პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტები, რომლითაც მოქალაქეები და კომპანიები Covid-რეგულაციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმებისგან თავისუფლდებიან. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის შესახებ პრემიერმა 24 ივნისს ისაუბრა, დოკუმენტი დღემდე არ გასაჯაროებულა. დღეს რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ მთავრობას ე.წ. კოვიდ-ჯარიმების ამნისტიისთვის ორი კანონპროექტი აქვს მომზადებული.
კანონპროექტები წყაროს მეშვეობით მოვიპოვეთ: ერთი ეხება 21 მარტის შემდეგ გამოწერილ ჯარიმებს, მეორე კი ამავე პერიოდიდან კოვიდ-რეგულაციების განმეორებით დარღვევისთვის დაწყებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს.
კანონპროექტის ამ ვერსიით, მომდევნო დღეებში თუ პოლიცია კანონდარღვევას აღმოაჩენს, დაჯარიმება ფორმალური ხასიათის იქნება.
ვისზე ვრცელდება კანონი?
ჯარიმების გადახდა არ მოუწევთ იმ მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომელებიც 2020 წლის 21 მარტის შემდეგ დააჯარიმეს (და არ გადაუხდიათ ჯარიმა).
როდემდე გამოწერილ ჯარიმებს ეხება?
ჯარიმებისგან გაათავისუფლებენ ყველა იმ კომპანიასა თუ მოქალაქეს, რომელსაც კანონის მიღებამდე აქვს დარღვეული წესები. ეს ნიშნავს, რომ თუკი მოქალაქე ან კომპანია კოვიდ-რეგულაციების წესებს დაარღვევს, მას გამოწერილი ჯარიმა კანონის ამოქმედების შემდეგ გაუუქმდება. რაც, პრაქტიკულად ნიშნავს იმასაც, რომ კანონი, ინიციატივის გამოცხადების შემდეგ გამოწერილ ჯარიმებზეც გავრცელდება.
განსხვავებულია სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიდგომა - აქ საქმის წარმოება შეწყდება ყველა იმ მოქალაქისა და კომპანიის მიმართ, რომელმაც 23 ივნისამდე განმეორებით დაარღვია კოვიდ-რეგულაციები.
რამდენ პირს ეხება?
ჯამში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება 37 863 პირი და 45 კომპანია. ანუ დაახლოებით 44 მლნ ლარი აღარ შევა ბიუჯეტში. ასეთი იყო მონაცემები ამნისტიის ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბების დროს - ამას დაემატება ინიციატივის გამოცხადებიდან კანონის მიღებამდე გამოწერილი გადაუხდელი ჯარიმების და დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობაც.
ასევე, 23 ივნისის მონაცემებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება 1713 პირი.
კონკრეტულად რომელი ჯარიმები უქმდება?
- 2020 წლის 21 მარტიდან ორი თვით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 8418 პირს დაეკისრა 3000-ლარიანი ჯარიმა. ეს ჯამში 25 მლნ ლარზე მეტია საქმეების უდიდეს ნაწილზე (6890 შემთხვევა, 20,7 მლნ ლარი) იძულებითი აღსრულება დაიწყო, საიდანაც მხოლოდ 29 დასრულდა, დანარჩენი 6861 კი მიმდინარეა.
- ამავე პერიოდში იგივე წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 105 კომპანია 15-15 ათასი ლარით (ჯამში 1,6 მლნ ლარამდე). 7 შემთხვევაში თანხის იძულებითი ამოღების პროცესი დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა.
22 მაისის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მისცა. ახალი რეგულაციებით შედარებით უფრო შემცირდა ჯარიმების მოცულობა. იზოლაციის წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდებოდა, კომპანია კი 10 000 ლარით.
- ამ დროიდან იზოლაციის წესების დარღვევისთვის 21 525 მოქალაქეს გამოუწერეს ჯარიმა (43 მლნ ლარზე მეტი). მათგან 11 272 შემთხვევაში იძულებითი აღსრულება დაიწყო და 4 დასრულდა;
- კოვიდ-შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა 216 კომპანია (2,2 მლნ ლარამდე) - 39 შემთხვევაში დაიწყო იძულებითი აღსრულება და მხოლოდ 1 აღსრულდა;
- პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის გამოწერილია 201 493 ჯარიმა (4 მლნ ლარზე მეტი). აქედან 29 ათასზე მეტ შემთხვევაზე იძულებითი აღსრულება დაიწყო და 9,6 ათას შემთხვევაში დასრულდა. განმეორებით გამოიწერა 13 543 ჯარიმა (542 ათას ლარამდე).
- პირბადის ტარების წესის დარღვევა 23 კომპანიაში აღმოაჩინეს, სულ გამოიწერა 11 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. რამდენი დარჩა აღუსრულებელი, უცნობია.
რა პროცედურაა საჭირო ჯარიმის გასაუქმებლად?
ჯარიმა ავტომატურად გაუქმდება კანონის ამოქმედებისთანავე. ცალკე მიმართვა საჭირო არ არის. თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯარიმების ამოსაღებად პროცესი დაწყებული აქვს, ის ვალდებული იქნება კანონის მიღებისთანავე შეწყვიტოს პროცესი.
ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, თანხა დაუბრუნდებათ?
ჯარიმა უკვე გადაიხადა 209 კომპანიამ და 207 ათასზე მეტმა მოქალაქემ. ჯამში საუბარია 32 მილიონ ლარამდე. კანონპროექტის მიხედვით, მათ თანხა უკან არ დაუბრუნდებათ.
როდის ამოქმედდება კანონი?
კანონი ამოქმედდება მისი მიღებისთანავე.
როდის მიიღებს პარლამენტი კანონს?
ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. მთავრობა დოკუმენტის დაჩქარებული სახით მიღებას არ ითხოვს.
რას შვება ახლა პოლიცია?
უცნობია, ისევ აჯარიმებს თუ არა პოლიცია კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეებს. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 14 ივნისის შემდეგ არ გამოუქვეყნებია, უწყებიდან ოფიციალური პასუხი რადიო თავისუფლების კითხვაზე კი ჯერ არ მიგვიღია.