ჩემს შეკითხვაში პოლიტიკური არაფერი მიგულისხმია, მაგრამ რამდენიმე კომენტატორმა ჩათვალა, რომ ჩვენს ამჟამინდელ ხელისუფლებას და მის თავკაცს, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი.
მეც ვიფიქრე, რომ ეს ასოციაცია შემთხვევითი არ არის. სიტყვა „სიაბანდი“ივანიშვილს ნამდვილად უხდება. კაცმა რომ თქვას, არც „ფეიკი“ იქნებოდა არასწორი, მაგრამ უფრო ძველი, აღმოსავლური ენიდან შემოსული ლექსემა უფრო შესაფერისი ჩანს, ვიდრე ბოლო დროის ინგლისური ნასესხობა.
აქვე დავაზუსტებ: ბევრი რამ, რასაც ვიტყვი, ვარაუდია. მაგრამ ივანიშვილის მმართველობის თორმეტი წელი საკმარის მასალას გვაძლევს სარწმუნო ვარაუდების გასაკეთებლად.
სიაბანდობა, როგორც მსოფლმხედველობა
შეიძლება შემომედავონ, რომ ზოგადად პოლიტიკოსები სიალალის და გულწრფელობის ეტალონებად არ ითვლებიან. პოლიტიკის მეცნიერების მამად წოდებული ნიკოლო მაკიაველი ღიად ურჩევდა მათ, როცა საქმეს ჭირდება, ტყუილს და პირის გატეხას არ მორიდებოდნენ. მაინცდამაინც ბიძინას რას ვერჩი?
მართლაც ძნელია იპოვო პოლიტიკოსი, განსაკუთრებით წარმატებული, ვისაც თავისი კარიერის განმავლობაში არასდროს „წაუსიაბანდია“. მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკოსს აქვს რეალური მიზნები და ხედვა, თუმცა ხანდახან ტაქტიკურ ეშმაკობებზე და მანევრებზე წასვლაც უხდება, რადგან ამის გარეშე ამ მიზნებს ვერ აღწევს.
ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევა არსებითად სხვაა. მის პოლიტიკურ კარიერაში სიაბანდობა იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ ძნელი ხდება რაიმე შინაარსობრივი ღერძის გამოყოფა, რასაც მისი „ტრიუკები“ ემსახურება და რითაც ისინი შეიძლება გამართლო.
ზოგი მეტყვის, რომ მისი პოლიტიკის მიზანი და შინაარსი კრემლიდან მოდის, რომ თავად ის, უბრალოდ, მარიონეტია. ჩემი აზრით, ეს ზედმეტი გამარტივებაა. მას ნამდვილად აკავშირებს სულიერი ნათესაობა პუტინის რეჟიმთან და ისიც სარწმუნოა, რომ ბევრი მისი პოლიტიკური ნაბიჯი შეიძლება ან კრემლის გულის მოგებას ემსახურებოდეს, ის პირდაპირ იქიდან იყოს ნაკარნახევი. ამიტომ სამართლიანია, როცა მის ხელისუფლებას „რუსულს“ ეძახიან. ობიექტურად, მას საქართველო რუსულ სამყაროში მიჰყავს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას საკუთარი ნება, ამბიცია და ხედვა არ გააჩნია. ამ ხედვის ნაწილი ისიცაა, რომ სიაბანდობა პოლიტიკის არსია და არა ხერხი, რომელიც ხანდახან იძულებით იყენებ. რეალური პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა შიშველი ძალაუფლება; დანარჩენი ყველაფერი მოჩვენებაა, პოლიტტექნოლოგიაა, პიარია, სიაბანდობაა.
პუტინსაც ასე ჰგონია; ამიტომ არიან ისინი სულიერი ძმები, (თუმცა ვიცით, რომელია მათგან უფროსი).
სწორედ ამიტომაა ორივე მათგანისთვის დასავლეთი ასე საძულველი. დასავლელი პოლიტიკოსებიც ხშირად სიაბანდობენ, არათანმიმდევრულები არიან, ორმაგ სტანდარტს იყენებენ. მაგრამ ისინი მაქსიმალურად ერიდებიან ამის გაკეთებას, რადგან იციან, რომ ტყუილი ან შეუსრულებელი დაპირება აუცილებლად შემოუტრიალდებათ და დააზიანებთ. ამავე დროს, მათაც და საზოგადოებებსაც, რომლებიც მათ უკან დგას, სწამთ, რომ პოლიტიკა გარკვეულ პრინციპებს, საზოგადო სიკეთის გარკვეულ ხედვას უნდა ემყარებოდეს.
