5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ქუჩაში გამოსვლამ საქართველოს კონსტიტუციით დაცული ოთხი უფლება შელახა. იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის რვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც. ასევე იყო ადმინისტრაციული გადაცდომები.
საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ურყევი ნების გამოხატულებაა - ამ სიტყვებით იწყება კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია. კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა ხელისუფლების ვალდებულებაა.
უფლებები, რომელიც 5 ივლისის აქციაზე შეილახა, საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის ძირითადი უფლებების თავით არის დაცული.
თანასწორობის უფლება - მუხლი 11
5 ივლისს სექსუალური ორიენტაციით დისკრიმინაციის გამო ლგბტქ+ თემის წევრებს, “თბილისი პრაიდს” ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს საშუალება გაემართათ “ღირსების მარში”, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, 4 ივნისს იყო დაანონსებული. მათ დაიკავეს რუსთაველის გამზირი, სადაც მარშს უნდა ჩაევლო.
ნაწყვეტი კონსტიტუციიდან:
- აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს დაადასტურა, რომ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიდან პოლიციამ მხოლოდ პირველი და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა.
“რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას, ჩვენი მხრიდან ცალსახად იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების, მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებით, რა ფორმატითაც იყო შემოთავაზებული ეს ღონისძიება, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა..." - თქვა მინისტრის მოადგილემ.
აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება - მუხლი 17
კონსტიტუციის ეს მუხლი ერთდროულად ეხება აზრის გამოხატვის და მედიასაშუალებების მუშაობის თავისუფლებას.
გარდა იმისა, რომ ორი დღის წინ სიძულვილის ჯგუფებმა ხელი შეუშალეს ლგბტ თემის უფლებების მხარდამჭერი პირების გამოხატვის თავისუფლებას, უშლიდნენ მედიასაშუალებებს ხელს მუშაობაში და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ დღეს, შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 ჟურნალისტია. ჟურნალისტების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, ნაწილი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას ან რეაბილიტაციას. რა მატერიალური ზიანი მიიღეს მედიასაშუალებებმა, დაუზუსტებელია - ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაუზიანეს ველზე სამუშაო ტექნიკა, კამერები და პირდაპირი ჩართვის მოწყობილობები.
ნაწყვეტი კონსტიტუციიდან:
- აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია;
- ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების [...], სხვათა უფლებების დასაცავად....
საკუთრების უფლება - მუხლი 19
ძალადობრივი ჯგუფების წევრები შეიჭრნენ “თბილისი პრაიდის” ოფისში და დაარბიეს. არაერთმა კამერამ გადაიღო რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქუჩიდან მესამე სართულის აივანზე აძვრა და იქიდან ოფისის კარი შეამტვრია.
“თბილის პრაიდის “ წევრებმა გადაიღეს დარბეული ოფისის კადრებიც.
ნაწყვეტი კონსტიტუციიდან:
- საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
შეკრების თავისუფლება - მუხლი 21
ერთთვიანი მზადების, პოლიციასთან შეხვედრების, არაერთი საჯარო განცხადების შემდეგაც “ღირსების მარში” არ შედგა. მოქალაქეებს, რომლებსაც მხოლოდ მშვიდობიანი მსვლელობის გამართვა უნდოდათ, ამის საშუალება არ მისცეს. რამდენიმე ულტრამემარჯვენე ორიენტაციის ჯგუფის წევრები მათ ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში საჯაროდ ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. სახელმწიფო მოხელეები დღემდე აცხადებდნენ, რომ “ღირსების მარში” ამ ჯგუფებისგან ძნელი დასაცავი იქნებოდა რა შეკრების ჩატარებას მიზანშეწონილად არ თვლიდნენ.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლადნაწყვეტი კონსტიტუციიდან:
- ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
სისხლის სამართლის დანაშაულები
იმისთვის, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები დაცული იყოს, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენების უფლებას აძლევს, მეორე მხრივ კი გამოძიების დაწყებას ავალდებულებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის რვა, ერთმანეთისგან განსხვავებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ჩამოთვლილი მუხლებიდან სამი კვალიფიკაციით საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს.
