ინტელიგენციის დაფასების ფესვები

როცა მთავრობა ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის რომელიმე წარმომადგენელს ჩუქნის ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ან უწესებს რამე სახის შეღავათებს, ამას სამთავრობო პროპაგანდის საშუალებები, როგორც წესი, წარმოაჩენენ ხოლმე სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული რეჟისორის (პოეტის, მსახიობის, მეცნიერის და ა.შ.) საქმიანობისა და ღვაწლის დაფასებად, არასოდეს ახსენებენ იმას, რომ „დიდი შემოქმედი“ ხელისუფლების მხარდამჭერი და მეხოტბეა.

საქართველოს ისტორიის უკანასკნელი 100 წელი გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების მიერ ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლების „დაფასება“ და „კმაყოფაზე აყვანა“, კულტურის პოლიტიკად, პოლიტიკური კულტურის ნაწილად და საზოგადოებრივი ცხოვრების წესად იქცა.

1921 წელს გაზეთ „კომუნისტის“ 95-ე ნომერში გამოქვეყნებული საქართველოს რევკომის თავმჯდომარის, ფილიპე მახარაძის განკარგულება, სათაურით „დახმარება კულტურის დარგში მოღვაწეებს“, თამამად შეიძლება ჩაითვალოს ინტელიგენციაზე, როგორც საზოგადოების გამორჩეულ ჯგუფზე, საბჭოთა ხელისუფლების ზრუნვის პირველ გამოვლინებად.

„საქართველოს სსრ რევკომის თავმჯდომარის განკარგულებით, ერთდროული დახმარების სახით სხვა და სხვა კულტურულ დარგში მოღვაწეებს ამა წლის 1 მარტიდან 18 ივნისამდე მიეცეთ 12 მლნ 543,5 ათასი მანეთი“, - ვკითხულობთ განკარგულებაში, რომელსაც თან ახლავს ცნობილი მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორებისა და მოქანდაკეების 39-კაციანი სია.

გაზეთი "კომუნისტი". 1921 წ.

დახმარების მასშტაბზე წარმოდგენის შესაქმენელად, შეგვიძლია მოვიშველიოთ გაზეთ „თავისუფალი საქართველოს“ 1921 წლის 15 ივნისის ნომერი, რომლის მიხედვითაც, 1 ცალი კვერცხი 1200-1300 მანეთი, ხოლო წყვილი ფეხსაცმელი - 500 000 მანეთი ღირდა. ერთი თავი ყველის ფასი ფასი 5 000 მანეთი იყო, ხოლო 1 გირვანქა (0,5 კგ) ხორცისა - 10 000 მანეთი. წარმოუდგენლად ძვირად, 1,5 მლნ მანეთად ფასობდა წაღები.

სამომხმარებლო ფასები საქართველოში გაზეთ "თავისუფალი საქართველოს" მიხედვით. 1921 წ.

ფილიპე მახარაძის განკარგულება გამოცემულია საქართველოს ოკუპაციის პირველ დღეებში და გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს რევკომი ცდილობს ე.წ. ინტელიგენციის გულის მოგებას საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, თორემ იმთავითვე ცნობილი იყო ბოლშევიკების აზრი დემოკრატიულ ინტელიგენციაზე, რომელსაც ვლადიმირ ლენინი ბურჟუაზიის მოკავშირედ მიიჩნევდა და ათასი ნეგატიური ეპითეტითაც ამკობდა.

საბჭოთა საქართველოში ინტელიგენციაზე ზრუნვა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა, თუმცა ეს უკვე აღარ იყო „უანგარო დახმარება“, როგორადაც პირველ წლებში ცდილობდნენ წარმოჩენას. აი, რას ამბობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მდივანი, მიხეილ კახიანი 1927 წლის 11 იანვარს თბილისის პარტკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას:

„ვცდილობთ, ჩვენს მხარეზე გადმოვიყვანოთ ინტელიგენცია. საამისოდ ვმუშაობდით და ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენ გადაჭრით ვიბრძოლებთ ანტისაბჭოთა სულისკვეთების გამომჟღავნების წინააღმდეგ ინტელიგენციაში“ (1927 წ. ჟურნ. „მნათობი“, N 1).

