Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ - პროტესტის ერთი წელიწადი ირანში


ხალხი პატივს მიაგებს მაჰსა (ჟინა) ამინის ხსოვნას
ხალხი პატივს მიაგებს მაჰსა (ჟინა) ამინის ხსოვნას

ირანში წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გამართულ საპროტესტო აქციებს ზოგმა „რევოლუციაც“ უწოდა, მაგრამ დღემდე ცვლილებები, რაც რევოლუციებს მოჰყვება ხოლმე, არ ჩანს, თუ არ ჩათვლით საზოგადოების სითამამეს, ირანელების სიმამაცეს, აღარ შეეპუონ ხელისუფლებას.

ამის ფონზე მთავრობა, უშიშროების სამსახურები, სასულიერო მმართველი წრე ძალაუფლების დაცვას ახერხებს ხშირად, სასტიკი მეთოდებით.

ერთი წლის წინ 22 წლის მაჰსა (ჟინა) ამინის სიკვდილმა, ირანის „მორალის პოლიციის“ მიერ მისი დაკავების შემდეგ, საპროტესტო აქციები გამოიწვია მუსლიმური თავსაბურავის სავალდებულო ხმარების წინააღმდეგ. ეს აქციები, რომლებიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, სასტიკად ჩაახშეს.

ასობით ადამიანი, მათ შორის, უშიშროების თანამშრომლები, დაიღუპა ისლამურ რესპუბლიკაში სამოქალაქო არეულობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალღისას ბოლო წლების განმავლობაში. ოქტომბერსა და ნოემბერში ათიათასობით პირი დააკავეს.

2022 წლის 16 სექტემბერი: ამინის სიკვდილი

მაჰსა ამინი, ქურთული წარმოშობის ირანელი ახალგაზრდა ქალი, ოჯახთან ერთად იყო თეირანში ჩასული. ის გარდაიცვალა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე დააკავა ირანის „მორალის პოლიციამ“ ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის დარღვევის გამო, რომელიც ჰიჯაბის ან თავსაბურავის სავალდებულო ტარებას გულისხმობს.

პოლიცია ირწმუნებოდა, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა, ხოლო უფლებადამცველებისა და ნათესავების აზრით, მას დაკავების შემდეგ სცემეს.

მაჰსა ამინი საავადმყოფოში
მაჰსა ამინი საავადმყოფოში

მის მშობლიურ ქალაქ საყეზში, ქურთისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში ამინის დაკრძალვის შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო და სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში.

გამოსვლების მამოძრავებელ ძალად იქცნენ ქალები.

შარშანდელი საპროტესტო პირველი ტალღის მახასიათებელი გახდა ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლური მნიშვნელობის, რეალურად სიახლის, მკაფიო ნიშანი - ქალების სიარული თავსაბურავის გარეშე - იმ პერიოდში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ წვავდნენ მათ ქალები საჯაროდ. და იშვა ლოზუნგი, თავდაპირველად ქურთულად, შემდეგ სპარსულად, „ზან, ზენდეგი, აზადი“ - „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.

მის მშობლიურ ქალაქ საყეზში, ქურთისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში ამინის დაკრძალვის შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო და სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში.
მის მშობლიურ ქალაქ საყეზში, ქურთისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში ამინის დაკრძალვის შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო და სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში.

თავიდან ხელისუფლება არეულობის ჩახშობას ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვით ცდილობდა, მაგრამ საპროტესტო აქციების მუხტი გაძლიერდა - მებრძოლი სულისკვეთებით მოზარდი გოგონები გამოირჩეოდნენ. ქალებთან ერთად უამრავი კაცი იღებდა მონაწილეობას დემონსტრაციებში.

პროტესტის მასშტაბები გაფართოვდა, სხვადასხვა მონაცემით, ის ისლამური რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფართომასშტაბიან პროტესტად მიიჩნევა ამ ქვეყანაში.

საპროტესტო ტალღა ცვალებადი იყო, ის ხან იზრდებოდა და ძლიერდებოდა, ხანაც ცხრებოდა. მსოფლიოს ათეულობით ქალაქში, ოკეანის გადაღმა და ევროპაში, საქართველოშიც, მოეწყო სოლიდარობის დემონსტრაციები, რომლის დროსაც ირანელ ემიგრანტებთან ერთად ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გავიდა.

