ზუგდიდში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული მარიამ სიჭინავა, პარტია „დროას“ წარმომადგენელი, სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისმა ადვოკატმა როლანდ შონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციამ მარიამი პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნული მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
„მარიამ სიჭინავა თავს ნორმალურად გრძნობს...ძალადობა პოლიციაში არ ყოფილა, მაგრამ ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს. მაგალითად, მარიამ სიჭინავას არ განუმარტეს დაკავების მიზეზები... სასამართლო ზუგდიდში გაიმართება დღეს ან ხვალ“, - თქვა ადვოკატმა როლანდ შონიამ.
მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით დააკავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. მან საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკი გამოიყენა.
ზუგდიდში მიმდინარე უწყვეტ აქციაზე, ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ. ბალაკავის ტარებისთვის, რაც 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
დაკავებამდე მარიამ სიჭინავა ჟურნალისტებთან კომენტარში ამბობდა, რომ არ აპირებს ჯარიმების გადახდას და არც პოლიციის „უკანონო მოთხოვნებზე“ დამორჩილებას.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე. კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას ყოველდღიურად მართავენ. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.
48-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.
ფორუმი