20 ივნისის აქციის დაშლის დროს 300-მდე ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი და 73 პოლიციელი დაშავდა; ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა; რამდენიმემ მხედველობა. ერთი - ნახევრად პარალიზებულია. ამ ამბებიდან ერთი წლის თავზე არცერთი პოლიციელი დამნაშავედ არ უცვნიათ.
კითხვას, ვინ გასცა ბრძანება აქციის დაშლაზე და რამდენი სამართალდამცავია ძალის გადამეტებისთვის პასუხისგებაში მიცემული, 2020 წლის 20 ივნისს პრემიერ-მინისტრი და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ასე პასუხობს:
“სამწუხაროდ, 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი არ ვარ და მეხსიერებაში რაღაცები იშლება ხოლმე, ხო იცით?!. ერთი რამ მინდა ამაზე გიპასუხოთ, 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით - ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი”.
18 წლის მაკო გომურს, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა თითქმის ხუთი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიეღო:
“დაზარალებულის სტატუსს არანაირი გავლენა არ ჰქონია საქმის გამოძიებაზე. უბრალოდ, სახელმწიფომ აღიარა, რომ ძალის გადამეტება იყო დაზარალებული ადამიანების მიმართ... რამდენიმე თვის წინ ვიყავი პროკურატურაში, მითხრეს, რომ უნდა ეჩვენებინათ ჩანაწერები. მივედი და პროკურორმა მითხრა, რომ ჰქონდა ერთი კამერის ჩანაწერი, სადაც არ ვჩანვარ მე”.
მაშინდელი მთავრი პროკურორი, შალვა თადუმაძე ამბობდა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მას ვერ მიენიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.
"დაზარალებულის სტატუსი ბრალდებულის მოქმედებიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. როდესაც დაფიქსირებულია კონკრეტული პირის ბრალეული ქმედება და ამ ბრალეული ქმედებით დაზიანებული მოქალაქის სიკეთე, მაშინ ხდება ამ მოქალაქის დაზარალებულად ცნობა", - თქვა თადუმაძემ გენერალურ პროკურორად მუშაობის დროს 2019 წლის 9 ოქტომბერს.
5 ოპერაციის შედეგად მხოლოდ 2 პროცენტით აღუდგა მხედველობა 21 წლის დათო ქურდევანიძეს, 20 ივნისის ღამეს ტყვია მასაც თვალში მოხვდა. ის დაზარალებულის სტატუსის მისაღებად ამ დრომდე ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
დაზარალებულის სტატუსი არც დავით ფარადაშვილს აქვს. 20 ივნისის ღამეს მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იყო. მკურნალობას ახლაც, დამოუკიდებლად სიარული ისევ უჭირს. მას ადვოკატი არ ჰყავს და ეშინია, რომ “ზედმეტი” აქტიურობის გამო უარი არ უთხრან მკურნალობის დაფინანსებაზე. დავითს ისევე, როგორც სხვა დაშავებულებს, მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფოს ნაცვლად "ფონდი ქართუ" უფარავს.
“დაზარალებულად ცნობაც მხოლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ზეწოლისა და პროტესტის შემდგომ მოხდა, რასაც წინ უძღვოდა სასამართლოს უარი მათ დაზარალებულად ცნობაზე”, - აღნიშნავს სახალხო დამცველი 20 ივნისის საქმეზე მომზადებულ შუალედურ ანგარიშში. დაზარალებულად მხოლოდ 8 მოქალაქე და 68 პოლიციელი ცნეს.
20 ივნისის ღამეზე გამოძიება ერთდროულად ორ უწყებაში მიმდინარეობდა. შსს მოქალაქეების მხრიდან შესაძლო დანაშაულების შემთხვევებს იკვლევდა, პროკურატურა კი სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას. საბოლოოდ ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი 17 დემონსტრანტს წაუყენეს, მოქალაქეზე ძალადობისთვის კი 3 პოლიციელი მისცეს პასუხისგებაში.
პროკურატურამ 3 ბრალდებული პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. მათგან მხოლოდ ერთს შეეფარდა პატიმრობა, რომელსაც მალევე აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალა. სახალხო დამცველის შეფასებით, არცერთი სამართალდამცავის შემთხვევაში არ არსებობდა გარემოებები, რომელიც პატიმრობის შეფარდებას აუცილებელს გახდიდა.
“იგი [პატიმრობის მოთხოვნა] სავარაუდოდ გამოწვეული იყო უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში მოსალოდნელი საზოგადოებრივი ნეგატიური პოზიციის მიმართ სიფრთხილით”, - წერია ომბუდსმენის ანგარიშში.
2020 წლის 3 თებერვლის მონაცემებით, ამ საქმეზე 600-ზე მეტი პირი გამოიკითხა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, კლინიკების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამართალდამცავები. იმის მიუხედევად, რომ მათი ნაწილი თავად დაშავდა აქციაზე, ძირითადი კითხვები პოლიტიკოსების გამოსვლებთან ან მათ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით დაუსვეს.
სახალხო დამცველი გამოძიების ფარგლებში დაგროვებულ მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების იდენტიფიცირებაზე და არა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე.
“ჩემთვის მთავარია, 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა, თუ ბევრი წელი გავა, ეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და ქვეყნის სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შსს-მ და თითოეულმა თანამშრომელმა მაშინ არ დაუშვა - ეს იყო მათი მოვალეობა, უნდა გაეკეთებინათ და გააკეთეს”, - თქვა გახარიამ 2020 წლის 20 ივნისამდე 3 დღით ადრე.
პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის გადადგომაც აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ადასტურებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება იყო. თუმცა მანაც, როგორც 20 ივნისის აქციაზე შეკრებილებმა, არ იცის დაისაჯა თუ არა რომელიმე სამართალდამცავი.
"მე ვიცი, რომ არაერთი საქმეა აღძრული ამასთან დაკავშირებით. განაჩენს რაც შეეხება, შეგვიძლია ერთად ჩავეძიოთ და მოვიკითხოთ", - თქვა კობახიძემ.
პროკურატურა ცხად და კონკრეტულ პასუხს არ იძლევა მიეცა თუ არა პასუხისგებაში 20 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილე რომელიმე მაღალჩინოსანი.
ამ ანგარიშში სახალხო დამცველმა რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:
- გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების იდენტიფიცირებაზე და მათი ინდივიდუალური როლის შეფასებაზე;
- გამოძიება არ არის მიმართული 20-21 ივნისის ღამის მოვლენების სრულ სისტემურ სამართლებრივ ანალიზზე და შესაბამისად, ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე;
- გამოძიება არ ცდილობს დაადგინოს/გამორიცხოს აქციის დაშლისას ადგილზე მყოფი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის არსებობის ფაქტი;
- გამოძიება არ არის კრიტიკული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას.
20 ივნისის აქციის საქმეზე ხელისუფლებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, რომლითაც გათვალისწინებული იყო ჯგუფური ძალადობა ან მასში მონაწილეობდა და ხელისუფლების დამხობა. ხელისუფლების დამხობის მუხლით ბრალი არავის წაუყენეს. ამ საქმეზე, რამდენიმე დემონსტრანტთან დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და დაისაჯა მხოლოდ ერთი - ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი. სასამართლომ ოქრუაშვილი მხოლოდ ძალადობაში მონაწილეობაში ცნო დამანაშავედ.