რუსეთ-უკრაინის ომს ბოლო არ უჩანს და მისი საბოლოო შედეგი არავინ იცის. მან უკვე მოახდინა გავლენა გეოპოლიტიკურ ძალთა გადალაგებაზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში; ბევრი რამ კიდევ შეიცვლება.
ზოგი ქვეყანა თუ პოლიტიკოსი ომს კონკრეტული სარგებლის მიღების შანსად აღიქვამს. ამას ხანდახან „პრაგმატიზმად“ ნათლავენ.
ასეთია ბიძინა ივანიშვილიც. რას გამორჩა ის ამ ომიდან? მგონია, რომ თავად მისი აზრით, ის ამ ომიდან ჯერჯერობით მოგებული რჩება. მაგრამ ვითარება ცალსახა არ არის.
შედარება: ჩინეთი და თურქეთი
„პრაგმატიკოსთა“ინტერესებშია, ომი რაც შეიძლება გაიწელოს, რადგან ეს რუსეთთანაც და დასავლეთთანაც უკეთეს სავაჭრო პოზიციებში აყენებს. მათ ასევე ურჩევნიათ, ომი არცერთი მხარის ცალსახა გამარჯვებით არ დამთავრდეს, რადგან არც დასავლეთის და არც რუსეთის ზედმეტი გაძლიერება ხელს არ აძლევთ.
ასეთი ქვეყნების საუკეთესო მაგალითებია ჩვენი ძველი მეზობელი, თურქეთი და ახალი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი. ორივე რუსეთის ტრადიციული მეტოქეა და მისი დასუსტება აძლევთ ხელს. ორივეს დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ურჩევნიათ, ის რუსეთ-უკრაინის ომზე იყოს გადართული.
ამას მნიშვნელოვანი სუბიექტური მომენტიც ემატება. მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა სი ძინპინის და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ინტერესები ვლადიმირ პუტინისას, მათ ერთმანეთისა ესმით და ერთმანეთს პატივს სცემენ.
მათ კონსენსუსი აქვთ მთავარზე: პოლიტიკაში ყველაფერს ძალა წყვეტს, ხოლო ლიდერი ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს. მათთვის ერთმანეთთან ურთიერთობა ფსიქოლოგიურად კომფორტულია, რადგან ერთ ენაზე ლაპარაკობენ, თუნდაც თარჯიმნების მეშვეობით.
მათ ასევე აერთიანებთ ზიზღი „სირისტიანი“ დასავლელი ლიბერალების მიმართ, რომლებიც მორალს უკითხავენ და მოუწოდებენ, შიდა მტრებს პატივისცემით მოეპყრან.
ეს მენტალური ნათესაობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განსხვავებები მართლმადიდებლობას, ისლამსა და კონფუციანელობას შორის, რომელსაც თითოეული ეს ლიდერი ხმალამოღებული იცავს.
ჩინეთსაც და თურქეთსაც სრული საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ ამ ომიდან მოგებულები გამოდიან. კერძოდ, ორივემ ისაგებლა რუსეთის დასუსტებით მის სამხრეთ სამეზობლოში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.
ივანიშვილის ომი დასავლეთთან
ივანიშვილის ხედვაც ლიბერალური დასავლეთის ზიზღს და მხოლოდ ძალაზე დამყარებული პოლიტიკის პატივისცემას ემყარება. ბოლო წლებში მასაც ნამდვილი ომი დასავლეთთან აქვს.
ოღონდ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფსონი არსებითად სხვაა. ჩინეთს და თურქეთს ობიექტურად აქვთ რესურსი, გლობალურ (ჩინეთის შემთხვევაში) ან რეგიონულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი როლი ითამაშონ. ივანიშვილი ამ მასშტაბზე ვერ გავა.
მისი ფსონი პირადი ძალაუფლებაა. დასავლეთთან მისი ომის ძირიც ესაა: დასავლეთი პირადად მას ემუქრება იმით, რომ დემოკრატიული წესების დაცვას სთხოვს და ამით მის შიდა მტრებს - ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას - აძლიერებს.
თავდაპირველად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ, რეგიონში დასავლეთის გააქტიურებამ და რუსეთსა და დასავლეთს შორის მკაფიო არჩევანის საჭიროებამ ივანიშვილს დასავლეთის შიში გაუძლიერა.
როგორც ივანიშვილის საჯარო იდეოლოგებმა გვითხრეს, ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, წევრობის პერსპექტივა გაეხსნა, მის წინააღმდეგ მოფიქრებული „ტრიუკი“ იყო. ქართული საზოგადოების პროუკრაინული და პროდასავლური განწყობის ფონზე მთავრობას არ შეეძლო, ევროკავშირის წევრობის განაცხადი არ შეეტანა, ეს კი ევროკავშირს საქართველოზე ზემოქმედების ახალ ბერკეტებს უქმნიდა.
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ივანიშვილის რეჟიმის შესუსტებას ნიშნავდა, შეუსრულებლობას კი ოპოზიცია მის წინააღმდეგ გამოიყენებდა. 2022 წლის ივნისში საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარმა მისი ეს ეჭვი დაადასტურა: დასავლეთს მისთვის ძირის გამოთხრა ჰქონდა ჩაფიქრებული.
ხელისუფლებამ ამას ღია ანტიდასავლური აგრესიით უპასუხა. შეიქმნა ლეგენდა, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურდა - ვერ გამოვრიცხავ, რომ, რაც უნდა აბსურდული ყოფილიყო ეს ლეგენდა, მისი თავად ივანიშვილსაც სჯეროდა. თუმცა, ფორმალურად ევროპულ ორიენტაციაზე უარი საქართველომ მაინც ვერ თქვა.
ივანიშვილი დასავლეთს უგებს?
მაგრამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას სხვა ასპექტიც ჰქონდა. ომის ფონზე ევროპელთა ცნობიერებაში სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურმა წონამ მოიმატა. ადრე საქართველო აკაკუნებდა ევროპის კარზე, მაგრამ ორაზროვან პასუხებს იღებდა; ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპასაც სჭირდება საქართველო.
ამან გაუადვილა ივანიშვილს ხისტი პოზიციის დაკავება. ევროპელები დარწმუნდნენ, რომ რეჟიმის ქცევაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდნენ. მაშ რა უნდა ექნათ? მათ ჩათვალეს, რომ საქართველოს საერთოდ „დაკარგვას“ რეჟიმის მზარდი ავტორიტარიზმის შეწყნარება სჯობდა. შედეგად, მათ თამასა დაწიეს.
ამით აიხსნება შარშან დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ივნისის შემდეგ ქვეყანას რაიმე პროგრესი არ ჰქონია.
ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მთლიანად ქვეყნის წარმატებად იქნა აღქმული. მაგრამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ივანიშვილის რეჟიმმა ის დასავლეთთან ბრძოლაში თავის გამარჯვებად დაინახა.
არცთუ უსაფუძვლოდ. მას არაფერზე დაუხევია უკან: პირიქით, დასავლეთის მიმართ უკიდურესი აგრესია გამოიჩინა, ხოლო მისი რეკომენდაციები, არსებითად, აბუჩად აიგდო. პოზიციის შეცვლა ევროკავშირს მოუწია.
ეს ნიშნავს, რომ დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში თამაშის წესები ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. ხელისუფლების გზავნილი ევროპის მიმართ იყო: „მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ“. ფაქტობრივად, ევროპა ამას დაეთანხმა.
ივანიშვილის სპიკერები კამაყოფილებას ვერ მალავდნენ: ევროპას მაგრად დავუდექით და სწორედ ამით მივაღწიეთ მიზანს. შედავება ძნელია.
ზემოთქმული თავისთავად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი შეცდა, როცა წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა, ან რომ ჩვენ ეს სტატუსი არ უნდა გაგვხარებოდა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არგუმენტია, რომ უარყოფითი პასუხი ივანიშვილს რეჟიმს კიდევ უფრო გადახრიდა რუსეთისკენ.
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ივანიშვილის ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საკუთარი და არა ევროკავშირის პირობებით მიიღო. ეს რეჟიმის და არა ქვეყნის გამარჯვებაა.
ივანიშვილის ომი საკუთარ საზოგადოებასთან
დასავლეთთან ივანიშვილის პაექრობის არსს ვერ გავიგებთ, თუ მას არ დავუკავშირებთ პარალელურ ომს, რომელსაც ის საკუთარ საზოგადოების წინააღმდეგ აწარმოებს.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზოგადოების მხოლოდ ნაწილს ვგულისხმობ, ოღონდ ყველაზე გათვითცნობიერებულს და პოლიტიკურად აქტიურს (თუმცა არა ორგანიზებულს).
ივანიშვილის ორივე ომი ერთი მედლის ორი მხარეა. დასავლეთს უპირველეს ყოვლისა იმიტომ აქვს გავლენა საქართველოში, რომ ხალხის უმრავლესობა პროდასავლურია, ხშირად - აგრესიულად პროდასავლური.
ივანიშვილს ყველაზე მეტად სწორედ ამ კავშირისა ეშინია. მან იმიტომ ჩათვალა ევროკავშირის პერსპექტივის უეცარი გახსნა საკუთარი თავისთვის საფრთხედ, რომ ამაზე საზოგადოების რეაქციებს უფრთხოდა.
ომის დაწყებისთანავე ხალხი მასობრივად უკრაინის მხარეს დადგა და ხელისუფლებისგან იგივე მოითხოვა, ამ უკანასკნელმა კი მას იმედები გაუცრუა. ამის შემდეგ „რუსული ხელისუფლების“ იარლიყი, რომელსაც მანამდე უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები იყენებდნენ, თითქმის საყოველთაოდ გაზიარებული გახდა. ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია.
ერთდროულად დასავლეთის და საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის აპოგეა გახდა ე.წ. რუსული კანონი. მისი მთავარი აზრი იყო ქართულ საზოგადოებასა და დასავლეთს შორის პირდაპირი კავშირის გაწყვეტა: დასავლეთს უფლება არ უნდა ჰქონდეს, დაეხმაროს ვინმეს, ვისაც ივანიშვილი არ მოსწონს.
ეს შეტევა მარცხით დამთავრდა. პირიქით, „რუსული კანონის“ ჩაგდება ქართული საზოგადოების ჯერჯერობით ყველაზე დიდ გამარჯვებად იქცა.
ამ ეპიზოდმა მორალურად გაუადვილა ევროკავშირის მესვეურებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ სტატუსი საზოგადოებას მიანიჭეს და არა ხელისუფლებას.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილი ევროპას უგებს, მაგრამ საკუთარ საზოგადოებასთან აგებს? საქმე ასე მარტივად არ არის.
„რუსული კანონის“ დამარცხების შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა. ეს საკმარისი დროა, რომ ვთქვათ: საზოგადოებამ თავისი წარმატების განვითარება ვერ შეძლო.
ამის ძირითადი მიზეზია თვითორგანიზაციის უუნარობა და პრაგმატული აზროვნების დეფიციტი. სპონტანური ემოციური ამოფრქვევების რომანტიკა უფრო გვიზიდავს. პოლიტიკური პარტიების, როგორც ინსტიტუტის (და არა მხოლოდ არსებული პარტიების) უნდობლობა ძირეულ გამოწვევად რჩება.
ამას ივანიშვილის რეჟიმი თანმიმდევრულობას და შეუპოვრობას უპირისპირებს. თუ დამარცხდა, უკან იხევს, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენიც საჭიროა, მერე კი ისევ შეტევაზე გადადის.
ის ოსტატურად იყენებს ომის რეალურ შიშს და თავს მშვიდობის გარანტად წარმოაჩენს. კანდიდატის სტატუსი დაეხმარა, ნაწილობრივ მაინც გაენეიტრალებინა „რუსული ხელისუფლების“ იმიჯი.
თუმცა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილი საზოგადოებას ომს უგებს. ის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. რეჟიმი გვავიწროებს, მაგრამ სტრატეგიულ გარღვევას ვერ აღწევს.
მისი სისტემური ანტიდასავლური პროპაგანდის („დასავლეთი ძალით გვითრევს ომში“, თან „გვაპიდარასტებს“) ეფექტი შეზღუდულია: პროევროპული განწყობა არ შესუსტებულა. ხელისუფლება იძულებულია, ამას ანგარიში გაუწიოს.
ივანიშვილის საჯარო თანამდებობაზე უეცარი დაბრუნება ადასტურებს, რომ მას არსებული ვითარება აშფოთებს. საზოგადოების პოზიცია ობიექტურად უფრო ძლიერია, მაგრამ ის საკუთარი უპირატესობის გამოყენებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.