ჩაქვში მდებარე სასტუმრო „Dreamland Oasis"-ის ადვოკატი ამბობს, რომ აუზზე, სადაც 18 ივლისს, 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო. კახა წერეთლის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, სასტუმროებს აუზში ჩასვლის პროცესის კონტროლის ვალდებულება არ აქვთ.
რეგულაცია კი მისი თქმით, მხოლოდ უსაფრთხოების წესების თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას გულისხმობს და ეს რეგულაცია აუზის ტერიტორიაზე დაცული იყო:
„არ არსებობს რეგულაცია, რომ აუზთან მაშველი უნდა იყოს თუ არა. პირდაპირი ვალდებულება არ არსებობს. გაფრთხილებები კი ყველგან გამოკრულია, მაგრამ ის, რომ აკონტროლოს, ვინ ჩადის აუზში, ასეთი ვალდებულება არ არსებობს“, - თქვა ადვოკატმა 19 ივლისს.
ბავშვის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ფაქტის თვითმხილველმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში - სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში. სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას, სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედ პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება, სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო, სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის, პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო".
5 წლამდე ბიჭის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახლა საგამოძიებო უწყებაში სასტუმროს პერსონალის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც სასტუმროს ადმინისტრაცია აცხადებს, მათ უკვე მიაწოდეს საგამოძიებო უწყებას ყველა საჭირო მასალა და ამბობენ, რომ სასტუმროს მენეჯმენტი თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ასევე ნახეთ ადვოკატის განცხადებით, ჩაქვის სასტუმროში რეგულაციები დაცული იყოროგორ გადაურჩა ლელა ძვირადღირებული სასტუმროს აუზში დახრჩობას
გასული წლის ბოლოს, ჟურნალისტი ლელა ზურებიანი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში, ჟურნალისტების მედიატურზე ჩავიდა. დღის ბოლოს, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, სასტუმროს დახურულ აუზზე გადაინაცვლა.
ლელამ ცურვა არ იცის. თუმცა, წყალში ჩასვლა მაინც გადაწყვიტა. ჩათვალა, რომ აუზი ღრმა არ უნდა ყოფილიყო და წყალში ფეხზე დადგომას შეძლებდა, თუმცა, შეცდა და დახრჩობას კოლეგამ გადაარჩინა:
„კიბეზე შევდგი ფეხი, ნელ-ნელა ჩავდგი ერთი ნაბიჯი, მეორე და მესამე ნაბიჯთან ერთად აღმოვჩნდი კოშმარში. წყალი მომექცა თავზე და კარგადაც ვყლაპე, ფეხის დასადგმელი ადგილი ვერ მოვძებნე ვერსად, ანუ ჩემს სიმაღლეზე მაღალი იყო და ვერ ვეჭიდებოდი, არც ხელის მოსავლები იყო სადმე, ვერც წყლის მაღლა ვახერხებდი სხეულის აქაჩვას, რომ მეყვირა... ჩემს იქით სივრცეში, გოგონები დაცურავდნენ და საუბრობდნენ, ვიღაც უბრალოდ იდგა და სქროლავდა... ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა, იმიტომ, რომ მე უბრალოდ ხელებს ვაფართხალებდი და ალბათ შორიდან ჩანდა, რომ ცურვას ვცდილობდი“.
როგორც ლელა იხსენებს, სწორედ ამ დროს შეამჩნია ის აუზში მყოფმა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა და წყლიდან ამოიყვანა. ლელა ამბობს, რომ სასტუმროს აუზთან არც მეთვალყურე ჩანდა და არც მაშველი:
„არ ჭაჭანებდა არათუ მაშველი, არამედ ჩვეულებრივი თანამშრომელი მაინც, რომელიც ალბათ ასეთ სივრცეს უნდა აკონტროლებდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. რადგან შემთხვევის ამბავია, რომ ჩემი სიმაღლის ან უფრო ტანდაბალი ზრდასრული ან ბავშვი, ასე შევიდეს და ვერავის უხმოს საშველად. ასევეა სხვა სასტუმროებში, სადაც ვყოფილვარ, რატომღაც ეს არ აქვთ გათვალისწინებული. თუნდაც დიდი აბრები უნდა იდგეს ალბათ და ზედ ეწეროს აუზის სიღრმე, რომ ჩასვლამდე დაინახო“.
ვინ და როგორ იცავს აუზებზე უსაფრთხოების ნორმებს?
რადიო თავისუფლება დაინტერესდა რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები იმ სასტუმროებში, რომლებიც დიდ საცურაო აუზებს ფლობენ.
მაგალითად, თუკი სასტუმრო „პარაგრაფის“ საიტზე შეხვალთ, პირველივე გვერდზე, თვალში მოგხვდებათ სასტუმროს აუზების თვალისმომჭრელი ფოტოები და თან დართული ტექსტი: „ზღვაში შეჭრილი, 115 მ. სიგრძის აუზი ყველა დამსვენებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი კი დახურული აკვაპარკია. გამოსცადეთ სასტუმრო პარაგრაფის განუმეორებელი, უნიკალური საცურაო აუზი და დატკბით შავი ზღვის უსასრულო სივრცის პანორამული ხედებით. აუზის ნაწილი მდებარეობს სასტუმროს გარეთ და შავ ზღვაშია შეჭრილი“.
ამ ფოტოების მინაწერში, რომელიც აუზების სიკეთეებს აღწერს, ვერ ნახავთ ვერც ერთ სიტყვას მაგალითად, იმის შესახებ, არის თუ არა აუზებზე თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოების ზომები დაცული. მაგალითად, ჰყავს თუ არა აუზს მეთვალყურე, მაშველი და ა.შ.
როგორ იცავენ სასტუმროს აუზებზე სტუმრების უსაფრთხოებას „პარაგრაფში“, მორიგეობენ თუ არა აუზებთან მაშველები ან მეთვალყურეები, იციან თუ არა ინციდენტის შემთხვევაში, როგორ გაუწიონ დამსვენებლებს პირველადი დახმარება და ა.შ.
„პარაგრაფის“ თანამშრომელმა ჩვენს მიერ დასმული კითხვების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა გვთხოვა, დაგვპირდა, რომ ამ კითხვებს კომპეტენტურ პირთან გადაამისამართებდა და პასუხებს დაგვიბრუნებდნენ. თუმცა, პასუხები, ჯერჯერობით, არ ჩანს.
ანალოგიურად, წერილობითი ფორმით კომუნიკაცია არჩია კიდევ ერთი სასტუმროს, „ჰოლიდეი ინნ“-ის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებასთან.
ისევე, როგორც სხვა სასტუმროების პირველ გვერდზე, საცურაო აუზის ფოტოს გასწვრივ ვკითხულობთ: „ადგილობრივებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს Holiday Inn-ის ღია საცურაო აუზი, რომელიც თბილისის ცენტრში არსებული ოაზისია. აქ შეგიძლიათ ივარჯიშოთ, განიტვირთოთ, გაირუჯოთ ან უბრალოდ ისიამოვნოთ გამაგრილებელი სასმელებით აუზის ბართან“.
წერილი, რომელშიც მივუთითეთ, რომ სტატია 19 ივლისისთვის მზადდებოდა და შესაბამისად, ვთხოვეთ, დროულად გამოხმაურებოდნენ ჩვენს კითხვებს, უპასუხოდ დარჩა.
დავუკავშირდით კიდევ ერთი სასტუმროს, „ლოპოტა რეზორტის“ ადმინისტრაციას და მათაც იმავე კითხვებით მივმართეთ.
სასტუმროს საიტზე ვკითხულობთ, რომ „მაქსიმალური კომფორტისთვის ყველა კორპუსთან ახლოს განთავსებულია ღია საცურაო აუზი“. რეზორტი სტუმრებს სთავაზობს 6 დიდ ღია საცურაო აუზს, რომელთაგან 2 აღჭურვილია ბავშვთა ზონებით. ტექსტი გრძელდება „აუზისპირა ბუნგალოების გემრიელი წასახემსებლებითა“ და „გამაგრილებელი კოქტეილების“ შესახებ ინფორმაციით. ამ შემთხვევაშიც, არაფერია ნათქვამი აუზების ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ.
„ლოპოტას“ ცხელ ხაზზე ჩაინიშნეს ჩვენი ნომერი და გვითხრეს, რომ „პასუხების შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდებიან“.
ანალოგიური პასუხი მივიღეთ „რედისონი ბათუმისგანაც“ – „ჩაგვაწერინეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით“.
საცურაო აუზზე უსაფრთხოების ნორმების შესახებ მოგვწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ წარმომადგენელმა:
„აუზებთან მითითებული გვაქვს პარამეტრები, მათ შორის, სიღრმის მითითებით. ტერიტორიაზე ყოველთვის გვყავს მაშველები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ სტუმრების უსაფრთხოებას. სასტუმროს თანამშრომლებს და დაცვის სამსახურის სრულ შემადგენლობას გავლილი აქვს პირველადი დახმარების კურსები. დიდი ღონისძიებების დროს ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ისინი მთელ დღეს ატარებენ სასტუმროს ტერიტორიაზე“.
„იქ რომ მაშველი არ ყოფილიყო, ამბავი სხვანაირად დამთავრდებოდა“
ნატო ალხაზიშვილი თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებდა, როცა მისი 9 წლის შვილი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, ბავშვებთან თამაშისას უეცრად წყალში ჩახტა.
