თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა - ტერორისტებს წინააღმდეგობა თავად მგზავრებმა გაუწიეს.
ახლა პენი მიტჩელის აეროკოსმოსური კვლევების ამერიკული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგებიან უკრაინელი მფრინავები, როცა ისინი საბჭოთა თვითმფრინავებიდან F-16-ზე გადასხდებიან. ასევე, რა უპირატესობას მოიპოვებენ ამ თვითმფრინავებით მტრის წინააღმდეგ.
„ჩვენი ერთი სამხედრო შემოვიდა და თქვა, სავაჭრო ცენტრს თვითმფრინავი დაეჯახაო. კი ვიფიქრეთ, ეს როგორ მოხდაო, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია. გვეგონა, პატარა თვითმფრინავი დაეტაკა, ასეთებს შენობის დაზიანება არ შეუძლიათ. მაგრამ შემდეგ სამხედრო დაბრუნდა და ახლა მეორე ცათამბჯენის შესახებ მოიტანა ამბავი. მივხვდით, რომ შეტაკება მიზანმიმართული იყო“, - ასე იხსენებს ჰიზერ პენი 11 სექტემბრის დილას. მაშინ ის მფრინავი-გამანადგურებელი იყო და აშშ-ის ეროვნული გვარდიის 121-ე ესკადრილიაში მსახურობდა. ეროვნული გვარდიიდან სხვები შტატების გუბერნატორებისგან იღებდნენ ბრძანებებს, 121-ე ესკადრილიის მფრინავები კი - პირდაპირ პრეზიდენტისგან.
როდესაც ბრძანება მიიღეს, პილოტებმა თვითმფრინავების აღჭურვაც კი ვერ მოასწრეს. მათი მიზანი იყო, ბოლო გატაცებული თვითმფრინავის, კომპანია United-ის „ბოინგი -757“ აღმოეჩინათ, რომლის მგზავრები გატაცებამდე ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ. გატაცების შემდეგ თვითმფრინავმა მიმართულება მკვეთრად შეიცვალა და ამერიკის დედაქალაქისკენ გაემართა.
„ორი კვირის შემდეგ დედაჩემმა გააანალიზა, რომ რეის 93-ის მფრინავი შესაძლოა მამაჩემი ყოფილიყო. ის United-ში მუშაობდა და აღმოსავლეთით ხშირად დაფრინავდა. რეისის კაპიტანი ჯეისონ დალი აღმოჩნდა, მამის ახლო მეგობარი. ჩვენ გვესმოდა, რომ თვითმფრინავს მხოლოდ დაჯახებით თუ ჩამოვაგდებდით, ეს კი ნიშნავდა, რომ უკან ვერ დავბრუნდებოდით“, - იხსენებს ჰიზერ პენი. ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ის ორჯერ მსახურობდა ერაყში, სადაც მაიორის წოდება მიიღო.
პენი F-16-ს სითბოთი იხსენებს, ამბობს, რომ ეს თვითმფრინავი სამართავად საკმაოდ იოლია და მის პანელს ნებისმიერ დროს დაუბრუნდებოდა. შესაძლოა სწორედ ეს სიმარტივე დაეხმარება უკრაინელ პილოტებსაც, რომლებმაც მათი მართვა სწორედ ახლა უნდა ისწავლონ.
უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ მოკავშირეები სულ მცირე 12-16 თვითმფრინავს მისცემენ, ანუ სრულ ესკადრილიას. ექსპერტებიც და უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ F-16-ის თავდაპირველი ამოცანა, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა იქნება. რუსეთის მხრიდან ყოველდღიური თავდასხმები აჩვენებს, რომ კიევს კარგი საჰაერო თავდაცვა აქვს, მას შემდეგ, რაც იქ სისტემა „Patriot“-ი დააყენეს. მაგრამ უკრაინის რეგიონებში რუსი სამხედროები მაინც მიზანში არტყამენ. საჰაერო ძალების ბრიგადის გენერლის სერგეი გოლუბცოვის თქმით, ცის გასაკონტროლებლად უკრაინას 3-4 ესკადრილია სჭირდება, დასავლური ავიაგამანადგურებლებით.
