"რუსეთში ჩვენ ვიყავით ყველაზე თავისუფალი ადამიანები, მიუხედავად ტყვეობისა" - ინტერვიუ “აზოვსტალის” მცველ "ნავასთან"

"ნავა" ქმართან, ანდრეი სუბოტინთან ერთად. აზოვსტალში ყოფნის პერიოდში, "ნავა" ცოლად გაჰყვა მესაზღვრეს - ანდრეი სუბოტინს. ქორწინებიდან ორ დღეში ვალერიას ქმარი დაიღუპა. ვალერია კი ტყვედ ჩავარდა და პატიმრობაში გაატარა 327 დღე.

10 აპრილს რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის იყო “აზოვსტალის” მცველი ვალერია სუბოტინა (კარპილენკო), მეტსახელად "ნავა".

მარიუპოლელმა პოეტმა ვალერიამ ”აზოვის” ქვედანაყოფის პრესსამსახურში 2015 წელს დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით ის გახდა დონეცკის სასაზღვრო რაზმის პრესოფიცერი. უკვე აზოვსტალში ყოფნის პერიოდში, ცოლად გაჰყვა მესაზღვრეს - ანდრეი სუბოტინს. ქორწინებიდან ორ დღეში ვალერიას ქმარი დაიღუპა. ვალერია კი ტყვედ ჩავარდა და პატიმრობაში გაატარა 327 დღე. თავის ისტორიას ვალერია სუბოტინა Current time-თან ინტერვიუში ჰყვება.

უკვე ორი კვირაა, რაც თავისუფალი ხართ. ახლა, როდესაც საკმაოდ მშვიდობიანი კიევის ქუჩას მიუყვებით, რას გრძნობთ?

დიახ, ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით ამ დღეზე - გათავისუფლების დღეზე. ვფიქრობდით, რომ ერთ-ორ დღეში აღვიდგენდით ძალებს, გამოვჯანმრთელდებოდით, ვიბანავებდით და მწყობრში ჩავდგებოდით... თუმცა სულ ახლახან გადაგვიარა დილით გაღვიძების შიშმა. ახლა ვიაზრებთ, სად ვართ. აღარ ვიღვიძებთ ფიქრით, რომ ისევ საკანში ვართ.

არ მეშინოდა სიკვდილის, ეს არის ის, რასაც შეეძლო ჩემი ტანჯვისგან გათავისუფლება...

ახლა, როდესაც კიევის ქუჩებში ვსეირნობ, ჟრუანტელი მივლის. ამ ღელვას იმიტომ ვგრძნობ, რომ უკრაინის თავისუფალ ცას ვუყურებ. ის აღარ არის გისოსებში, ის აღარ არის ჩაკეტილი - მაშინ როდესაც, საკნიდან მხოლოდ გისოსებს ხედავ, მხოლოდ ეკლიან მავთულხლართს, ბეტონის კედელს და ერთ შემომძვრალ მწვანე ფოთოლს. და არ იცი, კიდევ რამეს თუ დაინახავ მთელი წლის განმავლობაში. ახლა კი ამ ყველაფერს ხედავ. და ემოციებით დატვირთული ხარ.

გათავისუფლებისთანავე ტატუ გაიკეთეთ წარწერით - “ფოლადის”. რატომ იყო თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი?

იმიტომ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ტყვეობას გავუძელით, არამედ ყველაფერს, რაც მანამდეც იყო. იმიტომ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. როდესაც მე თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მოხრილი დავდიოდი, მეუბნებოდნენ: “აბა, ახლა რას იტყვი, უკრაინის მოდრეკა შეუძლებელია?” მე ვპასუხობდი: “არა, უკრაინა არ გატყდება”. ჩვენ ნამდვილად ფოლადისგან ვართ. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა უკრაინელი, ვინც იბრძვის.

როგორ აღწერდით ტყვეობის ერთ დღეს?

