ამ სტატიაში ვაჯამებთ მთავარ გზავნილებსა და აქცენტებს ბიძინა ივანიშვილის იშვიათი სატელევიზიო ეთერიდან.
ტელეკომპანია „იმედმა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მილიარდერის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ პოლიტიკაში მესამედ შემობრუნების შემდეგ, 21 ოქტომბერს, არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაუშვა ეთერში.
„კომპლექსი“ და შეხვედრა აშშ-ის ელჩთან
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ თქვა, რომ როგორც კი წინა კვირაში ოფშორულ ზონაში ერთ-ერთი სასამართლო დავის მოგების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა, - და ეს ამ ინტერვიუმდე ცნობილი არ ყოფილა, - „მყისიერად“ დაურეკა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს და არჩევნების შემდეგ მასთან შეხვედრა დაგეგმა.
მანამდე ივანიშვილი უარს აცხადებდა ამერიკელებთან შეხვედრაზე - არათუ ელჩთან, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის წარმომადგენლებთანაც.
ივანიშვილს ორი მიმდინარე დავა აქვს „კრედიტ სუისის“ საქმეზე: ბერმუდასა და სინგაპურში. სინგაპურის სასამართლომ 2023 წელს მიანიჭა 753 მილიონი, ბერმუდამ კი - 2022 წელს 607 მილიონი. თუმცა ორივე საქმე ბანკს გასაჩივრებული აქვს.
ახლა ივანიშვილი ამბობს, რომ:
- „ბერმუდა მესამე [ინსტაციაში], უზენაეს სასამართლოში წავიდა და განაჩენი აპრილში იქნება;
- სინგაპურში ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა, - [სინგაპურის სასამართლომ] „კრედიტ სუისს“ გადახდა დაავალა... ეს ფული დეპონირებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ… იქ ბანკს არანაირი ვარიაცია აღარ დარჩა;
- ერთადერთი, რადგან ბერმუდასა და სინგაპურში მეორე ინსტანციის სასამართლოებშია [სარჩელი], ფინანსების ნაწილში არსებობს თანხვედრა… ამას ექსპერტები ითვლიან. ამის დათვლას უნდა, ალბათ, ერთი-ორი საათი, თუმცა 11 ივლისიდან სასამართლოს განსაზღვრული დედლაინი რაც იყო, 29 სექტემბრამდე, გაწელეს - მათი ექსპერტი ხან შვებულებაში წავიდა… მოკლედ, ორი თვის განმავლობაში ითვლიდნენ ამას. ამ თანხებზე, რაც დეპონირებულია, ყოველდღიურად „კრედიტ სუისს“ 100 ათასი დოლარის დარიცხვა უწევდა. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გაეჭიანურებინათ… ამ დროს კორელაციაში იყო განცხადებები დასავლეთიდან, რომ დავასანქციროთ, მეოთხედ უკვე სასირცხვილო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის“.
ივანიშვილის თქმით, სწორედ სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ესაუბრა ელჩ დანიგანს:
„როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა "კრედიტ სუისმა", მე მყისიერად, - წინა კვირაში უკვე, - დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“, - თქვა ივანიშვილმა.
ექსპრემიერი აცხადებს, რომ მას ჰქონდა „კომპლექსი“, რის გამოც არ ხვდებოდა ამერიკელ მაღალჩინოსნებს და ეს „კომპლექსი“ ასე განმარტა: „მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ ვხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა“.
ამბობს იმასაც, რომ არ სურდა ამ „თემაზე შეხება“, მაგრამ რახან საელჩომ საჯაროდ განაცხადა, რომ „ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ“, ამიტომ პასუხობს მათ („თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“, - განაცხადა ელჩმა დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში).
ასევე ნახეთ რობინ დანიგანი: იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზეახალი დეტალები „გლოპ-ზე“
ივანიშვილმა კიდევ უფრო გაამდიდრა შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“ („გლოპ-ზე“). განმარტა კიდეც, რატომ „დაარქვა“ ასე ამ „ძალას“:
„გლობალური ომის პარტია იმიტომ დავარქვი, რომ ომის პარტია აგერ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“, მათში რომ არ არეოდათ და რომ გაეგოთ, კიდევ არიან დიდი ძალები, ამიტომ მოვიფიქრეთ ეს ტერმინი“.
