Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ფილარმონიასთან რამდენიმე პირი დააკავა


დილის 8 საათისთვის თბილისის რუსთაველის და მის მიმდებარე გამზირებზე სიმშვიდეა.

დაახლოებით ორი საათით ადრე მელიქიშვილის გამზირსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებსაც მანამდე სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით აიძულეს რუსთაველის გამზირი დაეტოვებინათ.

დილის 6 საათისთვის რამდენიმე ახალგაზრდამ ფილარმონიასთან მსუბუქი ავტომანქანა ჯოხებით დალეწა და ამოატრიალა. ჯოხები დაუშინეს პოლიციელებსაც. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. მელიქიშვილის გამზირზე დამტვრეულია სწრაფი გადახდის აპარატებიც.

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განლაგებულ სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

პარლამენტში ძალით შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ. ორივე მხრიდან დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლებამ ჯერ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, თითქმის მაშინვე დაიწყო ძალის გამოყენებაც.

XS
SM
MD
LG