„მეტოქეები“ (2024, აშშ, რეჟისორი ლუკა გუადანინო)
მთავარი როლების შემსრულებლები მაიკ ფაისტი, ჯოშ ო’კონორი და განსაკუთრებით ზენდეია, პოსტკოვიდის ეპოქის ეს ვარსკვლავები, თითქმის ორი წელია არწმუნებენ ახალგაზრდებს, რომ „მეტოქეები“ ზუსტად ის კინოა, რომელსაც დიდი ხანია ელის ტიკტოკისა და ინსტაგრამის თაობა.
პრემიერის მოლოდინი მეტისმეტად გაიწელა. ლუკა გუადანინოს ფილმით უნდა გახსნილიყო ვენეციის შარშანდელი კინოფესტივალი. მაგრამ პრემიერა ჩავარდა ამერიკელი კინოსცენარისტების გაფიცვის გამო. ამის შემდეგ „მეტოქეების“ პროდიუსერებმა მარკეტინგულ ხრიკს მიმართეს - დაელოდნენ 2024 წლის თებერვალს, როცა მსოფლიო ეკრანებზე „დიუნი 2“ გამოვიდა... ჩანის როლის შესრულების შემდეგ ზენდეიას პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, გააძლიერა ინტერესი „მეტოქეების“ მიმართ. მოლოდინის ეფექტმა თავისი როლი ითამაშა საქართველოშიც, სადაც ფილმის პრემიერას აპრილის ბოლოს გვპირდებოდნენ. თუმცა, „კავეას“ განცხადებით, თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა „მეტოქეების“ ჩვენება ერთი თვით გადაწია. ეჭვიანი მაყურებელი, განსაკუთრებით ის, ვისაც ნანახი ჰქონდა ამ რეჟისორის ყველაზე გახმაურებული ფილმი „შენი სახელით მომმართე“, დარწმუნებული იყო, რომ გამქირავებელი „მეტოქეების“ ჰომოეროტიკულმა თემამ დააფრთხო (მით უმეტეს, თუკი არ გამორჩა ფილმის დამაინტრიგებელი ტრეილერი). სინამდვილეში Z თაობისთვის განკუთვნილ „ჟიული და ჯიმიში“ სექსის სცენა ფაქტობრივად არ არის (ზოგიერთ ქვეყანაში „მეტოქეებს“ არც აქვს ასაკობრივი შეზღუდვა)... და, შესაძლებელია სწორედ ესაა „მეტოქეების“ ღირსება (ჩემი აზრით, ერთადერთი) - სექსუალური კავშირები აქ მაქსიმალურად შენიღბულია, რამაც, წესით, ეროტიკულის განცდა უნდა გააძლიეროს.
ორი ჩოგბურთელი, პატრიკ ცვაიგი (ჯოშ ო’კონორი) და არტ დონალდსონი (მაიკ ფეისტი), ვარჯიშობენ ერთსა და იმავე ჩოგბურთის აკადემიაში და განუყრელი მეგობრები არიან. არტი მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი გახდა პატრიკმა კი, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ნიჭიერი იყო, გულშემატკივრების მოლოდინი არ გაამართლა. მეგობრებს დააშორებს შეხვედრა ტიშა დუნკანთან (ზენდეია), ჩოგბურთელთან, რომლის კარიერა მოულოდნელად შეწყდა მუხლის მოტეხილობით. ტიშა ორივე ყმაწვილს ერთდროულად შეუყვარდა.
ზენდეია ზუსტადაა შერჩეული ამ როლისთვის. სადღაც წავიკითხე, რომ 50 მილიონი დოლარის ბიუჯეტი უშუალოდ ზენდეიასთვის 10 მილიონ დოლარს ითვალისწინებდა. გუადანინომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა ტესტოსტერონმომძლავრებული ჰეტეროსექსუალი ყმაწვილების ვნება - დაუფლებოდნენ ვარსკვლავის მშვენიერ სხეულს. მაყურებელი - თვალით, ხოლო ფილმის გმირები, პატრიკი და არტი - თვალით და დანარჩენით...
