ნემცოვი, რომელიც მაშინ ხმამაღლა აკრიტიკებდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რამდენიმე თვეში კრემლის მახლობლად მოკლეს.
შვიდი წლის შემდეგ პუტინმა მასიური და არაპროვოცირებული ომი დაიწყო უკრაინაში. მისმა სიტყვებმა და ქმედებებმა თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე და ომის პირველ დღეებში წამოჭრა უსიამოვნო კითხვა, რომლის თავიდან არიდებაც უფრო და უფრო რთულდება: „რამდენად რაციონალურად იღებს ის გადაწყვეტილებებს?“
ბევრისთვის თავად ის ფაქტი, რომ პუტინმა თავდასხმის ბრძანება გასცა, მიანიშნებს, რომ ის გადაწყვეტილებებს ემოციებსა და ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით იღებს. ამ გადაწყვეტილებებმა უკვე გამოიწვია არასაჭირო სისხლისღვრა და ცხადია, რომ კიდევ ბევრს მოტანს.
„ახლა უკვე ცხადია, რომ ის რეალობას ბოლომდე დაშორდა. ეს ტრაგედიაა“, - დაწერა მარკ გალეოტიმ, რუსეთის ექსპერტმა პუტინის შესახებ, ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ.
ასევე ნახეთ გასცემს თუ არა ჰააგის სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს?პუტინს დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდნენ, როგორც პრაგმატულ პოლიტიკოსს. ადამიანს, რომელიც ცივად აანალიზებდა ფაქტებს და შემდეგ იღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას წაადგებოდა.
თუმცა, ომის დაწყებამ სხვა ვარაუდის საფუძველი გააჩინა. სხვა თუ არაფერი, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ უკრაინაზე კონტროლის დამყარების სურვილმა მისი საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა გადაწონა.
„დღეს ერთი რამაა ცხადი: პუტინმა თავისი პირადი ვნებები დააყენა რუსეთის ინტერესებზე მაღლა“, დაწერა კადრი ლიიკმა, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს თანამშრომელმა 25 თებერვლის სტატიაში.
პუტინის გადაწყვეტილება - სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღოს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის მოსახლეობასაც „რუსეთთან ერთიანად“ მოიხსენიებს, ირაციონალურობის მწვერვალი ჩანს.
პუტინის ქმედებების ასახსნელი კიდევ ერთი შესაძლო ვერსიაა, რომ პრეზიდენტმა თავდასხმა თავისი მიზნების მისაღწევ საუკეთესო საშუალებად მიიჩნია - მან რაციონალურად მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა არასწორ მტკიცებებს, შეხედულებებს თუ დასკვნებს ეყრდნობოდა.
წლებია, რაც პუტინი მიანიშნებს, რომ უკრაინაზე მოსკოვის კონტროლის დამყარება სურს. მან თავდასხმის გეგმები ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულს დაძრა - უკრაინის საზღვრების მახლობლად ჯარის რაოდენობის გაზრდა დაიწყო და ეს პროცესი თანდათანობით დააჩქარა.
ასევე ნახეთ „რუსულ ელიტაში ძალიან ეშინიათ, პუტინმა ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს“- Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი„შეშლილივით ლაპარაკობს“
მსოფლიო შიშით უსმენდა აშშ-ის გაფრთხილებებს, რომ ომი ყოველ წუთს შეიძლებოდა დაწყებულიყო. ბევრი, მათ შორის ისინი, ვინც პუტინს წლების განმავლობაში აკვირდებოდა, მიიჩნევდნენ, რომ ის უკან დაიხევდა. შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა...
21 თებერვალს პუტინმა თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ დახატა უკრაინა არალეგიტიმურ სახელმწიფოდ, რომელიც სუვერენულობას არ იმსახურებს და რუსეთის გარეშე არსებობის უფლება არა აქვს. მან გაიმეორა სიყალბე, რომ კიევი დონბასში „გენოციდს“ აწყობდა.
ამას პუტინმა კიდევ ბევრი განცხადება მოაყოლა, რამაც მის რაციონალურობასთნ დაკავშირებით კითხვები გააჩინა. 25 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, მან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა „ნარკომანებად“ და „ნეონაცისტებად“ მოიხსენია.
მან ასევე მოუწოდა უკრაინის სამხედროებს, ძალაუფლება ხელში აეღოთ - მიმართვა, რომელიც აჩვენებდა, რომ მას საერთოდ არ ესმის, თუ რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ უკრაინაში პუტინის რვაწლიანი აგრესიის შემდეგ.
ისინი, ვინც პუტინს წლების განმავლობაში შეისწავლიდა, ან მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონია, ამბობენ, რომ მისი ბოლოდროინდელი სიტყვები და ქმედებები მკვეთრ ცვლილებებზე მიანიშნებს.
„პუტინს 30 წლის განმავლობაში ვუსმენდი და ვუყურებდი. ის შეიცვალა“, - დაწერა ტვიტერზე მაიკლ მაკფოლმა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა და აშშ-ის ელჩმა რუსეთში 2012-14 წლებში. „ისე ლაპარაკობს, თითქოს მთლიანად იყოს დაშორებული რეალობას. შეშლილივით ლაპარაკობს“.
ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, „პუტინი პრაგმატულ ლიდერად მეჩვენებოდა“, - წერდა ტატიანა სანოვაია, კრემლის ექსპერტი „გარდიანში“ 25 თებერვალს. „ახლა კი, როდესაც მან უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, მისი გადაწყვეტილებების ლოგიკა ემოციებს ემყარება და არა რაციონალურ აზროვნებას“.
მარკო რუბიომ, აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა და სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მიანიშნა, რომ მას ჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია პუტინის მენტალური მდგომარეობის შესახებ.
26 თებერვალს მან ტვიტერზე დაწერა: „ნეტავ მეტის თქმა შემეძლოს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პუტინს ყველაფერი წესრიგში არ აქვს“.
შეკითხვებს პუტინის რაციონალურობის თაობაზე ამძაფრებს პანდემიის დროს შექმნილი ვითარებაც, როდესაც მან უკიდურესად ვიწრო წრესთან დაიწყო ურთიერთობა - მათი უმეტესობა კი მილიტარისტია.
ეს კი შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს ძალიან ლიმიტირებული მოსაზრებების საფუძველზე და მის მიერ მიღებული ინფორმაცია შეიძლება არასრული ან არასწორი იყოს.
ასევე ნახეთ რუსეთი მზად არის, დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი - ინტერვიუ ლევ შლოსბერგთან„ძალიან საბაზისო შეცდომები“
გარდა იმისა, რომ ძალიან ვიწრო წრესთან ურთიერთობს, პუტინს კიდევ ერთი პრობლემა აქვს - მასთან მხოლოდ მაამებელი ოფიციალური პირები, კანონმდებლები და ჟურნალისტები ურთიერთობენ. ამ ჟურნალისტების შექმნილ პროპაგანდას კი მერე თავად პუტინი მოიხმარს და გამოდის ერთგვარი ჩაკეტილი წრე, რომელზე დაყრდნობითაც ის გადაწყვეტილებებს იღებს.
ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო კამპანია იმაზე ნელა მიიწევს წინ, ვიდრე ეს პუტინმა დაგეგმა. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს უკრაინაში განადგურებული რუსული ტექნიკის და მკვდარი ჯარისკაცების კადრები.
„ცხადია, ჯერ მხოლოდ სავარაუდო დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ რუსეთის ჯარი ძალიან საბაზისო შეცდომებს უშვებს სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეებზე“, - დაწერა სამხედრო ექსპერტმა და თავადაც ყოფილმა საზღვაო ქვეითმა რობ ლიმ ტვიტერზე 28 თებერვალს. „პუტინმა თავისი სამხედროები ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააყენა, არარეალისტური ამოცანები დაუსახა და არასაკმარისად გააფრთხილა“.
ასევე ნახეთ „არა“ - უნდა თქვას რუსმა ხალხმა“ - ინტერვიუ ნობელის პრემიის ლაურეატთან, დმიტრი მურატოვთანრუსეთის სამხედრო კამპანია „საშინლად გამოიყურება“, რადგან ის „გიჟურ“ დაშვებებს ემყარება“, დაწერა ტვიტერზე მაიკლ კოფმანმა, ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „საზღვაო ანალიზის ცენტრის“ რუსეთის დეპარტამენტის დირექტორმა და სამხედრო კომენტატორმა 27 თებერვალს.
„მან სცადა ხანმოკლე ოპერაციის ჩატარება იმის იმედით, რომ უკრაინული მხარე ჩამოიშლებოდა - ქვეყნის ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი ჯარისკაცებით დამთავრებული. სრულიად შესაძლებელია, რომ შეშლილი სერიოზულად ფიქრობდა, რომ ფსიქოლოგიური და მორალური უპირატესობა ექნებოდა“, - დაწერა ფეისბუკზე მაქსიმ ტრუდოლიუბოვმა, ბლოგ Russia File-ის მთავარმა რედაქტორმა.
პუტინმა ვერ დაიჯერა, რომ „მთელი მისი მორალური უპირატესობა მისივე სატელევიზიო არხების მოგონილი იყო. უკვე მრავალი წელია, რაც მისი ტელევიზიისა და პრესის მთავარი მომხმარებელი თავად პუტინია", - დაწერა ტრუდოლიუბოვმა", - ის საკუთარმა ტყუილებმა მოწამლა“.