მოქმედი წესით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულია, პარლამენტში კი ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ეს წესი საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლშია გაწერილი.
მაშინ რატომ დაიწყო საუბრები 2%-იან ბარიერზე და რატომ ახლა?
2%-იან საარჩევნო ბარიერზე ოფიციალური ჩანაწერი პირველად ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტში გაჩნდა (19 აპრილის შეთანხმება). მაშინ, როდესაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ “მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ბარიერი ბუნებრივიდან 2%-მდე განისაზღვრებოდა”.
19 აპრილის შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის აგვისტოში დატოვა - დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით შემუშავდა, ანულირებულად გამოაცხადა. ამის მიუხედავად, მმართველი პარტია იძლეოდა პირობას, რომ ბარიერს 2%-მდე მაინც დასწევდა - 2021 წლის სექტემბერში პარლამენტმა პირველი მოსმენითაც დაამტკიცა ცვლილება საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარების შესახებ. მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენა აღარ ჩატარებულა.
ამის შემდეგ, უკვე 2022 წლის ივლისში საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
2022 წელს საქართველომ სტატუსის დაპირება და 12 რეკომენდაცია, 2023 წლის ნოემბერში კი ევროკომისიის დადებითი დასკვნა მიიღო. მმართველი პარტია ბარიერის დაწევაზე მსჯელობას აღარ აპირებს.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მათ მიერ გაცემული დაპირება გასული წლის დეკემბერს ეხებოდა და დღეს ბარიერის შემცირებაზე დისკუსია მხოლოდ “პატარა პარტიების სუბიექტური დღის წესრიგია”. მეტი სიზუსტისთვის დაამატა, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, ბარიერთან დაკავშირებით გაცემული პირობა ანულირებულად საჯაროდ გამოაცხადა.
“5%-იანი მხარდაჭერის მიღებას, დაახლოებით, 95 000 ხმა სჭირდება, როდესაც ამ ხმას ვერ იღებ, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ. ლელო-გირჩი-გახარია და სხვები არა პოლიტიკური პარტიები, არამედ რამდენიმე ადამიანებისგან შედგენილი კლუბებია. ასეთი პარტიებისთვის ჩვენი მხრიდან ბარიერის დაწევა მიზანშეწონილი არაა”, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ითხოვს თუ არა ევროკომისია ბარიერის დაწევას?
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ ახალ პირობებში პირდაპირ არსად წერია, რომ პარტნიორები ბარიერის დაწევას მოითხოვენ, თუმცა დოკუმენტში საარჩევნო რეფორმის დათქმა პოლიტიკოსების ნაწილში სწორედ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა.
- ევროკომისია ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი;
- უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა არჩევნებამდე საკმაოდ ადრე.
“ეს ნიშნავს, რომ მეტი ინტერესთა ჯგუფი უნდა მოხვდეს პარლამენტში, რაც მიღწევადია დაბალი ბარიერის პირობებში. "ქართული ოცნების" მიზანია საკითხის პოლარიზება და საზოგადოებრივი ჯგუფების პარლამენტის მიღმა, პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვება. ჩვენ არ ვაყენებთ ბარიერის საკითხს, თუმცა თუ დღის წესრიგში დაბრუნდება, მხარს დავუჭერთ”, - ამბობს პარტია “ლელოს” წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე.
ბარიერის დაწევას ითხოვს, თუმცა ანალოგიურ მინიშნებას ვერ პოულობს ევროკომისიის ჩანაწერში პარტია “გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.
“ეს ჩანაწერი კარგად ჯდება ბარიერის საკითხთან, მაგრამ არავის უთქვამს ღიად, რომ სწორედ ბარიერს ეხება. სურვილი რომ ჰქონოდათ, ჩაწერდნენ, თუ იტყვიან, რომ ბარიერი იგულისხმება, მაშინ ვისაუბროთ. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, მუდმივად ბუნებრივ ბარიერს ვლობირებდით, თუმცა ჩვენი კოლეგები ამაზე ვერ ავალაპარაკეთ, შესაბამისად, ამ დისკუსიის ახლა გახსნა, ხელოვნური პროცესი მგონია”, - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
“ქართულ ოცნებაში” გამორიცხავენ, რომ პარტნიორები მმართველი პარტიისგან პირველ მოსმენაზე გაჩერებული პროცესის ბოლომდე მიყვანას მოითხოვენ: “როგორ წარმოგიდგენიათ, ის, რაც არის ევროპაში მოწონებული და კარგი, შეიძლება იყოს ცუდი ჩვენთვის? ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამაზე პარტნიორებს ხისტი პოზიცია ექნებათ”, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დირექტორი, ნინო დოლიძე ევროკავშირის მხრიდან დაზუსტებას ელოდება, იქამდე კი ვარაუდობს, რომ ახალ რეკომენდაციებში არჩევნების შესახებ ჩანაწერში, სწორედ, ოპტიმალური საარჩევნო ბარიერი იგულისხმება.
“მნიშვნელოვანი იქნება დაზუსტება, თუმცა წარმომადგებლობა უკავშირდება, სწორედ, ამომრჩევლის წარმომადგენლობას და ნებას და, სავარაუდოდ, ბარიერზეა საუბარი, ასევე, წერია სიტყვები: "დასრულდეს საარჩევნო რეფორმა". ჩვენ ვიცით, რომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებაზე პირველი მოსმენა უკვე იყო”, - ამბობს ნინო დოლიძე.
ასევე ნახეთ რას მოიცავს 9 დათქმა - ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა“სამართლიანი არჩევნები” მხარს უჭერს ბარიერის დაწევას და სწორედ ეს სცენარი მიაჩნია საუკეთესოდ 2024 წლის არჩევნებისთვის, რათა ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს. ორგანიზაციამ ამ საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტიც მოამზადა, სადაც წერს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება და მაღალი დონის ბარიერის შემოღება, საარჩევნო ბლოკების აკრძალვასთან ერთად, ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი წილის დაკარგვის საფრთხეს აჩენს. ამასთან, მკვეთრად გაზრდის არჩევნების შედეგების არაპროპორციულობას და ხელს შეუწყობს პარტიების გაქრობას.
მსჯელობის გასამყარებლად, საქართველოში 1992 და 1995 წლების საპარლამენტო არჩევნების მაგალითი მოჰყავს. 1992 წელს დაბალი საარჩევნო ბარიერი იყო და პარლამენტში მანდატები 24-მა პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა მოიპოვა. მომდევნო არჩევნებზე, 1995 წელს, ბარიერი 5%-მდე გაიზარდა, მისი დაძლევა მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა.
რატომ და როგორ გამოიყენებს 5%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტიების ხმებს “ქართული ოცნება”?
ამ კითხვაზე პასუხი პროპორციულ საარჩევნო სისტემაში და ამ სისტემის შესაბამისად მანდატების განაწილების წესშია.
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ჯამში 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.
შესაბამისად, უფრო მეტი მანდატი იმას ერგება, ვინც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამ სცენარით - “ქართულ ოცნებას”, იმის მიუხედავადაც კი, რომ შესაძლოა ერთ-ერთი სცენარით, ჯამში ოპოზიციას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს, ვიდრე ცალკე აღებულ მმართველ პარტიას.
მაგალითად, 2020 წლის არჩევნებზე მანდატები 5%-ზე მაღალი მხარდაჭერის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე რომ განაწილებულიყო, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ორი გაერთიანება მოხვდებოდა. ამომრჩეველთა 25% კი საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე დარჩებოდა. ამ 25%-ის შესაბამისი გაუნაწილებელი მანდატები კი ბარიერგადალახულებზე პროპორციულად განაწილდებოდა.
თუ 2024-ის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია ჯამურად 50%-ზე მეტს მოაგროვებს და ბარიერსაც გადალახავს, მაშინ “ქართული ოცნება” უმრავლესობას კარგავს, სწორედ ამიტომაა ბარიერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემა.
ანუ ვის (არ) აძლევს ხელს 5%-იანი ბარიერი?
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის უახლესი შედეგები 16 ნოემბერს გამოაქვეყნა. თუ ამ შედეგებს ავიღებთ, როგორც მხოლოდ მაგალითს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული აქვს ორ პარტიას - “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”. პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივასთან ახლოსაა გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”.
თუ 2024-ისთვის ვითარება არ შეიცვლება, პარლამენტი ორპარტიული, უკეთეს შემთხვევაში კი სამპარტიული იქნება, გადაუნაწილებელი მანდატები კი, ანუ სხვა პარტიების მხარდამჭერების ხმები, სწორედ პარლამენტში მოხვედრილ პარტიებზე გადანაწილდება. ვინც უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს, მეტი გაუნაწილებელი მანდატიც მას ერგება. დიდი როლი ექნება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, რომელიც IRI-ის კვლევით 18%-ია.
“2%-იანი ბარიერის ადვოკატირება, ჩემი აზრით, უპერსპექტივოა. დღევანდელი მდგომარეობით, ანუ დაქსაქსულობით, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში ოპოზიციური პარტიების ხმები დაიკარგება და “ქართული ოცნება” გარანტირებულად იგებს. თუ 2%-იანი ბარიერი იქნება, რაღაც ხმები მაინც დაიკარგება, მაგრამ გაცილებით ნაკლები. ოპოზიციას მიეცემა რეალური შანსი იმ კონფიგურაციითაც, როგორც ახლა არის, ანუ გაერთიანების გარეშე, შევიდეს პარლამენტში ისე, რომ ოპოზიციას ჯამში უფრო მეტი დეპუტატი ჰყავდეს, ვიდრე ხელისუფლებას”, - ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.
ოპოზიციაში ფრთხილობენ, როცა დაბალ ბარიერზე საუბრობენ. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ახლა ამ საკითხის წამოჭრა პოლიტიკურად არამომგებიანია, მეორე მხრივ კი, ადასტურებენ, რომ ბარიერის 2%-მდე დაწევას მხარს დაუჭერენ. სოციოლოგიური კვლევები კი აჩვენებს, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ რამდენიმე პარტია შეძლებს, მათ შორის "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".
