ბაგრატიონი ბაგრატიონის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს იწყებს. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი შვილი ანა უჩივიან ანას ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონს. ისინი სასამართლოს სთხოვენ დავით ბაგრატიონს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა. გარდა ამისა, ბაგრატიონების ორივე შტოს ერთმანეთის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვს.
2009 წელს სამების საკათედრო ტაძარში წითელი ხალიჩა დააგეს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ჯვარი დაიწერეს. ანა დარეჯანის სასახლიდან მიიყვანა მაყარმა საკათედრო ტაძარში.
მაშინ სამებაში შეკრებილი მოქალაქეები და მიწვეული საზოგადოება ელოდა, რომ ეს მოვლენა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის დასაწყისი იქნებოდა.
ყველასთვის გასაკვირად, ჯვრისწერის ცერემონია პატრიარქს არ ჩაუტარებია. ის სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა მისი პოზიცია ყველამ იცოდა. 2 წლით ადრე, სამებაში ქადაგებისას, პატრიარქმა თქვა: „ჩვენი ხალხი ორასი წელია ოცნებობს ბაგრატიონების უძველესი დინასტიის აღორძინებაზე, რომელთა მეფობაც 1801 წელს შეწყდა. დღეს ისეთი პირობებია, როდესაც ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდესო”.
წყვილს ერთად ცხოვრების პერიოდში ერთი შვილი, გიორგი ბაგრატიონი, შეეძინა, 2013 წელს კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ.
დედოფლის გარეშე დარჩენილმა დავითმა სამეფო ტახტის მემკვიდრის სტატუსით განაგრძო მოღვაწეობა, საერთაშორისო ვიზიტები და შეხვედრები. სამეფო ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს ანა ბაგრატიონიც. ისიც მონაწილეობდა შეხვედრებში.
2019 წლის მარტში კი ანამ დავით ბაგრატიონს უჩივლა, რადგან ფიქრობს, რომ ის, ვისაც 10 წლის წინ სამეფო შტოების გაერთიანების მიზნით ცოლად გაჰყვა, არ უნდა იყენებდეს ე.წ. „საქართველოს სამეფო სახლის“ სახელს.
რას ითხოვს ანა ბაგრატიონი:
- დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება მესამე პირებთან ურთიერთობაში;
- აეკრძალოს საერთაშორისო ვიზიტები და ორდენების გაცემა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ესპანეთში გაიზარდა, ხშირად წარმოადგენს სამეფო საგვარეულოს სახელს სხვადასხვა ქვეყნებში. ამის ამსახველი მასალები კი მის ვებგვერდზე ქვეყნდება.
დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დავის საფუძველი არ აქვს - საქართველოში ყველა სამეფო ტიტული მხოლოდ პირობითია და მას არანაირი ძალა არ გააჩნია. ანას მხარე კი ამბობს, რომ ტიტულები ფორმალობაა, მაგრამ დავით ბაგრატიონი მათი მინიჭებით სამეფო სახლის იმიჯს ლახავს და ორდენებს ყიდის.
ვისია ტახტი?
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ფიქრობს, რომ მისი ყოფილი ცოლი ბაგრატიონების შთამომავალი არ არის. კერძოდ, ამტკიცებს, რომ ანას პაპა, პეტრე უმცროსი, მისი მამის, პეტრე უფროსის, ნამდვილი შვილი არ იყო. ისინი დნმ ტესტს მოითხოვენ ბაგრატიონებთან ნათესაური კავშირის დასადგენად.
“თავის დროზე ანა ისეთმა ავტორიტეტულმა ხალხმა წარუდგინა დავითს, რომ მას ანას წარმომავლობაში ეჭვი არ შეუტანია“, ამბობს დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე, თუმცა არ აკონკრეტებს ავტორიტეტულ პირში ვის გულისხმობს. მისივე თქმით, ანა და ნუგზარ ბაგრატიონები დღეს უარს ამბობენ დნმ ტესტის გაკეთებაზე, რათა დაამტკიცონ, რომ ბაგრატიონები არიან.
ანა ბაგრატიონის ოჯახი კი ყოფილი სიძის გენეალოგიაში უფრო ღრმად იყურება და ამბობს რომ მე-17 საუკუნეში მეფე როსტომმა დავითის წინაპარი იშვილა, რადგან თავად მემკვიდრე არ ჰყავდა და, შესაბამისად, დავითი სამეფო ბაგრატიონების შთამომავლად ვერ ჩაითვლება, დნმ ტესტს კი ოჯახი არ ენდობა.
„ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ შეკითხვით, რომელზეც პასუხს მივიღებთ ამ დღეებში, თუმცა წინასწარი კონსულტაციით უკვე გავარკვიეთ, რომ რეალურად ანალიზით უტყუარი ნათესაური კავშირის დადგენა მხოლოდ ორ ცოცხალ ადამიანს შორის არის შესაძლებელი“, - ამბობს ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, მოპასუხე მხარე ითხოვს გენეტიკური შემოწმება იმ დნმ ტესტირებით ჩატარდეს, რომლის პასუხზე დასკვნასაც „სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო“ ადგენს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავია, ვიცე-წინამძღოლი კი ია ბაგრატიონ-მუხრანელია, დავითის შტოს წარმომადგენელი.
ორი დამაბნეველი ფაქტი ისტორიიდან
ისტორიკოსები ამბობენ, რომ არარსებული სამეფო ტახტის მემკვიდრის პოვნა დღეს ძნელია.
პირველი ფაქტი: მე-15 საუკუნიდან ამ გვარის სამი შტო არსებობდა: კახეთის, ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი კახური შტოა, ხოლო დავით ბაგრატიონ-მუხრანელი - ქართლის შტო. თუ მემკვიდრე ბოლო მეფის შთამომავალი უნდა იყოს, ბოლო გვირგვინოსანი ბაგრატიონი იმერეთს ჰყავდა, თუმცა მისი მემკვიდრეები დღეს აღარ არსებობენ.
მეორე ფაქტი: მე-16 საუკუნეში ქართლის შტო კიდევ ორ შტოდ დაიშალა - დავით X-ის და მისი ძმის შტოებად. მეფემ ძმას მუხრანის ხევი გადასცა საჩუქრად და ასე გაჩნდა მუხრან-ბატონთა შტო. თუმცა მე-17 საუკუნეში ქართლის მმართველი ბაგრატიონების შტოში გვარის გამგრძელებელი კაცი აღარ დარჩა. ამიტომ ბოლო მემკვიდრემ, როსტომ ხანმა, იშვილა მუხრან-ბატონთა შტოს წარმომადგენელი ვახტანგ ბაგრატიონი, იგივე შაჰნავაზი. ამგვარად, როსტომის გარდაცვალების შემდეგ, 1658 წლიდან, ქართლს ბაგრატიონ-მუხრანელები განაგებენ. ანას და დავითს ჰყავთ საერთო წინაპარი - ვახტანგ VI. მისი ქალიშვილი ერეკლე II-ის დედა იყო.
ვინ და როდის უჭერდა მხარს კონსტიტუციურ მონარქიას?
კონსტიტუციური მონარქიის დადებით მხარეებზე უსაუბრია პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. „კონსტიტუციურ მონარქიას სერიოზული პლუსები აქვს. შეგვიძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია“, - 2017 წლის ივნისში ეს განცხადება კობახიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
რამდენჯერმე ახსენა მონარქია თავის ქადაგებაში პატრიარქმა: "საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, თუ ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქიული ქვეყანა. მას მეფე მართავდა და დღესაც ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყნაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება,", - თქვა ილია მეორემ 2017 წელს.
2007 წელს კი, როცა პატრიარქმა ეს იდეა პირველად გააჟღერა, მისი ერთ-ერთი მხარდამჭერები მაშინდელ პარლამენტშიც იყვნენ.
კონსტიტუციური მონარქიის თემა რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ფიგურირებდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, თუმცა ეს საკითხი, 10 წელზე მეტია, განცხადებებს არ გასცდენია.
საქართველოს არარსებული სამეფო კარის შთამომავლები კი საკუთარ პოზიციას საქალაქო სასამართლოში 12 მარტს ღია სხდომაზე დაიცავენ. პროცესში ჩაერთვებიან ისტორიკოსები. მხარეებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტახტის მემკვირდეები არიან, საქართველოს სასამართლოს ისტორიაში აქამდე არასდროს უდავიათ.