ავტორი: თინათინ ხიდაშელი
ყველა ქართველისა და, დარწმუნებული ვარ, დედამიწის ყოველი მცხოვრების ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა COVID 19-ის რუკის რეგულარული შემოწმება, ახალი დაავადებულების რაოდენობის გაცნობა და გარდაცვლილებზე დარდი. ეს ჩვენი ახალი რეალობაა, ყოფასთან შეგუების ახალი ნორმა, თუმცა, გარდა სრულიად გასაგები, ნორმალური ადამიანური ემოციისა, რომელიც ამ რიცხვების გაცნობას ახლავს თან, რას ამბობენ ეს რიცხვები? რას გვაჩვენებენ? როგორი იქნება მათი დამახსოვრების გრძლევადიანი შედეგები?
“COVID-19”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები სანიმუშოა და საუკეთესო გამოცდილებას გვძენს, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან კრიზისებზე რეაგირების სისტემაში არსებული პრობლემების უკეთ დასანახად და გასაანალიზებლად, ან უკეთესი ხვალინდელი დღის დასაგეგმად, არამედ დეზინფორმაციასთან, უფრო ზუსტად კი, ინფორმაციით მანიპულაციასთან ბრძოლისთვის. თუკი ვთანხმდებით, რომ დღეს მსოფლიო ომშია, უნდა დავინახოთ, რომ ეს ომიც, ისევე როგორც ყველა სხვა თანამედროვე ომი, მრავალკომპონენტიანი და ჰიბრიდულია, სადაც უხილავ ბიოლოგიურ საფრთხესთან ერთად საბრძოლო თეატრი საინფორმაციო ველზეა გაშლილი. ყოველ გზავნილს თავისი ადრესატი ჰყავს და კონკრეტული ამოცანა აქვს, მიზანი კი შორსმიმავალი და სტრატეგიულია:
დაასუსტოს დემოკრატია!
წარმოაჩინოს ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის უპირატესობა!
დაგვარწმუნოს, რომ იქ, სადაც უძლური აღმოჩნდა დემოკრატია, გაიმარჯვა მკაცრი, ძლიერი ხელის, ერთი კაცის მმართველობამ!
ასევე ნახეთ საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: რას მოასწავებს პანდემია დემოკრატიისა და ევროკავშირისთვის?დღეს უკვე სრულიად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-ჩინეთის დეზინფორმაციის მანქანა თანდათან იკრებს ძალას და ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მისაყენებლად ემზადება, დემოკრატიული სამყაროს ლიდერების მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებები კი (მაგალთად, აშშ პრეზიდენტისა და ვაშინგტონის განცხადებები ჩინეთის მიერ ვირუსის სირთულისა და გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვასა და მანიპულაციაზე) ვერ შეაჩერებს იმ დეზინფორმაციულ ნიაღვარს, რომელიც უკვე სისტემურად, კამპანიურად და მრავალფეროვანი შეიარაღებით მოქმედებს სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა პოპულარული ინტერნეტრესურსების გამოყენებით.
უნდა გვახსოვდეს!
ყოველ ჯერზე, როდესაც ეპიდემიის რუკაზე მოცემულ მონაცემებს კონტექსტის გარეშე გამოვიყენებთ და გავრცელების დინამიკის, ქვეყნის მოსახლეობასთან პროპორციისა თუ სხვა მახასიათებლების ანალიზის გარეშე სახელმწიფოების შედარებას მოვახდენთ, ჩვენც სწორედ რუსულ-ჩინური დეზინფორმაციის მანქანის სასარგებლო რესურსად ვიქცევით და, ჩვენდაუნებურად, სწორედ მათ მიერ განსაზღვრულ ამოცანას ვასრულებთ.
ასევე ნახეთ დეზინფორმაცია კლავს: კორონავირუსი და კრემლის პროპაგანდარიცხვები იტყუებიან ყოველთვის, როდესაც არ ვიცით კონტექსტი და არ გვაინტერესებს, რა დგას ამ რიცხვების უკან. სტატისტიკა დეზინფორმაციის ყველაზე სანიმუშო და იდეალური მსახური ხდება, თუკი უარს ვამბობთ ანალიზზე და შიშველი რიცხვებით ვხელმძღვანელობთ.
უმარტივესი მაგალითი: რას ნიშნავს 25 პროცენტი? ბევრია თუ ცოტა? ერთადერთი რამ, რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ 25 პროცენტი ასის მეოთხედია. მორჩა. სხვა აბსოლუტურად არაფრის მთქმელია, თუკი არ ვიცით, რისი 25 პროცენტია, რასთან ვადარებთ მას სიდიდის ან სიმცირის გასარკვევად, ან საიდან წარმოიშვა. COVID 19-თან ბრძოლის ველზე ყოველდღიურად ზუსტად ასეთი 25, 31, 19 პროცენტები წარმოიშობა, რომელიც მხოლოდ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზეა გათვლილი და პანიკას აძლიერებს, თუმცა რეალობაში არაფერს გვეუბნება პრევენციის ან განვითარების დინამიკისთვის, ამ საკითხის მკვლევარებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის კი ყოველდღიურად ინფორმაციით მანიპულაციის ასეულობით მაგალითს ქმნის.
მივყვეთ მოვლენებს და გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია გვახსოვდეს მოვლენების ანალიზის დროს.
ფაქტი #1:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ყველა მონაცემი, რომელიც თავს იყრის მათ სისტემაში და შემდეგ ინტერნეტით უსწრაფესად ვრცელდება, ეყრდნობა სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ არსებობს მათი მყისიერად გადამოწმების არავითარი სტანდარტული ფორმატი ან შესაძლებლობა.
მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემები, რომელსაც დღის მანძილზე ყოველი ჩვენგანი შევყურებთ იმედით, რომ დაიკლებს, შემცირდება, ვირუსი უკან დახევას დაიწყებს და სხვა, მთლიანად კონკრეტული სახელმწიფოების მიერ კონტროლდება და ვრცელდება. შესაბამისად, ზუსტად ისეთია, როგორიცაა მათი სისტემა და მმართველობის კულტურა.
ფაქტი #2:
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორი (ICD), რომლითაც დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, 1992 წელს არის მიღებული და მისი კრიტიკოსების უმთავრესი არგუმენტი წლების მანძილზე სწორედ ის იყო, რომ “დიაგნოსტიკის, კოდირების სისტემისა და კლასიფიკიკაციის ერთიანი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში” რთულია ან თითქმის შეუძლებელია სახელმწფოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თავსებადობის შემოწმება და მონაცემთა შედარება.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს ერთიანი სტანდარტი დიაგნოსტიკის, დაავადებათა კოდირების ან მონაცემების გავრცელება/მიწოდების სფეროში. შესაბამისად, ვითარების მიხედვით, მთლიანად კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დაავადებების გავრცელების მასშტაბის დოკუმენტირება და გადაცემა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
ასევე ნახეთ ჩინეთი კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადებაკიდევ ერთხელ, ერთიანი სტანდარტის არარსებობის და, მით უფრო, მიწოდებული მონაცემების კონტროლის შეუძლებლობის პირობებში, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის აღრიცხვის თავსებადობა მინიმალურია, ხოლო ამ მონაცემების შედარება ძალიან აბსტრაქტული.
ფაქტი #3:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ ქვეყნებში აღრიცხვიანობის წესისა და სტანდარტის კონტროლის შეუძლებლობა არ არის ერთადერთი პრობლემა. მეორე პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციის გავრცელების მთავარი ამოსავალი გახდა კალენდარული დღე, რაც ასევე ინფორმაციის მანიპულაციას ახდენს. მაგალითად, ერთმანეთს დარდება ევროპის ქვეყნებისა და ჩინეთის მონაცემები 29 მარტს, იმის მიუხედავად, რომ ერთ შემთხვევში 2-თვიანი, ხოლო მეორე შემთხვევაში 4-თვიანი დინამიკა გვაქვს. სწორედ იმიტომ, რომ ამ რიცხვებში დინამიკა დაკარგულია, ვიღებთ უდიდეს განსხვავებას და შესაბამის რეაქციას დემოკრატიების უუნარობის შესახებ, ეფექტურად ებრძოლოს კრიზისებს.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმაციით მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითია 29 მარტის იტალიის და იმავე დღის საქართველოსა და ჩინეთის შედარება, ვინაიდან რიცხვების ამგვარი შედარება მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: რამდენი დაინფიცირებული ან გარდაცვლილია იმ დღეს კონკრეტულ ქვეყანაში, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს ამბობს ამ ქვეყნებში გავრცელების დინამიკის ან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტურობა-არაეფექტურობის და, მით უფრო, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
Server error
შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით!
პრობლემა ჩვენს ტექნიკურ გუნდს გადაეგზავნა შესასწავლად.
Please use Search above to see if you can find it elsewhere
კიდევ ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება - მაგალითად, მოცემული რიცხვების პროპორციულობა მოსახლეობის რაოდენობასთან (კარგად ჩანს აშშ-ს მაგალითზე), ტურიზმის ფაქტორი (საუკეთესოდ იტალიის მაგალითზე გამოჩნდა), ეფექტური და დინამიკური ბიზნესგარემო (ყველაზე კარგად ნიუ იორკის მაგალითზე გამოჩნდა) და სხვა, თუმცა მხოლოდ ამ სამ ფაქტზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მარტივი ანალიზის გაკეთება.
რიცხვებით მანიპულაციის მარათონში, არ დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის იანვარსა და თებერვლის დასაწყისში ვირუსის გავრცელების პოტენციალის შესახებ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, მრავლობით წყაროებსა და თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით, იუწყებოდნენ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აქტიურად დევნიდა ყველას, ვინც ვირუსის შესახებ წერდა და განგაშის ზარებს სცემდა.
როგორი ემოციური სურათი გვაქვს დღეს სწორად ამ სამი ფაქტორის გაუთვალისწინებლობის გამო: უკიდურესად და, რაც მთავარია, შეუდარებლად მძიმე მდგომარეობაა დასავლურ დემოკრატიებში - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, მაშინ როცა ავტორიტარული ან ე.წ. ნახევრად თავისუფალი ქვეყნები ეფექტურად უმკლავდებიან საფრთხეს.
დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ინფორმაცია ბრძოლის იარაღად არის ქცეული, სიმართლის გაგება არასოდეს არის ისე მარტივი, როგორც ეს ერთი პანდემიის გავრცელების ყოველდღიურ რუკაზე ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად უდიდესი ადამიანური ტრაგედიებისა და უმძიმესი ემოციური ფონისა, რომელმაც დღეს კაცობრიობა მოიცვა, მაინც უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ არ დავკარგოთ საღი აზრი და მსჯელობა - განზოგადების უნარი, იმისათვის რომ ხვალ, როდესაც ვირუსი ისტორიის კუთვნილება გახდება, იმავე ისტორიას არ მივაბაროთ ჩვენი თავისუფლება, არ გავცვალოთ ის დიქტატურასა და ერთი კაცის ძალაუფლებაზე.
_____________________________
თინათინ ხიდაშელი ორგანიზიაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. “სამოქალაქო იდეა” უსაფრთხოების საკთხებზე მუშაობს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ფოკუსი რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ოპერაციების კვლევაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.