შსს გამოძიებას ატარებს:
- ჟურნალისტებისთვის და მოქალაქეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ძალადობის (126-ე) მუხლით;
- ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლისთვის (მუხლი 154);
- ძალადობის დროს სხვა პირების საკუთრების დაზიანებისთვის (მუხლი 187).
ამ სამი მუხლით მაქსიმუმ 2 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
სისხლის სამართლის მუხლები, რომლის დანაშაულის ნიშნებსაც სოციალური თანასწორობის ცენტრში ხედავენ, გამოძიება არ დაწყებულა.
"[პოლიტიკური ნების გაგრძელება შეიძლება იყოს, რომ გამოძიება არ დაიწყო ამ მუხლებით]. 20 ივნისის შემთხვევაში გვახსოვს, რომ მძიმე მუხლებით დაიწყო გამოძიება, ახლა შედარებით მსუბუქი მუხლებით იძიებს შსს", - ამბობს იურისტი.
იმის გამო, რომ კონტრაქციაზე სასულიერო პირი შეკრებილ მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ, იურისტი ფიქრობს, რომ ამ მოწოდების გამო გამოძიების “ძალადობის მოწოდების” (239 პრიმა) მუხლით დაწყების მოტივი არსებობს.
“არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”, - ამბობდა ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც მოძალადე ჯგუფების წევრებს მიმართავდა.
სისხლის სამართლის კოდექსით, ვინმეს მიმართ რაიმე ნიშნის გამო ძალადობისკენ საჯარო მოწოდებისთვის, რისი შედეგადაც ადამიანს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანეს, ისჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
- იმის გამო, რომ კონტრაქცია წინასწარ იყო დაგეგმილი და სიძულვილის ჯგუფები მუდმივად ცდილობდნენ ძალადობრივად და უხეშად დაერღვიათ საზოგადოებრივი წესრიგი, ჩანს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული (მუხლი 239) პასუხისმგებლობის დაკისრების ნიშნებიც. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი ერთ წლამდე პატიმრობაა.
ის, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფი ორგანიზებულად მოქმედებდა, კარგად გამოჩნდა დღის განმავლობაში. მათ დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი და სცადეს “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა. იმის მიუხედავად, რომ ისინი სხვადასხვა ჯგუფად იყვნენ დაყოფილი, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
- სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით პასუხისმგებლობა ჯგუფური ძალადობისთვის დგება. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა.
ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ სამართალდამცავებიც, თუ ისინი ცდილობდნენ ჟურნალისტების დაცვას და ადგილიდან გარიდებას. ამ ჩამონათვალში ყველაზე მკაცრი სწორედ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული.
- ჯგუფის მიერ პოლიციელზე ძალადობა ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამახვილებენ ყურადღებას 5 ივლისს გამოყვანილი სამართალდამცავების რაოდენობაა. ისინი ძირითადად ვერ ახერხებდნენ ძალადობრივი ჯგუფის შეჩერებას.
“ფაქტობრივად, როგორც დავინახეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო მოწოდებული, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაეცვა... იმდენად არაეფექტური რეაგირება, რომ უამრავი ადამიანი იყო გამოსული, შეუძლებელი იყო 10 და 15 პოლიციელს რეაგირება მოეხდინა. რაღაც მომენტებში ვხედავადით, რომ პოლიციას არც კი ჰქონდა შესაძლებლობა რომ რეაგირება ჰქონდა. ცალკეულ შემთხვევებში ვხედავდით, რომ უმოქმედობას ავლენდნენ", - ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი.
ასევე ნახეთ არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე?- იმისთვის, რომ დადგინდეს, რამდენად სწორად იყო გადანაწილებული საპოლიციო ძალები იურისტი ფიქრობს, რომ გამოძიება გულგრილობის მუხლითაც (342) უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა.
რა მუხლით დაიწყებს გამოძიებას საგამოძიებო ორგანო, ეს კანონმდებლობით სრულად მასზეა დამოკიდებული. იგეგმება თუ არა სხვა კვალიფიკაციის დამატება, ჯერ უცნობია.