უკვე სამი კვირაა, ონში რაჭის ტყეების გასხვისებას აპროტესტებენ. „რიონის ხეობის მცველები“ ითხოვენ გაუქმდეს ლიცენზია, რომელიც კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ უფლებას აძლევს 49 წლით დაისაკუთროს რაჭის ტყის 104 712 ჰექტარი.
ორი დღის წინ, 16 ოქტომბერს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის მოთხოვნით „რიონის ხეობის მცველებმა“ ონი-ამბროლაურის გზა გადაკეტეს. მათთან იყვნენ ჭიათურელი მაღაროელებიც. აქციის ერთი მონაწილე პროტესტის ნიშნად გზაზეც კი დაწვა.
„პოლიციასთან ძიძგილაობის შემდეგ დამირეკა პრემიერის რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, პაპუნა მარგველაძემ და მითხრა, რომ პარასკევს შედგება შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ხიდიდან გადმოვედით ონის მერიასთან, სადაც კარავი გვაქვს გაშლილი და აქ ველოდებით პარასკევს. ესენი ყველანაირ პასუხისმგებლობას ირიდებენ თავიდან, მე არ ვიცი, ჩემს დროს არ ყოფილაო, სულ ამას იძახიან. მაშინ, ვინც აგებს პასუხს, ისინი ჩამოვიდნენ და იმათ დაველაპარაკებითო, ვუთხარით. არ უნდოდათ კატეგორიულად, მაგრამ გუშინ ისე დაიძაბა სიტუაცია, სხვა გზა აღარ ჰქონდათ და წამოვიდნენ დათმობაზე“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი, „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი.
„გამოდი“, „გამოდი“ - საყვირების ფონზე ეძახდა ონის მერსა და მის მოოადგილეებს ხალხი, რომელიც დალაპარაკებას ითხოვდა. ონის მერი შვებულებაში აღმოჩნდა, პრესცენტრმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, კითხვებზე პასუხი რომ გაგცეთ, წერილი უნდა მოგვწეროთო.
როგორ გასხვისდა რაჭა
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა - 1 151 832 ლარად. მოსახლეობამ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ლიცენზია უკვე გაცემული იყო.
„გაყიდულიაო, შეიძლება აღარ შეგვიშვას, ვისიც არის იმან. საერთოდ არ გაგვიგია, ისე გაყიდეს და რომ გავიგეთ, აბა, რა ჭკუაზე ვიქნებით? არ გვინდა! ნამდვილად არ გვინდა. იცლება სოფელი და სულ დაიცლება, თუ არც ტყე იქნება, არც მინდორი. ჩვენ თვითონ შეგვეშინდება აქ დარჩენის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ნაცვლიშვილმა სოფელ შქმერიდან.
„შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“, რომელმაც ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოაწყოს. ოფიციალური მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენებაა.
„თითქმის მთელი რეგიონი, უზარმაზარი ტყის მასივებით, სასარგებლო წიაღისეულითა და წყლის რესურსებით, ერთი კერძო პირის მფლობელობაში გადავიდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სრულად შეეზღუდა ტყეებსა და საარსებო გარემოზე წვდომა... “ - წერენ „რიონის ხეობის დამცველები“ ფეისბუკზე.
ასევე ნახეთ „ბიზონებს თუ მოაშენებენ, ჩვენ უნდა გადაგვაშენონ“, - რაჭველები ტყეების გასხვისების წინააღმდეგ„მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 100 %-ს შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ ფლობს. ეს კომპანია საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. ჰყავს ორი დირექტორი - კახა ამისულაშვილი და რევაზ მაისურაძე, წილს კი მთლიანად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Global Victory Investments Limited-ი ფლობს, რომლის მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან.
დავით ხიდაშელი რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირია. მათ კავშირზე რადიო თავისუფლებას ადრეც არაერთხელ დაუწერია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
გარდა ამისა, დავით ხიდაშელი არის დავითგარეჯთან დაკავშირებული „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი მთავარი მოწმე. სწორედ მის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკების გამოისობით დასდეს ბრალი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში“.
ასევე ნახეთ დავით ხიდაშელის როლი ე.წ. კარტოგრაფების საქმეში„სამინისტროდან ლიცენზია და ადმინისტრაციული წარმოების მასალები გამოვითხოვეთ. გადავხედეთ, რაც მოგვაწოდეს, ყველაფერს. პრობლემა ისაა, რომ ნახევარი საუკუნით იჯარით ეძლევა ამ კაცს მთელი რაჭის ტყე და მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, იქ ვინმეს შეუშვებს თუ არ შეუშვებს. შეუძლია შიგ ტყეში შემოღობოს გარკვეული ადგილები. ეს წერია“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. მისი თქმით, დოკუმენტებში ბევრი რამ არის ბუნდოვანი, - „არც ეს არის შესწავლილი, ბიზონი რამდენად გამრავლდება აქ, სადედე წყვილებს რომ ჩამოიყვანს. წინასწარ აქვს ნაყიდი ლიცენზია და მერე უნდა არკვიოს, გამოუვა თუ არა“.
13 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ შეუჩერა ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი. როგორც დეპარტამენტმა აღნიშნა ამ ფართობიდან 20 540,3 ჰა არის „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორია, რომელიც განსაკუთებულ დაცვასა და გაფრთხილებას საჭიროებს.
„აქციები რომ დავიწყეთ, მაშინ დადეს ეს ინფორმაცია, თითქოს მოგვარებულია ეს საკითხიო. სინამდვილეში ეს ძველი ამბავია, 25 მარტს მოხდა. ამ კაცს [დავით ხიდაშელს] უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა, ვერ წარმოადგინა და ვადა გადაუწიეს. როგორც კი წარმოადგენს, ეგრევე გაუგრძელებენ. შემოაგდეს ეგ თემა და ბევრი შეცდა, ვითომ, აი, შეჩერებულია და რა უნდათ, რას აპროტესტებენო“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
ოკუპირებული ტერიტორიის მეზობლად
ლიცენზიით გაცემული ტერიტორია ახლოსაა რუსეთთან და უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალის რეგიონს. „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ თავის დროზე, როდესაც ხიდაშელს ეს ტყეები გადასცეს, გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა უწყებებს პოზიციების დაფიქსირება მოსთხოვა: „სასაზღვრო დაცვის პოლიციამ მისწერა, ტყეები საზღვრიდან 5- კილომეტრიან ზოლში არ შედის და ჩვენგან განხილვას არ საჭიროებსო. ეს არასწორია. ბევრად მძიმედ არის საქმე“.
გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მართალია, იქ ახლა რუსები არ დგანან, მაგრამ რუკაზე ოკუპაციის ხაზი სწორედ ამ ტყეებზე გადის.
„რიონის ხეობის დამცველები“ ონის მერიის წინ კარავში რჩებიან. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.