ირანელი დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის აქცია თბილისში
ირანელი დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის აქცია თბილისში

ირანის საპროტესტო გამოსვლებს ორიგინალური ფორმები ჰქონდა: არაერთმა ქალმა საჯაროდ შეიჭრა თმა - ახალგაზრდა ადამიანების დატირების ძველი ფორმა გაიხსენეს. თმის შეჭრით ამინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს გამოჩენილმა არტისტებმა, რისი ჩანაწერიც ინტერნეტს მოედო. ირანში და სხვაგან საჯაროდ წვავდნენ თავსაფარს, პროტესტის თავისებურ სიმბოლოს, გაისმოდა ლოზუნგები, რომლებითაც მთავრობას წასვლისკენ მოუწოდებენ, იყო ბევრად უხეში ლოზუნგებიც.

ამავე დროს დაიწყო სპორტის სფეროში გამარჯვების გამო „არსიხარულის“ გამოხატვა.

თამაშის თუ შეჯიბრების დაწყებისას, ან გამარჯვების დროს, სპორტსმენები ჩვეულებრივ სახელმწიფო ჰიმნს აჰყვებიან და ხან გულით და ზოგჯერ, უგულოდაც, მღერიან. პატრიოტ ირანელებს უყვართ ჰიმნის სიმღერა, ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის „არმღერა“ იქცა პროტესტის ნიშნად.

2022 წლის ოქტომბრიდან ირანმა დაიწყო დასავლეთის - აშშ-ისა და ისრაელის დადანაშაულება, რომ ისინი „ამბოხების“ გაღვივებას უწყობდნენ ხელს.

ამ დროს საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან სტუდენტები, მენავთობეები, იურისტები, მაღაზიების მეპატრონეები, სტუდენტები და მოსწავლეები, ასევე მათი მასწავლებლები.

საყეზში, ამინის სიკვდილის გამო ტრადიციული 40-დღიანი გლოვის დასრულების შემდეგ, უშიშროების ძალებსა და ხალხს შორის შეტაკება მოხდა.

ბუშერის ნავთობქიმიური ქარხნის მუშათა გაფიცვა. ირანი. 10 ოქტომბერი, 2022 წელი
ბუშერის ნავთობქიმიური ქარხნის მუშათა გაფიცვა. ირანი. 10 ოქტომბერი, 2022 წელი

საპროტესტო აქცია ირანში

2022 წლის დეკემბერში სიკვდილით დასაჯეს პირველი პირი, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობდა.

სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციების მონაწილე - ჩამოახრჩვეს კაცი, რომელსაც უმაღლესი ზომა მიესაჯა ქუჩის გადაკეტვისა და გასამხედროებული სამთავრობო რაზმის წევრის დაჭრისთვის.

შირინ ებადი, პირველი ირანელი უფლებადამცველი და მოსამართლე ქალი
შირინ ებადი, პირველი ირანელი უფლებადამცველი და მოსამართლე ქალი

ამბოხება თუ დემონსტრაციები, საპროტესტო მოძრაობა თუ რევოლუცია? ზოგიერთმა უწოდა „რევოლუცია“ ირანში მომხდარს, ზოგმა - დასაწყისი. მაგალითად, შირინ ებადი, ირანელი იურისტი, მოსამართლე და უფლებადამცველი, პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა მშვიდობის დარგში, მიიჩნევდა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები რევოლუციის დასაწყისია: „დიახ, ეს არის რევოლუციის დასაწყისი. როდესაც ვუყურებ ირანში გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებს, ვხედავ 15-16 ან 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ქუჩებში პროტესტს გამოთქვამენ მათი ბებია-ბაბუების ასაკის პენსიონერებთან ერთად, როცა შვილიშვილიდან ბებიამდე ყველა უკმაყოფილოა, არა მხოლოდ ერთ ქალაქში, არამედ ას ქალაქში, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შემდეგი რევოლუციის დასაწყისი ირანში“, უთხრა მან გერმანიის რადიოს შარშან. სხვები ტერმინ „რევოლუციას“ უარყოფდნენ და უარყოფენ. მათ რიცხვშია ამერიკელი სოციოლოგი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეკ გოლდსტოუნი, რომელიც საერთოდ, ირანში გასული 12 თვის ამბებს საყოველთაო, მთელი ქვეყნის მასშტაბის პროტესტად მიიჩნევს. გოლდსტოუნი ფიქრობს, რომ მკვლევართა უმრავლესობა, ისინიც, ვინც სხვაგვარად უყურებდა ამ მოვლენებს შარშან შემოდგომაზე და „რევოლუციაზე“ ლაპარაკობდა, ახლა ასე აღარ თვლის:

