ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ხოლო ზოგ შემთხვევაში - „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“ - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილების შესახებ ინფორმაცია გადაცემა „დროებამ“ გაავრცელა.
გავრცელებულ ინფორმაციას „ოცნებაში“ „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებენ. „ფორმულა“ კი აცხადებს, რომ „ინფორმაცია სარწმუნო და სანდოა“ და მსგავს სიტუაციაში მხოლოდ ივანიშვილის ოჯახის წევრები არ აღმოჩენილან.
ზომები სანქციებამდე
კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ზოგადად - საერთაშორისო მსხვილი ბანკების პრაქტიკაში წინასასანქციო, პრევენციული ზომების არსებობას ადასტურებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.
„შესაძლებელია, რომ დიდმა საერთაშორისო ბანკებმა თვითონვე მიიღეს გადაწყვეტილება - შეეზღუდათ გარკვეული წვდომა ფინანსებზე, რადგან არსებობს სანქციების დაწესების რისკი და ამას აღარავინ მალავს... როცა ლაპარაკია მდიდარ ადამიანებზე, საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ანგარიშზე და არც მხოლოდ ერთ მილიონზე. როცა არის დიდი თანხა - იქ ტრასტფონდებია, სხვადასხვა იურიდიული პირი, მინდობილი პირებიც შეიძლება იყვნენ ჩართული. შესაბამისად, ბანკები სიფრთხილეს იჩენენ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სიმართლე“, - გვეუბნება გიორგი კეპულაძე და პარალელს თავად ბიძინა ივანიშვილის შემთხვევასთან ავლებს, როცა ბერმუდის სასამართლოში საქმის მოგების მიუხედავად, ივანიშვილი საკუთარ თანხას ვერ განკარგავს.
სასამართლოს მასალების თანახმად:
- ხანგრძლივი და ხმაურიანი საფინანსო დავის ბოლო პროცესი ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სააპელაციო სასამართლოშიც 2024 წლის თებერვალში მოიგო. სასამართლოს მასალებით, ფულის დაბრუნებას ხელს უშლის, მათ შორის - სანქციების დაწესების რისკი, რისკენაც მოსამართლეს იმ ეტაპისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციები მიუთითებდა.
- მომჩივანი ბანკი [Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია] დავის გაგრძელებას გეგმავს და შიშობს, რომ თუკი ამ თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი გაუჩნდება, საქართველოს სასამართლო არა ობიექტურ, არამედ ივანიშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
- გასაჯაროებული მასალებით ირკვევა, რომ ივანიშვილმა სასამართლოს არ წარუდგინა მოთხოვნილი საფინანსო გარანტია სანდო ბანკისგან და არც გარანტად გამოსადეგი საკუთარი ქონების შესახებ აცნობა.
ევროპული რეზოლუციების შემდეგ, 20 სექტემბერს, „ამერიკის ხმამ“ აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკვე შეიმუშავა და უახლოეს მომავალში დაწესებასაც განიხილავს.
ამ ცნობებში სანქცირების საფუძვლად წყაროების მიერ დასახელებულია:
- რუს ოლიგარქებთან ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები;
- გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით.
ამ ინფორმაციის შემდეგ, აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შესაძლო სანქციების დაწესებას არ აანონსებენ, თუმცა „ძალიან შეშფოთებულნი“ არიან საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.
ივანიშვილი და მისი გარემოცვა უკვე ორი წელია აცხადებენ, რომ ის „ფაქტობრივად სანქცირებულია“ და, რომ ყველაფერში დამნაშავე „გლობალური ომის პარტიაა“.
აშშ-ის მიერ საქართველოს 100-მდე მოქალაქისთვის და მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ორ ეტაპად დაწესებული სავიზო შეზღუდვები მათი ოჯახების წევრებზეც ვრცელდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა ვაშინგტონმა სანქციების პოლიტიკა გაამკაცრა, ხშირია ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევებიც.
„როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ევროსაბჭოს რეზოლუციებში, სახელმწიფო დეპარტამენტში ღიად ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილი და მარიონეტული ხელისუფლება დასანქცირდება, უკვე საკმარისზე მეტი მიზეზია, რომ თანამედროვე საბანკო და ფინანსურ სექტორში 10-დან ცხრამ ანგარიშებიც კი არ გაუხსნას და შეწყვიტოს მასთან თანამშრომლობა“, - უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.
„ჯერ არ ვიცით, ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, მერე არის მტკნარი სიცრუე“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა - ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატი ამბობს, რომ „სანქციების ენით პარტნიორებთან და მეგობრებთან არ საუბრობენ“, ხოლო „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას ვერავინ შეაშინებს სანქციებით“.