ვინაიდან პარლამენტის გარეთ დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ, “ნაციონალურ მოძრაობაში” 2%-იან ბარიერზე პოლიტიკური მოთხოვნის დაყენებას არ აპირებენ, თუმცა, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მხარს დაუჭერენ.
“5%-იანი ბარიერი "ქართული ოცნების" სამაშველო რგოლია. ისინი მაქსიმალურად წაახალისებენ ოპოზიციურ სპექტრში პატარ-პატარა პარტიებისა და პოლიტიკური ჯგუფების შექმნას, ხმები გაიფანტება. 5%-ზე ქვემოთ ოპოზიციისთვის მიცემული ხმები პრაქტიკულად "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ხმებია”, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
“ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელში” ბარიერის შემცირებას ლობირებენ. ეს პარტია 2024-ში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად “გამარჯვების პლატფორმის” სახელით აპირებს მონაწილეობას.
“პატარა პარტიებს ნამდვილად სჭირდებათ დაბალი ბარიერი, რატომ? - იმიტომ, რომ სპონსორს ვერ იშოვიან, არა იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის ადამიანი, ვისაც შენთან ერთად შეიძლება უნდოდეს, არამედ იმიტომ, რომ მას დასჯიან. არადა, თუ მათ გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ამისთვის სწორედ ფინანსებია საჭირო. 2% ნიშნავს 50 000 ადამიანის მხარდაჭერას და 50 000 ადამიანს რომ სჭირდებოდეს წარმომადგენელი პარლამენტში, ეს საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ბუნებრივია”, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ალეკო ელისაშვილი, რომელსაც 5%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტის მიღმა დარჩენის დიდი შანსი აქვს, ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” ბარიერს არ დაწევს, რადგან: “ამ საკითხს უყურებს პარტიული გადასახედიდან და არა სახელმწიფოებრივად. უნდათ, რომ მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადალახოს ბარიერი და ის ჰყავდეს ოპოზიციაში. ეს "ქართული ოცნებისთვის", მათი პროპაგანდისთვის იდეალური სცენარია, ჩვენნაირ პარტიებთან ოპონირება უჭირთ”.
Რა არის გამოსავალი?
“ქართული ოცნების” დეპუტატები იმეორებენ, რომ საკითხი დახურულია და ოპოზიცია 5%-იანი ბარიერისთვის უნდა მოემზადოს. ამ შემთხვევაში გამოსავალი პარტიების გაძლიერება, ამომრჩევლის გაზრდაზე მუშაობა ან წინასაარჩევნო გაერთიანებები შეიძლება იყოს. სწორედ ამ გეგმაზე გადაწყობას ურჩევს პარტია “საქართველოსთვის” ოპონენტებს.
“თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ მოცემულობაზე, სადაც "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს ბარიერის შემცირებას, ეს უკვე სხვა რეალობაა. ამ ვითარებაში პარტიებმა უნდა იმუშაონ გასაძლიერებლად, მხარდამჭერების გასაზრდელად და 5%-ის გადასალახად. ჩვენი ამბიცია არის, რომ 2024 წლის არჩევნებში ქვეყნის ნაც-ქოცური ტყვეობა დასრულდეს და ორივე პარტია ერთად 50%-ის ქვემოთ დარჩნენ”, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ასევე ნახეთ გაერთიანება თუ „გამსხვილება“? - ოპოზიცია „ოცნების“ დამარცხების გასაღებს ეძებს“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ბარიერის დაწევაზე მსჯელობა დაგვიანებულია. მას მიაჩნია, რომ პატარა პარტიებს უფრო მეტი უნდა ემუშავათ საერთაშორისო პარტნიორებთან მმართველ პარტიაზე წნეხის გასაზრდელად.
“პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი იყო, "ქართული ოცნება" დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ამ მიმართულებით ინტერესი არ გამოიჩინეს, სისუსტედაც კი აღიქმება დაბალ ბარიერზე საუბარი. არადა, 11-წლიანი ორპარტიული საგის დასასრულებლად დაბალი ბარიერი მნიშვნელოვანია”, - ამბობს დეკანოიძე.
რა შემთხვევაში დაუბრუნდება 2%-იანი ბარიერის საკითხს “ქართული ოცნება”? - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სცენარითაც მოგებას შეძლებს, ანუ პარლამენტში ე.წ. სატელიტ პარტიებს შეიყვანს. იდენტური არგუმენტი აქვთ, საპასუხოდ, "ქართულ ოცნებაშიც" - 2%-იანი ბარიერით “ნაციონალურ მოძრაობას” სურს ე.წ. სატელიტების შეყვანა. მოსალოდნელია, რომ ოპოზიცია ახალ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ევროკომისიის ახალი რეკომენდაციების საფუძველზე უნდა შეიქმნას, ბარიერის დაწევის საკითხს დააყენებს.