როგორც აკაკი ბაქრაძემ შენიშნა, ამ დროის საქართველოში უკვე ყველაფერი ნათელი იყო:

„ვინც ურჩობას გაბედავდა, მათრახებით აუწვავდნენ ზურგს. ვინც დამორჩილდებოდა, თაფლის კვერით დააჯილდოვებდნენ, მაგრამ თაფლის კვერის მოყვარულნი ყოველ საზოგადოებაში უხვად არიან, მას დამსახურება უნდა, მუქთად არავინ მოგცემს“.

აკაკი ბაქრაძე

თაფლაკვერის დამსახურებისთვის მართლაც ბევრი ჩაერთო დაუნდობელ ბრძოლაში, თუმცა თაფლაკვერის მისაღებად ინტელიგენციას კიდევ უფრო ბევრი სისხლისა და ოფლის დაღვრა მოუწია.

საკავშირო კომპარტიის ისტორიულ XVIII ყრილობამდე რამდენიმე წლით ადრე (ვიდრე სტალინი გამოაცხადებდა საკუთარი ინტელიგენციის შექმნას), იტალიელი ფილოსოფოსი ანტონიო გრამში თავის „ციხის რვეულებში“ ინტელიგენციის წარმოშობის შესახებ ამბობდა, რომ ისტორიულად ყალიბდება ადამიანთა სპეციალიზებული კატეგორია, რომელიც ასრულებს ინტელექტუალურ ფუნქციას საზოგადოებაში და, რომ ადამიანთა ეს კატეგორია მჭიდრო კავშირშია სხვა სოციალურ ჯგუფებთან, განსაკუთრებით კი, ამ ჯგუფებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანსა და დომინანტურთან, რომლის მხრიდანაც ინტელიგენცია განიცდის რთულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„ხელისუფლებისთვის მებრძოლი ნებისმიერი ჯგუფისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია ტრადიციული ინტელიგენციის ასიმილაციისა და იდეოლოგიური დამორჩილებისთვის ბრძოლა. რაც უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიდის ეს პროცესი, მით უფრო წარმატებულად ქმნის მმართველი კლასი თავის "ორგანულ" ინტელიგენტებს“, - წერდა ანტონიო გრამში.

აშკარაა, რომ ანტონიო გრამში არ იყო ერთადერთი, ვინც დაინახა, რომ ინტელიგენციაზე, შემოქმედებით კლასზე, როგორც მეცნიერთა, მხატვართა, კულტურის ხალხის ერთობლიობაზე, ბევრი რამ იყო დამოკიდებული.

სოციალიზმის სტალინის კონცეფცია, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის გარდა, ასევე გულისხმობდა კულტურულ რევოლუციას, რასაც შეეწირა კიდეც ხელოვნების, განათლებისა და მეცნიერების სფეროების ათასობით წარმომადგენელი და, რომლის გამარჯვების შედეგადაც „იშვა ახალი, მრავალრიცხოვანი საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც მზად არის ემსახუროს საბჭოთა ხალხს რწმენითა და სიმართლით“ (ი. სტალინი. საკავშირო კომპარტიის XVIII ყრილობა. 1939 წ.).

არავის ესწავლებოდა, რომ სტალინის ნათქვამი „საბჭოთა ხალხის სამსახური“, ერთმნიშვნელოვნად საბჭოთა ხელისუფლებისა და მთავრობის სამსახურს ნიშნავდა. შესაბამისად, ახალი, საბჭოთა ინტელიგენციაც ემსახურებოდა ხელისუფლებას და ამ სამსახურში იღებდა კიდეც პრივილეგიებს, რომლებიც განსხვავებული იყო საბჭოთა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

სტალინი სკკპ XVIII ყრილობაზე

30-იან წლებში პრივილეგიად ითვლებოდა დასახვრეტთა და დასაპატიმრებელთა სიებში არმოხვედრა, ელემენტარული ყოფითი პრობლემების გადაჭრა და საცხოვრებელი ფართობის მიღება, რაც, როგორც წესი, მძიმე ეთიკურ არჩევანთან იყო დაკავშირებული, რადგან მთავრობის მიერ დაფასებულ ამა თუ იმ ხელოვანს, ხშირად, დახვრეტილი ან გადასახლებაში მყოფი კოლეგის ბინას აძლევდნენ.