მე ასე ვიტყოდი, მთელი ეს დრო იყო, როგორც ერთი დღე. ეს იყო ცხოვრების მუდმივი მოლოდინი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ სამუდამოდ დავრჩით “აზოვსტალში”, [თითქოს] იქიდან არ დავბრუნებულვართ. იქ დავიხოცეთ სხვა ბიჭებთან და გოგოებთან ერთად. ჩვენი სული იქ დარჩა, მათთან [დაღუპულებთან] ერთად. ახლა კი ვიტყოდი, რომ ჩვენ ტყვეობიდან არ დავბრუნებულვართ. სანამ ყველა ჩვენიანი არ დაბრუნდება, ჩვენც იქ ვრჩებით. ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორც არ უნდა გვეცადა სრულფასოვნად გვეცხოვრა, მაინც ვერ შევძლებდით.

უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე რუსეთში დიდი ზეწოლაა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. ვიცი, რომ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ტყვეობიდან ბრუნდებიან, არ ლაპრაკობენ ამაზე, რომ არ ავნონ იმათ, ვინც ტყვეობაში კვლავ რჩება. თუმცა მაინც გკითხავთ: რამ გაგაძლებინათ ტყვეობაში 327 დღე?

ასე ვიტყოდი: რუსები მე ვეღარაფერს წამართმევდნენ. მათ უკვე ყველაფერი ჰქონდათ წაღებული ჩემგან. ეს ყველაფერი კი იყო ჩემი ქმარი ანდრეი, რომელიც “აზოვსტალში” დაიღუპა და რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. არ შემიძლია მასზე წარსულ დროში საუბარი, ის ჩემთვის არსებობს და იარსებებს. მათ მე ქმარი წამართვეს, სახლი წამართვეს. ასე გამიჩნდა განცდა, რომ რუსები უარესს ვეღარაფერს გამიკეთებდნენ.

სიკვდილის საერთოდ არ მეშინოდა. სიკვდილს შეეძლო ტანჯვისგან გავეთავისუფლებინე და ქმართან დავეახლოებინე. ტყვეობაში კი ძალას ის მაძლევდა, რომ ანდრეის მშობლებს უნდა შევხვედროდი. ამის გააზრება გადარჩენის, ბრძოლის და ტყვეების გაცვლის ლოდინის ძალას მაძლევდა.

ცოტაოდენი სიმართლე რომ მცოდნოდა, მაგალითად, გამზრდელი ბებიის ოკუპაციაში გარდაცვალების (მშობლები არ მყავს) შესახებ; ან ის, რომ ჩემი დაღუპული მეუღლის ცხედარი ოჯახს არ გადასცეს, რომ ის ვერ დაკრძალეს და მე მის საფლავთან მისვლა არ შემიძლია, ამას შესაძლოა გავეტეხე. თუმცა მაინც ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი მათთან (ქმრის მშობლებთან), რომ მელოდებოდნენ. ეს მაძლიერებდა.

ყველაზე მეტად რა გაკლდათ ტყვეობაში ყოფნის დროს? რაზე ფიქრობდით, ოცნებობდით?

"ნავა"

ისეთი ბანალური, ან არაბანალური რაღაცები მენატრებოდა. ახალ წელს… ძალიან მჭიდრო გისოსები იყო ჩვენს ფანჯრებზე. მხოლოდ ჩემი ხელი თუ გაეტეოდა და მე ვხატავდი ნაძვის ხეს. შემდეგ, როდესაც გაზაფხული მოვიდა, ისევ დავხატე სამი ტიტა ჩემთვის და ვიტასთვის. ჩვენ ეს გვახარებდა.

ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი ქმარი მოკლეს. არ მინდა, მათ ჩემი ცრემლები დაინახონ...

და ასეთი ოცნებები ხდება - ყვავილებთან, ხეებთან შეხება, ჩიტების ჭიკჭიკის წესიერად გაგონება. ვფიქრობ, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენი სამკაპა (სიმბოლო სახელმწიფო გერბზე - რ.თ.), რომელშიც დაშიფრულია სიტყვა ნებისყოფა, დატანილი მაქვს და სულ ჩემთან იყო. ამ სიტყვას ვხედავდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი ნებისყოფა ჩემთან არის. ასე ვიტყოდი, რომ რუსეთში ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეობაში ვრჩებოდით, ჩვენ იქ ყველაზე თავისუფალი ადამიანები ვიყავით.

