ისტორიის მოკლე კურსი პუტინისგან

სამი თვის წინ, 9 ივლისს, პუტინმა საქართველოს ისტორიის მოკლე ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. ახალი არაფერია პუტინისტურ ნარატივში, მაგრამ ამ მიმართულებით რუსული პროპაგანდა გაძლიერდება და საქართველოს მხრიდან მას არაფერი უპირისპირდება. არარუსი უცხოელებიც რომ გაიმეორებენ იმავეს, საქართველოში დიდი ვაი-ვიში ატყდება - როგორ თუ არ იციან საქართველოს ისტორია და რუსებს როგორ უჯერებენო, დაიწყება ახლიდან ძიება იმ წიგნების, სადაც ეს საკითხები მოკლედ და გასაგებადაა ჩამოყალიბებული და ისევ, უკვე მერამდენეჯერ აღმოვაჩენთ, რომ არათუ უცხო ენებზე, ქართულადაც ფაქტობრივად არაფერი გვაქვს.

მოკლედ, გადავხედოთ პუტინის ნათქვამს.

ვლადიკავკაზ - დაეუფლე კავკასიას

თუ არ ვცდებიო, ამბობს პუტინი, 1774 წელს შეუერთდაო მთელი ოსეთი, ჩრდილოეთიც და სამხრეთიც რუსეთსო, თან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოო. მართალია, „ბოლშაია სოვეტსკაია ენციკლოპედია“, რომელზეც პუტინი არის გაზრდილი, ამ წელს ასახელებს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და დიდ რუსეთთან შეერთების ეს თარიღი აზეიმებინეს ოს ხალხს 2014-ში - გამოგონილი თარიღია.

1774 წელს არ არსებობს არანაირი ერთეული, რომელსაც ჰქვია ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, რომ არაფერი ვთქვათ. მეტიც, არ არსებობს არანაირი ოსი ლიდერი, რომელზეც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ოს ხალხს წარმოადგენდეს და ვთქვათ, რაიმე სურვილს გამოთქვამდეს რუსეთთან ურთიერთობის. ოსებით დასახლებული მთის რეგიონების შეერთებაზე ასტრახანის გუბერნატორი 1775 წელს წარუდგენს პროექტს ეკატერინე მეორეს, რომელსაც, როგორც ჩანს, განხილვის გარეშე მაშინვე თაროზე შემოდებენ. ამ დროს უკვე არსებობს ყაბარდოელთა მიწაზე აშენებული ციხე-სიმაგრე მოზდოკი, რომელსაც ყაბარდოელები მუდმივად თავს ესხმოდნენ. სწორედ აქ, მოზდოკში, 1774 წელს რამდენიმე ოსმა უხუცესმა სთხოვა რუსებს, დაბლობზე მცირემიწიანობით გატანჯული ოსი გლეხებისთვის დასახლების უფლება მიეცათ და რასაკვირველია, ისინი რუსეთის ქვეშევრდომები გახდებოდნენ. მოზდოკი, დღეს რომ ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაშია, ეს მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიულ გაზრდას უკავშირდება 1944 წელს, როცა მას სტალინის მიერ გასახლებული ყაბარდოელების, ჩეჩნებისა და ინგუშების მიწები გადაეცა. მოზდოკი კი სტავროპოლის მხარეს ეკუთვნოდა მანამდე. დღესაც მოზდოკში ოსები მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს შეადგენენ.

Пядышев-ის "Географический атлас Российской империи, Царства Польского и Великого княжества Финляндского", 1825 წელს გამოცემული, სადაც კარგად ჩანს, რომ საქართველოსა და რუსეთს თხელი ზოლი აკავშირებს ვლადიკავკაზის გავლით.


როცა 1785 წელს რუსეთმა კავკასიის გუბერნია შექმნა, ოსეთის ტერიტორია მაშინაც არ შედიოდა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

საქართველოსკენ მიმავალი გზის გასაკონტროლებლად რუსებმა 1784 წელს ვლადიკავკაზი დააარსეს, ოსებითა და ინგუშებით დასახლებულ მიწებს შორის. 1783 წელს გეორგიევსკის ხელშეკრულება გაფორმდა ქართლ-კახეთსა და რუსეთს შორის, რომლის სრული უგულებელყოფაც იყო 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და აღმოსავლეთ საქართველოს ანექსია.