ჰიზერ პენი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი სამხედროები მტრის წინაშე უპირატესობას თვითმფრინავების გამოც მოიპოვებენ და იმასაც აუღებენ ალღოს, როგორ გამოიყენონ დასავლური ტექნიკა სრულფასოვნად. ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს 2014 წლიდან ადევნებს თვალს და მიაჩნია, რომ კიევისთვის თანამედროვე თვითმფრინავები ჯერ კიდევ მაშინ უნდა მიეცათ.
- რას ფიქრობთ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, ნება დართოს F-16-ის ავიაგამანადგურებლები გადასცენ უკრაინას? რა შედეგები მოჰყვება ამას?
- მგონია, რომ თვეები დააგვიანეს, წლები თუ არა. ეს მაშინვე უნდა გაეკეთებინათ, როდესაც რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია გამოხატა. სამხედრო ავიაცია იმისთვისაა, რომ საბრძოლო მოქმედებებს მესამე განზომილება შესძინოს. ახლა საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში პირველი მსოფლიო ომის დროინდელ შეტაკებებს ჰგავს, როდესაც სანგრებიდან ისროდნენ. ეს არის ომი მოწინააღმდეგის დაძაბუნებაზე. თანამედროვე საჰაერო ძალები სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა. მაიმედებს ის, რომ ამერიკულმა ადმინისტრაციამ და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა, გვიან მაგრამ მაინც აიღეს ვალდებულება, უკრაინა მოწინავე ავიაციით უზრუნველყონ. მჯერა, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება, თუკი ყველაფერი დროულად ჩავა.
- F-16-ის მიღების შემდეგ უკრაინა შეძლებს აიძულოს რუსეთი, საჰაერო ტაქტიკა შეცვალოს? თუ ეს გამანადგურებლები მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ საჰაერო ძალების ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნოს - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა საბჭოთა თვითმფრინავების ნაწილების დეფიციტია და მათი მარაგის შევსებაც შეუძლებელი?
- F-16 მათ დაეხმარებათ, მეტად ეფექტიანები იყვნენ, თუნდაც იმის გამო, რომ ამ თვითმფრინავების ნაწილები გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე საბჭოთა მიგ-29-ისა. გარდა ამისა, F-16-სა და მეოთხე თაობის სხვა მოწინავე დასავლურ გამანადგურებლებს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ, მათ შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებები სრულად შეცვალონ. უკრაინამ ამ თვითმფრინავების სხვა შესაძლებლობებიც უნდა გამოიყენოს, მაგალითად, რადიოელექტრონული ბრძოლა, რეალურ დროში მიზნის აღნიშვნა და ასე შემდეგ. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მალე სწავლობენ, ადვილად ცვლიან ტაქტიკას, ადაპტირდებიან პირობებთან, წარმატებით იყენებენ სიახლეებს. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ისინი ზუსტად ისე არ გამოიყენებენ ამ თვითმფრინავებს, როგორც მათ დასავლეთის ქვეყნები იყენებენ. მათ თავიანთი ორიგინალური ხერხი უნდა მოძებნონ, ეს უკრაინელებს დაეხმარება, უფრო ეფექტურები იყვნენ. F-16 უნივერსალური პლატფორმაა. ამის გამოა, რომ ამ თვითმფრინავმა ამდენი ხანი გაძლო და ამდენჯერ განაახლეს.
- გარდა მათი მასიურობისა, რა არის F-16-ის უპირატესობა იმ თვითმფრინავებთან შედარებით, რომლებიც რუსეთს და უკრაინას ჰყავთ?
- F-16 ყველა ამინდის, ძალიან ზუსტი თვითმფრინავებია. მათ დავალების შესრულება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. აღჭურვილია გადამცემით. მიგ-29-ს და სხვა საბჭოთა თვითმფრინავებს, რომლებიც უკრაინას სსრკ-ის დაშლის შემდეგ დარჩათ, არცთუ ურიგო მანევრირების სისტემა აქვთ, მაგრამ შედარებით სუსტი აეროდინამიკური მახასიათებლები გააჩნიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე ავიონიკაზე, სენსორებსა და სხვა შესაძლებლობებზე, რაც მეოთხე თაობის გამანადგურებლებს ძალიან ეფექტიანს ხდის.
- როდესაც თანამედროვე დასავლურ ტანკებზე საუბრობენ და მათ რუსულ ტექნიკას ადარებენ, ხშირად აღნიშნავენ კომფორტულობასაც, რომელიც ეკიპაჟს ძალების დაზოგვის საშუალებას აძლევს. ამავე დროს, ამ ტანკების რემონტი უფრო რთულია. ავიაგამანადგურებლებზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ?
- გეთანხმებით, რომ მეოთხე თაობის გამანადგურებლების ტექნიკურად გამართვა უფრო რთულია, რადგან ისინი უფრო სრულყოფილები არიან. საბჭოთა საჰაერო ძალების ფილოსოფია ეს იყო: დიზაინი მაქსიმალურად მარტივი და გასაგები უნდა ყოფილიყო, რადგან მასთან წვევამდელებს უწევდათ მუშაობა. ამ თვითმფრინავების მისახედად სწავლაა საჭირო, მაგრამ უკრაინელების ინტელექტსა და მიზანსწრაფვაში სრულიად დარწმუნებული ვარ.
- რა გამოწევების წინაშე დადგებიან უკრაინელი მფრინავები საბჭოთა თვითმფრინავებიდან F-16-ზე გადასვლისას? რას ურჩევდით?
- ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ ტაქტიკის და ოპერატიული სტრატეგიის ცვლილება იქნება. ეს საჰაერო ძალებისგან სხვა სახის სამხედრო ნაწილებთან კოორდინაციას მოითხოვს. ასე შეძლებენ შექმნან სივრცე საბრძოლო მოქმედებებისთვის. ჰქონდეთ საჰაერო ტერიტორიები, სადაც გარანტირებულად მოიპოვებენ უპირატესობას. ასევე იერიში მიიტანონ მნიშვნელოვან ობიექტებზე ფრონტის ხაზის მიღმა და ამით შეწყვიტონ გაჭიანურებული ომი, რომელიც მოწინააღმდეგის დაძაბუნებისკენაა მიმართული. სხვა მხრივ F-16-ით ფრენა იოლია. ამ თვითმფრინავზე პილოტი ინტუიციურად ითვისებს ინფორმაციას, ინტუიციური დამოკიდებულება აქვს შეიარაღების სისტემისა და ავიონიკის მიმართაც. უკრაინელი მფრინავები თანდათან უარს იტყვიან იმ ჩვევებზე, რომლებიც საბჭოთა თვითმფრინავებმა დაუტოვეს და ახალ თვისებებს შეიძენენ. კიდევ გავიმეორებ, მთავარი პრობლემა რადიოელექტრონული ბრძოლისთვის საჭირო ინსტრუმენტებთან ადაპტირება და რეალურ დროში სამიზნის აღება იქნება, ასევე კიბეროპერაციები.
- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აშშ-სა და ევროპაში ბევრი ყოფილი პილოტია, რომელიც თავის დროზე F-16-ით დაფრინავდა. ისინი მზად არიან უკრაინელებს დაეხმარონ, რომ მათ ამ თვითმფრინავების მართვა შეძლონ. არ გინდათ, უკრაინული F-16-ის კაბინაში ჩაჯდეთ?
- აქ მთავარი კანონია. ისტორიაში იყო მსგავსი პრეცედენტები, მაგალითად, ამერიკელი პილოტები მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებთან ერთად იბრძოდნენ, ეხმარებოდნენ, ევროპა ნაცისტებისგან დაეცვათ. თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა, მთავარი საფრთხე, რაც მოხალისე მფრინავებს დაემუქრებათ, ის სამხედრო დანაშაულებია, რომელსაც რუსეთი სჩადის, არღვევს რა ჟენევის კონვენციას სამხედრო ტყვეების შესახებ.
- როდესაც რუსეთმა პირველად მიიტანა იერიში უკრაინაზე და 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, თქვენ მოქმედი პილოტი იყავით. გახსოვთ მაშინდელი ფიქრები? და რა იგრძენით უკვე ახლა, თებერვალში?
- შეშფოთებული, იმედგაცრუებული და განრისხებული ვიყავი იმის გამო, რომ საერთაშორისო რეაქცია სათანადო არ იყო. საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინა ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დაეცვა. 2022 წლის შეჭრა პუტინის აგრესიის ბუნებრივი გაგრძელება იყო. საერთაშორისო საზოგადოებას ეს უნდა განეჭვრიტა, ამის ნაცვლად კი პუტინის უკრაინაში შეჭრას ირიბად იწყნარებდა კიდეც.
