მარტივად აგიხსნით,
- რა ვიცით დაღუპვის გარემოებებზე?
- ვინ იყო ებრაჰიმ რაისი?
- რა წონა ჰქონდა მას ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში?
- რას ცვლის მისი დაღუპვა ირანისთვის?
რა ვიცით ინციდენტზე
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდნენ, კვირას, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად.
დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება.
ირანის დელეგაციამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ახალი კაშხალი გახსნა.
ვერტმფრენის მთელი ეკიპაჟი დაიღუპა.
სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ:
- აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი
- ქალაქ თავრიზის იმამი
- პრეზიდენტის დაცვის უფროსი
- დაცვის სამსახურის თანამშრომელი
- ორი პილოტი
- ტექნიკოსი
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.
მედიის თანახმად, ძლიერი ნისლის გამო გართულდა სამძებრო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის ადგილს მხოლოდ მეორე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს.
ვერტმფრენი, რომლითაც დელეგაცია მგზავრობდა, ირანული წარმოების Bell 212 იყო.
გამოცემა Guardian-ის თანახმად, ირანს ასეთი ვიზიტებისათვის სხვადასხვა მოდელი ჰყავს, თუმცა საერთაშორისო სანქციები მათი ნაწილების შესყიდვას ართულებს. სამხედრო-საჰაერო ძალებიც 1979 წლის რევოლუციამდელი მოდელებით არის დაკომპლექტებული.
კვირას, სანამ ვერტმფრენის ნარჩენებს იპოვიდნენ, ლიდერმა ალი ხამენეიმ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ქვეყნის მუშაობა არ შეფერხდება“.
გამოცემა Atlantic-ის ცნობით, ირანის მთავრობაში წყარომ უთხრა, რომ რაისის დაღუპვა რამდენიმე საათით ადრე იყო დადასტურებული ირანის ხელისუფლებისათვის, თუმცა ისინი მსჯელობდნენ, როგორ ეთქვათ ეს ამბავი ხალხისთვის ისე, რომ პანიკა არ დაეთესათ.
ეროვნული ტრაგედიის გამო ირანში 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
ვინ იყო რაისი
ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში - შიიტურ თეოკრატიაში - პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.
ირანის პრეზიდენტზე გადის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები საბოლოოდ უზენაესი ლიდერია - ისლამურ რესპუბლიკას უზენაესი ლიდერი მართავს.
ახლანდელი უზენაესი ლიდერია 85 წლის აიათოლა ალი ხამენეი.
პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, რომელიც საგარეო პოლიტიკაში მკაცრი ხაზის მომხრე იყო, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ აიათოლას პროტეჟედ და პოტენციურ მემკვიდრედაც კი.
რაისი 1960 წელს დაიბადა ქალაქ მაშადში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში.
განათლება შიიტ მუსლიმთა წმინდა ქალაქებში, მშობლიურ მაშადსა და ყუმში მდებარე სემინარიებში მიიღო.
მოგვიანებით ისწავლა თეოლოგია და ისლამური იურისპრუდენცია - უშუალოდ ალი ხამენეისა და სხვა ძლიერი სასულიერო პირების ხელმძღვანელობით.
1989 წელს, როდესაც ალი ხამენეი უზენაესი ლიდერი გახდა, რაისი თეირანის მთავარ პროკურორად დანიშნეს.
ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მეტსახელი - „თეირანის ჯალათი“ - 1988 წელს პოლიტპატიმრების მასობრივ სიკვდილით დასჯაში მონაწილეობის გამო.
„თეირანის ჯალათი“
1988 წელს ირანის მაშინდელი უზენაესი მმართველი, 1978 წლის ისლამური რევოლუციის სულისჩამდგმელი და ლიდერი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი გაეროს შუამავლობით დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, რასაც ირან-ერაყის 8-წლიანი ომი უნდა დაესრულებინა.
იმავე წელს ირანული ოპოზიციური ჯგუფის, „მუჯაჰედინ-ე-ხალღის“ (MEK) წევრები, რომლებსაც ერაყელი ლიდერი სადამ ჰუსეინი უჭერდა მხარს, მოულოდნელად ერაყიდან ირანში შეიჭრნენ.
ირანმა მათი თავდასხმა მოიგერია და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესები, რომელიც შორს იყო სამართლიანი სასამართლოსგან.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის 1990 წლის მოხსენება აღწერს, რომ ბრალდებულებს საკუთარი თავის წარდგენას სთხოვდნენ: ვინც უპასუხებდა, რომ „მუჯაჰედია“, სიკვდილით სჯიდნენ, ხოლო სხვებს ეკითხებოდნენ, იყვნენ თუ არა მზად, გაეწმინდათ დანაღმული ტერიტორიები „ისლამური რესპუბლიკის არმიისთვის“.
უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, 1988 წელს 5000-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. გარდა MEK-ის წევრებისა, სიკვდილით დასაჯეს სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფის, - ირანის სახალხო პარტია (თუდეს) და Fedaian-ის, - მხარდამჭერები.
ებრაჰიმ რაისის შეერთებულმა შტატებმა 2019 წელს სწორედ ამ მოვლენებთან კავშირის გამო დაუწესა სანქციები, - „მისი ზედამხედველობის გამო … ირანში პატიმრების წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის გამო, ამპუტაციის ჩათვლით“.
საუბარი იყო არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯაზეც.
რაისის გზა პოლიტიკაში
თეირანის მთავარ პროკურორად რაისი 1989 წლიდან 1994 წლამდე დარჩა.