თვით ოსებით დასახლებული მთიანი მხარე კი მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში აითვისეს ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ რუსებმა.

ის ტერიტორია კი, რომელსაც რუსები სამხრეთ ოსეთს უწოდებენ, მხოლოდ ქართლ-კახეთის ე.წ. შეერთების შემდეგ შევიდა რუსეთის იმპერიაში, მთიანი ნაწილი ნომინალურად, რადგან რუსები მას ვერ აკონტროლებდნენ. ქართლის ოსებმა, რომლებიც თავს თავისუფალ გლეხებად მიიჩნევდნენ, რუსებს აჯანყებაც მოუწყვეს 1830 წელს ჯავის რაიონში, ქიშელთას ხეობაში. ამ ტერიტორიის უკეთ სამართავად 1840-50-იან წლებში არსებობდა ოსეთის ოკრუგი - პირველი ადმინისტრაციული ერთეული ოსეთის სახელით კავკასიონის სამხრეთით, რომელიც ბოლშევიკების მიერ შექმნილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მეხუთედი თუ იქნებოდა.

ნათქვამიდან ცხადად ჩანს, რომ პუტინმა არათუ საქართველოს ისტორია არ იცის, არამედ მის იმპერიაში შემავალი ოსეთის ისტორიაზეც არა აქვს დიდად წარმოდგენა.

იურიდიული და მორალური ვალდებულება, როგორც ბურჟუაზიული ცრურწმენა

1810 წელს, როცა აფხაზეთის მთავარი რუსეთის მფარველობაში შევიდა, მართლაც აღმოსავლეთ საქართველოში უკვე რუსები იყვნენ გაბატონებულნი, და მიზანმიმართულად მხოლოდ ამ ტერიტორიას მოიხსენიებდნენ „გრუზიად“, მაგრამ სიზუსტისათვის უნდა დავსძინოთ, რომ ამ ტერიტორიას მაშინ ჯერ კიდევ არ ერქვა ტფილისის გუბერნია. დასაწყისში არსებობდა გრუზინსკაია გუბერნია, მერე ცოტა ხანი გრუზინო-იმერეტინსკაია გუბერნიაც არსებობდა და 1846-ში შეიქმნა ტფილისისა.

როცა რუსეთის იმპერია 1917 წლის რევოლუციების შედეგად დაიშალა, საქართველოს ტერიტორია მოიცავდა ქუთაისისა და ტფილისის გუბერნიებს და ეს აღიარა კიდეც საბჭოთა რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. მეტიც, საქართველომ რუსეთისგან მიიღო შავიზღვისპირა ვიწრო ზოლიც და მდინარე ფსოუ გახდა რუსეთ-საქართველოს საზღვარი, რითაც, რასაკვირველია, აფხაზეთი და ოსებით დასახლებული მიწები აღიარებული იყო როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

აფხაზეთი, აფხაზებისა და ოსების ბედზე დღეს აგრერიგად მზრუნველ რუსებს არც გახსენებიათ და საერთოდ არაა ნახსენები ამ ხელშეკრულებაში, აღარაფერს ვიტყვი „სამხრეთ ოსეთზე“, რომლის სახელიც კი არ არსებობდა.

მართალია, მაშინაც ლენინი, ისე როგორც დღეს პუტინი, ყოველგვარ ხელშეკრულებას ფარატინა ქაღალდად თვლიდა, რომელიც მხოლოდ დროებით, ტაქტიკური მიზნებისთვის იყო საჭირო. მოსწრებულად წერდა ბარონი ვრანგელი 1920 წელს, სწორედ საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების გამო, რომ „კარგადაა ცნობილი ბოლშევიკების შეხედულება, რომლებიც ყოველგვარ იურიდიულ და მორალურ ვალდებულებას ბურჟუაზიულ ცრურწმენად მიიჩნევენ“.