„ახლა ისინი ხედავენ, რომ პროტესტმა არ მიიღო ის მასშტაბი, ვერ მიაღწია იმ დონეს, რომ რეჟიმს დამუქრებოდა, რომ მართლა ყოფილიყო რევოლუციის ნიშნები. ჩემი აზრით, მკვლევრების უმრავლესობა ახლა ლაპარაკობს იმაზე, რომ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო როგორც პროტესტი ქალთა უფლებებისთვის, პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ, თავსაბურავის ტარების და მათი დარღვევის გამო დასჯის წესების შეცვლისკენ მოწოდებით. ისინი შემდეგ გადაიზარდა ქალთა უფლებების უფრო ფართო მოწოდებაში. ამას მოჰყვა უფრო რადიკალური და ფართო მოწოდებები რეჟიმის შეცვლისკენ. ამ მოწოდებებმა ათქმევინა ზოგიერთ ანალიტიკოსს: „აი, ახლა ეს რევოლუციისკენ მოწოდებებში გადაიზრდება“. ასე იწყება ხოლმე რევოლუციები. მაგრამ რეჟიმის შეცვლის მოწოდებებს არ გაშორებიან, რადგან რეჟიმის საპასუხო რეაქციის ძალა და ეფექტიანობა საკმარისად დიდი იყო“, - უთხრა გოლდსტოუნმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს.

ირანული უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 500-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა.
ირანული უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 500-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა.

პროტესტის მიმართ რეჟიმის სასტიკ ძალადობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები მოწმობს. პოლიცია, „ბასიჯის“ გაერთიანება და ირანის რევოლუციური გვარდია დემონსტრანტებს ესვრიან. საცხოვრებელ ადგილებში ისინი ცდილობენ ჩაახშონ ღამის გალობა და ლოზუნგები, ზოგჯერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, რეჟიმის ძალებმა 120 ადამიანი მოკლეს ზაჰედანში, სისთანისა და ბელუჩისთანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში. ირანული უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 500-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა.

დაკავებულია ათასობით ადამიანი, უამრავია დასახიჩრებული, ბევრმა დაკარგა თვალი...

ბოლო დროს ირანში საპროტესტო მოძრაობის შესახებ მედია საგრძნობლად ნაკლებს იტყობინება. მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება, ამბობენ ისინი, ვისაც კონტაქტები აქვთ ქვეყანაში.
ბოლო დროს ირანში საპროტესტო მოძრაობის შესახებ მედია საგრძნობლად ნაკლებს იტყობინება. მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება, ამბობენ ისინი, ვისაც კონტაქტები აქვთ ქვეყანაში.

ახლა, ამ მოვლენების წლისთავზე, ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ „არასტაბილურობის“ მიმართ შემწყნარებლობას არ აპირებს.

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დაემუქრა ყველას, ვინც აპირებს მაჰსა ამინის სახელი გამოიყენოს და ქვეყანაში არასტაბილურობას შეუწყოს ხელი, და თქვა, „ვიცით, რაც მათ მოელით“-ო. 11 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ირანის უშიშროების უწყებებმა დაიბარეს ამჯად ამინი - მაჰსა ამინის მამა - და ერთი საათის განმავლობაში უტარებდნენ დაკითხვას, იუწყება რადიო თავისუფლების ირანული სამსახური. მას მოსთხოვეს, არ აღენიშნა შვილის სიკვდილის წლისთავი.

შარშან, სასჯელის უმაღლესი ზომის აღსრულების რამდენიმე შემთხვევის შემდეგ, როდესაც პროტესტი არ შეწყდა, ხელისუფლებამ გაზაფხულზე სიკვდილით დასაჯა კიდევ უფრო მეტი დემონსტრანტი. 2023 წლის სექტემბრისთვის, ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია Iran Human Rights-ი ითვლის სიკვდილით დასჯის თითქმის 500 შემთხვევას.

შემაშფოთებელი იყო ირანელებისთვის გოგონათა ზოგიერთ სკოლაში მოწამვლის შემთხვევები. პირველი მონაცემები ხელმისაწვდომი იყო უკვე 2022 წლის ნოემბრის ბოლოს. ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 13 ათასამდე შემთხვევა, ბევრი გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს. ისლამური რესპუბლიკა პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს. მაგრამ ამას ჰქონდა ეფექტი: გოგონებს და ახალგაზრდა ქალებს, მათი ოჯახებს შიში გაუჩნდათ.

ბოლო დროს ირანში საპროტესტო მოძრაობის შესახებ მედია საგრძნობლად ნაკლებს იტყობინება. მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება, ამბობენ ისინი, ვისაც კონტაქტები აქვთ ქვეყანაში.