ბიძინას და პუტინისთვის კი სიაბანდობა ნორმაა და არა ნორმიდან იძულებითი გადახვევა. ამიტომ ბიძინას შეუძლია ღიად იამაყოს თავისი „ტრიუკებით“: მისთვის ხალხის გაცურება ძლიერი პოლიტიკოსის ნიშანია.
სიაბანდობის დონეები
ივანიშვილის სიაბანდობები ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ. ერთია კონკრეტული, ფაქტობრივი ტყუილები და ყალბი დაპირებები. ისინი უამრავია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბევრს ახსოვს 2012 წლის სრულიად ფანტასტიკური დაპირებები, რომლებიც ოცნებას, ცხადია, არ შეუსრულებია და ვერც შეასრულებდა.
მომდევნო წლების ტყუილები უფრო მცირემასშტაბიანი იყო და მეხსიერებას ნაკლებ შემორჩა. ასეთი იყო, მაგალითად, თბილისური „ცენტრალ-პარკის“ გაშენება ყოფილი იპოდრომის ადგილას, ან პირადად ივანიშვილის მიერ წყალტუბოს ყველა გავერანებულ სასტუმროს გამოსყიდვა და ამ კურორტის აყვავებდა. არც ერთი არ განხორციელებულა - მაგრამ ამა აღარავინ ახსენებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტყუილი იყო მისი „პოლიტიკიდან წასვლები“, თუმცა მისივე ხელქვეითები ბოლომდე ვერ მალავდნენ, რომ რეალურად, ძირითად გადაწყვეტილებებს ისევ ივანიშვილი იღებდა.
თავიდან ოპონენტები გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებების და ტყუილების მხილებით სერიოზულ პოლიტიკურ ზიანს მიაყენებდნენ. მაგრამ ზიანი არც ისე დიდი აღმოჩნდა. ივანიშვილის ტყუილებზე ლაპარაკი ხალხს უბრალოდ მოსწყინდა.
როგორც ჩანს, არსებობს მოქალაქეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკოსი სიაბანდობით არ დაიწუნება.
როგორც ვთქვი, მოქალაქეებმა შეიძლება აპატიონ პოლიტიკოსს წვრილ-წვრილი ტყუილები, თუ ჩათვალეს, რომ ისინი აუცილებელია უფრო დიდი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. პრობლემა ისაა, რომ თუ ამ უფრო მაღალი მიზნების დონეზე გადავალთ, ისევ სიაბანდობები შეგვრჩება ხელთ.
ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, როგორც პროევროპელი დემოკრატი და სოციალისტი. ოდნავ დაკვირვებული თვალისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ დემოკრატიის არსზე მას მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, მაგრამ მისი გარემოცვის დიდმა ნაწილმა მაინც დაიჯერა და დასავლელი პარტნიორებიც დააჯერა, რომ თუმცა ამ კაცს ბევრი რამ არ ესმის, მას გულწრფელად სურს, საქართველო ევროპული სტილის დემოკრატიად აქციოს. ეს მისი განსაკუთრებით წარმატებული სიაბანდობა აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, ცოტა ვინმეს თუ ახსოვს (ვეჭვობ, არც თვით ივანიშვილს), რომ „ქართული ოცნება“ თავიდან სოციალ-დემოკრატიულ ორიენტაციას იჩემებდა. ამის თავიდან მისი პარტიის ზოგ აქტივისტსაც სჯეროდა.
ახლა ეს ყველაფერი ძველი სიზმარივითაა. ბოლო წლებში ივანიშვილი ვიხილეთ, როგორც რელიგიური კონსერვატორი და ანტიდასავლელი ნაციონალისტი. ხელისუფლების ახალი კუმირები დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი არიან.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც იქნა, ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა?
არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამჯერად „ოცნების“ ლიდერი უკვე საკუთარი სინდისის კარნახით მოქმედებს. თუ ეს არის მისი ნამდვილი მსოფლმხედველობა, რა უშლიდა ხელს, ადრეც შესაბამისად მოქცეულიყო? ან რა ეტყობათ მის გარშემო მოფუსფუსე ვეზირებს ან რელიგიურობის და ან კონსერვატიზმის?
ბიძინა ივანიშვილი როგორც რელიგიური ნაციონალისტი ისეთივე სიაბანდია, როგორც ბიძინა ივანიშვილი - პროევროპელი სოციალ-დემოკრატი.
ვინ არის ნამდვილი ბიძინა?
რა თქმა უნდა, ივანიშვილის პოლიტიკური დამოკიდებულებები შეიცვალა. ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში მას სასარგებლოდ მიაჩნდა დასავლეთთან შედარებით კარგი ურთიერთობის შენარჩუნება და იმის დემონსტრირება, რომ საქართველო პროგრესს აღწევს ევროინტეგრაციის გზაზე. შემდეგ დასავლეთი თანდათან საქართველოს მტრის კატეგორიაში გადავიდა.
კერძოდ რამ უბიძგა ივანიშვილს ამ ცვლილებისკენ, ცალკე მსჯელობის საგანია. მაგრამ მისი საფუძველია არა პრინციპების გადაფასება, არამედ სტრატეგიული გათვლა. მაშინ, ბიძინას აზრით, ისე იყო საჭირო, ახლა კი სხვანაირად ჯობია.
მაგრამ საჭირო რისთვის? საქართველოს კეთილდღეობისთვის? საქართველოს ხელისუფლების ქცევა ამ ვერსიას პრაქტიკულად გამორიცხავს.
შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს გულწრფელად სჯეროდეს, რომ რუსეთი უკრაინის ომს იგებს ან, ნებისმიერ შემთხვევაში, რეგიონის დომინანტ ძალად რჩება, ამიტომ მისი არგაღიზიანება საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტი უნდა იყოს. ამას შეგვიძლია დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, მაგრამ ეს პოზიცია ლოგიკურად თავსებადია საქართველოს ინტერესებზე ზრუნვასთან.
მაგრამ ის, რასაც ვხედავთ, - დასავლეთთან ურთიერთობის სისტემური და მიზანმიმართული გაფუჭება - ამ სტრატეგიულ გათვლაშიც არ ჯდება. ეს არ შეიძლება საქართველოს ინტერესებში იყოს. ეს რომ ასეა, ისიც აჩვენებს, რომ „ოცნება“, ფაქტების საწინააღმდეგოდ, არც აღიარებს, რომ ასეთ პოლიტიკას ეწევა.
მაშ რა ამოძრავებს ივანიშვილს? უნდა დავუბრუნდე საწყის ვარაუდს: ღერძი, რის გარშემოც ივანიშვილის ქმედებები ტრიალებს, თავისთავად ძალაუფლება და უსაფრთხოებაა. ამის იქით არაფერია. რუსეთიც იმიტომ ჯობია დასავლეთს, რომ მისგან მის პირად ძალაუფლებას ნაკლები საფრთხე ემუქრება.
როგორც მცოდნე ადამიანები ამბობენ, ბიძინას პუტინისაც ცეცხლივით ეშინია და, ვვარაუდობ, არც მისი ზედმეტად გაძლიერება უხარია - მაგრამ ის მაინც გაცილებით უფრო კომფორტული პარტნიორია.
ყოველივე ეს არ გამორიცხავს, რომ ბიძინას მართლა უყვარს ცხოველები, მცენარეები, ქართული ხალხური სიმღერები, ალბათ თავისი ოჯახიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას საქართველოს ინტერესების რაიმე ხედვა აქვს.
უფრო ზუსტად, ეს ხედვა ასეთია: საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უსაფრთხოდ იქნებიან. ყველაფერი დანარჩენი სიაბანდობაა.
არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილის ტვინში ეს დებულება ცოტა სხვაგვარად ტრიალდებოდეს: მისი პირადი უსაფრთხოება და საქართველოს უსაფრთხოება ერთი და იგივეა, ამ ორს შორის განსხვავება უბრალოდ არ არსებობს. მისი ვეზირები ამას ღია ტექსტით გვეუბნებიან.
სინამდვილეში, ეს ორი რამ შეუთავსებელი გახდა.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.