მარცხნიდან: სერგო ორჯონიკიძე, ბუდიონი, პიატაკოვი, ნესტორ ლაკობა


დამოუკიდებლობის პერიოდში მართლაც იდგა აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის საკითხი. 1918 წელს აფხაზებს შორის არსებობდნენ პროთურქულად, პრობოლშევიკურად, პროჩრდილოკავკასიურად, პროამიერკავკასიურ-პროქართულად განწყობილები. რუსეთმა ადგილობრივი ბოლშევიკების საშუალებით რამდენჯერმე მოაწყო ჯანყი. აფხაზეთის სახალხო საბჭომ მაისში ამიერკავკასიის სეიმს (ანუ ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე) დახმარება სთხოვა ბოლშევიკებთან გასამკლავებლად. ივნისში, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაადასტურა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, ავტონომიური სტატუსით, წითელი არმია შეეცადა აფხაზეთში შეჭრას, რასაც საქართველოს ჯარის მხრიდან საკადრისი პასუხი მოჰყვა და არა მხოლოდ რუსების მიერ დაკავებული გაგრა და გუდაუთა დაიბრუნეს, არამედ სოჭი და ტუაფსეც აიღეს. რუსებისთვის ამ, როგორც ჩანს, ტრავმატული ისტორიის გახსენება არ უნდა პუტინს და თან ქართველების წარმატებას გერმანელების დახმარებას მიაწერს. გერმანელების დამსახურება დიდია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში და გერმანელები მართლაც იღებდნენ მონაწილეობას აფხაზეთში განვითარებულ პროცესებში, მაგრამ არც იმდენად, რომ აფხაზეთის საქართველოში ყოფნა 1918 წელს გერმანიის დამსახურებად მივიჩნიოთ. მაგრამ პუტინს, როგორც ძველი ყაიდის ბოლშევიკს, ამით კიდევ ერთხელ უნდა დაამცროს ქართული სახელმწიფოებრიობის ღირებულება და ის უცხოეთის „იმპერიალისტების“ კეთილგანწყობაზე მიბმულ წარმონაქმნად წარმოგვიდგინოს.

იმას, რაც აფხაზეთში 1918 წელს ხდებოდა, ვერაფრით ვუწოდებთ ოკუპაციას, ისე როგორც ოსების აჯანყების ჩაქრობას - გენოციდს, სიტყვას რომელიც ასე ინფლაციურად იხმარება დღეს.

იმპერიალიზმსა და რევოლუციას შორის

თუ ვინმე მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში კავკასიაში გენოციდს აწყობდა, ეს რუსეთი იყო. პირისაგან მიწისა აღგავეს შავიზღვისპირეთში მცხოვრები ჩერქეზული ტომები, გადასახლება აიძულეს ჩერქეზების 90-95 %-ს, სხვა კავკასიელ მთიელებს. აფხაზების ნახევარზე მეტი, სწორედ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებების სისხლში ჩახშობის შემდეგ, იძულებული გახდა ეტაპობრივად დაეტოვებინა აფხაზეთი. ათასობით აფხაზი დაიღუპა გადასახლების დროს. აღარაფერს ვიტყვი სტალინის დროს მოწყობილ ეთნიკურ წმენდებზე და მთელი ერების დეპორტაციაზე კავკასიიდან.

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის ამსახველი კადრი


ეს ზღაპრები საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რუსულ-კომუნისტურმა პროპაგანდამ მაშინვე მოიფიქრა. ლევ ტროცკი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პასკვილს „იმპერიალიზმსა და რევოლუციას შორის“ (Между империализмом и революцией, 1922) უძღვნის „ოსეთის, აფხაზეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოს და სხვ., გლეხთა აჯანყების ბელადებს, რომლებიც საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ დახვრიტა“ (памяти революционных вожаков крестьянских восстаний Осетии, Абхазии, Аджарии, Гурии, Мингрелии и пр., расстрелянных меньшевистским правительством Грузии, - посвящается автором эта книга). აქაც ოსეთი (სამხრეთი არც წერია), აფხაზეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო „ი პროჩიე“ რაღაც სხვაა და საქართველო სხვა.

თუ ტფილისის ხელისუფლებისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს პერიოდი არის 1921 წლის მარტიდან დეკემბრამდე, როცა ურთიერთობები თბილისსა და სოხუმს შორის გაურკვეველი იყო. „გასაბჭოების“ შემდეგ, 28 მარტს გამოცხადდა აფხაზეთის სსრ შექმნა, რომელმაც ამავე 1921 წლის 16 დეკემბერს საქართველოს სსრ-სთან ხელი მოაწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რის გამოც აფხაზეთს სახელშეკრულებო რესპუბლიკასაც უწოდებდნენ. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს შეუძლიათ იდავონ, რამდენად იყო ეს ორ თანასწორ თუ არათანასწორ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულება, მაგრამ თბილისისგან „დამოუკიდებელ“ ამ პერიოდშიც აფხაზეთის ბიუჯეტს თბილისში ადგენდნენ.

