ზელენსკის გაკვეთილები და "ერთსულოვნების რევოლუცია"

ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 2022 წ. 1 აგვისტო

უკრაინის პრეზიდენტის პირველი გაკვეთილი, რომელიც თავისუფლებისათვის მებრძოლი ქვეყნების ლიდერებმა უნდა დაისწავლონ, ცხადია, კიევში დარჩენა და პირადი მამაცობითა და თავგანწირვით საკუთარი ხალხისა და შეიარაღებული ძალების გამხნევებაა.

პირდაპირ ეთერში ჩატარებულ ამ დაუვიწყარ გაკვეთილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მომდევნო დღეებსა და თვეებში, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოაყოლა. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან გაკვეთილად შეიძლება ჩავთვალოთ 11 სექტემბერის მიმართვაც. უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მორიგ დაბომბვას. გვიანი ღამით, როცა პრეზიდენტი საუბრობდა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ხარკოვის, სუმისა და პოლტავის ოლქები ჩაბნელებული იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლებას ჰკითხა, ნუთუ კვლავაც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დააშინონ, გატეხონ და დაიყოლიონ უკრაინელები?

„მართლა ვერაფერი გაიგეთ?
ვერ გაიგეთ ვინ ვართ? რისთვის ვართ? რა გვინდა?
ტუჩების მოძრაობით გამოიცანით:
გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
შუქის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
საკვების გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი - ჩვენთვის ისეთი საშიში და სასიკვდილო არ არის, როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობაა“.
მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
და ჩვენ ვიქნებით გაზით, შუქით, წყლით, საკვებით... ოღონდ თქვენ გარეშე!“ - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამარხზე და ამ სიტყვებით რუსეთის მიერ შევიწროებული ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სათქმელიც თქვა.

რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ „რუსული სამყაროს“ ნაწილად ქცევას, რუსეთთან „მეგობრობასა და ძმობას“ ყველაფერი სჯობია - უგაზობა, უშუქობა, სიცივე და შიმშილიც კი.

ალბათ, ასე ფიქრობდნენ ქართველებიც 1801 წელს, როცა რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის სამეფოს იერთებდა; 1811 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აუქმებდა; 1921 წელს, როცა საბჭოთა რუსეთი საქართველოს ანექსიას ახდენდა; 1989 წელს, როცა რუსი სალდათები საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა სისხლს ღვრიდნენ; 1992-93 წლებში, როცა რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს გვართმევდა და 2008 წელს, როცა რუსეთის არმია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ბომბებს უშენდა...

ასე რომ არ ეფიქრათ ქართველებს, დღემდე ვერ მოაღწევდა საქართველო, ვერ გადარჩებოდა. საქმე ისაა, რომ ასე არ ფიქრობდა ყველა ქართველი და, სამწუხაროდ, ასე არც ახლა ფიქრობს ყველა ქართველი.

ნაწილისთვის რუსეთი ოკუპანტი და ქვეყნის უბედურების მთავარი წყაროა, ნაწილისთვის კი - ერთმორწმუნე მეზობელი და შემოსავლის წყარო; ნაწილი თავს აკლავს რუსეთს, ნაწილი კი მის სამსახურში ეძებს სარგებელს; ნაწილი უკრაინელ ლტოლვილებს უთანაგრძნობს, ნაწილი კი რუსი ტურისტების სიმრავლით ხარობს; ნაწილისთვის რუსეთი დათვია, ნაწილისთვის კი - ბაბაია... - სწორედ ამგვარი განსხვავებული და არათანმიმდევრული დამოკიდებულება უსპობს საქართველოს რუსეთის ორბიტიდან გასვლის საშუალებასა და გათავისუფლების შესაძლებლობას.

თითქოს წლების წინ მოვიტოვეთ უკან რუსულ ენერგეტიკასა და სამომხმარებლო ბაზარზე დამოკიდებულება (საქართველომ უკრაინაზე ბევრად ადრე გამოცადა უშუქობა, უგაზობა და ეკონომიკური ბლოკადის ყველა სხვა „რუსული სიკეთე“), მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ტრადიციული არათანმიმდევრული დამოკიდებულების გამო, საქართველო რუსეთიდან კვლავ იღებს ბუნებრივ აირსა და ნავთობპროდუქტებს (42 მლნ და 254 მლნ დოლარის მხოლოდ 2022 წლის ექვს თვეში), ხოლო ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მნიშვნელოვანი ნაწილი (72 მლნ და 30 მლნ დოლარის, შესაბამისად) კვლავ რუსეთის ბაზარზე იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა ისევ დაიბრუნა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტები.

ასევე ნახეთ წელს დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით - ღარიბაშვილი

დიდ ქვეყანას, რომელსაც ამდენი აქვს შენთვის დაშავებული, მხოლოდ თანმიმდევრული, ერთიანი პოზიციით თუ დაუპირისპირდები და გაუმკლავდები ისე, როგორც ამას უკრაინელები აკეთებენ დღეს და ისე, როგორც ეს გააკეთეს ფინელებმა 1939-1940 წლებში.

ცნობილმა ფინელმა დიპლომატმა მაქს იაკობსონმა საბჭოთა კავშირის თავდასხმაზე ფინელი ხალხის პასუხს „ერთსულოვნების რევოლუცია“ უწოდა:

„ეს იყო რევოლუცია, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც კრემლში ამყარებდნენ იმედს. გარედან მომდინარე მუქარამ წარხოცა შინაგანი განხეთქილებანი და გააერთიანა ხალხი. მთელი ერი თავგანწირვით ჩაება ომში სახელმწიფოს გადასარჩენად“.

ფინელი ხალხი და ფინეთის ყველა მომდევნო მთავრობა ერთგული დარჩა 100-დღიანი ომის პრინციპებისა. ფინელებმა არ შეიცვალეს მტრისადმი დამოკიდებულება და, დიდწილად, ამგვარი პრინციპულობის გამო გადაურჩნენ შარიანი მეზობლის თავდასხმებს. ცნობილი ამბავია, რომ სისუსტე და უპრინციპობა, როგორც წესი, მოქმედებისკენ უბიძგებს აგრესორს.

ფინეთ-სსრკ-ის ომი. 1939 - 1940

იაკობსონის სიტყვები კი თითქოს დღევანდელ უკრაინასა და მის პოლიტიკურ ლიდერზეა ნათქვამი. ვინ იცის, იქნებ სულ მალე რუსეთ-უკრაინის ომზეც ითქვას:

„როცა ერთმანეთს უპირისპირდება მრავალსახოვანი ინტერესების მქონე უზარმაზარი სახელმწიფო და შედარებით მცირერიცხოვანი ერი, რომლის ერთადერთი მიზანია შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, ძალთა თანაფარდობა არ შეიძლება არითმეტიკულად გაითვალოს...“

ყველა ხედავს და უკრაინის ჯარის წარმატებული კონტრშეტევაც ამას ადასტურებს, რომ შედარებით პატარა უკრაინა ძლიერია უზარმაზარ რუსეთზე, რაც, პირველ რიგში, უკრაინაში მომხდარი „ერთსულოვნების რევოლუციისა“ და მისი სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზელენსკის დამსახურება უნდა იყოს და მხოლოდ შემდეგ - კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერისა და რუსეთის გახრწნილობისა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.