როგორც ნატო იხსენებს, რომ არა მისი უეცარი რეაქცია და აუზთან ახლოს მდგომი მაშველი, ბავშვი შესაძლოა დამხრჩვალიყო:
„მე აუზში ვიყავი, ჩემი შვილი კი აუზის გარშემო დარბოდა სხვა ბავშვებთან ერთად. სანამ აუზში ჩავიდოდი, თვალით მოვძებნე მაშველი. ის ბავშვი, ვისაც ჩემი შვილი ეთამაშებოდა, აუზის ღრმა მხარეს ჩახტა და ჩემი შვილიც ინსტიქტურად მიჰყვა. ჩახტა თუ არა, მაშინვე დაიწყო დახრჩობა, ჩემს თვალწინ - მე ვიყავი ალბათ 10 მეტრში. ეს ყველაფერი ხდება წამებში, მაშველს დავუძახე და თან ბავშვისკენ გავცურე. სანამ მივედი, მაშველს ბავშვი უკვე ამოყვანილი ჰყავდა და გვერდზე გადატრიალებული ეწვინა, რომ წყალი ამოსულიყო ფილტვებიდან. მე რომც ამომეყვანა, ამას ვერ მოვიფიქრებდი. შეიძლება ითქვას, რომ მაშველმა გადაგვარჩინა. ბავშვი რომ წყალში იხრჩობოდა, მის გარშემო უამრავი ადამიანი იყო, რომლებმაც მერე მითხრეს, გვეგონა თამაშობდაო. მას მერე აუზზე რომ დავდივართ, სულ ვუყურებ სხვა ბავშვებს, უკეთიათ თუ არა სამკლაურები, არიან თუ არა მაშველები. დიახ, აუცილებელია, რომ აუზის პერსონალი იყოს ყურადღებით და იცოდეს, რა მომენტში როგორ უნდა იმოქმედოს“.
ხშირად უწევს მოგზაურობა და შესაბამისად, სხვადასხვა სასტუმროში დაბინავება ჟურნალისტ ჰელენა ბედველს. ის ამბობს, რომ საზღვარგარეთ, სასტუმროების საცურაო აუზებებს მუდმივად მეთვალყურეობენ მაშველები და სასტუმროს უსაფრთხოების თანამშრომლები:
„პირველ რიგში, აუზებთან გამოკრულია ტრაფარეტები, რა სიღრმისაა აუზი, ვის შეუძლია ჩასვლა, ვის არა. აუზთან, შემაღლებულ სკამზე ზის მაშველი, რომელსაც აცვია სპეციალური უნიფორმა. ცხადია, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება შვილებს, მაგრამ აქ პასუხიმგებლობის გადატანა მხოლოდ მშობელზე, სრულიად არასწორია. როდესაც ფლობ სასტუმროს, გაქვს აუზი და იღებ სარგებელს, შემოსავალს, იქ უსაფრთხოების ზომებიც უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია და დამისვენია და ძალიან ბევრგან მინახავს, ე.წ. ურჩი დამსვენებლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას. ამიტომ აუცილებელია, რომ ტერიტორიას მეთვალყურეობდნენ გაწვრთნილი მაშველები, რომლებმაც იციან, როგორ გაუწიონ ადამიანს პირველადი დახმარება. თუკი აუზებზე არ ჰყავთ მაშველები, მაშინ იქ აუცილებლად არიან მონიტორები, რომლებიც, აკონტროლებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ ის ადამიანები, რომელთა ჩასვლაც კონკრეტულ აუზში არ შეიძლება“.
არსებობს თუ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი კონკრეტული რეგულაციები სასტუმროებში მოქმედი აუზებისთვის და რა რეგულაციებია ესენი?
ეკონომიკის სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ეს მიმართულება მათ კომპეტენციაში არ შედის.
ამ კითხვაზე ანალოგიური პასუხი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს - აუზებზე უსაფრთხოების ნორმების რეგულირება არ შედის უწყების კომპეტენციაში.
ზოგადად, საზოგადოებრივ საცურაო აუზებზე არსებული რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის სტანდარტების შესახებ გასაუბრება ვთხოვეთ „ოლიმპიური აუზისა“ და სპორტკომპლექს „არენას“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც.
„ოლიმპიურ აუზზე“ გვითხრეს, რომ მათთვის წერილობით მიგვემართა. რაც შეეხება „არენას“, დაპირების მიუხედავად, მათთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.
ერთადერთი რეგულაცია, რომელიც ინტერნეტში საცურაო აუზებთან დაკავშირებით მოვიძიეთ, ეს არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის ბრძანება, რომელიც შეეხება “საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციის და წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცებას“, სადაც არაფერია ნათქვამი ისეთი ტიპის რეგულაციებზე, როგორიცაა, მაგალითად, აუზებთან შესაბამისი ბანერების განთავსება თუ აუზებზე მაშველების საქმიანობა.