შემოდგომის დასაწყისში ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის თბილისში ნათქვამი სიტყვების შემდეგ, უნდა „გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის საწინააღმდეგოდო“, ჩნდება კითხვა - შეიძლება ამ კონფლიქტმა საქართველოში რაიმე სახით შემოაღწიოს?
ქნესეთის თავმჯდომარის რეპლიკა
ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) სპიკერმა, ამირ ოჰანამ 4 სექტემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენციაზე ირანის „დესტრუქციულ როლზე“ ისაუბრა და თქვა:
- „ჩვენ აღვნიშნეთ აუცილებლობა, გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის საწინააღმდეგოდ, რომელიც ორივე ქვეყნის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ცდილობს“;
- „ჩვენი ძალიან კარგი კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს;
- ჩვენმა ქვეყნებმა უნდა იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ მხრივ მძლავრად ვდგავართ და ვთანამშრომლობთ“.
შალვა პაპუაშვილს ამ რეპლიკაზე განმარტება არ გაუკეთებია. ამირ ოჰანას სიტყვის შემდეგ პრესკონფერენცია ჟურნალისტების კითხვების გარეშე დასრულდა.
მანამდე საქართველოსა და ქნესეთის სპიკერებმა ორი ქვეყნის ტრადიციულად დადებით ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ახსენეს 26-საუკუნოვანი მეგობრობა ერებს შორის.
იყო აქცენტები ეკონომიკურ ურთიერთობებზეც: შალვა პაპუაშვილმა 2024 წლისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების იმედი გამოთქვა.
პოლიტიკურ ნაწილში კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა: „ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ“.
ქნესეთის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელში და შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან - 17 აგვისტოს; კიდევ უფრო ადრე, 2 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წავიდა ისრაელში. ქნესეთის სპიკერის ვიზიტის შემდეგ კი ისრაელში ახლა უკვე შალვა პაპუაშვილი მიიწვიეს.
რას ნიშნავს, ამ დინამიკის ფონზე, ქნესეთის სპიკერის განცხადება ირანის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებაზე? მიანიშნებს თუ არა ეს ეპიზოდი რაიმე ცვლილებაზე საქართველოს პოლიტიკაში ორ ქვეყანასთან?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე, მოკლედ გადავხედოთ ისრაელისა და ირანის ურთიერთობებს და იმასაც, სად იკვეთება მათი ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ისრაელი და ირანი - მოსისხლე მტრები
თუკი შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლავის მმართველობის პერიოდში ირანს კარგი ურთიერთობები ჰქონდა ისრაელთან და მის აღიარებაზეც იყო საუბრები, 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ 1948 წელს შექმნილ ქვეყანასთან ყველანაირი დიპლომატიური და კომერციული კავშირი გაწყვიტა. თეოკრატიული მმართველობა ისრაელს ლეგიტიმურ სახელმწიფოდ არ აღიარებს.
44 წელია, ორი ქვეყანა ერთმანეთის სტრატეგიული მეტოქეა. ისინი ჩაბმულები არიან ახლო აღმოსავლეთში მრავალი წლის განმავლობაში გაწელილ და მრავალკომპონენტიან „პროქსი“ დაპირისპირებაში, იქნება ეს ლიბანის ომი თუ სირიისა და იემენის კონფლიქტები, სადაც თეირანი და იერუსალიმი მოწინააღმდეგე ძალებს უმაგრებენ ზურგს:
- 2006 წლის ლიბანის ომში ირანი აქტიურად უჭერდა მხარს ჰეზბოლას, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებს უპირისპირდებოდა (იმავე პერიოდში დაიწყო ჰამასის მხარდაჭერა);
- სირიაში ირანი მხარს უჭერს სირიის მთავრობას, ისრაელი კი ოპოზიციურ ჯგუფებს;
- იემენში ირანი ჰუსიტებს უჭერს მხარს, ისრაელი კი საუდის არაბეთის წინამძღოლობით მოქმედ კოალიციას.
ირანის მტრული დამოკიდებულების გამო ისრაელს განსაკუთრებით აშფოთებს ირანის ბირთვული პროგრამა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პარტნიორებს არწმუნებს, „თუ ირანის წინააღმდეგ არ ვიმოქმედეთ, პოტენციური ბირთვული ომის წინაშე აღმოვჩნდებითო“.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ ისრაელი და ირანი ძალიან ხშირად და სახიფათოდ უახლოვდებიან ხოლმე სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტს. მათი დაპირისპირება დიდ გავლენას ახდენს მთელი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკასა და უსაფრთხოების ეკოსისტემაზე.