ასევე ნახეთ კალაძემ იტალიური და შვეიცარიული ბანკებიდან თანხები გამოიტანა - ის მიზეზზე საუბრობს„ე.წ. პრესანქციურ რეჟიმთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ აშშ-ის საელჩოში სცადა. წერილობით მიღებულ პასუხში ლაპარაკი არ არის „წინასასანქციო რეჟიმზე“ და აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ ეტაპზე სანქცირებული არ არიან. „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - გვიპასუხეს საელჩოდან.
„რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ამერიკის საელჩოს კომენტარი საერთოდ არ ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ მოპოვებულ ცნობებს, რადგან სანქციებზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონია. საუბარია ე.წ. პრესანქციურ, ანუ წინა სასანქციო რეჟიმზე, რაც ბანკების მხრიდან თავის დაზღვევის აპრობირებული გადაწყვეტილება და ნაბიჯია“, - დამატებითი განცხადება გამოაქვეყნა „დროების“ წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ. ასევე აღნიშნავს, რომ „ეს ინფორმაცია სარწმუნო და სანდოა“ და, რომ „ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდნენ ქართული ოცნების და ივანიშვილის გარემოცვის სხვა წევრები და მათი ოჯახების წევრებიც“, რომლებსაც საბანკო ანგარიშების მართვის შეზღუდვის პრობლემები შეექმნათ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში.
რას აჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა?
ღია წყაროების მიხედვით, საერთაშორისო ბანკებს ჰყავთ საგანგებოდ შერჩეული თანამშრომლები სანქციებთან დაკავშირებული რისკების კონტროლისთვის; მოქმედებენ წინასწარ შემუშავებული წესებითა და გაიდლაინებით - რომლებიც თავიანთი ქვეყნებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზიარი ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ბანკებში დანერგილია ფინანსური სკრინინგის პროგრამები - საეჭვო ტრანზაქციების, კლიენტების აღმოსაჩენად, შესამოწმებლად და შემდგომი ზომების მისაღებად.
საფინანსო ვალდებულებების ავტომატიზაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი მსხვილი საერთაშორისო კომპანია Tipalti-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, ბანკები დიდი სიფრთხილით მოქმედებენ - ნერგავენ სპეციალურ პოლიტიკას სერვისების ცალკეული მიმართულებებით, საეჭვო ტრანზაქციებისა თუ ტრანზაქციების მხარეთა შესამოწმებლად.
ჩამოთვლილია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) რეგულაციებთან მიმართებით მაღალი რისკის შემცველი ჯგუფები:
- უცხოელი კლიენტების საბანკო ანგარიშები;
- არარეზიდენტი უცხოეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშები;
- საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები;
- საერთაშორისო კერძო საბანკო მომსახურება;
- ელექტრონული საბანკო ოპერაციები;
- უცხოეთის საკორესპონდენტო ბანკების ანგარიშები და სხვა.
რუსულენოვანი წყაროები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას რუსეთის არასანქცირებული მოქალაქეებისთვის ამერიკულ ბანკებში დაბლოკილი ანგარიშების შესახებ, როდესაც ისინი ინტერნეტბანკინგით რუსეთის ტერიტორიიდან სარგებლობას ცდილობენ - თანხის გადარიცხვის ან ინტერნეტმაღაზიებიდან რაიმეს ყიდვის მიზნით. ექსპერტების განმარტებით, ასეთი შემთხვევების ამოცნობა IP-მისამართების საშუალებით ხდება.
სიფრთხილის ზომებს ბანკები მხოლოდ რუსეთის შემთხვევაში არ იჩენენ. OFAC-ის სპეციალურ სიაში (SDN list) სანქცირებული ქვეყნების, კომპანიებისა თუ კერძო პირების ვრცელი ჩამონათვალია.
მძიმე ჯარიმებისა და სხვადასხვა აკრძალვის თავიდან ასაშორებლად, კომპანიები, ორგანიზაციები, მათ შორის - ბანკები მკაცრად ითვალისწინებენ OFAC-ს რეგულაციებს, რაც კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებული სანქციების აღსრულებას ისახავს მიზნად. ვალდებულებები ვრცელდება როგორც აშშ-ში მოქმედ, ასევე მათთან შემხებლობაში არსებულ კომპანიებსა თუ კერძო პირებზე.
სანქცირებულებსა და საეჭვო სუბიექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები დიდი ყურადღებით ეკიდებიან.
ასევე ნახეთ „მაგნიტსკის აქტი“ და 14024-ე განკარგულება - რა განსხვავებაა ამ ამერიკულ სანქციებს შორის