ამ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ 2023 წლის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს 202 ქვეყანაში დემოკრატიის მაჩვენებელს ასობით სხვადასხვა მახასიათებლით ზომავს.
კვლევა ზომავს დემოკრატიის ხუთ პრინციპს, ესენია:
- საარჩევნო;
- თანასწორუფლებიანობა;
- ლიბერალური;
- მონაწილეობითი;
- სათათბირო.
რა წერია ანგარიშში?
"დაუმორჩილებლობა ავტოკრატიზაციის პასუხად", - ასეა დასათაურებული 56-გვერდიანი ანგარიში, რომელიც 2023 წლის მარტში გამოაქვეყნდა და 2022 წელს აჯამებს. ეს ამ ორგანიზაციის რიგით მეშვიდე ყოველწლიური ანგარიშია. კვლევაში ქვეყნები 4 პოლიტიკურ რეჟიმადაა დაყოფილი:
- დახურული ავტოკრატია;
- ელექტორალური ავტოკრატია;
- ელექტორალური დემოკრატია;
- ლიბერალური დემოკრატია.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ელექტორალური დემოკრატიაა. ელექტორალური დემოკრატიის დროს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, უზრუნველყოფილია ხმის უფლება, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება მნიშვნელოვანი უფლებებია.
საქართველო ამ კატეგორიაში ვარდების რევოლუციის შემდეგ გადავიდა და დღემდე იქ რჩება. 2003 წლამდე კი ელექტორალური ავტოკრატია იყო. ამ კატეგორიას ბოლო 20 წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს დაუბრუნდა.
ელექტორალურ ავტოკრატიაში არჩევნები მრავალპარტიულია, თუმცა სამართლიანობა და თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დაცული არაა ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება.
202 საკვლევი ქვეყნიდან 52 - ავტოკრატიისკენ გადაიხარა. დემოკრატიზაციას კი 14 ქვეყანაა განიცდის, მათ შორისაა საქართველოც. ეს ნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიის გზას ადგას, ანუ ნაკლებად დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმიდან უფრო დემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმზე გადასვლის პროცესშია.
ასევე ნახეთ „პრორუსული ხელისუფლება” - როგორ შეიყვარა კრემლის პროპაგანდამ „ქართული ოცნება”?რა საუკეთესო ათეულზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი?
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით ტოპ 10 ქვეყანას შორისაა. ამ სიაში საქართველოსთან ერთად არიან სეიშელი, ეკვადორი, გამბია, შრი-ლანკა, ჰონდურასი, ფიჯი, მადაგასკარი და მეზობელი სომხეთი.
თუ ეს მართალია, რატომ შეიძლება ვინმეს ეჭვი შეეპაროს პრემიერის სიტყვებში? - "იმიტომ, რომ პრემიერმა ელჩებსა და საზოგადოებას ფრაგმენტულად მიაწოდა ინფორმაცია, მხოლოდ კარგ მაჩვენებლებზე მითითებით", - ამბობს ეკა ციმაკურიძე, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" თავმჯდომარე.
ირაკლი ღარიბაშვილმა არ თქვა, რომ:
- მართალია, ბოლო ათ წელში ჯამურად, დემოკრატიზაციის ზრდა გვაქვს, მაგრამ ბოლო სამ წელში - პროგრესი არ არის;
- 20 წელია ელექტორალური დემოკრატიიდან უფრო მაღალ საფეხურზე ვერ ვინაცვლებთ;
- საქართველო ლიბერალური დემოკრატიის ინდექსით 61-ე ადგილზეა და მას უსწრებს, მაგალითად, მოლდოვა, ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყანა.
"ორი ასპექტია მთავარი, რომელ ადგილზე ვართ და როგორი ტენდენცია გვაქვს, მზარდი თუ კლებადი", - ამბობს ეკა ციმაკურიძე და ამატებს:
“ცალკეულ ინდიკატორებში რომ გვაქვს სხვაზე უკეთესი მაჩვენებელი, ეს საერთო შედეგზე როგორ აისახება, ამას აქვს მნიშვნელობა, ხოლო საერთო შედეგი ის არის, რომ ვართ 61-ე ადგილზე, ბევრად ჩამოვრჩებით კანდიდატ ქვეყანა მოლდოვას, ბოლო 20 წელია ვართ მესამე ანუ ელექტორალური დემოკრატიის კატეგორიაში და ვერ გადავედით ლიბერალური დემოკრატიის მეოთხე კატეგორიაში”.
ლიბერალურ დემოკრატიაში, ელექტორალურისგან განსხვავებით, სასამართლო და პარლამენტი ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციას ეფექტიანად ასრულებენ, დაცულია კანონის უზენაესობა და სამოქალაქო უფლებები. ამ კატეგორიაში მსოფლიოს მხოლოდ 33 ქვეყანა მოხვდა.
ასევე ნახეთ თეთრი ფურცლით ქუჩაში, საშვით კი პარლამენტში - აიწონა-დაიწონა დემოკრატიასთან“საქართველო წინ არ მიდის”
საქართველოს პრემიერ-მინისტრს დემოკრატიაზე საუბრისას არ უხსენებია Freedom house-ისა და Economist-ის ანგარიშები. ორივე დემოკრატიის ინდექსს ზომავს და ორივემ 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის გაუარესება აჩვენა.
Freedom House-ის შემთხვევაში, 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა, მედიათავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. საქართველო წინ არ მიდის, - ეწერა ანგარიშში. საქართველოს დემოკრატიის ასეთი დაბალი ქულა (მაქსიმუმი 7 ქულიდან 3,04) Freedom House-ის შეფასების შკალით, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია.
გარდა მედიის თავისუფლებისა, საქართველოსთვის გამოწვევად მიიჩნეოდა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუცველობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.
Economist-ის "დემოკრატიის ინდექსი 2022-ით" საქართველოს საერთო ქულა 5,20-ია. ქვეყანა რეიტინგში 90-ეა და წინა წელთან შედარებით, პოზიცია ერთით აქვს გაუმჯობესებული. საქართველომ ყველაზე დაბალი ქულები მთავრობის ფუნქციონირების და პოლიტიკური კულტურის კატეგორიებში მიიღო.
ასევე ნახეთ სახელმწიფო პარტიის ფერებში - როგორ გალურჯდა ქვეყანა