ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო.
ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების გაცემის პროცესი? რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებიდანაც მოიპოვა.
დახმარების მოლოდინში
გიგა გიგაურის უნიკალურ ხის ნაკეთობებს ახლა მხოლოდ მოტრფიალეები შერჩნენ, რადგან მყიდველები კორონავირუსის პანდემიამ გაუფანტა. ფასანაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგუდაში აშენებულ პატარა მაღაზიაში ტურისტები ვეღარ შედიან. გიგაურს ნაკეთობები ვეღარც თბილისში ჩამოაქვს - „ბოლო სამი თვეა შემოსავალი საერთოდ აღარ არის“.
ოჯახი, სადაც აბიტურიენტ შვილს მილიონი რაღაც სჭირდება - ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩა. კრიზისის გამო გიგა გიგაურის ბიზნესის მომავალი სრულიად გაურკვეველია, მაგრამ მას სახელმწიფომ უთხრა, რომ მხოლოდ ერთჯერადად - 300 ლარით დაეხმარება.
თვითდასაქმებულთა შესაბამისი რეგისტრაციის მწვანე შუქი 18 მაისს აინთო, თუმცა გიგა გიგაურმა ორი დღე იწვალა და ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე დარეგისტრირება 20 მაისამდე ვერ შეძლო - „რაღაც ტექნიკური პრობლემა იყო, არ გვიშვებდა სისტემაში, არ გვარეგისტრირებდა“.
მერე როგორც იქნა, სისტემამ უთხრა, რომ - წარმატებით გაიარა რეგისტრაცია, მაგრამ თანხა ჯერ ისევ არ ჩანს - „გვითხრეს, 10 დღეში იქნებაო თანხა, დღეს ვიკითხეთ და არ არის ჯერ... არც ის ვიცით, იქნება თუ არ იქნება... 10 დღე ხვალ გადის. ვერავინ გვიხსნის“.
ასევე ნახეთ ინსტრუქცია: კორონავირუსის გამო სამსახურის დაკარგვის შემდეგ როგორ უნდა მიიღოთ მთავრობისგან კომპენსაციასაკითხში გარკვევას რადიო თავისუფლება შეეცადა.
გავარკვიეთ, რომ გიგა გიგაურს, როგორც მიკრობიზნესის სტატუსის მქონე, შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულ პირს, თანხის მიღების პრობლემა, წესით, არ უნდა ჰქონდეს. დარეგისტრირების დღიდან ათვლილ 10-დღიან ვადაში კი 10 სამუშაო დღე იგულისხმება, შაბათ-კვირების (და დღესასწაულების) გამოკლებით.
300 ლარის გადარიცხვა დაიწყო - ვინ ვერ მიიღებს
თანხის გადარიცხვის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო კურირებს. როგორც უწყებაში გვითხრეს, ფულის გადარიცხვის პროცესი დღეს (29 მაისს) დაიწყო და ფულს ეტაპობრივად მიიღებს ყველა ის პირი, ვინც დარეგისტრირდა და ვისაც ის ეკუთვნის - წინასწარ გამოცხადებული კრიტერიუმების მიხედვით.
დასაქმების სააგენტოს ცნობით, 28 მაისის მდგომარეობით:
- „თვითდასაქმებული, ვინც 300 ლარს მიიღებს, 51 217 პირია - და გადაირიცხება 15 365 100 ლარი“;
- „თანხა ეტაპობრივად აისახება მათ ანგარიშებზე. დღეს პირველი ნაწილი უკვე აისახა“.
რეგისტრაციის ვადა 1 ივლისამდეა. 29 მაისის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სულ დარეგისტრირდა 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველი 91 730 პირი.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფოს თვითდასაქმებულებისთვის 75 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. ეს თანხა მხოლოდ 250 ათასი თვითდასაქმებულისთვის იქნება სამყოფი. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 800 ათასზე მეტი თვითდასაქმებულია.
ასევე ნახეთ საიდან მოვიტანოთ ცნობა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად?
- 70 წლის მანანამ უკვე იცის, რომ ის ვერ მიიღებს 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას, რადგან იმ ოჯახის ცნობას, სადაც წლებია დამლაგებლად მუშაობს, სახელმწიფო თვითდასაქმების დასტურად არ ჩათვლის. არადა, დამსაქმებელ ოჯახს თავადაც გაუჭირდა და არავინ იცის, როდის დაიბარებენ და საერთოდ დაიბარებენ თუ არა მას სამუშაოდ - „ოთხ ადამიანს ვაჭმევ. მარტო ჩემი პენსია ვის ეყოფა?!“
- ასეა 50 წლის კახაც. ის შუშის ნაკეთობებს ამზადებდა და „მშრალ ხიდთან“ გაჰქონდა გასაყიდად. ბევრს ვერ შოულობდა, მაგრამ „რაღაცა მაინც იყო“. ახლა საგონებელშია ჩავარდნილი - „მე საბუთს აბა, ვინ მომცემს“.
რა უნდა გქონდეთ 300-ლარის მისაღებად
როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ მრავალჯერ განმარტა, შემოსავლების სამსახურში არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა ვებპორტალზე რეგისტრაციისას უნდა ატვირთონ დამატებითი მტკიცებულებები.
ჩამონათვალი ვრცელია, მაგრამ ბევრისთვის მიუწვდომელი, ასე მაგალითად:
- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არა მეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი - ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება - აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას (ეს შეიძლება იყოს შესყიდვების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა);
- 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ეკონომიკური სარგებელი;
- მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა ან ლიცენზია; საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური საქმიანობა ან შემოსავალი;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური სარგებელი.
კონკრეტული ადამიანის შემთხვევას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ, ფულს თვითდასაქმებული 10 სამუშაო დღის ფარგლებში მიიღებს.
კომპენსაციის საკითხი პარლამენტში
თვითდასაქმებულებისთვის თანხის ჩარიცხვის დაწყება სწორედ იმ დღეს დაანონსდა, როდესაც ინტერპელაციის წესით დაბარებული პრემიერი გახარია პარლამენტში მივიდა და ოპოზიციის შეკითხვებს პასუხობდა.
და როდესაც პარასკევის შეხვედრისას ოპოზიციამ გაიმეორა ბრალდებები - ამდენი თვე გავიდა, საგანგებო მდგომარეობაც მოიხსნა და ხალხს დაპირებული მიზერული თანხის მიღებაც დაუგვიანეთ, ჯერ არავის მიუღიაო, პრემიერმა მათ ნიშნისმოგებით უპასუხა, 300 ლარის გაცემა 29 მაისს დაიწყოო.
- „52 151-მა თვითდასაქმებულმა დღეს უკვე მიიღო კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით“;
- „25 მაისის შემდეგ, 72 175-მა ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200-ლარიანი დახმარების მიღება. მათ თანხა უკვე ჩაერიცხათ“.
გიორგი გახარიამ ასევე თქვა, რომ სულ 427 206-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება (მათ შორის, სოციალურად დაუცველებმა თუ ფერმერებმა).
ასევე ნახეთ გიორგი გახარია: გეგმა, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობდა, ქვეყანაში კოლაფსს გამოიწვევდადასაქმების სააგენტოში დაახლოებით 15:00 საათისთვის გვითხრეს, რომ ამჟამად იდენტიფიცირებულია 72 175 დასაქმებული, ვისაც ეკუთვნის კომპენსაცია - თვეში 200 ლარის ოდენობით (6 თვეში 1200 ლარი), თანხის ჩარიცხვა ასევე დღეს დაიწყო და ფულს ყველა თანდათან მიიღებს. თანხა ჯამში 14 435 000 ლარს შეადგენს.
თვეში 200-ლარიანი დახმარება არ შეხვდებათ მათ, ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა.
ჯანდაცვის სამინისტროს სიებს შემოსავლების სამსახური აწვდის. უწყებაში გვითხრეს, რომ დამსაქმებლებს რეგისტრირების ვადა 30 მაისს ეწურებათ.
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე რამდენიმე კვირაა მოუწოდებს თვითდასაქმებულებისთვის დამატებითი, რთულად მოსაპოვებელი დოკუმენტების მოთხოვნის გაუქმებისკენ და ასევე - ხალხისთვის მეტი თანხის გაცემისკენ.
გიორგი გახარია პარლამენტში იყო 27 მაისის სხდომაზეც, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მას StopCov ფონდში მობილიზებული 133 მილიონი ლარის დახარჯვისკენ მოუწოდა. ეს ის ფონდია, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შემოწირულებაც არის.
თუმცა ეს თანხა სარეზერვოდ ითვლება და ჯერ არ იხარჯება.
ასევე ნახეთ გოცირიძე გახარიას: რატომ არ ხარჯავთ StopCov ფონდში მობილიზებულ თანხას, რატომაა იგი სარეზერვო?ოპოზიციური პარტიების მიერ ბოლო თვეებში შეთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმებსა და, მათ შორის, გადასახადების შემცირების წინადადებას პრემიერი გახარია სახელმწიფოსთვის დამღუპველად მიიჩნევს.