ასევე ნახეთ რა ვნახეთ კანის კინოფესტივალზე?რეჟისორი ფაქტობრივად არც მალავს, რომ მისი მიზანია გახადოს თავისი ვარსკლავები უფრო სექსუალური, ვიდრე ჰოლივუდის სხვა ფილმებში. ამიტომაც აქვს ფილმს პრიალა ჟურნალის ესთეტიკა - ფეტიშად ქცეული ოფლიანი, ნახევრად შიშველი, დაკუნთული სხეულებით, რასაც ემატება გაუთავებელი გადაღება რაპიდით („სლოუ-მოუშენით“), რათა შესაძლებელი გახდეს კერპის დათვალიერება, რათა „ხელით შესახები ტანის“ მიმართ მაყურებლის ვნება მაქსიმალურად გაძლიერდეს. მაგრამ ზენდეიას გმირს, როგორც ტოქსიკურ მანიპულატორს, როგორც ერთიანობის („ძმაკაცობის“) დამაგრეველს, როგორც „კასტრატორს“ იმდენი ქარიზმა მაინც არა აქვს, რომ დამაჯერებელი გახდეს ბიჭების მოჯადოების ისტორია. „მეტოქეების“ სიუჟეტის არახაზობრივი განვითარება, დროის განსხვავებულ მონაკვეთში წარმოდგენილი ამბები სრულიად ართმევს მაყურებელს საშუალებას გაითავისოს პერსონაჟები და გაერკვეს მათ გრძნობებში. ამას ემატება ტრენტ რეზნორის და ატიკუს როსის საუნდტრეკი, თავისთავად შესაძლოა ძალიან კარგი, მაგრამ დამაზარალებელი ფილმისთვის, რომელსაც ელექტრონული მუსიკა ვიდეოთამაშის ფორმას ანიჭებს. ოკ. არაერთ ფილმში მოსულა! უბრალოდ, როდესაც ფილმი-კლიპი, მეტიც, ჩოგბურთის რეკლამა, ორსაათ-ნახევარი გრძელდება, პუბლიკა ტკბება არა პერსონაჟების ხასიათით, არა ისტორიით, არამედ ავტორის „გამომგონებლობით“, ფლეშბეკებით, ვაუ-ეფექტების მოზღვავებით (რომელთა სიმრავლე კიდევ უფრო მეტად ამძიმებს დროში გაწელილ ფილმს), და გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ჩოგბურთის გადაღებისას კამერა სპორტსმენებს „ბურთის თვალით“ დაგვანახვებს. ესაა სულ - ტექნიკის დემონსტრირება, ტექნიკის გამოყენება სიცარიელის და ზედაპირულობის შესანიღბად.
ასევე ნახეთ სოფია, მარჩელო და საბჭოთა-იტალიური სკანდალი„მეტოქეებში“ ჩოგბურთი წარმოდგენილია როგორც სიყვარულის ალეგორია. ჩოგბურთის მატჩები გადაღებულია მრავალრიცხოვანი რაკურსებით და ხანმოკლე კადრი-ატრაქციონებით (და კლიშეებით, რომლებიც დაგროვდა ჩოგბურთის ისტორიაში). განსხვავებით უმანკო ეროტიკული სცენებისგან, რომლისთვისაც ავტორები სტატიკურ და ფრონტალურ კადრს ირჩევენ. ჩოგბურთი ემსგავსება სექსს, ხოლო სექსი შეჯიბრს. სცენარი და ფილმის სახვითი გადაწყვეტა (მკაცრად მოჩარჩოებული კადრები) აძლიერებს იმის განცდას, რომ ფილმის გმირები საერთოდ არ არსებობენ კადრის მიღმა... მათ იქით ცხოვრება არ არსებობს, საერთოდ არაფერია მათი ნახევრად შიშველი, ოფლიანი სხეულების გარდა.
რაღა დარჩა აბა ფილმში, რომლის გაჭიანურებული ფინალის (დასკვნითი მატჩის) პირველივე წუთიდან ხვდება მაყურებელი, როგორ დასრულდება სასიყვარულო სამკუთხედის ისტორია? დარჩა დატკბილული დიალოგები, სტერეოტიპული ფრაზები („შენ გინდა, რომ ვინმეს უნდოდე!“, „შენ იმსახურებ სიყვარულს!“, „ხვალ თუ წააგებ, მიგატოვებ!“, „არც მე მიყვარხარ!“), უპრიმიტიულესი სიმბოლოები (ცვეიგი, ბანანით ხელში, უკვე კიტჩის საზღვრებსაც კი სცილდება) და, რაც მთავარია, ბანალურზე ბანალური დასკვნა, რომელიც შეიძლება მაყურებელმა გამოიტანოს მთელი ამ „ბანბანერკიდან“ - „ცხოვრებაში მთავარია არა გამარჯვება, არამედ თამაში!“... ქართველ Z-თაობას დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა უხდება, ვიდრე ლუკა გუადანინოს აღგზნებულ გოგო-ბიჭებს. ამიტომ საეჭვოა, ფილმის ქართული პრემიერის გადატანამ აპრილიდან ივნისში, რამენაირად ახეიროს საქართველოს კინოთეატრები (მით უმეტეს, ბილეთის ფასს თუ გავითვალისწინებთ). რაც შეეხება ჰომოსექსუალურ ქვეტექტს, რომელიც უკვე ტიპური ხდება გუადანინოს შემოქმედებისთვის; გაამერიკელებული იტალიელის თაყვანისმცემლები „მეტოქეების“ დაცენზურებამ არ უნდა შეაშინოს. მაშინაც კი, თუკი ჩვენში „ლგბტ-კანონი“ მიიღეს, ცენზორებს მშვიდად შეიძლება ვუთხრათ: „არ არიან ეს ბიჭები გეები. მოგეჩვენათ!“