ზუგდიდის სასამართლომ “სახის დამფარავი საშუალების” ტარებისთვის აქციის მონაწილეები დააჯარიმა

კერენ ესებუა და ცაბუნია ვართაგავა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით სამართალდამრღვევებად მიიჩნია პროევროპული აქციის მონაწილეები, ცაბუნია ვართაგავა და კერენ ესებუა.

“სახის დამფარავი საშუალების”, ე.წ. ბალაკლავის ტარების გამო მათ 2000-2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

სამოქალაქო აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას დარღვევის ერთ ეპიზოდზე ედავებოდნენ. კერძოდ, გამომძიებელ ზურაბ ჭაჭუას თქმით, 30 დეკემბერს ზუგდიდში, რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, აქტივისტი “სახის დამფარავი საშუალებით” გამოცხადდა და მოთხოვნის მიუხედავად, არ მოიხსნა.

კერენ ესებუა ამავე მიზეზით სამ სხვადასხვა ეპიზოდში ცნეს კანონდამრღვევად. მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ სამივე შემთხვევაში ერთსა და იმავე მუხლზე იყო საუბარი, ამიტომ ჯამში მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. ამ მუხლის მეხუთე ნაწილი ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - 5000 ლარით.

აქტივისტების სასამართლო სხდომები ცალ-ცალკე ჩატარდა. კანონში ცვლილების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლო მოქალაქეს ე.წ. ბალაკლავის ტარების გამო აჯარიმებს.

როგორც ცაბუნია ვართაგავამ მოსამართლეს განუმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმორჩილია, არ აღიარებს 174-ე მუხლში შესულ ცვლილებებს, რომლებსაც “არალეგიტიმურმა და არაღიარებულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა” ხელი.

“დავარღვიე გამიზნულად”, - თქვა სხდომაზე ცაბუნია ვართაგავამ. მან გამომძიებელ ზურაბ ჭაჭუას უთხრა, რომ გაუგებარია, რა მიზანი ჰქონდა დაჯარიმებას მაშინ, როცა აქტივისტის იდენტიფიცირების პრობლემა არ იყო და ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა კარგად იცოდნენ მისი ვინაობაც.

ცაბუნია ვართაგავამ სასამართლო სხდომაზე ე.წ. ბალაკლავა გაიკეთა და იკითხა: “ახლაც ვარღვევ კანონს?” ზურაბ ჭაჭუამ უპასუხა: “არა, ახლა არ არღვევთ. 30 დეკემბერს დაარღვიეთ შეკრებისა და მანიფესტაციის წესი”.

“ხვალ რომ არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ხელი მოაწეროს კანონს, დაიხვრიტოს აქციის ყველა მონაწილე, შეასრულებთ?”- კვლავ ჰკითხა გამომძიებელს აქტივისტმა. ჭაჭუამ არაფერი უპასუხა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ კი შეკითხვა საქმესთან კავშირის არქონის მიზეზით მოხსნა.

რაც შეეხება კერენ ესებუას საქმეს - ის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. აქტივისტი სასამართლოს ეზოში აპროტესტებდა კანონში შესულ “უკანონო, ადამიანის უფლებების შემზღუდავ” ცვლილებებს და მოითხოვდა “უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების” გათავისუფლებას.

კერენ ესებუამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს მომავალშიც დაემორჩილოს “არალეგიტიმური პრეზიდენტის” ხელმოწერილ კანონებს.

“მე არ დავესწარი ე.წ. სასამართლო სხდომას, იმიტომ რომ არ ვაღიარებ ამ მთავრობის ლეგიტიმურობას. ეს არის უკანონო სასამართლო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს საკუთარ იარაღად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პოლიციურ რეჟიმს”, - თქვა კერენ ესებუამ.

ამავე მიზეზით აქტივისტი არ აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და ჯარიმის გადახდას.

მისგან განსხვავებით, ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს.

დაჯარიმებულმა აქტივისტებმა სასამართლო სხდომების დასრულების შემდეგ კვლავ გადაინაცვლეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, სადაც თვეზე მეტია უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

მოქალაქეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ, 15 იანვარს, იმსჯელებს 174-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევისთვის დაკავებული მარიამ სიჭინავას, პარტია “დროას” წარმომადგენლის, საქმეზეც. ის ზუგდიდის აქციაზე 13 იანვარს ფეიერვერკის გამოყენებისთვის დააკავეს. მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. როგორც მარიამ სიჭინავა აცხადებდა, დაკავებამდე, ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიციამ იგი ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ. ბალაკლავის ტარებისთვის.

პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე. კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.

ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. თვეზე მეტია, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.

ასევე ნახეთ ზუგდიდის აქციაზე “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს
ასევე ნახეთ ზუგდიდის აქციაზე დაკავებული მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია