თბილისში ბინების დაქირავება გაიაფდა - რამდენი დაგიჯდებათ ქირა უბნების მიხედვით

თბილისში ბინის ქირა მას შემდეგ გაორმაგდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოს რუსი მიგრანტების რამდენიმე ტალღა მოაწყდა.

თბილისში ბინის გაქირავება გაიაფდა და პროგნოზით ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება, თუმცა კლების მიუხედავად, დედაქალაქში ფასები პრეპანდემიურ ნიხრს აღარ დაუბრუნდება.

“2022 წლის შემდეგ ფასები ნელ-ნელა იკლებდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ახალი მიგრაციული შემოდინებები არ გაქვს, ხოლო არსებული მიგრანტების შემთხვევაში ვხედავთ ნელ, მაგრამ გარკვეული დოზით გადინებას. ეს, ბუნებრივია, ქირის ფასზე მოქმედებს და ნელ-ნელა დაიწყო შემცირება”, - ამბობს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი კახა სამყურაშვილი, რომლის პროგნოზითაც ფასი მომავალ წელსაც დაიკლებს, მაგრამ 2021 წლის ნიშნულს აღარ დაუბრუნდება.

თბილისში ბინის ქირა მას შემდეგ გაორმაგდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოს რუსი მიგრანტების რამდენიმე ტალღა მოაწყდა. პირველად გაზაფხულზე და მოგვიანებით შემოდგომაზე, როცა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები დადგა, მათ შორის, ლარსის გამშვებ პუნქტზეც. ფასმა კი ბინებზე პიკს 2022 წლის ბოლოს მიაღწია.

სწორედ ამ დროს გაუძვირა ვერაზე დაქირავებული ერთოთახიანი ბინა მეპატრონემ ჩვენს რესპონდენტ ქალს, რომელიც ბათუმიდან თბილისში ქირით პანდემიის დროს გადმოვიდა. 2021 წელისთვის ვერაზე ბინაში 700 ლარს იხდიდა.

„2022 წლის ნოემბერში [ბინის მეპატრონემ] დამირეკა და მითხრა, რომ ხომ იცი, რა სიტუაციაა... ბინა ჩემმა ყველა მეგობარმა გააძვირა, ყველა დამცინისო… მოკლედ, შემატყობინა, რომ ქირას მიძვირებდა… ბაზარზე ისეთი ამბავი ხდებოდა, სხვა სახლის მოძებნის შანსი არ მქონდა. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ სადმე წასვლას 900 ლარის გადახდა მერჩივნა, თან იმ მომენტში 1000 ლარადაც ძაან ცუდი ბინები ქირავდებოდა”, - იხსენებს ის და ამატებს, რომ ქირის გაძვირების ამბავი ასე არ დასრულებულა. 2023 წლის თებერვალში მეპატრონე ისევ დაუკავშირდა და უთხრა, ბინა დაეცალა, რადგან უკვე აღარც ახალი ფასი აწყობდა. საბოლოოდ, აპრილიდან ივლისამდე პერიოდში ბინაში ქალი უკვე 450 დოლარს იხდიდა.

ბინების გაძვირებას წინ საპირისპირო პროცესი უძღოდა. 2020 წლისთვის ქირაზე მოთხოვნა პანდემიამ შეამცირა. როგორც წესი, დედაქალაქში ბინებს ყველაზე ხშირად სტუდენტები - ქართველები და უცხოელებიც ქირაობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ლექციებმა აუდიტორიიდან ინტერნეტში გადაინაცვლა, მოთხოვნაც და, შესაბამისად, ქირის ფასიც დაეცა.

„როცა აუდიტორიებში სწავლა სრულად განახლდა [2022 წლისთვის], ამან მოთხოვნა გაზარდა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტების მხრიდან. დღეს უცხოელების რიცხვი 30 ათასს აჭარბებს და მათი ოდენობა განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, რადგან ინდოეთის მოქალაქე სტუდენტების ნაწილი უკრაინიდან საქართველოში გადმოვიდა. თავის მხრივ, მათაც გაზარდეს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა. თუმცა, რა თქმა უნდა, ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი მაინც მიგრანტები იყვნენ“, - ამბობს კახა სამყურაშვილი.

“მიგრაციული ფასები” - ასე უწოდებს უძრავი ქონების ასოციაციის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ნატა მოდებაძე თბილისში საცხოვრებლის დაქირავებაზე გაზრდილ ფასს.

“ისეთი პატარა ქვეყნის ბაზარზე, როგორიც საქართველოა…მოსალოდნელიც იყო, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ფასი დაიკლებდა. ახლა ვითარება დასტაბილურდა, მიგრანტების ნაწილმა საქართველო დატოვა, ზოგმა კი ბინა შეიძინა და ქირაზე მოთხოვნამ იკლო”, - ამბობს ასოციაციის წარმომადგენელი.

ფასის კლება შესამჩნევად განსხვავებულია უბნებისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით. პრესტიჟულ უბნებსა და კომფორტულ ბინებზე ფასებმა შედარებით ნაკლებად დაიკლო.

“მაგალითად, ადრე ნუცუბიძეზე ერთოთახიანი ბინა 1000 დოლარად ქირავდებოდა, დღეს კი მისი ფასი დაახლოებით 600-700 დოლარია, შეიძლება უფრო ნაკლებიც. უბნებისა და ბინის ხარისხის მიხედვით ფასი ძალიან განსხვავდება. მაღალი კლასის ბინები საგრძნობლად არ გაიაფებულა, მაგრამ პერიფერიებში უფრო დაბალი კლასის საცხოვრებელზე ფასმა მეტად დაიკლო”, - ამბობს ის.

ანტონი* რუსი ჟურნალისტია, თბილისში ის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში ჩამოვიდა. ერთოთახინი ბინა რუსთაველზე, იტალიურ ეზოში 400 დოლარად იქირავა და ამბობს, რომ „დაუჯერებელად იაფი“ იყო იმ დროს ამ ფასად რუსთაველზე ბინის პოვნაო. რამდენიმე დღის წინ ბინა შეიცვალა და ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე უფრო დიდ ფართში გადავიდა, რაშიც თითქმის იმავეს, 430 დოლარს იხდის.

“ახლანდელი ბინა ფართითაც უფრო დიდია და ბევრად კომფორტულია. საიტებზე ახალ ბინას რომ ვეძებდი, მაშინ შევატყვე, რომ 2022-2023 წლებთან შედარებით ფასი დაკლებულია. იგივე მესმის ჩემი რუსი მეგობრებისგანაც. მეუბნებიან, რომ პრესტიჟულ უბნებში ბინის არჩევანი ძალიან დიდია, თანაც თვეში 1000 დოლარად. ვგულისხმობ ვაკეს, ვერას… გასაკვირიც არაა, რადგან ძალიან ბევრმა, ვისაც ამ ფასის გადახდა შეეძლო, მაგალითად, რუსებმა, ქვეყანა დატოვეს. მახსოვს, პირველად აგვისტოში თბილისში რომ ჩამოვედი, ერთი კვირა ვეძებდი ბინას და ახლა იმდენი შემოთავაზება მქონდა. ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც ორთაჭალაში ზუსტად იგივე ქუჩაზე შარშან ცხოვრობდა, დაახლოებით 500 დოლარს იხდიდა და თან მისი ბინა ჩემზე პატარა იყო”, - ამბობს ის.

ბინის ქირის გაიაფების ტენდენცია საქსტატის მონაცემებშიც ჩანს. საქსტატის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში ბინის დაქირავება იანვარში 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა, ფასი 2.7%-ით არის შემცირებული წინა თვესთან შედარებითაც.

*სახელი რადიო თავისუფლების რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია.