ვინ არის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ?

დამოუკიდებელი კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვებში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა, პირველ ტურში გაიმარჯვა.

ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ, ფაქტობრივად, არსაიდან მოვიდა და რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ახლა ის 8 დეკემბერს მეორე ტურში გააგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებისთვის. ვინ არის ჯორჯესკუ და როგორ მოხდა, რომ ექსპერტები არასათანადოდ აფასებდნენ მის შესაძლებლობებს?

ექსპერტები რადიკალ მემარჯვენე კანდიდატს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევდნენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მეორე ტურში რუმინეთის ეტაბლირებულ პოლიტიკოსთან ერთად გავიდოდა მემარჯვენე რადიკალი პოლიტიკოსი. ეს გამოკითხვები აღიქმებოდა ევროპაში მზარდი პოპულიზმის და საზოგადოებაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისადმი მხარდაჭერის კლების ბარომეტრად.

ექსპერტები მართალნიც იყვნენ და ცდებოდნენ კიდეც. მართლაც, 8 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა მემარჯვენე რადიკალი კანდიდატი. მაგრამ არა ის, რომელსაც წინასწარმეტყველებდნენ ისინი და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ, რომელსაც წინასაარჩევნო გამოკითხვებში თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას, არა მხოლოდ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა, 62 წლის ინჟინერ-აგრონომმა 24 ნოემბერს, არჩევნების პირველ ტურში 22 პროცენტამდე დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

ცალკე დრამად იქცა მეორე ადგილისთვის ბრძოლა. დაძაბული კონკურენცია იყო მემარცხენე პრემიერ-მინისტრს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის (PSD) წარმომადგენელ მარჩელ ჩოლაკუსა და ელენა ლასკონის შორის, რომელიც პროევროპული, ლიბერალური მიმართულების „რუმინეთის ხსნის კავშირის“ (USR) ლიდერია.

აღმოჩნდა, რომ მეორე ადგილზე გავიდა ლასკონი - ნატოსა და ევროკავშირში რუმინეთის წევრობის მხარდამჭერი. ის ასევე რუმინეთის მეზობლად მიმდინარე ომში მყარად უჭერს მხარს უკრაინას.

ლიბერალი პრეზიდენტით იმედგაცრუება

ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში 13 კანდიდატი მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ხუთწლიანი ვადით ირჩევა. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილებების მიღებაში ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეროვნული უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და მოსამართლეთა დანიშვნა. დეკემბრის დამდეგს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება. ის განსაზღვრავს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და როგორი იქნება მთავრობის შემადგენლობა.

მიმავალ პრეზიდენტს, მემარჯვენე-ცენტრისტ კლაუს იოჰანისს, მეორე ვადა უსრულდება ათწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ. მრავალი ამომრჩეველი იმედგაცრუებულია მისით და მისი ნაციონალურ-ლიბერალური პარტიით. თავად იოჰანისს ფართოდ აკრიტიკებდნენ მისი პასიურობისა და ჩრდილში ყოფნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს, როგორიცაა, მაგალითად, კორონავირუსის პანდემია და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი

ამჟამინდელ არჩევნებში ამომრჩევლების ყურადღების ცენტრშია კორუფცია, ინფლაცია და პრობლემები ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. კიდევ ერთი სერიოზული საკითხია შეიარაღებული კონფლიქტი მეზობელ უკრაინაში და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ კონფლიქტზე ხელისუფლების ცვლილებამ ვაშინგტონში. შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერადაა ცნობილი, დონალდ ტრამპმა კი, რომელმაც გაიმარჯვა 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში და იანვრის ბოლოს დაიკავებს თანამდებობას, შესაძლოა უკრაინის დახმარება შეამციროს.

რუმინეთი უკრაინის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეა. ბუქარესტი კიევს ეხმარება არა მხოლოდ წვრთნითა და სამხედრო ტექნიკით, მათ შორის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ით, არამედ ის საკვანძო როლს თამაშობს უკრაინის მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტრანსპორტირებაშიც მსოფლიო ბაზრებზე. რუმინეთის პროუკრაინულ პოზიციაში მთავარი დამსახურება მიუძღვის მის მოქმედ პრეზიდენტ იოჰანისს.

მოულოდნელი გამარჯვება

კენჭისყრის წინ ექსპერტთა ყურადღება სხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსისკენ იყო მიმართული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში უკიდურესი მემარჯვენე „რუმინეთის ერთიანობის ალიანსის“ ლიდერი, ჯორჯე სიმიონი, მეორე ან პირველ ადგილზეც კი იყო.

ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ სიმიონი, რომელიც შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდი მხარდამჭერია, არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებოდა პრემიერ-მინისტრ ჩოლაკუს.

სიმიონი მხარს უჭერს რუმინეთის კვლავ გაერთიანებას მოლდოვასთან, რომელმაც რუმინელ პოლიტიკოსს წელს გაუუქმა ქვეყანაში შესვლის ხუთწლიანი აკრძალვა, რაც უსაფრთხოების მოსაზრებებით იყო დაწესებული. ამავე მიზეზით ეკრძალება მას მეზობელ უკრაინაში შესვლა.

სხვათა შორის, ადრე ჯორჯესკუც AUR-ის ცნობილი წარმომადგენელი იყო. პარტიას ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ჰყავდა შერჩეული. მაგრამ 2022 წელს ჯორჯესკუმ დატოვა პარტია. პარტიის ლიდერების აზრით, ჯორჯესკუს პრორუსული და ნატოს საწინააღმდეგო პოზიცია ზიანს აყენებს AUR-ს. თავად ჯორჯესკუ კი პარტიას ბრალს სდებდა ზედმეტად ზომიერ პოზიციაში.

2021 წელს მიცემულ ინტერვიუში მან „დიპლომატიის სირცხვილი“ უწოდა ნატოს ბალისტიკური რაკეტების დამცველ ფარს სამხრეთ რუმინეთში, დევესელუში. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არცერთ თავის წევრს არ დაიცავს.

ამავე დროს მან ეროვნული გმირები უწოდა იონ ანტონესკუს - მეორე მსოფლიო ომის დროს რუმინეთის დე ფაქტო ლიდერს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ჰოლოკოსტში თავისი წვლილისთვის - და კორნელიუ ზელეა კოდრეანუს - მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოძალადე ანტისემიტური მოძრაობის, „რკინის გვარდიის“ ლიდერს.

ჯორჯესკუ მეცნიერებათა დოქტორია, ის ნიადაგების შემსწავლელი სფეროს, პედოლოგიის სპეციალისტია. 1990-იან წლებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა გარემოს დაცვის სამინისტროში. 1999 და 2012 წლებს შორის რუმინეთის წარმომადგენელი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის ეროვნულ კომიტეტში.

ტიკტოკის კამპანია

სხვა მარგინალი პოლიტიკოსების მსგავსად, ჯორჯესკუც კარგად ერკვევა სოცქსელებში. მისი ტიკტოკის ანგარიშს 1,6 მილიონი მოწონება აქვს. ამ პლატფორმაზე ის აქვეყნებს თავის ვიდეოებს - როგორ ესწრება წირვას, როგორ ჭიდაობს ძიუდოს, რომელშიც შავ ქამარს ფლობს, როგორ დარბის და როგორ გამოდის სხვადასხვა პოდკასტში.

კენჭისყრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ჯორჯესკუმ ტიკტოკში დაიწყო კამპანია, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს უკრაინის დახმარება. როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ ამომრჩევლის გული მოიგო. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა ნატოში რუმინეთის წევრობის სისწორე.

ჯორჯესკუს ანტიდასავლურ გზავნილებს რეგულარულად აიტაცებენ ხოლმე რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალებები ან კრემლის მომხრე სოციალური ქსელები.

ოფიციალურმა მოსკოვმა კი არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი არაფერი იცის პრომოსკოვური ორიენტაციის რუმინელ პოლიტიკოსზე.

„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას, არ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვიცნობთ ამ კანდიდატის მსოფლმხედველობას,“ უთხრა ორშაბათს ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. „რაც შეეხება ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, რუმინეთი არ არის ჩვენ მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყანა და ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას,“ დასძინა მან.

ხმის მიცემის შემდეგ ჯორჯესკუმ ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ხმა მისცა „სამართალს მიღმა დატოვებულებს, შეურაცხყოფილებს, იმათ, ვისაც თავი უმნიშვნელოდ მიაჩნია და სინამდვილეში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია... კენჭისყრა არის ერისთვის ლოცვა.“

ჯორჯესკუს ყურადღების ცენტრში სხვა საკითხებს შორისაა რუმინელი ფერმერების დახმარება, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგიისა და საკვები პროდუქტების წარმოების გაზრდა.

ჯორჯე სიმიონმა თქვა, რომ მიულოცა ჯორჯესკუს და „ძალიან მოხარულია, რომ რუმინელი ამომრჩევლების დაახლოებით 40%-მა სუვერენულ ვარიანტს დაუჭირა მხარი“ და რომ ის მეორე ტურში იასპარეზებს.

მეორე ტურში გავიდა ევროკავშირისა და ნატოს მხარდამჭერი კანდიდატი ელენა ლასკონი. ბუქარესტი, 25 ნოემბერი, 2024.

როგორც ვარაუდობენ, კენჭისყრის მეორე ტური დაძაბული იქნება. სასწორის პინაზე დევს ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაციის საკითხები. ჯორჯესკუს მეტოქე ელენა ლასკონი წამყვან კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად უჭერს მხარს რუმინეთის წევრობას ევროკავშირსა და ნატოში. ის რუმინეთში ნატოს უფრო აქტიური ყოფნის სასარგებლოდაც კი გამოდის. ისაა ამავე დროს ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას მშვიდობის სანაცვლოდ.

გამარჯვების შემთხვევაში ჯორჯესკუ იქნება ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდალი, უხელმძღვანელებს თავდაცვის უზენაეს საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს სამხედრო დახმარების შესახებ. ასევე ის დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, მოსამართლეებს, პროკურორებს და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს. პრეზიდენტი ასევე მთავრობასთან ერთად გააკონტროლებს თავდაცვის ხარჯებს და რუმინეთს წარმოადგენს ნატოსა და ევროკავშირის სამიტებზე.

„არავითარი მიზეზი არა გვაქვს, განუწყვეტლივ ომზე ვილაპარაკოთ. ჩვენ მშვიდობაზე უნდა ვიფიქროთ, მშვიდობის გარეშე ვერაფერს ვერ ავაშენებთ,“ თქვა ჯორჯესკუმ ახლახან მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელშიც უკრაინის დახმარებაზე იყო ლაპარაკი.

„რუმინეთი აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობის მოთამაშეა ევროპაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის თვალსაზრისით და უკრაინის დახმარების საკითხში,“ თქვა ნატოს ყოფილმა პრესსპიკერმა და ამჟამად კვლევითი ცენტრის, United Services Institute-ის თანამშრომელმა ოანა ლუნგესკუმ. „ნებისმიერი რამ, ნებისმიერი პოლიტიკა ან პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც შეცვლის ამას, გამოიწვევს საფრთხეს, რომ დიდი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ თავად რუმინეთზე, რუმინეთის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კურსზე, არამედ ასევე ევროპისა ადა ევროატლანტიკური არეალის უსაფრთხოებაზე,“ მიაჩნია მას.

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა Reuters-ს, ჯორჯესკუს გამარჯვება „კატასტროფა“ იქნებოდა ევროკავშირისთვის.

იმის მიუხედავად, საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ერთი რამ უკვე ცნობილია: პოსტკომუნისტურ რუმინეთში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ყველაზე ძლიერი პარტიის, PSD-ის კანდიდატი მონაწილეობას არ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.