„მიზანი დაშინებაა“ - ვის და რატომ იბარებენ კრიმინალურ პოლიციაში

კრიმინალურ პოლიციაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქციების მონაწილეებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში იბარებენ

ათობით ადამიანს დაურეკეს და შსს-ში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყველა მათგანი „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა. საპროტესტო ტალღა აპრილის შუა რიცხვებიდან მოჰყვა საშინაო და საერთაშორისო ზეწოლით შარშან უკვე ჩაგდებული კანონის პარლამენტში დაბრუნებას.   

20 მაისი. საქალაქო სასამართლოს ეზოში დილიდან ხალხმრავლობაა. აქ მთელი დღის განმავლობაში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების პროცესებია დანიშნული. დღეს ყველა საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ეხება. მაგალითად, ერთ აქტივისტს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, მეორეს წვრილმან ხულიგნობას, ზოგიერთს კი - ორივეს ერთად. მხოლოდ ერთ დღეში 54 დემონსტრანტის საქმე უნდა განიხილონ.

მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე. ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა, გზის გადაკეტვის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ კი გამოკითხვაზე დაიბარა.

საბა სხვიტარიძე, სამოქალაქო აქტივისტი

კრიმინალური პოლიციის დაბარება სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. პირველად ერთი კვირის წინ დაურეკეს, შემდეგ კი ოფიციალური უწყება სახლშიც მიუტანეს. საბა სხვიტარიძემ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

„მოწმედ დამიბარეს, რა მუხლით და რა მიზეზით, არ მეუბნებიან. მიზნობრიობა როცა ვიკითხე, მითხრეს, რომ აქციებთან დაკავშირებით გასაუბრება უნდოდათ. რა პერიოდს ეხება, ამასაც არ ამბობენ, ძალიან ბევრი აქცია იყო და არ შემიძლია ვთქვა, რომელ ეპიზოდს შეიძლება ეხებოდეს“, - ამბობს საბა სხვიტარიძე.

სისხლის სამართლის ის მუხლები, რომელთა საფუძველზეც აქციაზე მყოფ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს, იურისტ ლინა ღვინიანიძეს დაუსახელეს. ისიც გამოკითხვაზეა დაბარებული.

ლინას თქმით, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე: 222-ზე, 225-სა და 226-ზე. ყველა ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ-ს) იმ თავშია, რომელიც „საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულს“ ეხება.

  • მუხლი 222 - ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირება გულისხმობს - ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. დანაშაული დასჯადია იმ შემთხვევებშიც, როდესაც ბლოკირებამ „შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა“. იგივე დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუ ჩადენილია „ჯგუფურად“ ან „არაერთგზის“.
  • მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით, მასში მონაწილეობა - ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
  • მუხლი 226 - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - ისჯება სამ წლამდე პატიმრობით.

ლინა ღვინიანიძე, იურისტი

„გამომძიებელს ვკითხე, რას ეხებოდა ეს გამოკითხვა და რა იყო ჩემი სტატუსი ამ საქმეში. მითხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ. გამოვიყენე ჩემი უფლება, არ მივიდე სამინისტროში გამოკითხვაზე და მხოლოდ სასამართლოს წინაშე გამოვიკითხო. ვფიქრობ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჩემი დაბარება, რა ფაქტს, რომელ ეპიზოდს, რომელ დღეს, რის საფუძველზეც გამოძიება ფიქრობს, რომ მე რაიმე ინფორმაციის მიწოდება შემიძლია, პასუხი არ მაქვს!“ - ეუბნება ღვინიანიძე რადიო თავისუფლებას.

ლაშა დიაროვი, აქტივისტი

უწყება უკვე ჩაბარდა ლაშა დიაროვს. 17 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოშია დაბარებული.

ოფიციალური დოკუმენტიდან, რომელიც დიაროვმა აჩვენა რადიო თავისუფლებას, ვიგებთ, რომ სისხლის სამართლის საქმის ნომერია: #090080524002. გამოკითხვაზე გამოძახების მიზეზად „საპროცესო მოქმედების ჩატარებაა” დასახელებული.

უწყება, რომელიც ლაშა დიაროვს ჩაბარდა, 17 მაისითაა დათარიღებული.

აბსოლუტურად არაფერი წერია, საქმის ნომერი ფორმალურადაა დანატილი, ვერაფერს გაიგებ და მოძებნი. „საპროცესო მოქმედებების ჩატარება” - ეს ფრაზაც ზოგადი ჩანაწერია, კაცმა არ იცის, რა მოიაზრება. უწყების ჩაბარებამდე ოთხჯერ დამირეკეს. ჯერ საქმის გამომძიებელმა, შემდეგ უბნის ინსპექტორმა, შემდეგ ისევ გამომძიებლებმა“, - ამბობს ლაშა.

იცის, რომ გამოკითხვაზე შსს-ს კრიმინალურ პოლიციაში სულ მცირე 50 ადამიანი დაიბარეს. პოლიციაში მისვლაზე ყველამ უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვენ დაკითხვას.

გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ხათუნა საღინაძეც. საქმის დეტალების შესახებ გამომძიებელი არც მას ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს, 20 მაისს გამოკითხა.

ასევე ნახეთ "მიჰყავთ იქითკენ, თითქოს რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში გამოჰკითხეს

მას გამომძიებელმა მხოლოდ ის უთხრა, რომ „აქციების თემაზე“ უნდა დაესვათ კითხვები, გამოკითხვის დასრულების შემდეგ კი ამბობს, რომ შსს-ს მიზანია „ძალადობის ორგანიზატორად გამოიყვანოს“. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დააკავონ.

ზურა ჯაფარიძე, „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი

"თავიდან ზოგადი კითხვები იყო, ამ რიცხვში სად იყავი, იმ რიცხვში სად იყავიო. შემდეგ საუბარი წაიყვანეს იქითკენ, "იმედმა" სუსის მიერ გაკეთებული ჩანაწერები რომ გაუშვა. ეს ჩანაწერები ორი ან მეტი წლის წინ არის გაკეთებული, სადაც მე ვხვდები მხარდამჭერებს. დედაენის ბაღშია ჩაწერილი, სუსის თანამშრომელი გადაღებული გვყავს, მაშინ დავდეთ კიდეც საჯაროდ. იმ ჩანაწერებში რაღაცებს ამბობო... მოკლედ, სამი წლის წინ რაც ვილაპარაკე, მაგას ამ აქციებს აბამენ...", - ამბობს ჯაფარიძე და ამატებს, რომ გამომძიებელი დაინტერესებული იყო გაეგო, ოდესმე დაუორგანიზებია თუ არა ძალადობრივი ქმედება.

"ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ-მეთქი და მაგით დამთავრდა", - თქვა ჯაფარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას არ ეუბნებიან, რას ეხება სისხლის სამართლის ის საქმე, რომლის ფარგლებშიც აქციების მონაწილეებს შსს გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იბარებს. ასევე, გაურკვეველია, დასახელებული სამი მუხლიდან, გამოკითხვაზე დაბარებულებს ყველა ეხებათ, რომელიმე ერთი თუ რამდენიმე.

„გამომძიებელს უკან გადავურეკე, დავინტერესდი მიჭერდნენ თუ მოწმე ვიყავი და მითხრეს, ამ ეტაპზე მოწმედ გიბარებთო. „ამ ეტაპზე“, - ეს ფრაზა არ ვიცი რას ნიშნავს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი - გელა ხასაია.

გელა ხასაია, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი

ის ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული. 24 აპრილს სასამართლომ 2600 ლარით დააჯარიმა. გელა ხასაიას ეკუთვნის გვერდი ფეისბუკზე, „აფხაზური ამბები“ და ხშირად აპროტესტებს ხელისუფლების საკამათო გადაწყვეტილებებს.

„შსს-ში სისხლის სამართლის საქმეებზე დაბარება აქციის მონაწილეების დაშინების მცდელობაა, და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გირეკავენ, გიბარებენ და იმასაც არ გეუბნებიან, მოწმე ხარ თუ ბრალდებული“, - ამბობს ხასაია.

ის ერთ-ერთია პოლიციის მიერ დაკავებული ათეულობით დემონსტრანტიდან, ვინც დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე მიუთითებს.

შსს-ს გამოსაკითხთა გრძელ სიაში მოხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც. მათ შორის არიან იგორ ნარმანია და ტიტე გედენიძე; აქტივისტები: ნიკა ნარსია, თაზო მახარაძე, ნიკო მანაგაძე. ისინი პოლიციაში დაბარებას დაშინებად აღიქვამენ.

იგორ ნარმანია: „მორიგი კრახისთვის განწირული დაშინების რეპრესიული მანქანაა. რაც უფრო გააძლიერებს რეპრესიებს ივანიშვილი, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს“.

ნიკა ნარსია: „ცოტა მაცადეთ, ერთ თვეში ბავშვს ველოდები, ვნახავ და მერე ჩავჯდები; არსად გაქცევას არ ვაპირებ, მიტინგზე სიარულისთვის თუ ამდენი მუხლით უნდა მომისაჯოთ, სიგიჟეა!.. ჩვენ ვიცინით, მაგრამ ეს გზა საითაც მიდის, არის ის, რომ ოქტომბრამდე ყველა აქტიური პირის ჩასმა უნდათ ციხეში, რომ არჩევნებიც ჩაატარონ რუსულად“.

იურისტი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის ის მუხლები, რომლითაც შსს გამოძიებას აწარმოებს, ბუნდოვანია, სამართალდამცველებს ინტერპრეტაციის ფართო სივრცეს უტოვებს და შესაძლოა „არაკეთილსინდისიერად, რეპრესიულად და ბოროტად გამოიყენონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ!“

გოგა ხატიაშვილი, იურისტი

222-ე მუხლი

„სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი დანაშაულად მიიჩნევს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების საქმიანობის შესაძლო შეფერხებასაც კი. ეს სამართალდამცველს აძლევს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ჰიპოთეტურად თქვას, რომ ესა თუ ის ქმედება დაწესებულების საქმიანობას შეაფერხებდა“, - განმარტავს იურისტი, გოგა ხატიაშვილი.

ამას გარდა, იურისტის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი არ აზუსტებს, რა მოიაზრება „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ობიექტებში, რაც ასევე ნორმის მიკერძოებულად და შერჩევითად განმარტების ფართო სივრცეს ტოვებს.

225-ე მუხლი

სისხლის სამართლის კოდექსის 225- მუხლისთვის მთავარია, რომ ჯგუფური ძალადობა იყოს ორგანიზებული და ეს ორგანიზებულობა ჯგუფის წევრების წინასწარ კავშირებში გამოიხატებოდეს

„თუ ადამიანები სხვა პირებთან ერთად მონაწილეობენ ქმედებებში წინასწარი შეთანხმების ორგანიზების გარეშე, ეს არის სპონტანური პროცესი, რომელიც გამომდინარეობს დროიდან და სიტუაციიდან. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ გვეყოლება ვერც ორგანიზებული ჯგუფი და ვერც დანაშაული გვექნება - ასე უნდა იყოს განმარტებული ამ მუხლის შინაარსი და არა რეპრესიულად“, - ამბობს ხატიაშვილი.

226-ე მუხლი

ამ მუხლისთვის ისიც დანაშაულია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლის მოწოდებას დემონსტრანტი არა მხოლოდ აქტიურ, არამედ პასიურ დაუმორჩილებლობას უცხადებს:

„ასეთი ბუნდოვანი არაგანჭვრეტადი მუხლები ხელისუფლების სამართალდამცავი უწყებების მხრიდან იქნება გამოყენებული რეპრესიულად, რომლის მიზანიცაა მშვიდობან მომიტინგეებზე ზემოქმედება და დაშინების მცდელობა. არსებობს მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობენ ბოლოდროინდელი მოვლენებით გამოადნოს ამ მუხლების შემადგენლობა და ამ მუხლების განუჭვრეტადი და ბუნდოვანი შინაარსი ამისთვის გამოიყენონ“, - განმარტავს გოგა ხატიაშვილი.

სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლებით გამოძიების დაწყებასა და აქციის მონაწილეების დაბარებას წინ უსწრებდა შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრიფინგი, რომელიც 12 მაისს გაიმართა. ამ ბრიფინგზე ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ თუ „შეკრება ძალადობრივი გახდებოდა“, შინაგან საქმეთა სამინისტრო „აამოქმედებდა“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს.

ბრიფინგიდან ორ საათში, საღამოს 10 საათიდან თბილისში მორიგი, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ღამე გაათენეს, აქტივისტების გეგმების შესახებ ინფორმირებული იყო შსს.

„ამ მუხლისადმი ლოიალურობამ, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია“, - თქვა გომელაურმა.

Შს მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, 13 მაისს გამთენიისას, სანამ მმართველი პარტია, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით დაამტკიცებდა, სამართალდამცავებმა პარლამენტთან 20 ადამიანი, მათ შორის, 4 უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავების კადრები უფრო ანგარიშსწორებას ჰგავდა, ვიდრე საპოლიციო ოპერაციას.

შსს-ს კრიმინალურ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე იურისტებმა სოციალურ ქსელში რეკომენდაციების გამოქვეყნება დაიწყეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სამართლის პროგრამის ხელმძღვანელმა, გურო იმნაძემ მოქალაქეებს ურჩია:

  • ტელეფონზე საუბრის დროს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მიღება სცადონ გამომძიებლისგან - რა საქმეა, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ.
  • გამოკითხვაზე მისვლა ნებაყოფლობითია - უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და ასე სცადოს პასუხების მიღება. სასამართლოში მისვლა სავალდებულოა;
  • ჩვენების მიცემის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ - „მხოლოდ ის თქვით, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ, რომ დაინახეთ/მოისმინეთ“;
  • უმჯობესია, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდნენ.

„[დაბარებების] ერთადერთი მიზანი ისევ ჩვენი დაშინება და დაზაფვრაა, იმიტომ რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა“, - ამბობს იმნაძე.

ადვოკატი ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე დაბარებულებმა ჩვენება არ უნდა მისცენ: „ვინაიდან შეიძლება ყველა სიტყვა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგისთვისაა ეს საქმე წამოწყებული. ჩვენების მიცემაზე უარის თქმითაც ვერ შეგედავებიან, ვინაიდან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დაგიბარეს მოწმედ და საქმეზე გამოძიებაც დემონსტრაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს“.

Საპროტესტო Აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დაკავებულია აქციის ორი მონაწილე, რომლებსაც პარლამენტის ჯებირების დაზიანებას ედავებიან.

პარალელურად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის, 15 აპრილიდან 15 მაისამდე, პოლიციამ 185 ადამიანი დააკავა.

185 დაკავებულიდან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

Საპროტესტო აქციის მონაწილეებს კვლავ ურეკავენ უცნობი ნომრებიდან და ემუქრებიან. ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეებზე.

ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