„გლოპ-ის“ შესახებ შეთქმულების სცენარში ივანიშვილის დამატებული დეტალები ასეთია:
1. ივანიშვილის ყველა ფინანსური დავა თუ შეფერხება, „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურთა მიერ ძალით შექმნილი პრობლემები იყო მის დასაშანტაჟებლად.
„აღარ მოვყვები მთელ ისტორიას, ადვოკატებს ბევრი აქვთ ნათქვამი, მაგრამ დაწყებული იქიდან, როგორ იძარცვებოდა ანგარიში და იმის შემდგომ როგორ გრძელდებოდა იქ, სხვანაირს ვერაფერს ვერ იტყვი, გარდა იმისა, რომ ეს იყო შანტაჟისთვის გაკეთებული და იყო პირადად ჩემზე“, - სჯერა ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მიზანში პირველად რომ 2007-08 წლებში „მოექცა“, ეს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ უთხრა ჟურნალისტებს 14 მაისს; ეს ის პერიოდია, როდესაც, შეთქმულების თეორიის თანახმად, ბანკირმა პატრის ლესკადრონმა „ივანიშვილის ძარცვა“ დაიწყო „გლობალური ომის პარტიის დავალებით“.
ასევე ნახეთ ივანიშვილის მილიარდი ბერმუდის სამკუთხედში - ვის ხელშია „ოცნების“ დამფუძნებლის ფული?2. 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრება არათუ „ერთმა თუ ორმა ქვეყანამ დაბლოკა, არამედ [მათ], ვინც არიან რეალურად ნატოს კოორდინატორები“.
„საქართველოსა და უკრაინასაც სწორედ ამისთვის ინახავდნენ“, - თქვა ივანიშვილმა და არ დაუზუსტებია - რისთვის. მხოლოდ მიანიშნა, რომ გულისხმობს დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირებას:
„ბევრი განცხადება კეთდება დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნატო არ ჩაერთოს რუსეთის ომში, ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღს, ფულს, ყველა საშუალებას, მაგრამ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინა. ძალიან ბევრი განცხადებებია, ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი აკეთებს ევროპიდან თუ ამერიკიდან, რომ „ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ნატო ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში“. აი, ეს უკვე 2008-შიც იყო, რა თქმა უნდა, დაგეგმილი“.
ივანიშვილს 30 აპრილს ნათქვამი აქვს, რომ „გლობალური ომის პარტიისათვის“ „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“.
„სწორედ ამიტომ არ მიიღეს ნატოში, ჩვენ კარგი რეპეტიცია გაგვატარა სააკაშვილმა ამ ფონზე და 2008-ში უკვე პირველ ომში ჩაგვრთო“, - თქვა ივანიშვილმა 21 ოქტომბერს.
იგი რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტების უკან არა რუსეთის ამბიციებს, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ კვალს ხედავს.
2022 წლის სრულმასშტაბიანი ომისადმი „გლოპ-ის“ „მოლოდინს“ უკავშირებს იგი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც.
გახარია: „მოუშუშებელი ჭრილობა“ და „კავშირი გლოპ-თან“
„არავინ იცოდა, ეს ომი როდის დაიწყებოდა, რაღაც თვეებში და კვირებში ვერავინ გეტყოდათ ამას. აბა, გაიხსენეთ, გახარია, პრემიერ-მინისტრი, რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ელოდებოდნენ სწორედ, რომ საქართველოს ჰქონოდა მზაობა ომში ჩასართავად“, - ამტკიცებს ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის შეთქმულების თეორიის თანახმად, გიორგი გახარია „გლოპ-ის“ აგენტია, რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩამოშლა იყო, რადგან „გლოპ-ის“ მესვეურებმა „იცოდნენ, რომ "ქართული ოცნება" არ იომებდა“.
გიორგი გახარია 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა თანამდებობიდან. მან მიზეზად ენმ-ის მაშინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან უთანხმოება დაასახელა.
ივანიშვილი ახლა ამბობს, რომ ეს „რაღაც ზღაპრები იყო“.
„ღირსეულად დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა“, - ამბობდა ივანიშვილი გახარიაზე 2019 წლის სექტემბერში.
ახლა გიორგი გახარიას „მოუშუშებელ ჭრილობას“ უწოდებს და ამბობს: „გახარიას პარტიის წევრები… - არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ - ამ გარეწართან, ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ“.
„ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - თქვა ივანიშვილმა.
