Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძე გახარიას: რატომ არ ხარჯავთ StopCov ფონდში მობილიზებულ თანხას, რატომაა იგი სარეზერვო?


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ უკმაყოფილება გამოთქვა კოვიდ-19-ის ფონდში, StopCov-ში მოზიდული თანხების სარეზერვოდ ხარჯვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მთავრობას მოუწოდა, სარეზერვოდ ის თანხა იქნას განსაზღვრული, რომელსაც ქვეყანა დახმარების სახით მიიღებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი კითხვის დასმისას დეპუტატმა განაცხადა, რომ StopCov ფონდში მობილიზებული 133 მილიონი ლარი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 443 000 თვითდასაქმებულს 300-ლარიანი დახმარება მიეცეს:

„133 მილიონი ლარია დღეს ამ ფონდში აკუმულირებული და ეხლა გავიგე თქვენგან, რომ თურმე ეს ფონდი ყოფილა სარეზერვოდ, ბატონ ბიძინას მადლობა გადაუხადეთ, მისი 100 მილიონიც არის აქ და ამას გამოიყენებთ მერე. კი, მაგრამ, სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს ფული, რომელიც დევს, დახარჯეთ ეხლა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ მთავრობა სარეზერვო ფონდის თანხების განკარგვის ნებართვას ბიძინა ივანიშვილისგან ელოდება:

„ალბათ იმიტომ არ აკეთებთ, რომ რადგან იქ ბატონი ივანიშვილის ფული დევს, ელოდებით მისგან ნებართვას და შეიძლება ისეთი უცნაურობა განმეორდეს, რაც მოხდა წინა პერიოდში, როდესაც მან 80 მილიონი გაიღო მხარდაჭერისათვის, როდესაც მოხდა სტიქია, მერე მოვიდა ხელისუფლებაში და ეს 80 მილიონი დაიბრუნა უკან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 27 მაისს, პარლამენტის წინაშე გამოვიდა ანგარიშით, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს შეკითხვები დაუსვეს. სხდომაზე ამ დროისათვის შესვენებაა. გიორგი გახარია შეკითხვებს სხდომის განახლების შემდეგ უპასუხებს.

XS
SM
MD
LG