ივანიშვილმა საქართველოს რეგიონებიდან თბილისში ჩამოყვანილ პარტიულ აქტივისტებს და საჯარო მოხელეებს 29 აპრილს უთხრა, რომ არ დაუშვებს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ამისთვის სჭირდება კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, ვინაიდან "სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ".
"პატრონები", ვისზეც ივანიშვილი მიანიშნებს, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ.
მისი პარტია არ მალავს, რომ ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს. თუკი "ოცნება" ამ მიზანს მიაღწევს, ექსპერტების შეფასებით, საქართველო სრულად მოწყდება დასავლეთის ორბიტას და უარს იტყვის ნატოსა და ევროკავშირზე.
რუსეთის ორბიტაზე
ივანიშვილის მესიჯებში "ოცნების" მთავრობის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა იმაზე მეტი საფრთხე დაინახა, ვიდრე მხოლოდ რუსეთთან დაახლოებაა.
„იმედი მაქვს, ამ სიტყვების დატესტვა არ მოგვიწევს და ეს რეალობა არ დადგება, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ, თუკი არჩევნებს მოიგებენ - გაწევრიანების განაცხადს შეიტანენ „ბრიკსში“ (BRICS), რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნატოზე იტყვის უარს. ამას ისინი აუცილებლად გააკეთებენ, ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი“, - უთხრა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილმა წევრმა თინა ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.
„ბრიკსი“ (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) - ჩინეთის და რუსეთის გარშემო გაერთიანებული ბლოკია, რომელსაც მოსკოვი მუდმივად მოიხსენიებს დასავლური სამყაროს ალტერნატივად.
„მათ [გლობალური ომის პარტიამ] ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2012 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“, - 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა მეზობლებთან ომები არა რუსეთს, არამედ დასავლეთს დააბრალა.
„თურმე რუსეთის ბრალი არაფერი ყოფილა. ზუსტად ამას ამბობს ლავროვი [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი], სხვას კი არაფერს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილი, რომლისთვისაც 29 აპრილის შემდეგ განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ ივანიშვილისთვის - „საქართველო ლეგიტიმურად არის რუსეთის ინტერესების ნაწილი“. ხუხაშვილიც წლების განმავლობაში ივანიშვილის გუნდთან დაახლოებული პირი იყო.
ევროკავშირთან დაშორება - იზოლაცია
ბიძინა ივანიშვილის მესიჯებში, მიუხედავად მისი დაპირებისა, რომ საქართველო 2030-ში გახდება ევროკავშირის წევრი, ბევრმა ამოიკითხა გადაწყვეტილება, რომ - საქართველოს ხელისუფლება აღარ აპირებს ევროკავშირში გაწევრებისთვის მნიშვნელოვანი, თუ არა აუცილებელი, 9 დათქმის შესრულებას.
ექსპერტები არც სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გამორიცხავენ.
საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აცხადებენ, რომ „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო დაშორდება ევროინტეგრაციის მიზანს.
მეთვალყურეებს არ გამოჰპარვიათ, რომ ივანიშვილს, თავის გამოსვლაში, საერთაშორისო პარტნიორების მისამართით კარგი არაფერი უთქვამს; პირიქით, მათი მისამართით იყო ბევრი მძიმე ბრალდება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უცხოელები საქართველოს დახმარებას ტყუილად „ამადლიან“, რადგან მთელი დახმარება „სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება“.
„ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად - საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს“, - ბიძინა ივანიშვილის ამ სიტყვებზე საპასუხოდ, ოპონენტები მიუთითებენ, რომ ათეულობით წელია, ევროკავშირის ქვეყნები თუ აშშ საქართველოში ბევრ მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამას აფინანსებენ.
- ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამგვარი განცხადებების ფონზე - საერთაშორისო პარტნიორები დაფიქრდნენ, საქართველოს სახელმწიფოს გაუჩერონ ფინანსური თუ სხვა დახმარება და ქვეყანა თანდათან იზოლაციაში მოექცეს.
- ასევე, ექსპერტები შიშობენ, რომ არჩევნების შემდეგ, თუკი „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს - ხელისუფლება ბევრად უფრო თამამად გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მას დააშორებს ევროკავშირთან და დააახლოებს რუსეთთან.
მოელიან ასევე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ შეცვლის კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, გააკეთონ ყველაფერი - საქართველოს გასაწევრიანებლად ევროკავშირსა და ნატოში.
„იტყვიან ["ქართული ოცნება"] ასეთ შემთხვევაში - ხალხო, ხომ ხედავთ, ევროკავშირი და ნატო არ გვიღებს, რაღად გვინდა... ანდა აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს არ დაგვიბრუნებენ [რუსეთი], თუკი ამას არ გავაკეთებთ და სხვა“, - ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ეს საქართველოს მომავლის დასამარება იქნება და ხალხმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ეს.
რეპრესიები, კრიტიკული აზრის ჩახშობა
29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ „პრინციპულად და თავდადებით“ იბრძოლებს ქვეყნის სუვერენიტეტის „სრულად აღსადგენად“ და თქვა ისიც, რომ სწორედ სუვერენიტეტის განსამტკიცებლად არის საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის [„აგენტების კანონი“] დამტკიცება.
ბიძინა ივანიშვილის გეგმით, აუცილებლად დამტკიცდება კანონპროექტები „უცხოური აგენტებისა“ და „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ - რისთვისაც დრო „იდეალურად არის შერჩეული“. მან არაერთხელ პირდაპირ მიანიშნა, რომ მმართველი პარტია სათვალავში არ იღებს და არც მომავალში გაითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს.
ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, „აგენტების კანონის“ დამტკიცება რეალური რეპრესიების დასაწყისი იქნება:
- არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც უარს იტყვიან რეგისტრაციაზე, მათ შორის - ჯარიმების მექანიზმით, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ;
- „აგენტების“ რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციები კი, რომლებსაც ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ „აგენტურად“ მოიხსენიებს - ქვეყნის მტრებად გამოცხადდებიან და საბოლოოდ მაინც დაიხურებიან.
„არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი“, - ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები ოპონენტებისა და ექსპერტებისთვის არის სიგნალი, რომ რეპრესიები არჩევნების შემდეგ გაძლიერდება და პროცესი შეეხება ყველა ოპონენტს.
„ქართული ოცნება“ „ნაცებს“ უწოდებს არა მხოლოდ ყველა ოპოზიციურ პარტიას, არამედ არასამთავრობო სექტორს, კრიტიკულ მედიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც კი.
„ე.წ. სუვერენული დემოკრატიის“ ცნებას „გამოცხადებული დიქტატურის ქრონიკას“ უწოდებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს საქართველო, „რუსული შპარგალკებით“, იმ გზით ატაროს, რომელიც უკვე გაიარა რუსეთმა - სადაც „კრიტიკული აზრი აღარ არსებობს“.
ექსპერტების შეფასებით, კანონის ამოქმედებიდან მალევე - დაზარალდებიან არა მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ საქართველოს ბევრი მოქალაქე:
- ხელისუფლება თავის ქმედებებში უფრო თამამი გახდება, ანგარიშვალდებულების გარეშე;
- ხოლო ბევრ ადამიანს შეუწყდება მრავალი სერვისი [მაგალითად - უფასო იურიდიული დახმარება, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა];
- მედიაორგანიზაციების შესაძლო დახურვა ადამიანების ინფორმირების ხარისხს გააუარესებს.
თუკი „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, საქართველოში კრიტიკული აზრი სრულად დადუმდება, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის საფუძველი გაჩნდება და საქართველო ბელარუსად იქცევა.
მიზნები არჩევნებისთვის
ექსპერტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ გაუკვირდებათ, თუკი ხელისუფლება საერთაშორისო მეთვალყურეებს არჩევნებისთვის ქვეყანაში საერთოდ არ შემოუშვებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, „აგენტების კანონის“ დამტკიცებით, ივანიშვილს სურს - მომავალი საპარლამენტო არჩევნები მეთვალყურეების გარეშე დატოვოს.
„მათ ["ქართულ ოცნებას"] გათვლა აქვთ, რომ სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვებში, მსხვილ სამეთვალყურეო ორგანიზაციებს მთლიანად მოსპობენ, ხოლო საერთაშორისო მისიებს შეაფერხებენ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია მაისში უნდა ჩამოსულიყო და ბუნდოვანია, რა იქნება... შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოდან გავიდნენ“, - გვეუბნება დეპუტატი დეკანოიძე.
თინა ხიდაშელი უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს „ქართული ოცნების“ მიზანზე - საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოფიტოს მასშტაბური პროტესტი და ხალხში ნიჰილიზმი გააჩინოს და, რომ სწორედ ამ მიზნით არის ნაკარნახევი „აგენტების კანონის“ კვლავ გაცოცხლება, არჩევნებამდე 6 თვით ადრე.
ამ განზრახვის არსებობა, 29 აპრილს, კონტრაქციაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა.
„ეს სიბრაზე, პროტესტი, ენთუზიაზმი, რომელიც ამ პროტესტმა გამოიწვია, რაღაცნაირად უნდა მოახერხონ [პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ], რომ გადაითარგმნოს არჩევნების დროს ხმების დაცვაში. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას "ოცნებების" შესრულების შანსი არ ექნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელმა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციაზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ - „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებს.
საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს, „აგენტების კანონი“, პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა - 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ. განხილვა გრძელდება.