დამოუკიდებლობა, როგორც ილუზია

საბჭოთა კავშირის ე.წ. ლენინური ეროვნული პოლიტიკა ილუზიას უქმნიდა პატარა და მოზრდილ ერებს, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან და თავიანთ ბედს თვითონ განაგებენ. საქართველოშიც ბევრი, ალბათ, 1921 წლის თებერვალ/მარტიდან 1922 წლის დეკემბრამდე იმ ილუზიით ცხოვრობდა, რომ „დამოუკიდებელი“ საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ასეთივე ილუზია შეუქმნეს აფხაზებსაც, სინამდვილეში კი მოსკოვიდან იმართებოდა ყველაფერი. აფხაზები და ქართველები და სხვანი ერთნაირად მოტყუებულნი იყვნენ ტოტალიტარულ სახელმწიფოში.

საბჭოთა კავშირი ცდილობდა სხვადასხვანაირი ავტონომიურობის იერარქიით მოეგვარებინა საბჭოეთის მრავალეროვან სახელმწიფოში ერებსა და ეროვნებებს (ასეთია საბჭოური ტერმინოლოგია) შორის ურთიერთობები, მათთვის, თუნდაც მკაცრად იერარქიული და არათანასწორი გარკვეული სახელმწიფოებრივი სტატუსების მინიჭებით (მოკავშირე რესპუბლიკებს გამოყოფის უფლებაც ჰქონდათ ქაღალდზე).

საბჭოთა კავშირის დაარსების დეკლარაცია

ის, რომ აფხაზეთს 1931 წლამდე სსრ ერქვა, რეალურად არაფერს ნიშნავდა. ეს კარგად ჩანს ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების დოკუმენტებში. 1922 წლის საბჭოთა კავშირის დაარსების დეკლარაცია და ხელშეკრულება არ იცნობს საქართველოსგან რაიმენაირად დამოუკიდებელ აფხაზეთს. აქ მისი ხსენებაც არაა. 1924 წლის პირველ სსრკ კონსტიტუციაში აფხაზეთი მხოლოდ შენიშვნაშია ნახსენები, როგორც საქართველოს სსრ შემადგენელი ავტონომიური რესპუბლიკა (ჩვეულებრივად ავტონომიური, არანაირად განსხვავებული აჭარის ასსრ-სგან!); აფხაზეთის ხსენება არაა 1925 წელს მიღებულ ამიერკავკასიის სფსრ კონსტიტუციაში (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს).

1931 წელს მიიჩნიეს, რომ ლენინურმა ეროვნულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ერთა შორის დაპირისპირება აღარაა. ე.წ. ეროვნული საკითხი "ერთხელ და საბოლოოდ" მოგვარებულად ჩათვალეს და ეს მხოლოდ ქაღალდზე არსებული სახელიც ჩვეულებრივი სტანდარტული სახელით შეცვალეს, რომელიც უფრო რეალისტურად ასახავდა არსებულ მდგომარეობას, ისე როგორც უკვე 1924 წლის სსრკ კონსტიტუციაში, რადგან სინამდვილეში არანაირი განსხვავება არ იყო ამ ორ ვითომ სტატუსს შორის სახელის გარდა.

ცენტრის ექსპერიმენტები ეროვნული უმცირესობებისთვის

აქვე უნდა ვთქვათ, რომ 20-იანი წლები საბჭოთა ისტორიაში ექსპერიმენტების პერიოდია - შედარებითი თავისუფლებით ეკონომიკის და კულტურის სფეროში, ასევე ადმინისტრაციულ-ეროვნული მოწყობის საქმეებში. ეს პერიოდი ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დასრულებასთან და ინდუსტრიალიზაცია-კოლექტივიზაციის დაწყებასთან ერთად ოციანი წლების ბოლოს მთავრდება. პოლიტიკური რეჟიმის უნიფიკაცია ხდება. ცენტრი უფრო მკაცრად უჭერს ხელს პერიფერიებს. ზოგიერთ აფხაზ ბოლშევიკში, ისე როგორც ქართველ ბოლშევიკებს შორის, ეს მომატებული ცენტრალიზაცია და წნეხი იმპერიის ცენტრიდან უკმაყოფილებას გამოიწვევდა უდავოდ და გარკვეული თავისუფლების შეზღუდვად აღიქმებოდა. აფხაზეთი საბჭოეთის რივიერა იყო და მთელი კომუნისტური ელიტა აქ ისვენებდა. მათთან პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებს. სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში თბილისი ზედმეტად აღიქმებოდა. მიუხედავად ამისა საერთო უნიფიკაცია-სტანდარტიზაცია და ცვლილებები რივიერასაც შეეხო.