რომელი მნიშვნელოვანი თარიღები დაემთხვა თქვენს ტყვეობაში ყოფნის პერიოდს?

ტყვეობაში იყო ჩემი და ანდრიუშას დაბადების დღეები. საინტერესოა, რომ ანდრეის დაბადების დღე 20 ივლისს არის, ჩემი კი - 19-ში. ამ დროს ოლენოვკაში ვიყავით. 20 ივლისს გავიხსენეთ ანდრეი, სიმღერები ვიმღერეთ, მასზე ვსაუბრობდით. ჩემს დაბადების დღეზე გოგოებმა სიურპრიზი მომიწყვეს. გამოაცხვეს, რაც შეეძლოთ. შაქარი არ გვქონდა, მაგრამ ტკბილ ჩაის უმატებდნენ, ფუნთუშები რომ გამოეცხოთ და ჩემთვის დაბადების დღე მოელოცათ.

5 მაისს, ძალიან მალე, ჩემთვის და ანდრეისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს დავქორწინდით “აზოვსტალში” და ჩვენებურად აღვნიშნავთ. ის ოცნებობდა, რომ მე თეთრ კაბაში ვენახე, რაც “აზოვსტალში” არ გვქონდა. ამჯერად მექნება კაბა. არ ვიცი, შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ტაგანგორში ყოფნის დროს, ანდრეი მესიზმრებოდა მუდმივად. სიზმარში ის განადგურებულ “აზოვსტალში” იყო და მეუბნებოდა: “აქ ბიჭებთან ერთად ვარ, ყველაფერი კარგად მაქვს. მაგრამ რატომ არ იყიდი შენთვის თეთრ კაბას?” ახლა უკვე შემიძლია ამის გაკეთება და ანდრეიმ უნდა დამინახოს იქიდან თეთრ კაბაში. მე დღემდე ველაპარაკები მას, როდესაც ცას ვუყურებ. ჯერ კიდევ მჯერა რომ დაბრუნდება. ტყვეობაში ძალიან რთული იყო მისი სიკვდილის გააზრება. ძალიან მძიმე იყო.

ვხვდები, კიდევ რა მაძლებინებდა ტყვეობაში… ის ვიდეო, რომელსაც ვწერდით. ჯერ არ მინახავს, არც მახსოვს, რას ვამბობდი. ვლაპარაკობდი ტკივილზე, მაგრამ ძალიან ცოტას ანდრეიზე, იმაზე, რომ ის ნამდვილი გმირია, უკრაინის გმირი. ტყვეობაში ამაზე ვფიქრობდი, რომ უნდა გამოვსულიყავი და მომეყოლა ეს ამბები. თუ როგორ ეხმარებოდათ ანდრეი დაჭრილების ევაკუაციაში, როგორ იპოვა ბუნკერი, სადაც ბავშვები იყვნენ, როგორ ეძებდა მათთვის საჭმელს. ძალიან ბევრს აკეთებდა, როგორც უკრაინელი ოფიცერი. მე ვამაყობ მისით. ეს უნდა მეთქვა იმ ვიდეოში.

ტყვეობაში საკუთარ თავს ტირილის უფლებას აძლევდით?

დღემდე ვერ ვტირი. ახლა გელაპარაკებით ისეთ თემებზე, რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. იქაც ძალიან სევდიანი, შეშინებული ვიყავი ამ ტკივილთან ერთად. ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი ქმარი მოკლეს - თითოეული მათგანი დამნაშავეა მის სიკვდილში, მშვიდობიანი ხალხის სიკვდილში. ზოგადად იმ ყველაფერში, რაც მოხდა, დამნაშავეები არიან. არა, არ მინდა, რომ მათ ჩემი ცრემლები ნახონ. ახლაც კი. საკანში ე.წ. ბრმა წერტილები იყო, სადაც ჩემს მეგობარს შეეძლო ჩამხუტებოდა და შეგვეძლო ჩვენი მწუხარება გამოგვეხატა. ახლა კი, ვცდილობთ არ ვიტიროთ. ჯერჯერობით ვცხოვრობთ და ვიბრძვით იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ იქ არის და იმათ წინააღმდეგ, ვინც ისევ ცდილობს ჩვენ რაღაც წაგვართვას. თუმცა კიდევ რა…

მე ვეუბნებოდი ვიტას (მეგობარი, რომელთან ერთადაც საკანში იყო), რომ იქნებ უკეთესი იყო განვცალკევებულიყავით, მე ერთიანში წავსულიყავი, რომ ჩემზე არ ყოფილიყო პასუხისმგებელი. თუმცა ის მუდმივად მიმეორებდა, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით, უნდა გაგვეგრძელებინა ერთმანეთის მხარდაჭერა. ის მეუბნებოდა: “შენ გარეშე არ წავალ, მირჩევნია შენთან ერთად ვიყო ამ ციხეში იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა, მაგრამ აქედან გავალთ ერთად”. გუშინ ვუთხარი: “ვიტა, წარმოიდგინე, როგორი არარეალური სურვილი იყო!” თუმცა, მართლაც ერთად გამოვედით.

ნავა ეხუტება მეგობარ ვიტას. ორივე რუსეთის ტყვეობაში იყო.

რას გიყვებოდნენ რუსები კოლონიაში, ოლენოვკაში? რას გეუბნებოდნენ უკრაინაზე? ინფორმაციულ ვაკუუმში იყავით?

იქ, ფაქტობრივად, არაფერი იცი, რა ხდება უკრაინაში, როგორ არიან შენი ახლობლები. ჩვენ ვდარდობდით, იყო თუ არა აქ საკვები, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ახლა რამდენი იღუპება, იყო თუ არა საერთოდ ნორმალური ცხოვრება. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ არ ვიცოდით, რამდენი ადამიანი რჩებოდა ტყვეობაში. არ ვიცოდით, რომ დაახლოებით 700 “აზოველი” რჩებოდა, ვიმედოვნებდით, რომ ყველას შევხვდებოდით, როდესაც გამოვდიოდით. ყველაფერი, რაზეც ახლა მინდა ვისაუბრო, გარდა ტკივილისა და დაღუპული გმირებისა, ეს არის ის ადამიანები, ვინც იქ დარჩა. ისინი უნდა დავიბრუნოთ. სანამ ისინი არ დაბრუნდებიან, ჩვენ ვერ შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ თვითონ ფსიქოლოგიურად ვერ შევძლებთ იქიდან დაბრუნებას. იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად განვიცდიდით, ისინი ახლა იმავეს განიცდიან ყოველ დღეს, წუთს და წამს.

ვალერია სუბოტინა (კარპილენკო), "ნავა"

გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკანში მარტო ვიყავი. იმ საკანში კი კედელზე ისეთი წარწერა იყო, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა. დარწმუნებული ვარ, ეს წარწერა რომელიმე ჩვენიანმა დატოვა. “დაიტანჯე ღირსეულად” - ეს იყო პასუხი, როგორც ცრემლებზე, ასევე გამძლეობაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ღირსეულად ტანჯვა. ამიტომ ტყვეობაშიც კი ეს გამოთქმა - “დაიტანჯე ღირსეულად” - ჩემი იმდროინდელი ცხოვრების ლოზუნგად იქცა. სხვებისთვის კი, ალბათ, ლესია უკრაინკას სიტყვები: “რომ არ მეტირა, ვიცინოდი”. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ იქ [ტყვეობაში] ძალიან ბევრს ვიცინოდი, რასაც ისინი ვერ იგებდნენ. შესაძლოა, ზოგი ახლაც ვერ იგებს, რატომ ვდებ ფოტოებს, რომლებშიც ყოველთვის ვიღიმი. მტკივნეულ მომენტებზე ვწერ, ვლაპარაკობ, მაგრამ თითქმის ყოველთვის ვიღიმი. რადგან საქმე ეხება არა შიშს, არამედ ბრძოლას. არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვების შინაგან ძალას. იმიტომ, რომ ჩემი ხალხი მიყურებს. აქაც და იქაც. ამიტომ ღირსეულად უნდა ვიცხოვრო ყველასთვის.