- 2001 წლის 11 სექტემბერს თქვენ ჰაერში აღჭურვილობის გარეშე აფრინდით, რომ ტერორისტისთვის საშუალება არ მიგეცათ გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონისკენ წაეყვანა. ამ ტრაგედიის შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ-სა და რუსეთს სულ მცირე ერთი საერთო ინტერესი მაინც აქვთ - საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. მერე რა მოხდა ისეთი, რომ ამ მდგომარეობამდე მივედით?
- დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს დიდი ხანია ისტორიის გადაწერისა და იმ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის სურვილი აქვს, რომელიც მას თავისად მიაჩნია. იმან, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის ოპერაციებში იყო ჩართული, შექმნა ვაკუუმი, რომელმაც რუსეთს, და სიმართლე ვთქვათ, ჩინეთსაც საშუალება მისცა, გავლენის სფეროები გაეფართოებინა. ალბათ პუტინმა მიიჩნია, რომ აშშ-ში ძალიან გაერთნენ სხვა კონფლიქტებით, და რომ ჩვენი სამხედრო ტექნიკა გაცვდა. ვფიქრობ, როდესაც რუსეთის ტერიტორიის გაფართოებას გეგმავდა, ესეც მიიღო მხედველობაში. ეს იმპროვიზაცია არ ყოფილა, ამისკენ დიდხანს და გამიზნულად მიდიოდა.
- უკრაინელებმა უნდა იდარდონ თუ არა ის, რომ თვითმფრინავები, რომლებიც მიიღეს, არც თუ თანამედროვე მოდიფიკაციისაა, მაგალითად, ეს ეხება რადარებს.
- უკრაინელებს გამანადგურებლები სჭირდებათ, მრავალსამიზნიანი გამანადგურებლები. იმ სიტუაციაში, რომელიც ახლა აქვთ ნებისმიერი მსგავსი თვითმფრინავი გამოადგებათ.
- მაინც, თქვენი აზრით, არის იმის ალბათობა, რომ მომავალში უკრაინა უფრო თანამედროვე მოდიფიკაციის F-16-ს მიიღებს, მათ შორის პირდაპირ აშშ-დან?
- ვფიქრობ, აშშ-მა ამაზე უნდა იზრუნოს. ნათელია, რომ როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, უკრაინას საკუთარი ჯარის გადახალისება დასჭირდება, ისეთი ტექნიკით შევსება, როგორიც არის თანამედროვე მოდიფიკაციის F-16. ეს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
- რას ეტყოდით რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებს?
- უკრაინელებს მინდა ვუთხრა, რომ მათი ბრძოლა სამართლიანია. ახლა მხოლოდ უკრაინელები დგანან პუტინის აგრესიასა და ევროპის ფართომაშტაბიან ომს შორის, რომელიც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომშიც კი გადაიზარდოს. მთელი მსოფლიო ვალშია უკრაინელებთან. ისინი ყველაზე ღირებულს სწირავენ. ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთი 1940 წელს, უკრაინა ახლა თითქმის მარტო უმკლავდება იმ ბოროტებას და საშინელებას, რომელიც რუსეთს მოაქვს.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, მოვუწოდებ, ნუღარ დაუჭერენ მხარს ამ ომს. ეს ომი ახალგაზრდების ძვლებზე დგას და მათ არაფერს აძლევთ. ეს ომი რუსეთს ეკონომიკურ კრახამდე მიიყვანს, მისი რეპუტაცია მთელ მსოფლიოში დაეცემა. ის არცთუ დიდი ტერიტორია, რომლის უკანონოდ დაპატრონებასაც პუტინი ცდილობს, მხოლოდ მისი პატივმოყვარეობის პირმშოა და არანაირი საერთო არა აქვს რუსი ხალხის კეთილშობილი ისტორიის აღდგენასთან. ეს აფერა კრახისთვისაა განწირული. ის არა მხოლოდ მთლიანად უკრაინის დაპყრობას ვერ შეძლებს, არამედ უკვე ოკუპირებულ მიწებზეც წააწყდება წინააღმდეგობას.