თუ არ შეწყდება ბულინგი, მივმართავ სასამართლოს - ნანა კოსტავა აქტივისტებს მიმართავს

სამოქალაქო აქტივისტების აქცია ქუთაისში. 30 მაისი.

სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს არ წყვეტენ. ნანა კოსტავა რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ საკრებულოში მუშაობის გაგრძელებას გეგმავს და თუ მის წინააღმდეგ მიმართული აქციები არ შეწყდება, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და სასამართლოს მიმართავს.

მის პოზიციას იზიარებს და აქტივისტებს ბოდიშის მოხდას ურჩევს საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე. მან 26 ივნისს საკრებულოს სხდომაზე ნანა კოსტავას წინააღმდეგ დაგეგმილი პერფორმანსის დაწყებამდე სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ასევე ნახეთ სამოქალაქო სექტორი და საკრებულოს წევრები სიძულვილის ენის წინააღმდეგ

„ეს ვითომ სამოქალაქო აქტივისტები ამას აკეთებენ ბონუსების და პრემიების სანაცვლოდ. სინამდვილეში, ისინი არ უსმენენ პატრიარქს და არაფერი აქვთ საერთო სულიერებასთან“, - განაცხადა ახალაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვებამდე. დღეს კი საკუთარ ფეისბუკგვერდზე დეპუტატმა დაწერა: „რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ნანა კოსტავა არ აპირებს ზედმეტად შეეგუოს მის მიმართ წარმოებულ შერჩევით აგრესიას და თუ ამ გაუთავებელი შეურაცხყოფებით იძულებული გახადეს და სასამართლოს მიმართა, დავინახავთ, რომ გაჩერდებიან კი არა, ბოდიშსაც კი მოიხდიან ეს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები“.

საკრებულოს სხდომას არ დაესწრო თავად ნანა კოსტავა, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე არ გაართულა სიტუაცია.

ასევე ნახეთ სამოქალაქო აქტივისტები ნანა კოსტავას მოუწოდებენ დატოვოს საკრებულო

„თუ არ შეწყვეტენ ჩემ მიმართ ბულინგს, მივმართავ პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახალხო დამცველს და ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გამოვიყენებ ჩემთვის კანონით მონიჭებულ ყველა ბერკეტს, რადგან ჩემს წინააღმდეგ მიმართულმა აქციებმა მიიღო პიროვნული შუღლის და ანგარიშსწორების ხასიათი“, - უთხრა ნანა კოსტავამ რადიო თავისუფლებას.

ნანა კოსტავასავე განცხადებით, იგი საკმარისად დაისაჯა საკუთარი შეცდომისთვის, რასაც ძალიან ნანობს და სურს მისი დისკრიმინაცია შეწყდეს.

„აღარ ვარ საკრებულოს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე. მეტიც, აღარც პარტიის წევრი ვარ, აღარ ვარ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოშიც, დავრჩი დამოუკიდებელ დეპუტატად და ახლა ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, რომელიც ბევრი დამიგროვდა, რადგან მე ჩემი უფლება-მოვალეობები მაქვს“, - აცხადებს იგი.

ასევე ნახეთ მწვავე პროტესტი საკრებულოს წევრს არაჰუმანური პოსტისთვის

ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას პასუხად სამოქალაქო აქტივისტი, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გვანცა თოთაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს არ შეწყვეტენ.

„სამწუხაროდ, ნანა კოსტავა ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადებების სიმწვავეს. მან სიძულვილის ენის, ნიშნის მოგებით საუბრის, შურისმაძიებელი ტექსტების გამო უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. ასე მოსაუბრე ადამიანი ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ქალაქს“, - აცხადებს გვანცა თოთაძე სამოქალაქო აქტივისტების სახელით და დასძენს, რომ საჯარო სივრცეში დეპუტატს დისკომფორტს შეუქმნიან იქამდე, ვიდრე მანდატს არ დატოვებს.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ ერთი თვის წინ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ნიშნის მოგებით მიმართავდა ბლოგერს, სალომე ბარკერს, 16 წლის დის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ.