Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ტიტანებთან ერთად ვიბრძოდი”- დმიტრო კოზაცკი, აზოვსტალის მემატიანე


დმიტრო (ორესტ) კოზაცკი, 26 წლის უკრაინელი ფოტოგრაფი და აზოვსტალის დამცველი რამდენიმე თვიანი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ ფრონტის ხაზზე დაბრუნებას ფიქრობს - ფოტოების გადასაღებად. მისი ცნობილი ავტოპორტრეტი, სინათლის სხივი, იმედის და უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. დღეს კოზაცკი ამბობს, რომ ბრძოლისა და ტყვეობის შემდეგ თავისუფლება უფრო უჭირს - სინდისი ქეჯნის, ცოცხალი რომ გადარჩა.

სულ სინდისი მქენჯნის, რომ ცოცხალი გადავრჩი

რადიო თავისუფლება: უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავისუფალი ხართ. როგორი გემო აქვს თავისუფლებას ტყვეობის შემდეგ?

დმიტრო კოზაცკი: შერეული გრძნობებია. ერთი, რომ გამიმართლა - ფსიქოლოგიურად მეტ-ნაკლებად ნორმალურად გადავიტანე ეს ყველაფერი, აზოვსტალიცა და შემდეგ ტყვეობაც. მაგრამ თავისუფლებას თავისი, განსხვავებული გამოწვევები მოაქვს. ზუსტად არ მახსოვს, რას ეძახიან ამას, მგონი, „გადარჩენილის კომპლექსს“ - სულ სინდისი მქენჯნის, რომ ცოცხალი გადავრჩი. მეგონა, თანდათან, დროთა განმავლობაში გამიქრებოდა ეს აზრები, მაგრამ არა, არსად მიდის, სულ მიხუთავს იმის შეგრძნება, რომ ამ თითქოსდა დაუმსახურებელი თავისუფლებით საკმარისს არ ვაკეთებ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ... ლაპარაკის მეშინია, მეშინია, ვინმეს რამე არ დაუშავდეს ამის გამო. სულ გაჩუმებაც არ გამოდის, რადგან ეს ახლა ჩვენს მთავარ მისიად იქცა - რომ ვილაპარაკოთ. გარკვეულწილად, ვფიქრობ, დანაშაულის გრძნობა იმიტომაც მაწუხებს, რომ ბევრი, ჩემი თანამებრძოლები, ჩემთვის ძვირფასი ხალხი ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება. ისე ვდარდობ მათზე, როგორც საკუთარ ოჯახზე ვიდარდებდი - იქცნენ კიდეც ჩემ ოჯახად იმ თვეების განმავლობაში. ვცდილობ, რაც შემიძლია, ოდნავ მაინც ვიყო ბედნიერი - სიცოცხლით და ამ დაბრუნებული თავისუფლებით დავტკბე, მაგრამ არ გამომდის, არ მეჩვენება ეს სწორად. ფრონტზე ყოველდღიური დანაკარგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ - ამას ვერ გადაახტები, ვერ „ჩამოსკროლავ“ და გააგრძელებ ჩვეულებრივად ცხოვრებას, ეს შენთან რჩება და თან დაატარებ ყოველდღე, ტვირთად.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდით ტყვეობიდან.

დმიტრო კოზაცკი: ოთხი ტყვე ვიყავი ტყვეობაში - აქედან ორი ოლენივკაში და ორიც დონეცკის ციხეში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაზე საუბარიც ზედმეტია. სხვა რომ არაფერი, ჩემი იქ ყოფნის დროს მოხდა აფეთქება ოლენივკაში, რაზეც ნიშნის მოგებით, უტიფრად გვითხრეს - „ნახე, რა ხალხი ხართ, თავს იფეთქებთ, რომ მერე ჩვენ გამოვჩნდეთ ცუდებიო“. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩვეულებრივი ტერორიზმი. გმირები, რომლებმაც აზოვსტალი დაიცვეს, რუსეთის ხელში სათამაშოდ იქცნენ. ექიმები არ დაუშვეს აფეთქების ადგილზე - ბევრი ჩვენგანი, ვინც იქ დაიღუპა, დაიღუპა იმიტომ, რომ სისხლისგან დაიცალნენ და მიმხედავი კი არავინ ყავდათ.

შენს მიწაზე ყოფნა ბედნიერებაა, ბედნიერება, რომლის შესახებ ადრე წარმოდგენა არ გქონდა და ვერ აფასებდი.

რადიო თავისუფლება: როგორ გეპყრობოდნენ თქვენ და სხვა „აზოველებს“? როგორ ეპყრობოდნენ ზოგადად ტყვეებს?

დმიტრო კოზაცკი: ამაზე ლაპარაკისას სიფრთხილეა საჭირო - ერთი მხრივ, გაჩუმება არ შეიძლება, ამ საშინელებაზე დუმილი შეუძლებელია, მაგრამ მეორე მხრივ - მეშინია, რამე ისეთი არ ვთქვა, რითაც საფრთხეში ჩავაგდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს, იმათ, ვინც ჯერ კიდევ რუსულ ტყვეობაში რჩებიან. უნდა გავიაზროთ, რომ საქმე გვაქვს ხალხთან, რომელსაც მორალისა და ეთიკის ნიშანწყალიც აღარ შემორჩა, ხალხთან, ვისთვისაც ჟენევის კონვენცია ფარატინა ქაღალდია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი შეთანხმებები და მათი ნდობა შეუძლებელია. ისევე, როგორც სერიულ მკვლელს ვერ ენდობი - ვერასდროს გამოიცნობ, რას მოიმოქმედებს შემდეგ. ასე რომ, სპეციფიკურ დეტალებს არ მოვყვები - როგორ მცემდნენ, რამდენჯერ და რისთვის. სხვებთან შედარებით, მე კიდევ იოლად გამოვძვერი. ვიტყვი ერთს კიდევ - როცა დავბრუნდი, 51 კილოგრამს ვიწონიდი.

როდესაც ამ ინტერვიუს გამოაქვეყნებთ, გთხოვთ აუცილებლად დაწეროთ, რომ ჯერ კიდევ 5000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო რჩება ტყვეობაში და მათგან 1000 აზოვსტალელია. ბევრს სამედიცინო მეთვალყურეობა და ნორმალური მოპყრობა ესაჭიროება. ეს ხალხი არ უნდა დავივიწყოთ, ამის დაშვება არ შეიძლება - ისინი გმირები არიან, მათ ხომ ამდენი გაიღეს უკრაინისთვის, და არა მხოლოდ უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვისაც - უკრაინელები ჩვენს მიწას ვიცავთ, მაგრამ ეს მიწა ევროპისთვის გალავანია. ჩვენ დემოკრატიულ სამყაროს ვიცავთ, რადგან რუსს სულ, დაუცხრომლად შია, სულ სიხარბე სძლევს - მეტი და მეტი უნდა მუდამ - მეტი მიწა, მეტის დაპყრობა...

სპეციფიკურ დეტალებს არ მოვყვები - როგორ მცემდნენ, რამდენჯერ და რისთვის. სხვებთან შედარებით, მე კიდევ იოლად გამოვძვერი. ვიტყვი ერთს კიდევ - როცა დავბრუნდი, 51 კილოგრამს ვიწონიდი.

რადიო თავისუფლება: ტყვეობამდე, კიდევ ერთი დიდი გამოცდის ჩაბარება მოგიწიათ - მარიუპოლის და აზოვსტალის უკვე ლეგენდად ქცეული თავდაცვა. როგორ გახსენდებათ აზოვსტალის ალყაში ყოფნა?

დმიტრო კოზაცკი: მე მოსაწყენი საქმე მებარა, იმ ხალხთან შედარებით, ვინც ყოველდღე იბრძოდა, მე შედარებით უსაფრთხოდ ვიყავი. თუმცა... 15 აპრილს ჩვენს ბუნკერში ბომბი შემოფრინდა - გვეძინა. მარტო მე გადავრჩი. ჩემ გარშემო ვისაც ეძინა, ყველა დაიღუპა. სასწაული იყო ეს თუ რა იყო, არ ვიცი. ეს იყო ჩვენი მაშინდელი რეალობა, და ეს თავზარდამცემი რეალობაა - როდესაც ყოველდღე ელოდები, როდის მოგხვდება კი არა - როდის არ აგცდება ბომბი და საიქიოს გაგისტუმრებს. კიდევ ორ ბუნკერს, სადაც მეტწილად ქალი ჯარისკაცები იყვნენ, საჰაერო ბომბები დაეცა და ცოცხლად გამოიწვნენ... არ მგონია, მეყოს სიტყვები იმის აღსაწერად, რა მხნეობა, გამძლეობა და მოტივაცია ჭირდებოდა ხალხს, ვინც ჩვენს თავზემოთ, თავდაცვის პირველ ხაზზე იდგა. განუწყვეტივ გვბომბავდნენ. ეს იყო სიცოცხლე სიკვდილის პირზე, და ბრძოლა უნდა გაგეგრძელებინა ხვალ, მაშინაც კი, თუ დღეს უახლოესი თანამებრძოლები მოგიკლეს. სულ ბოლო დღეს, მე და ჩემი კოლეგა გარეთ ამოვძვერით, ბოლო ფოტოების გადასაღებად, და საიდანაც ამოვძვერით, იმ ბუნკერის ჩასასვლელთან დაგვხვდა ორი ნახევრად დამწვარი გვამი. ჩვენები იყვნენ, ვერ ჩამოასწრეს... მთელი ცხოვრება მეხსომება ის ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქალაქის დაცვას, ჩემი სიცოცხლის დაცვის ჩათვლით. მათ გარეშე ფასი არ ექნებოდა ჩემს საქმეს, ჩემს ფოტოებს, მაგრამ მიხარია, რომ ჩემმა გადაღებულმა ფოტოებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და საკუთარი საქმე გააკეთეს - მთელი მსოფლიო აალაპარაკეს აზოვსტალზე.

რადიო თავისუფლება: ტყვეობაში ყოფნისას, როდის გაიაზრეთ, რომ გათავისუფლებდნენ?

დმიტრო კოზაცკი: ჩემს „ჯადოსნურ” ისტორიას მოგიყვებით. რადგან მგონია, რომ ღმერთი დამეხმარა და ახლა მინდა, სხვებსაც მოვუყვე. ტყვეობისას, ვლოცულობდი - იქ ყველა ლოცულობს, თავიანთ ღმერთზე, ვისაც რა სწამს. ყოველ საღამოს ვკითხულობდი „მამაო ჩვენოს“. 19-შიც ვილოცე და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ ცოცხალი ვიყავი და ჩემი ცოდვებისთვის შენდობა ვთხოვე. და იმ საღამოს ღმერთს ასე ვთხოვე: „ღმერთო, შენ იცი, რომ საკმარისი რწმენა არასდროს მქონდა, მაგრამ დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა, შვილებს სწორი გზით გვევლო. და მას ხომ სწამს შენი - შეიძლება, მე არ ვიმსახურებ ამას, მაგრამ ის ხომ იმსახურებს, დაბადების დღეზე თავისი შვილი ნახოს?“. 15 წუთის შემდეგ, შემოვიდნენ სიებით, დაიწყეს გვარების ამოკითხვა, რაღაც სიას ადარებდნენ... მეორე დღეს თავი მოგვიყარეს, ერთ დიდ საკანში მოგვათავსეს და მერე აეროდრომზე მიგვიყვანეს და თვითმფრინავზე დაგვსვეს. ჩამოვფრინდით გომელში, ბელარუსში, იქედან ავტობუსით საზღვარზე გადმოგვიყვანეს და 21-ში გადაგვცვალეს. 28-ში დედაჩემის დაბადების დღეზე ვიყავი.

რუსს სულ, დაუცხრომლად შია, სულ სიხარბე სძლევს - მეტი და მეტი უნდა მუდამ, მეტი მიწა, მეტის დაპყრობ

რადიო თავისუფლება: დედამ როგორ გაიგო თქვენი გათავისუფლების შესახებ?

დმიტრო კოზაცკი: საზღვარს აქეთ გადმოსულებს საშუალება მოგვეცა, დაგვერეკა. სხვისი ტელეფონიდან დავურეკე და ბოხი ხმით ვუთხარი: „გამარჯობა, ირინა ივანოვნა, საღამო მშვიდობისა. ვიცი, რომ მალე დაბადების დღე გაქვთ. რა საჩუქარი გაგახარებდათ?“ აკანკალებული ხმით მკითხა, ვინ ვიყავი. „დედა, მე ვარ. უკრაინაში ვარ, გამცვალეს“. ბედნიერებისგან ატირდა. „სპიკერზე“ მქონდა ჩართული, მთელ ავტობუსს ესმოდა. ატყდა ტაშისცემა, მილოცვები...

რადიო თავისუფლება: როგორი განცდაა, როდესაც ტყვეობის შემდეგ ისევ საკუთარ მიწაზე ადგამ ფეხს?

დმიტრო კოზაცკი: თავიდან, საზღვარზე რომ გადმოვედით, ვერ მოვითმინე და სირბილით წამოვედი, რაღაცნაირად, ქვეცნობიერში მეშინოდა, უკან არ დავებრუნებინეთ. შენს მიწაზე ყოფნა ბედნიერებაა, ბედნიერება, რომლის შესახებ ადრე წარმოდგენა არ გქონდა და ვერ აფასებდი. არაფერია თავისუფლებაზე უფრო ტკბილი რამ, უფრო ძვირფასი, როდესაც უკვე იცი, როგორია მისი დაკარგვა. აზოვსტალზე უარესი ტყვეობა იყო.

რადიო თავისუფლება: ახლა რას აპირებთ - „აზოვი“ ხომ დატოვეთ?

დმიტრო კოზაცკი: დავტოვე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება. აქ გმირებთან ერთად ვიბრძოდი, ტიტანებთან, რომელთა მხრებზეც იდგა აზოვსტალი. ახლა ჩემი მისია ისაა, რომ ყველას შევახსენო სამხედრო ტყვეების არსებობა, ვილაპარაკო ამაზე, მაგრამ მალე - იმიტომ, რომ ისევ აქტიური სამხედრო ვარ - ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფად წავალ ფრონტის ხაზზე, რათა ფოტოები გადავიღო და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გავაშუქო.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG