ წევრები უწყვეტ პირდაპირ ეთერს გეგმავენ. სტუდია იმავე შენობაში, დიდი დარბაზის გვერდით პატარა ოთახში მოაწყვეს. სანდრო რაქვიაშვილი ადგილს იწუნებს, თუმცა სხვა გზა არაა. უკვე შვიდი საათი ხდება და პირდაპირ ეთერში უნდა გავიდნენ. ბართან ადგილს იაგო ხვიჩია იკავებს, მის წინ დივანზე სანდრო რაქვიაშვილი ჯდება. ამ „ლაივს“ დროთა განმავლობაში პარტიის მხარდამჭერებიც უერთდებიან.

ასე გამოიყურება „გირჩის“ სტუდია.

„ვგრძნობ, რომ ამ ხალხს თავისუფლება უყვარს, არა მარტო თავიანთი, არამედ იმ ხალხისაც, გარეთ რომ მიდიან თავისთვის, აი, ციხეში რომ არიან, იმ ხალხის თავისუფლებაც გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხალხის. მოდი და დაელაპარაკე. მიდი, აბა, დამისახელე პარლამენტარი, რომელთანაც მიხვალ და დაელაპარაკები. მე თემა ვერ ვიპოვე, რომ ამ ხალხს არ დავეთანხმო“, - მეუბნება რომეო ბეჭვაია.

ამომრჩეველთან უშუალო ურთიერთობაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მხარდამჭერები პარტიას ენდობიან. მათ იმედი აქვთ, რომ ამ „არჩევნების მთავარი სიურპრიზი“ „გირჩი“ იქნება, ასე ფიქრობს იაგო ხვიჩიაც. 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელი მხარდაჭერის თავისი განაწილება აქვს ვახო მეგრელიშვილს:

„15% ჩემთვის იქნება სიურპრიზი. 10% იქნება ჩემთვის დამსახურება, 5%-ზე ნაკლები იქნება სრული კატასტროფა“.

შეკრება არაფორმალურია, კლუბური მუსიკა უკრავს და პოლიტიკაზე თითქმის არავინ საუბრობს. „გირჩელები“ წვენისა და სასმლის ვაუჩერებს არიგებენ.

ეს არჩევნები ამ პარტიისთვის ტესტი იქნება. დაინახავენ, გადაითარგმნება თუ არა მათი მილიონობით ნახვა და ათიათასობით გამომწერი საარჩევნო ხმებში.

ასევე ნახეთ: