თბილისის დროებითი იზოლატორი დაკავებულებს ვერ აუდის

# 16 სასჯელაღსრულების დაწესებულება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული 310 მოქალაქიდან 72-ს, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ყველა დაკავებულის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

„სამწუხაროდ, საქმეთა განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებულად და დაკავებულებს არ ეძლევათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიებით სარგებლობა როგორიცაა, მტკიცებულებების წარდგენა, ეფექტური დაცვის უფლება, საქმის გონივრულ ვადებში განხილვა. სხდომების მიმდინარეობისას არის სმენადობის (უმეტეს შემთხვევაში გათიშულია დინამიკები) სერიოზული პრობლემა, რითიც ირღვევა სხდომების საჯაროობის პრინციპი”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძმები ირაკლი და დავით ხვადაგინები პოლიციამ 21 ივნსს, რუსთაველის გამზირზე დააკავა. დავით ხვადაგიანს სმენა აქვს დაქვეითებული ცალ ყურში. გარდა ამისა უჭირს სიარული, რადგანაც ცალი ფეხი ხელკეტებითა და ფარის ცემისგან აქვს დაზიანებული.

სახის არეში ექსკორიაციები აღენიშნება ირაკლი ხვადაგიანსაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ხვადაგიანს 9-დღით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა როგორც ხვადაგიანის თანამშრომელი, რუსიკო კობახიძე ამბობს, მოსამართლეს გამამტყუნებელი გამოჩენის გამოსატანად არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რადგანაც მოწმე პოლიციელმა ვერ გაიხსენა ირაკლი ხვადაგიანთან დაპირისპირების ფაქტი.

„ზუსტად ვერ გეტყვით, ეს იყო თუ არა, ბევრი იგინებოდა“, - განაცხადა პოლიციელმა სასამართლოზე.

ირაკლი ხვადაგიანი 9-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას რუსთავის დროებითი დაკავების იზოლატორში მოიხდის.

როგორც რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, რეგინულ იზოლატორებში დაკავებულთა გადანაწილება მიღებული პრაქტიკაა და უკავშირდება თბილისის იზოლატორის გადატვირთვას.

სოციალური ქსელებით ასევე ვრცელდება 21 ივნისს დაკავებულ სხვა პირთა მიერ ატვირთული ფოტო-მასალა, რომლებიც სასამართლო პროცესის მოლოდინშია გადაღებული.