ბოლო წლებში ირანისა და ისრაელის ქიშპობამ სამხრეთ კავკასიაშიც შემოაღწია - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. ეს რეგიონი, სირიისა და უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის შემდეგ, უფრო აქტიურად განიხილება მათი ინტერესების შეჯახების კიდევ ერთ ადგილად. თუმცა ეს სხვა მოვლენებმა და გეოგრაფიამ განაპირობა.
ირანი და ისრაელი კავკასიაში
სომხეთისთვის ირანი, საქართველოს გარდა, ის ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც სახმელეთო მიმოსვლა შეუძლია. ორ ქვეყანას ახლო ურთიერთობა აქვს, - მათ შორის ენერგეტიკასა და ტურიზმში - და მათს კიდევ უფრო დაახლოებასა და სტრატეგიულ თანამშრომლობას ხელს მათი გეოპოლიტიკური ინტერესების თანხვედრა უწყობს.
ირანი, მართალია, ყარაბაღის კონფლიქტში ფორმალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, მაგრამ განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, სომხეთის მხარეს ღიად გადაიხარა. სომხეთი მიესალმება ამ მხარდაჭერას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი, რომელზეც მისი უსაფრთხოება იყო დამოკიდებული, უკრაინაში ომითაა დაკავებული და ერევნისთვის ვერ (თუ არ) იცლის.
ასევე ნახეთ ფაშინიანი „სტრატეგიულ შეცდომად“ აფასებს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას - და მისი ცოლი კიევში მიემგზავრებაირანს სურს, შეავსოს ძალაუფლების ვაკუუმი, რასაც რუსეთის პასიურობა აჩენს, და ამით თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვაც სურს, - განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისრაელი და თურქეთი - ირანის კიდევ ერთი რეგიონული მეტოქე - აზერბაიჯანს უმაგრებენ ზურგს.
აზერბაიჯანი და სომხეთი ათწლეულებია, მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულ კონფლიქტში არიან ჩართულები. 1988-94 წლებში ყარაბაღის პირველი ომის შედეგად სომხურმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი მთიან ყარაბაღზე, - რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, - და მის გარშემო შვიდ რაიონზე. ამ რაიონებიდან ორი - ზანგილანი და ჯაბრაილი - ირანის მოსაზღვრეა.
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შედეგად აზერბაიჯანმა თანდათან დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილსა და მის გარშემო შვიდივე მოსაზღვრე რაიონზე. ამით ირანმა აზერბაიჯანზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი დაკარგა.
ომში აზერბაიჯანის წარმატება განაპირობა, კარგი სამხედრო მომზადების გარდა, თურქული „ბაირაქთარებისა“ და ასევე ისრაელური იარაღის გამოყენებამ. ირანს აღიზიანებს ისრაელისა და აზერბაიჯანის პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
„სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ (SIPRI) ცნობებით, 2016 წლისთვის აზერბაიჯანს 5 მლრდ აშშ დოლარის შეიარაღება ჰქონდა ისრაელისგან ნაყიდი, 2016-20 წლებში კი ისრაელიდან აზერბაიჯანში იარაღის ექსპორტმა იარაღის სრული ექსპორტის 17% შეადგინა.
აზერბაიჯანი ისრაელს ასევე ხედავს, როგორც „გზას ვაშინგტონთან მისასვლელად“, - და იქ საკმაოდ ძლიერი სომხური ლობისტური ჯგუფების ინტერესების დასაძლევად.
თეირანს აშფოთებს „ზანგეზურის დერეფნის“ იდეაც, - რასაც ომში გამარჯვების შემდეგ აქტიურად ლობირებს ბაქო. ამ იდეისთვის ბრძოლას ემსახურება ლაჩინის დერეფნის ბლოკირება, რისი შედეგიცაა ყარაბაღის ამჟამინდელი ჰუმანიტარული კრიზისი.
ასევე ნახეთ ბაქო-თეირანი: დაძაბულობა მწვავდება და აი, რატომ„ზანგეზური დერეფანის“ თურქეთს, ნახიჩევანისა და სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანს ხმელეთით დაუკავშირებს. ამ გზით თურქეთი ამყარებს პირდაპირ კავშირს კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებთან და შუა აზიაში ისლამურ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და გავლენის გაძლიერების პერსპექტივა უჩნდება.
„ზანგეზურის დერეფნის“ ამუშავების შემთხვევაში ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს კონკურენტი უჩნდება, რაც ირანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თეირანი დაკარგავს აზერბაიჯანისთვის ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას და, შესაძლოა, აღარ იყოს თურქეთისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი რგოლი.
ამ შესაძლო სცენარების გათვალისწინებით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანსა და ირანს შორისაც იძაბება ურთიერთობები:
- ბაქომ 2023 წლის 11 იანვარს დანიშნა პირველი ელჩი ისრაელში, რაც ირანმა მტრულ ნაბიჯად აღიქვა;
- ირანში მოხდა აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა, რასაც ბაქომ „ტერაქტი“ უწოდა;
- ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამად პაკპურმა განაცხადა, რომ ირანი არ მოითმენს, რომ მისი მეზობლების ტერიტორია „სიონისტური რეჟიმის ანტიირანული აქტივობების ბაზა და უსაფრთხო თავშესაფარი გახდეს“.
- ამის შემდეგ ირანმა ისტორიაში პირველად ჩაატარა სამხედრო სწავლებები აზერბაიჯანის საზღვართან, რამაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ცხადი უკმაყოფილება გამოიწვია.
- ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან მორიგი წვრთნები 2022 წლის შემოდგომაზეც ჩაატარა. „ირანი არ დაუშვებს სომხეთთან მისი დამაკავშირებელი გზის ბლოკირებას“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა 2022 წლის 19 ოქტომბერს.
ასეთია რეგიონული კონტექსტი.
როგორია საქართველოს პოზიცია?
საქართველოს მეტწილად დადებითი ურთიერთობები აქვს როგორც ირანთან, ასევე ისრაელთან. ამიტომაც გამოიყურებოდა, სულ მცირე, უცნაურად ქნესეთის თავმჯდომარის ნათქვამი „ირანის დესტრუქციის შეკავებაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანდასწრებით:
„არ მახსენდება მსგავსი განცხადებები [რომელიმე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან] საქართველოს პირველ პირებთან ერთად; არ მახსენდება, რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ასე მკვეთრად ყოფილიყო პოზიცია დაფიქსირებული. ეს განცხადება ამ მხრივ ნიშანდობლივი იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ანთაძე, ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი.
ქნესეთის თავმჯდომარემ ახსენა „ტერორიზმთან ბრძოლაც“, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. ეს რეპლიკა, სავარაუდოდ, შარშანდელ ეპიზოდს უკავშირდება: 2022 წლის 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში იგეგმებოდა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ დამაარსებლის, იციკ მოშეს მკვლელობა.
ასევე ნახეთ „როცა იბადები ებრაელად, ხარ მარადიულ ომში“, - იციკ მოშე, პაკისტანელი „ქილერის“ სამიზნე თბილისშისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაქირავებული მკვლელი პაკისტანის მოქალაქე იყო, დამკვეთი კი - ირანისა. ებრაული გამოცემა The Times of Israel-ი, ისრაელის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ იციკ მოშეს მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალებს სურდათ.
ყუდსის ძალები ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) ერთ-ერთი შტოა, რომლის სპეციალიზაციაც სამხედრო დაზვერვა და არაკონვენციური საომარი მოქმედებებია. შეერთებულ შტატებს იგი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
„ტერორიზმის სფეროში თანამშრომლობას რაც ეხება, არაერთი ანგარიში გვახსოვს, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან, სადაც საუბარია, რომ საქართველო სანდო პარტნიორია და ეს თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ საკმაოდ პროდუქტიულია. ამ მხრივ თბილისი იზიარებს დასავლური თანამეგობრობის პოზიციებს“, - ამბობს გიორგი ანთაძე.
და შეიძლება თუ არა, ქნესეთის სპიკერის ნათქვამი „ირანის საწინააღმდეგოდ ძალისხმევის გაერთიანებაზე“, რაიმე ცვლილებაზე მიანიშნებდეს? ექსპერტი ამ ეტაპზე დიდ ცვლილებებს არ ელის:
ყარაბაღის კონფლიქტში კი საქართველოს პოზიცია ასეთია:
- იგი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, - მათ შორის, არ ცნობს ბოლო დე ფაქტო არჩევნებს ყარაბაღში;
- თუმცა ხაზს უსვამს მშვიდობის მნიშვნელობას და ცდილობს, იყოს მედიატორი, - რაც ორიოდე წლის წინ მოახერხა კიდეც შეერთებულ შტატებთან ერთად.
- საქართველო-აშშ-ის ფასილიტაციის შედეგად, 2021 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
„ჯეოქეისის“ მკვლევრის, გიორგი ანთაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ საქართველო აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაში ტრადიციულ როლს შეინარჩუნებს:
ექსპერტის თანახმად, თუკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყება გარკვეული მოქმედებები, ირანმა შესაძლოა სამხედრო ძალის დემონსტრირებას მიჰყოს ხელი, რაც რეგიონში, საზღვართან წვრთნების ჩატარებასა და სომხეთის არაპირდაპირ დახმარებას გულისხმობს. „არ მგონია, რომ რაიმე რადიკალური ცვლილებები მოხდეს. ამის წინაპირობა შეიძლება მხოლოდ რაიმე დიდი რეგიონული დესტაბილიზაცია იყოს, რისი ნიშნებიც ამ ეტაპზე არ არის“.