საქართველოს ისტორიის ამ მძიმე პერიოდის თვალსაჩინო მოწმეები არიან თბილისის ძველ შენობებზე შემორჩენილი მემორიალური დაფები, რომელთაგანაც ერთმა (ფურცელაძის ქუჩა N12-ზე) პოეტ ტარიელ ჭანტურიას ათქმევინა:

„ამ სახლში 1937-1976 წწ. ცხოვრობდა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბესარიონ (ბესო) ჟღენტი. საინტერესოა, ვინ ცხოვრობდა ამ სახლში 1937 წლამდე?“

ბესარიონ ჟღენტის მემორიალური დაფა

სწორედ 1937 წელს (უფრო ზუსტად კი, 1937 წლის აგვისტო-დეკემბერში) დახვრიტეს საქართველოში 7 ათასამდე ადამიანი, 8 ათასი კი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. მერე და მერე, როგორც საბჭოთა ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი ნატალია გრომოვა ამბობს, ინტელიგენციის შრომა თუ სამსახური კიდევ უფრო მეტად დაფასდა. ქვეყანაში, სადაც მთელი მოსახლეობა ცხოვრობდა სიღარიბეში და განიცდიდა უკიდურეს საყოფაცხოვრებო სირთულეებს, სპეციალურად მწერლებისთვის (კომპოზიტორებისთვის, რეჟისორებისთვის და ა.შ.) შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსები, ინტელიგენცია იღებდა იზოლირებულ ბინებს, აგარაკებს, საგზურებს შემოქმედებით სახლებში და ა.შ. ისინი იქცნენ პრივილეგირებულ, სხვა საბჭოთა ადამიანებისგან მოწყვეტილ ფენად და ოფიციალურადაც მათი როლი დავიდა შემსრულებლობამდე - ხელისუფლების გეგმებისა და ჩანაფიქრების შესრულებამდე, რაშიც იღებდნენ როგორც მაღალ ხელფასსა და ჰონორარს, ასევე სტალინურ, სახელმწიფო, ლენინურ, კომკავშირულ და ყველა სხვა სახის პრემიას.

სტალინის გარდაცვალებისა და ე.წ. ოტტეპელის დადგომის შემდეგ წნეხი ინტელიგენციაზე საგრძნობლად შემცირდა. პარტიის გენერალური ხაზის გადაკვეთის გამო მწერლებს, რეჟისორებსა და კომპოზიტორებს არავინ ხვრეტდა, თუმცა სტალინის მიერ შექმნილმა საბჭოთა ინტელიგენციამ, მთლიანობაში, ბოლომდე შეინარჩუნა როგორც თავისი როლი (“სისტემის მამოძრავებელი ღვედისა”), ასევე შინაარსი, რომელშიც ყველაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, მყარი ეთიკური ღერძის გარდა. როგორც რუსი კულტუროლოგი, ანდრეი არხანგელსკი შენიშნავს, სტალინი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის ნებისმიერი სხვა ხელისუფლება, ცდილობდა დაეტოვებინა ინტელიგენცია ეთიკური კომპონენტის გარეშე ანუ ამოეცალა მისთვის სინდისი ისე, როგორც ავტომობილს აცლიან ხოლმე რომელიმე ბლოკს და ჩაედგა მის ნაცვლად რაიმე იდეოლოგია (აკი ლოზუნგიც იყო: „პარტია - ჩვენი ეპოქის გონება, ღირსება და სინდისია“), ან თუნდაც ესთეტიკა - როგორც ეს უკვე შემდგომ წლებში მოხდა: „ინტელიგენტი თუ იყავი, შეგეძლო ესთეტიკაზე გელაპარაკა რამდენიც გსურდა და რაღაც ესთეტიკური მანიფესტებიც კი გეწერა, მაგრამ ეთიკაში ჩარევა? არავითარ შემთხვევაში!“

ლეონიდ ბრეჟნევი, ვასილ მჟავანაძე, ნიკო მუსხელიშვილი

არსებითად „ესთეტიკაზე საუბარი“ იყო 1960-იან წლებში საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ასპარეზზე მომხდარი გამოცოცხლება ლიტერატურის, კინოს, თეატრისა და ხელოვნების სხვა დარგების მეშეობით, რაც საქართველოში ვასილ მჟავანაძის მმართველობას პერიოდს დაემთხვა. სწორედ ამ დროიდან იმძლავრა „შემოქმედებითი ინტელიგენციის“ ქმნილებებში პატრიოტულმა თემატიკამ, ისტორიზმმა, იგავურმა ენამ და ფაქტობრივად გამოირიცხა „კომუნისტურ-ინტერნაციონალისტური და სტალინური დროის კლიშეები“, თუმცა, მთლიანობაში, ეს ყველაფერი არ გაცდენია ოფიციალურად დაშვებულ საბჭოთა იდეოლოგიას და, უკეთეს შემთხვევაში, გარკვეული ესთეტიკური ღირებულებით დაკმაყოფილდა. საბჭოთა ინტელიგენცია კვლავ ხელისუფლების კმაყოფაზე იმყოფებოდა და კვლავ მის ინტერესებს ემსახურებოდა, ხოლო ახალი თაობის ცალკეული წარმომადგენლები, რომლებიც ასე არ იქცეოდნენ, მართალია, ციხეებში აღარ იგზავნებოდნენ, მაგრამ კარგავდნენ პრივილეგიებსა და კომფორტს.

გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ე.წ. შევარდნაძის საქართველოში, როცა საბჭოთა კავშირი თავის ბოლო წლებს ითვლიდა, არაოფიციალურმა ხელოვნებამ (ლიტერატურაში, მხატვრობასა და მუსიკაში) მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა ხელისუფლებას, რომელიც ერთი მხრივ იძულებული იყო, გამკლავებოდა საზოგადოებაში გაჩენილი ახალი ჯგუფების, დამოუკიდებელი შემოქმედების მოძალებას, მეორე მხრივ კი, მეტი თაფლაკვერითა და მეტი თავისუფლებით დაება ოფიციალური ანუ საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც კვლავინდებურად რჩებოდა ერთგვარ სოციალურ შრედ ხელისუფლებასა და ხალხს შორის და, რომელსაც ეფექტიანად იყენებდა ხელისუფლება თავისი საქმიანობის გასაკეთილშობილებლად. აქედან უნდა იღებდეს სათავეს ლეგენდები მჟავანაძისა თუ შევარდნაძის მიერ ეროვნული და, ხშირ შემთხვევაში, ანტისაბჭოთა და დისიდენტური შინაარსის მქონე ხელოვნების მფარველობაზე.

ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს კპ ცკ მდივანი. 1972 წ.

საბჭოთა ერთპარტიული სისტემის დაშლისა და იდეოლოგიური მრავალფეროვნების გაჩენის შემდეგ, ინტელიგენციამ, როგორც ხელისუფლების სამსახურში მყოფმა ერთიანმა ფენამ, არსებობა შეწყვიტა. ძველი და ახალი თაობის ინტელექტუალები თავიანთი არჩევანისა და მრწამსის მიხედვით გადანაწილდნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებში ან სულაც განზე გადგნენ, მაგრამ პოსტსაბჭოთა საქართველოში მთავრობებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლებაში ყოფნის ვადა უხანგრძლივდებათ, უჩნდებათ ცდუნება, მათთვის სასარგებლო შინაარსების შესაქმნელად, კვლავ ისარგებლონ ძველი და ნაცადი საბჭოთა ინტელიგენციის ცალკეული წარმომადგენლების მომსახურებით, რისთვისაც არასოდეს ელევიან მათ და, ამა თუ იმ „დიდი შემოქმედის ღვაწლის დასაფასებლად“, პერიოდულად, უშურველად გასცემენ სხვადასხვა სახის დახმარებას, დაწყებულს თუნდაც საახალწლო ინდაურ-გოჭებიდან და დასრულებულს თანამდებობებით, პრემიებით, ბინებითა და მიწის ნაკვეთებით.

მხოლოდ ნიჭით რომ აფასებდნენ ხელისუფლებებები შემოქმედთა ღვაწლს, პალტოზე ოცნებაში არ ამოხდებოდა სული გალაკტიონს. გავიხსენოთ ძმის, აბესალომის გულისმომკვლელი წერილი: „რომ ჩამოვალ, აუცილებლად პალტო უნდა ვიყიდოთ, თორემ ამ ზამთარში ამ ძველი პალტოთი ხომ არ იქნები!“.

სინამდვილეში, ფასდება არა ღვაწლი, არამედ შინაარსი, რომლის შექმნაც სურს ხელისუფლებას, თუმცა ინტელექტუალური სიმწირისა და დაბალი რეიტინგის გამო, არ შეუძლია, „დიდი შემოქმედი“ კი, ვითომ სრულიად შემთხვევით, ხელისუფლებას სწორედ ამ შინაარსების შექმნაში ეხმარება. ერთია, როცა კულტურის მინისტრი ლაპარაკობს პირსისხლიან ოპოზიციაზე და სულ სხვა, როცა იმავეს „დიდი მაესტრო“ ან „გამორჩეული პოეტი“ აკეთებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.