მარტო საბჭოთა შუა აზიას რომ შევხედოთ, კარგად დავინახავთ, როგორი ცვლილებები მიმდინარეობს აქ 20-იან წლებში: 1924 წელს დაშალეს რუსეთის ფედერაციაში შემავალი თურქესტანის ასსრ და მის ადგილზე შექმნეს 4 რესპუბლიკა. მანამდე საბჭოთა კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკად გამოცხადებული ხორეზმისა და ბუხარის რესპუბლიკები გააუქმეს და ახლად შექმნილ უზბეკეთის სსრ-ს მიუერთეს. 1925 წლამდე ყაზახეთს ყირგიზეთი ერქვა და 1936 წლამდე ყაზახეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში შედიოდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ბოლშევიკებმა მთიელთა ავტონომიური სსრ შექმნეს, ეროვნული გამიჯვნა დაიწყეს 1924 წელს. ომის დროს დეპორტირებულ ერთა ავტონომიები გააუქმეს და შემდეგ 50-იანებში, სტალინის სიკვდილის შემდეგ აღადგინეს. 1944 წელს მსოფლიოს რუკიდან გაქრა ტუვის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც ტანუ-ტუვას სახელით ფორმალურად დამოუკიდებელი გახდა 1918 წელს. ის სსრკ-მ შეიერთა, არა როგორც მოკავშირე სსრ, არამედ რსფსრ-ში შემავალი ავტონომიური ოლქი.

რა ვაკეთოთ?

პუტინი არა იმდენად უვიცია, რამდენადაც თავხედი, რომელსაც გასდის და სანამ გასდის, თავისას არ მოიშლის. მაგრამ ჩვენც განვიცდით ამ პროპაგანდის გავლენას და არ უნდა გვიკვირდეს უცხოელებზე მისი გავლენა, განსაკუთრებით კავკასიის ნაკლებად ცნობილ ისტორიის დარგში. რუსები წერდნენ და წერენ კავკასიის ისტორიას, როგორც მათ ხელს აძლევს, ისე როგორც მათი გავლენით ჩვენც.

ეს ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და სხვ. კავკასიელთა ისტორიები ხშირად ძალიან შორსაა სინამდვილისგან და უცხოელთა ჯანმრთელ ეჭვს იწვევს. ეს პატრიოტული ისტორიები, რომლებიც პირდაპირი გადმონაშთია "სსრკული პატრიოტიზმისა”, როცა ჩვენ „სიავეს ქართვლისას“ არ ვამბობთ და „ჩვენს ცუდს“ ვმალავთ შორს ვერ წაგვიყვანს. გრძელვადიან პერსპექტივაში ისტორიის კვლევას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, მზად იყოს საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით უსიამოვნო სიმართლესაც თვალი გაუსწოროს და ბიძგი მისცეს ფართო დისკუსიას განსაკუთრებით ჩვენი ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვაღიაროთ - მეოცე საუკუნის ისტორია საერთოდ არ გვაქვს.

მაგრამ, მაგალითად, ის რომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 1931 წლამდე ფიქციაა, ადვილი დასასაბუთებელია საბჭოთა კანონმდებლობითაც, ხელშეკრულებებით, კონსტიტუციებით. ჩვენ არ უნდა ვითხოვოთ, ჩვენ ინტერპრეტაციას ენდონ და არა რუსულს - უბრალოდ, იმდროინდელი დოკუმენტებს გაეცნონ და დასკვნები თვითონ გამოიტანონ. ამ და სხვა მსგავს საკითხებზე შეიძლება მოკლე და ყველასთვის გასაგები ტექსტები შეიქმნას, იდოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, როგორც პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (FAQ - Frequently Asked Questions), სხვა სამინისტროებისაც, მუდმივად ვიმუშაოთ თუნდაც ვიკიპედიის ტექსტებზე, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ინფორმირებისთვის - ეს არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება მალე და დიდი ძალისხმევის გარეშე გაკეთდეს.