დიდი თემაა ირანში ბოლო წლის საპროტესტო გამოსვლები და უცხოეთი, სადაც მცხოვრები მილიონობით ირანელი გულხელდაკრეფილი არ მჯდარა. სისტემატურად იმართებოდა გამოსვლები ყველგან, დასავლეთსა და აღმოსავლეთში, როგორც ითქვა, მათ შორის, საქართველოში.

„სანამ რეჟიმი ერთიანია და ჩვენ გაყოფილი ვართ, ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან“

ფაქტი ისაა, რომ ემიგრაციაში მყოფი ირანული ოპოზიციური ჯგუფებისა და მოღვაწეების კოალიცია, რომელიც ხელისუფლებასთან დაპირისპირებული საპროტესტო აქციების შედეგად შეიქმნა, ერთ წელზე ნაკლებ დროში დაიშალა.

ირანის ემიგრაციული ძალები ერთიანი არასოდეს ყოფილან და ახლა, უპრეცედენტო საპროტესტო აქციებმა, რომლებმაც შარშან იფეთქა, ახალი იმპულსი გააჩინა ქვეყნის შიგნით მყოფი ირანელების დასახმარებლად - საზღვარგარეთ ერთიანი მოძრაობის შექმნის გზით.

რეზა ფეჰლევი, ირანის ყოფილი შაჰის უფროსი ვაჟი. იერუსალიმი. 17 აპრილი, 2021 წელი
რეზა ფეჰლევი, ირანის ყოფილი შაჰის უფროსი ვაჟი. იერუსალიმი. 17 აპრილი, 2021 წელი

მისი მთავარი ფიგურა იყო ალბათ აშშ-ში მცხოვრები, ირანის ბოლო შაჰის, რეზა ფეჰლევის ვაჟი, რომელიც წელს თებერვალში, შეუერთდა ადრე ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს, ირანში დემოკრატიისა და თავისუფლების ალიანსის (ADFI) შექმნის მიზნით. გაერთიანებამ გამოაქვეყნა „მაჰსას ქარტია“, გზამკვლევი, რომელსაც სეკულარულ დემოკრატიაზე გადასვლის გზა უნდა განესაზღვრა.

რეზა ფეჰლევის გარდა, კოალიციის წევრები იყვნენ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი, აქტივისტი მასიჰ ალინეჟადი, ირანელი ქურთი მოღვაწე აბდულა მოჰთადი „კომალას“ პარტიიდან და აქტივისტი ჰამედ ესმაეილიონი, რომელმაც ცოლი და ქალიშვილი დაკარგა, როცა ირანმა უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო 2020 წელს.

ესმაილიონმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საპროტესტო აქციების მხარდასაჭერი მიტინგების ორგანიზებაში დასავლეთში, ჯგუფის შექმნიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ განაცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა.

მას მიჰყვნენ ებადი, ალინეჟადი და მოჰთადიც, რომლებიც წუხდნენ, რომ „სიტუაციამ გაართულა ჩვენი სოლიდარობის გაგრძელება“.

მაჰსა ამინის სიკვდილის პირველი წლისთავი დადგა და ის ერთობა, რომელზეც იმედებს ამყარებდნენ, უკვე აღარ არსებობს.

რას ფიქრობენ ანალიტიკოსები?

არაშ აზიზი, კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ ფეჰლევი ყველა ძალას ხმარობდა თავისი ნაციონალისტი მომხრეების შესარიგებლად, ისეთი ფიგურების ჩათვლით, როგორებიც იყვნენ ალინეჟადი და ესმაილიონი, რომ აღარაფერი ვთქვათ ქურთ მოჰთადიზე.

„ეს მეტყველებს წინააღმდეგობაზე, რომელსაც ფეჰლევი დიდი ხნის განმავლობაში აწყდებოდა: მაშინ, როცა თავად ჰქონდა ფართო ლიბერალური და ინკლუზიური მიდგომა, მის მხარდამჭერთა და მასთან დაახლოებული ფიგურებიდან ბევრი აგრესიულ და შოვინისტურ პოლიტიკას უჭერს მხარს“, განუცხადა AFP-ს აზიზიმ, რომლის წიგნი საპროტესტო აქციების შესახებ „რა სურთ ირანელებს: ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, გამოცემისთვის მზადდება.

აქვე ვთქვათ, რომ ირანულ დიასპორაში ბევრს აქვს შინაგანი უნდობლობა ფეჰლევის მიმართ, რომელიც, როგორც ამბობს, არ ესწრაფვის ირანში მონარქიის აღდგენას, თუმცა, ამავე დროს, არასოდეს დისტანცირებულა მამამისის ავტორიტარული მმართველობისგან.

კოალიციის მიღმა დარჩა ირანიდან დევნილი ოპოზიციური ჯგუფი, ყველაზე უკეთ ორგანიზებული, „სახალხო მოჯაჰედინი“ (MEK), რომელიც შეურიგებლად ეწინააღმდეგება ფეჰლევის. მაგრამ ემიგრაციაში და ქვეყანაშიც, მის მიმართ სიძულვილი აქვთ, რადგან 1980-1988 წლების ომში მტრულ სახელმწიფოს, ერაყს აქტიურად მიემხრო და მის მხარეს იბრძოდა.

აქვე უნდა ვახსენოთ კოალიციის შიგნით არსებული დაძაბულობა ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ყოფილი შაჰის ვაჟი და მისი მომხრეები კატეგორიული მოწინააღმდეგეები არიან ნებისმიერი წინადადების მიმართ, რომელიც ირანის არასპარსული ეთნიკური უმცირესობების სასარგებლოდ დეცენტრალიზაციას ეხება.

ბრიტანეთში მცხოვრები მსახიობი და აქტივისტი, ნაზანინ ბონიადი, რომელიც კოალიციის წევრი იყო, ვითარებას ასე ახასიათებს:

„საბოლოოდ, ოპოზიცია უფრო გაყოფილი აღმოჩნდა, ვიდრე რეჟიმი. სანამ რეჟიმი ერთიანია და ჩვენ გაყოფილი ვართ, ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან“, წერდა ის სტატიაში, რომელიც საინფორმაციო საიტმა IranWire-მა გამოაქვეყნა.

მაშინ, როცა ფეჰლევი საპროტესტო გამოსვლების დაწყების ერთი წლისთავს ახალი გამოსვლების განახლების შანსად მიიჩნევს, აზიზი ფიქრობს, რომ კოალიციის დაშლა იყო „გამოფხიზლების მომენტი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ხელისუფლება ცდილობდა თავისი პოზიციის ხელახლა გამყარებას საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატიური შეთანხმებების გაფორმებით იმ დროს, როცა აძლიერებდა ზეწოლას შიგნით“.

შეიძლება ითქვას, რომ კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორი ფრთხილი ოპტიმიზმით არის განწყობილი და არ გამორიცხავს, რომ მაჰსას გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, დიასპორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება გადახედოს გაერთიანების შესაძლო გზებს რეჟიმის წინააღმდეგ, „ამ დღეს მასობრივი დემონსტრაციების მოწყობით“.

ამ დროს კრიტიკა გაისმის ირანის მიმართ პოლიტიკის გამო ევროკავშირში. მაგალითად, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი გააკრიტიკა ევროპის პარლამენტის წევრმა, გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრმა, ჰანა ნოიმანმა, რომელიც თვლის, რომ ირანის მიმართ ევროპის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. ნოიმანის აზრით, პროტესტი ირანში იმიტომ კი არ არის შენელებული, რომ ქვეყანაში მიზეზი აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმი სასტიკია საკუთარი ხალხის მიმართ, მძევლებად აჰყავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. ამასთან, ნოიმანის თანახმად, ირანი მხარს უჭერს რუსეთს უკრაინასთან ომში და აგრძელებს ურანის სულ უფრო მეტად გამდიდრებას. ამიტომ, თვლის ევროპელი კანონმდებელი, საჭიროა ირანის სამოქალაქო საზოგადოების მეტად მხარდაჭერა და რეჟიმისთვის უფრო მკაფიოდ ჩვენება, რომ ასე ვერ გაგრძელდება. სანქციები მოქმედებს, ამბობს ნოიმანი, მაგრამ ირანის მთავრობას უნდა დავანახვოთ, რომ თუ საკუთარი ხალხის მიმართ ასეთ რეპრესიულ მოპყრობას გააგრძელებს, ჩვენ მას ვეღარ მივიჩნევთ ირანის და ირანის მოსახლეობის წარმომადგენლად.

15 სექტემბერს ევროკავშირი თეირანს უფრო მკაცრი სანქციებით დაემუქრა. ჟოზეპ ბორელის თქმით, გადახედავენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხონ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 16 სექტემბერთან დაკავშირებით, როცა მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავი აღინიშნება, განაცხადა, რომ მაჰსას ამბავი მისი სასტიკი სიკვდილით არ დასრულებულა. მან სული შთაბერა ისტორიულ მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“. ირანელებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის ბედ-იღბალი, მაგრამ შეერთებული შტატები მათ გვერდით დარჩება.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG