ვინ უფრო ბაგრატიონია? რას ამბობს საპატრიარქო

დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი არ არის სამეფო წარმომავლობის და ისინი სიხარულიძეების გვარის შთამომავლები არიან. ლევან ჩხეიძის თქმით, ამის შესახებ საპატრიარქომ 15 წლის წინ დნმ ტესტის საფუძველზე შეიტყო და ამ დრომდე დუმს.

პატრიარქი ილია მეორე თავიდანვე მხარს უჭერდა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქორწინებას. მათ ჯვარი 2009 წელს სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. რით ხსნის დავით ბაგრატიონი საპატრიარქოს პოზიციას, თუ მისთვის ჯვირსწერამდე 5 წლით ადრე იყო ცნობილი გრუზინსკების ოჯახის გენეტიკური კვლევის შედეგი?

„ამ შეკითხვაზე პასუხი ჩვენც გვაინტერესებს”, - ამბობს დავითის ადვოკატი ლევან ჩხეიძე.- “ისინი დღემდე მალავენ ამ ინფორმაციას და არ ასაჯაროებენ. ის, რომ მათ სიმართლე იცოდნენ 15 წლის წინ, ეს ფაქტია. ჩვენც გვაინტერესებს, რატომ უჭერდა საპატრიარქო მხარს ამ ქორწინებას, თუ იცოდა დნმ-ის შედეგი. ამაზე პასუხს ველოდებით“, ამბობს ლევან ჩხეიძე.

რას ამბობს საპატრიარქო?

საპატრიარქო ამბობს, რომ მას ბაგრატიონების ოჯახი გენეტიკურად არასდროს შეუმოწმებია. სამაგიეროდ, 9 წლის წინ ის „ეთნოგენეტიკური კვლევის სამეცნიერო ცენტრმა“ გამოიკვლია.

მისი ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძეა და რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ამბობს, რომ ცენტრის საქმიანობა საპატრიარქოსთან კავშირში არაა.

„ეს საპატრიარქოს არ ეხება. ჩვენ შევისწავლეთ 1200 გვარი საქართველოში. კვლევა ამერიკასა და ევროპაში გავგზავნეთ. რაც შეეხება ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის დნმ კვლევის შედეგებს, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა ბაგრატიონებსა და ჩემ შორის. ვადასტურებ, რომ მას აქვს უძველესი ქართული გენი. ისეთი დიდებული და ნიჭიერი ქართული გვარების გვერდით დგას, როგორიცაა გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა და ასე შემდეგ. ის ინფორმაცია, რომ სიხარულიძეა, არის სიცრუე და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, გვითხრა გიორგი ანდრიაძემ.

ასევე ნახეთ ბაგრატიონთა კარის თამაშები

საიდან გაჩნდა კითხვის ნიშნები ბაგრატიონ-გრუზინსკების წარომავლობაზე?

დავით ბაგრატიონი ორი სიტყვიერი და ერთი დოკუმენტური მტკიცებულების საფუძველზე ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მისი ყოფილი ცოლი ნამდვილი ბაგრატიონი არაა.

დავით ბაგრატიონის არგუმენტები:

  • პეტრე გრუზინსკის დაბადების შესახებ ჩანაწერი, რომელიც დაბადებიდან 2 წლის მერეა გაცემული;
  • Forum.ge-ზე გავრცელებული ფოტო, რომლის მიხედვითაც პეტრე ბაგრატიონსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ბიზნესმენ ნოე სიხარულიძეს შორის ფიზიკურ მსგავსებაზეა საუბარი;
  • სიტყვიერი ცნობები იმის შესახებ, თითქოს საპატრიარქომ გენეტიკური ანალიზით დაადგინა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი (ანას მამა) სინამდვილეში სიხარულიძეა.

ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ პეტრე უმცროსი (ანას პაპა) 1920 წლის 28 მარტს დაიბადა, სააქტო ჩანაწერი 1922 წლის 27 მარტსაა გაკეთებული, როცა პეტრე უფროსი 4 თვის გარდაცვლილი იყო. გარდა ამისა, დოკუმენტში არ წერია იმ მოწმეების ვინაობა, ვინც დაადასტურა დაბადება და არ ჩანს ადმინისტრაციული აქტის გამცემი პირის სახელი და გვარი.​

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის თქმით, დოკუმენტი სამართლებრივად გამართულია. ის სასამართლომაც მიიღო, როგორც ერთ-ერთი მხარის მტკიცებულება.

დნმ კვლევების თავისებურებანი

გიორგი ანდრიაძის თქმით, მათ გენეტიკური მასალა www.familytreedna.com -ს შეამოწმებინეს, რაც ნაწილობრივ ხსნის იმას, რომ მისი პასუხი ასეთი ზოგადია.

ეს კომპანია საიტზე სამი სახის ტესტირებას სთავაზობს კლიენტებს სხვადასხვა ფასად. ერთი პაკეტი მამაკაცების ხაზით დიდი მიგრაციის კვალს პოულობს გენში, მეორე პაკეტი ამასვე ქალი წინაპრების ხაზით ადგენს, ხოლო მესამე იკვლევს ეთნიკურობას. ეს ტესტი პროცენტებში აჯამებს შედეგებს. მაგალითად, ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პროცენტული კონცენტრაცია ევროპული, ცენტრალური ან სამხრეთაზიური გენებისა. გიორგი ანდრიაძის თქმით, მათ მიერ ჩატარებული კვლევები გვარების ეთნოგენეტიკურ კუთვნილებას ადგენს. ამგვარი ტესტირებისთვის მხოლოდ ერთი ადამიანის გენეტიკური მასალაა საჭირო.

რაც შეეხება იმას, პეტრე უმცროსი იყო თუ არა პეტრე უფროსის შთამომავალი, ეს ვერც ერთი ზემოთ აღნიშნული ტესტით ვერ დადგინდება. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიური მშობლობის დადგენის ტესტი კეთდება. ის 99,9 %-იანი სიზუსტისაა და მის შესამოწმებლად საჭიროა ორივეს - სავარაუდო მშობლისა და სავარაუდო შვილის - გენეტიკური მასალა.

ამ შემთხვევაში ეს გენეტიკური მასალა მცხეთაშია. პეტრე უმცროსი და პეტრე უფროსი სვეტიცხოვლის ეზოში არიან დაკრძალულნი. მათი ექსჰუმაციისთვის ჯერ ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახის, შემდეგ კი იუნესკოს თანხმობაა საჭირო.