მომდევნო ათი წელიწადი იგი განაგებდა „სახელმწიფო ინსპექციას“, რომელიც სასამართლო სისტემის ნაწილია.
2004 წელს სასამართლო სისტემის გავლენიანმა ხელმძღვანელმა რაისი თავის მოადგილედ დანიშნა.
2014 წელს ებრაჰიმ რაისი ირანის გენერალური პროკურორი გახდა.
ორი წლის შემდეგ აიათოლა ალი ხამენეიმ იგი მაშადში მეჩეთისა და ირანის ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდის მმართველად დანიშნა.
2017 წელს მან წარუმატებლად იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. ხამენეიმ არჩევნებში მარცხი იწვნია ჰასან როჰანთან. როჰანი შედარებით ზომიერ სასულიერო პირად ითვლებოდა, - პრეზიდენტის რანგში სწორედ მან მიაღწია თეირანის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას მსოფლიოს სახელმწიფოებთან.
2015 წლის ბირთვული შეთანხმების შედეგად ირანმა შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა, რის სანაცვლოდაც სანქციების გაუქმებას დაჰპირდნენ.
2021 წელს რაისიმ კვლავ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მის ყველა პოტენციურად მნიშვნელოვან ოპონენტს აეკრძალა კენჭისყრაში მონაწილეობა.
რაისიმ 28,9 მილიონი ხმიდან თითქმის 62% მოიპოვა, რაც პროცენტულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში. ამომრჩეველთა აქტიურობა ძალიან დაბალი იყო.
რაისი ირანის პრეზიდენტი 2021 წლის აგვისტოდან იყო.
რაისი პრეზიდენტად
ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის დროს მკეთრად გაიზარდა მოსახლეობაში უკმაყოფილება არა მხოლოდ ეკონომიკური, ასევე სოციალური პრობლემების და ადამიანის, მეტწილად ქალების, უფლებების უხეში დარღვევის გამო.
2022 წელს მუსლიმური თავსაბურავის „არასწორად ტარების“ ბრალდებით თეირანში დააკავეს ქურთი ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი, რომელიც საპატიმროში გარდაიცვალა.
ამინის სიკვდილს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაჩნდა მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
დემონსტრაციების დროს რაისის ხელისუფლებამ დახოცა 500-მდე ადამიანი. 22 ათასამდე ადამიანი დააკავეს.
ასევე ნახეთ „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ - პროტესტის ერთი წელიწადი ირანში
რაისის მმართველობის პერიოდშა ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთსა და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთსა და ისრაელთან.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის პირველ აპრილს ისრაელმა სირიაში ირანის საკონსულო დაბომბა, - რასაც შვიდი ადამიანის, მათ შორის ორი გენერლის სიცოცხლე ემსხვერპლა, - რაისი მხარს უჭერდა ისრაელზე საპასუხო თავდასხმას.
პასუხად ირანმა ასეულობით დრონითა და რაკეტით შეუტია ისრაელს, მაგრამ მოკავშირეების, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით ქვეყანამ თავდასხმა მოიგერია.
რაისის პრეზიდენტობისას, 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა ჰამასის, - ირანის მხარდაჭერილი ჯგუფის, - ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე. თავდასხმას ისრაელი-ღაზის მორიგი ომი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ასევე ნახეთ ICC-ის პროკურორი დაპატიმრების ორდერებს ითხოვს ისრაელის და ჰამასის ლიდერებისთვისრაისის პრეზიდენტობის პერიოდში ირანმა ურანის გამდიდრებაც გაზარდა.
რა შეიცვლება ირანის პოლიტიკაში?
ექსპერტების თქმით, დიდი არაფერი.
„რაისის სიკვდილი, როგორც ასეთი, მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის ირანის პოლიტიკაში“, - ამბობს ჰამიდრეზა აზიზი, „საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის“ (SWP) მკვლევარი.
„პრეზიდენტი რიგით მხოლოდ მეორეა ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების ვერტიკალში და სახელმწიფოს სტრატეგიულ მიმართულებებს უზენაესი ლიდერი განსაზღვრავს“, - განმარტავს იგი.
ექსპერტების თქმით, მართალია, რაისის დაღუპვა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოიტანს, თუმცა შესაძლოა, წარმოქმნას შიდა დაპირისპირება ძალაუფლებისათვის.
გარდა იმისა, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, გასარკვევია, ვინ შეიძლება განიხილებოდეს ალი ხამენეის მემკვიდრედ უზენაესი ლიდერის როლში.
სანამ ვაკილი, ბრიტანეთის „საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის“ შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის დირექტორი ამბობს: „რაისი იყო ერთგული „ფუნქციონერი“, რომელიც უზენაესი ლიდერის სურვილებს ასრულებდა. [ირანში ახლა] არ არის ისეთი კანდიდატი, რომელიც ასე იდეალურად მოერგება ყალიბს“.
ირანის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
წინასწარი კანდიდატები არიან პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერი და სასამართლოს მეთაური ღოლამჰოსეინ მოსენი-ეჯეი.
ჰამიდრეზა აზიზის (SWP) თქმით, მომდევნო პრეზიდენტის ვინაობა, დიდი ალბათობით, განსაზღვრავს ხამენეის მემკვიდრეობის საკითხსაც. „ასე რომ, ეს ყველაფერი მიგვიყვანს ძალიან დაძაბულ შიდაკონსერვატიულ დაპირისპირებამდე“, - ამბობს იგი.