2 ივნისს იწურება დათქმული ვადა - ოთხი კვირა. თუ ლაპიდმაც ვერ შეძლო ამ ამოცანის შესრულება, ანუ საკმარისი პარტნიორების მოძებნა 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ნეთანიაჰუს შემცვლელის მოსაძებნად, ბოლო ორ წელიწადში მეხუთე არჩევნები უნდა გაიმართოს, რაც პრეზიდენტს არ სურს.
ლაპიდი ამბობს, ისეთი კოალიცია გვჭირდება, რომელიც აირეკლავს რეალობას, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვძულსო.
30 მაისს, როცა პრემიერის მოწინააღმდეგეებმა საღამოს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ბოლო შეხვედრა გამართეს, ცხადი გახდა, რომ ლაპიდი ახალ სამთავრობო კოალიციას ქმნის ნეთანიაჰუს გარეშე.
ლაპიდი და ბენეტი
ლიბერალმა ლაპიდმა პარტნიორობა ნაციონალისტს, მკაცრი ხაზის მომხრე ნაფტალი ბენეტს, შესთავაზა. ულტრანაციონალისტური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, ბენეტმა, ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის ცენტრისტების ლიდერ იაირ ლაპიდთან მოლაპარაკებებში ჩაერთო.
ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეებს მეტი აერთიანებთ, ვიდრე ანტიპათია მთავრობის მეთაურის მიმართ, რომელიც სულ უფრო მეტად სადავო ფიგურა გახდა ისრაელის პოლიტიკაში.
ნეთანიაჰუ პასუხისგებაშია მიცემული კორუფციის, თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენებისათვის სამ შემთხვევაში. თვითონ პოლიტიკოსი ამ ბრალდებებს კუდიანებზე ნადირობას უწოდებს.
ასევე ნახეთ ისრაელის ოპოზიცია განაგრძობს მოლაპარაკებას ნეთანიაჰუს პოსტიდან ჩამოშორებაზემემარჯვენეების, მემარცხენეებისა და ცენტრისტების „ცვლილებების ბლოკი“
ამრიგად, ისრაელის მომავალი კოალიცია, თუ ის ამგვარად შეიქმნა, სამ ძალას - მემარჯვენეებს, მემარცხენეებსა და ცენტრისტებს - გააერთიანებს, რასაც ისრაელის პრესა „ცვლილებების ბლოკს“ უწოდებს. 49 წლის ბენეტი თავიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, რაც შეიძლება ნეთანიაჰუს ეპოქის დასასრულად შეფასდეს. შეთანხმებით, ბენეტი და ლაპიდი ერთმანეთს შეცვლიან მთავრობის მეთაურის პოსტზე.
ბენეტი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ თავის მეგობარ იაირ ლაპიდთან ერთად ეროვნული ერთობის მთავრობა შექმნას. მისი თქმით, არ ხერხდება მემარჯვენე მთავრობის ჩამოყალიბება, არსებობს მხოლოდ ორი შესაძლებლობა - კიდევ ერთხელ არჩევნები ან ლაპიდთან ერთად კოალიციის შექმნა.
ნეთანიაჰუ: ისრაელს მემარცხენე ალიანსის შექმნა ემუქრება
ნეთანიაჰუ, რომელიც სულ უფრო ირიყება ისრაელის პოლიტიკიდან, ტვიტერით მოუწოდებდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბენეტს, და ლიკუდის ყოფილ წევრს, გიდეონ საარს, მასთან დაეწყოთ მოლაპარაკება მთავრობის შექმნაზე, თორემ, ფიქრობს ნეთანიაჰუ, „ისრაელს მემარცხენე მიმართულების სახიფათო ალიანსის შექმნა ემუქრება“.
საარმა, პარტია „ახალი იმედის“ წარმომადგენელმა, მკვახედ უპასუხა თავის ყოფილ თანაპარტიელს და ტვიტერით დაწერა:
„ჩვენი პოზიცია და სწრაფვა იყო და არის ნეთანიაჰუს მთავრობის შეცვლა“.
71 წლის ნეთანიაჰუ პირველად მთავრობის მეთაური გახდა 1996 წელს. მოგვიანებით, პაუზის შემდეგ, მან 2009 წელს დაიკავა პრემიერის პოსტი და მას შემდეგ ამ თანამდებობაზეა.
ლაპიდის „მომავლის პარტია“ (იეშ ატიდი) ცენტრისტული პოლიტიკური ძალაა. ის ყოფილი ჟურნალისტია, მამამისს თავის დროზე მინისტრის თანამდებობა ეკავა. პარტია 2015 წლის შემდეგ ოპოზიციაშია და საშუალო ფენის სეკულარულ ამომრჩეველთა შორისაა პოპულარული. ლაპიდი ნეთანიაჰუს აკრიტიკებდა ულტრაორთოდოქს პარტიებთან მჭიდრო კონტაქტისთვის.
ლაპიდის ეგრეთ წოდებულ, „ცვლილებების ბლოკს“ მიეკუთვნება ასევე ნეთანიაჰუს ყოფილი სამთავრობო პარტნიორის, ბენ განცის, „ლურჯ-თეთრი სია“, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის, ლაიცისტურ-ნაციონალისტური „ჩვენი სახლი ისრაელი“ (ისრაელ ბეიტენუ), ასევე „შრომის პარტია“ და მემარცხენე მერეცის პარტია.
ასევე ნახეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ ვერ შეძლო კოალიციის შექმნამყიფე კოალიცია
„ისრაელის დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელის, იოჰანან პლესნერის, აზრით, ახალი კოალიცია იქნება ძალიან მყიფე და პარტიების შვიდი თუ რვა თავმჯდომარის ნებასა და უნარებზე დამოკიდებული. ის ფიქრობს, რომ რამდენიმე თვე დასჭირდება იმის გარკვევას, დაიშლება თუ არა კოალიცია და აღმოჩნდება თუ არა ქვეყანა მორიგ კრიზისში.
ლაპიდის მიერ კოალიციაში შეკრებილი პარტიები, რომლებიც პოლიტიკურად ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებიან, დიდი კრიზისის შედეგად გაერთიანდნენ. იმისთვის, რომ ქვეყანა კვლავ წინ წავიდეს, მათ ბევრის დათმობა მოუწევთ. არაბი დეპუტატები პარლამენტში ლაპიდის მიმართ დადებითად არიან განწყობილი, მაგრამ ასევე არ უყურებენ ბენეტს, შესაძლო პრემიერ-მინისტრს. პლესნელი ვარაუდობს, რომ მთავრობა რადიკალურ ზომებს ვერ მიმართავს და უკიდურეს გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.
23 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა თავიდან ნეთანიაჰუს დაავალა მთავრობის შექმნა. ნაციონალ-კონსერვატორმა პრემიერმა ვერ შეძლო უმრავლესობის კოალიციის შექმნა დადგენილ ვადამდე, მიუხედავად იმისა, რომ თვით ისლამისტური მცირე პარტიის გადმობირებაც კი სცადა, რაც ღაზის სექტორში ძალადობის აღზევების გამო ჩაიშალა. ეს პარტია ისრაელის არაბი მოქალაქეების თანასწორუფლებიანობას და ორი - ისრაელისა და პალესტინელების - სახელმწიფოს შექმნას ითხოვს.