ექსპრემიერს, რომლის პარტიაც არჩევნებში 25 ნომრით იყრის კენჭს, მიაჩნია, რომ ის დიდ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილისათვის:
„ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც მას დაამარცხებს ისე, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში. დააკვირდით შიშს სახეზე“, - თქვა გახარიამ მეორე დღეს, 22 ოქტომბერს, ბრიფინგზე.
„საოცრება ხდება საქართველოში“
„ასეთი ეკონომიკური აღზევებით ქვეყანა არ არის, რომ დაასახელო. პირველ ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში, საოცრება ხდება საქართველოში“, - ამტკიცებს ბიძინა ივანიშვილი.
სინამდვილეში, მთლად ასეც არ არის საქმე.
2013-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 4.6% იყო. 2020 წელს ქვეყანა - მსოფლიოსთან ერთად, პანდემიის გამო - რეცესიაში შევიდა. ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა.
2021-23 წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 9.7% შეადგინა. წლიური უმაღლესი ნიშნული 2022 წელი იყო, როცა ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა.
თუკი 2021 წლის ეკონომიკური ზრდა პოსტპანდემიური აღდგენის დამსახურება იყო, 2022-23 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა მეტწილად რუსეთ-უკრაინის ომმა განაპირობა. ისევე, როგორც მთლიანად რეგიონში.
მაგალითად, 2022-23 წლებში საქართველოს მეზობელი სომხეთის ეკონომიკა 12.6 და 8.7 პროცენტით გაიზარდა. საქართველოსი - 11 და 7.5 პროცენტით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით 2021 წელს 27-ე ადგილზე იყო, 2022 წელს მე-11 ადგილზე (სომხეთი მე-9 ადგილზე), 2023 წელს კი - მე-8 ადგილზე (სომხეთი მე-3 ადგილზე იყო).
იმას, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ რუსეთთან ვაჭრობის დამსახურებაა, ივანიშვილიც ადასტურებს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთისათვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთება „საქართველოს ეკონომიკას დაანგრევდა“.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა“ - მოწყვლადობა?
ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, მომხრეთა განსაკუთრებული მობილიზება იმიტომ სურს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, - რათა რამდენიმე მიზანს მიაღწიოს.
ამბობს იმასაც, რომ არჩევნების მეორე დღე იქნება „ძალიან წყნარი“, - თუმცა, სანამ უკრაინა-რუსეთის ომი არ დასრულდება, „იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად“.
ამავე დროს, იგი მსჯელობის ამ ხაზში ავლენს „ქართული ოცნების“ მოწყვლადობას. აი, რას ამბობს იგი სპონტანურ დემონსტრაციებზე:
„27-ში [არჩევნების მეორე დღეს] გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება. 27-ში არ იქნება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ შეიძლება რაღაც გაუგებრობა, ხორავას ქუჩის მსგავსი, მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ“.
„ხორავას საქმეს“ 2017-18 წლებში საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. დემონსტრაციები მოჰყვა დაღუპულთა ოჯახების ბრალდებებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გამოძიებაში მნიშვნელოვან ხარვეზებზე.
ივანიშვილი ამბობს, რომ იაზრებს ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობას: „ქართული ოცნებაც“ ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო, ძალიან რთულია, ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა“.
„აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხს შეიძლება ძალიან კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი და მაშინვე სიტუაცია აფეთქდება, აი, ხორავას ქუჩა გაიხსენეთ… იქ რომ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო, "ქართული ოცნება" ხელისუფლებას დაკარგავდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ნაწილობრივ სწორედ ამ რისკებით ხსნის იგი „ბოროტი ძალის“, „ქვეყნის მტერი ძალების“ - ოპოზიციური პარტიების - აკრძალვის სურვილს და იმეორებს, რომ ოპოზიციას გაასამართლებს.
„მიზანი რა არის?“ - ისევ კონსპირაციებზე
ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა ტრანსფობიურ ნარატივზე და პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ „პროპაგანდა მიდის“ და „ამბობენ - ქალს ქალი აღარ დავუძახოთ და კაცს კაცი აღარ დავუძახოთ“.
ამ მსჯელობაში მრავალი ისეთი ფრაზა თქვა, რასაც ფეისბუკზე იუმორისტული პოსტები მოჰყვა. მაგალითად:
- „ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ“;
- „ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის“;
- „ქალია თუ კაცი, გოგოა თუ ბიჭი - არ უნდა თქვა“;
- „მიზანი მარტივია - ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი“.
მაგრამ საბოლოო მიზანთან დაკავშირებით კითხვა ღიად დატოვა: „შედეგი რა არის, რა უნდათ? რატომ მიდის ამხელა პროპაგანდა და რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები?“
„აი, აქ მიდის ეს, ნელ-ნელა, რომ დაიწყოთ მარტივი ქუჩის მიტინგი, სადაც გასდით, აქ აჰყავთ უკვე, აქ მიდის“, - განაცხადა, მაგრამ უფრო ცხადად არ უთქვამს, რას გულისხმობს, რა არის „მიზანი“.
„გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორია, - რომელსაც, სხვადასხვა მოლაპარაკე თავთან ერთად, ივანიშვილის მომხრე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ავითარებს, - ასე კრავს ამ საკითხს:
- მსოფლიოს მართავს რამდენიმე გავლენიანი ოჯახი, - „ოლიგარქიული ოჯახები“, - რომელთა მიზანი ამ გავლენის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაა;
- ამ მიზნით ცდილობენ მსოფლიოს მოსახლეობის 10-ჯერ შემცირებას და ამისთვის იყენებენ „ლგბტ პროპაგანდას“, - ნაკლები ადამიანი რომ გაჩნდეს;
- მათი მარიონეტი და მსხვერპლია ევროკავშირიც, რომლის ეკონომიკასაც მიზანმიმართულად ანგრევენ;
- ბიძინა ივანიშვილს ემტერებიან, რადგან იგი ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, - რასაც ასევე „გლობალური ომის პარტია აკონტროლებს“, - პრინციპულად მიუღებელი პერსონაა
- სწორედ ამიტომ ცდილობს „გლობალური ომის პარტია“, ძალით ჩამოაშოროს ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას.
- ამ შეთქმულების თეორიის სათავეში მისი გამავრცელებლები ასახელებენ კომპანია „ბლექროკს“ (BlackRock), - კერძო კაპიტალისა და აქტივების მმართველ კორპორაციას, - ბაზრის გიგანტს, რომელიც „ეპლის“, „მაიკროსოფტის“, „მეტას“, „ამაზონისა“ და სხვების აქტივებს მართავს.
- 2014 წელს გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოლო დეკლარაცია. 31-გვერდიან დეკლარაციაში, სადაც ივანიშვილს ჩამოთვლილი აქვს ქონება, აქციები, ობლიგაციები და სხვა აქტივები, ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ მას მიმდინარე ანგარიში აქვს BlackRock Institutional Cash Institutional Liquidity Fund-ში - 10 000 000 აშშ დოლარი (კრედიტი).
ინტერვიუს მიმდინარეობისას ივანიშვილმა ისაუბრა წიგნებზე, ჯორჯ ორუელის „1984“-სა და ოლდოს ჰაქსლის „საოცარ ახალ სამყაროზე“; ამასთან, „იმედის“ წამყვანს, მაგდა ანიკაშვილს აჩვენა წიგნი - „2150 წელი ქრისტეშობიდან“. წიგნი 1976 წელსაა გამოცემული. „ვიღაც თეა ალექსანდერია ავტორი“, - თქვა ივანიშვილმა და წიგნის შინაარსი ასე აღწერა:
„აქ უკვე მიდის მიკრო- და მაკროსამყაროზე... მიკრო, სულიერი სამყარო თითქოს არ არსებობს, და სულიერებას ანგრევენ. სხვათა შორის, ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ეს [წიგნი] უყვარს, მოსწონს. და ისინი მორწმუნე ადამიანები არიან და ჰგონიათ, ეს არის სწორი... ეს არის ახალი, მესამე წიგნი, შემიძლია მივაწოდო საზოგადოებას“...
ამ დროს მაგდა ანიკაშვილმა გააწყვეტინა:
„ჩვენც გვაქვს ინფორმაცია ამ წიგნის შესახებ. როგორც ვიცით, ის უფასოდ რიგდება შეერთებულ შტატებში, მათ შორის სკოლებშიც, და ასევე არის ინფორმაცია, რომ იბეჭდება უფასოდ გასავრცელებლად იმ სტამბებში, კომპანია "ბლექროკი" რომლებსაც აფინანსებს“.
„გიშველის ღმერთი... ყველაფერი გცოდნიათ“, - უპასუხა ივანიშვილმა.
„ორუელიც და ჰაქსლიც და ნუ, ეს... უზარმაზარი ძალა და უზარმაზარი ფინანსები იხარჯება და, თქვენ გგონიათ, რისთვის?!“
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან