კვირას, 21 ივლისს, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი შემცვლელის ვინაობა კი, ფაქტობრივად, ორ დღეში გადაწყდა - ეს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აღმოჩნდა, რომელსაც თავად ბაიდენმა განცხადების გამოქვეყნებიდან 20 წუთში, მეორე განცხადებით დაუჭირა მხარი.
მალევე, ჰარისს მხარი დაუჭირეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა, მათ მიჰყვნენ სხვა გავლენიანი დემოკრატები - პარტიის ლიდერი კონგრესში, ნენსი პელოსი და ჰარისის პოტენციური კონკურენტები, პენსილვანიის, მიჩიგანისა და კალიფორნიის გუბერნატორები - ჯოშ შაპირო, გრეჩენ უიტმერი და გევინ ნიუსამი და ყველაზე ბოლოს, 25 ივლისს, ბარაკ და მიშელ ობამებმაც საჯაროდ დაუჭირეს მხარი. აშშ-ის 44-ე და პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის სატელეფონო ზარის ვიდეო ჰარისის კამპანიამ X-ზე გამოაქვეყნა.
ჰარისი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად 19-22 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობაზე გახდება, რომელიც ჩიკაგოში იმართება.
როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ჰარისი თავის გუნდთან ერთად ბაიდენის განცხადების გამოქვეყნებიდან მეორე წუთს შეუდგა საქმეს - შემდეგ 10 საათში დაურეკა და პირადად ესაუბრა დემოკრატიული პარტიის 100 მაღალჩინოსანს.
ორ დღეში მას უკვე ჰქონდა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა და $126 მილიონი, რომელიც მისმა კამპანიამ რეკორდულად მცირე დროში მოაგროვა.
22 ივლისს ჰარისის კამპანიამ კიდევ ერთი ადამიანისგან მიიღო მხარდაჭერა. ეს ამჯერად არა რომელიმე გამოცდილი დემოკრატი სენატორი, არამედ პოპმუსიკოსი Charli XCX იყო.
„კამალა არის brat“, - დაწერა X-ზე 2024 წლის ზაფხულის ყველაზე პოპულარულმა არტისტმა. მის ახალ ალბომს სწორედ brat ჰქვია და ამ სიტყვას ოქსფორდის ლექსიკონი ასე განმარტავს - „ბავშვი, რომელიც, როგორც წესი, ცუდად იქცევა“.
ერთი შეხედვით, ასეთი დახასიათება სულაც არ უნდა წაადგეს ადამიანს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა სურს. მაგრამ კამალა ჰარისის შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა - საკუთარი კანდიდატურის გამოცხადებისთანავე, ტიკ-ტოკი მოიცვა ვიდეოებმა, სადაც ჰარისი Charli XCX-ის უახლესი ჰიტების ფონზე ცეკვავს და იცინის.
Charli XCX-ის საჯარო მხარდაჭერა ჰარისის გუნდმა უმალ აიტაცა და X-ზე კამპანიის გვერდის მთავარი ფოტო მომღერლის ალბომის ყდის სტილში გადააკეთა.
„ტიკ-ტოკზე, სადაც ტრამპის მხარდამჭერი მასალა დომინირებდა, იფეთქა კამალა ჰარისის მიმებმა, საიდანაც უმეტესობა დადებითად წარმოაჩენს მის უცნაურ მანერებს და "მაგარი გოგოების" ყველაზე ტრენდულ ჰიმნებთან აკავშირებს“, - დაწერა გამოცემა Politico-მ.
სოციალურ ქსელებში ტრიალებს ჰარისის შარშანდელი ვიდეოც, სადაც ის ამბობს ფრაზას - „გგონიათ, ქოქოსის ხიდან ჩამოვარდით?“, შემდეგ კი საკუთარ ნათქვამზე იცინის. აქამდე, მისი მოწინააღმდეგები ამ ფრაზას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონტექსტიდან იყო ამოჭრილი, ჰარისის წინააღმდეგ იყენებდნენ, მაგრამ, როგორც გასულ დღეებში აღმოჩნდა, ახლა ესეც მის სასარგებლოდ მუშაობს.
„სცენარი ამოტრიალდა. ტრამპი 78 წლისაა, ის [ჰარისი] - 59-ის. დიდ აღფრთოვანებას მოიტანს. შეძლებს, სიუჟეტი ბევრი სასარგებლო კუთხით თავად გააკონტროლოს, ვიცე-პრეზიდენტის არჩევის ჩათვლით“, - ამბობს მეთიუ დალეკი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, რადიო თავისუფლებასთან.
ცუდი ამბავი და კარგი ამბავი
თუმცა, ბუნებრივია, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ტიკ-ტოკზე არ გადაწყდება.
დემოკრატების ნაწილმა თავდაპირველად თავი შეიკავა კამალა ჰარისის მხარდაჭერისგან, მათ შორის იყო ბარაკ ობამაც.
ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ჯო ბაიდენის მსგავსად, კამალა ჰარისიც არ სარგებლობს დიდი პოპულარობით - კანდიდატის შეცვლამდე, ტრამპი მასაც უსწრებდა გამოკითხვებში.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები თავისებური წესით ტარდება - აქ იმას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აიღებს მეტ ხმას ჯამურად. მაგალითად, 2016 წელს ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ მაინც წააგო. იგივე მოხდა 2000 წელს უმცროსი ჯორჯ ბუშისა და ალ გორის შემთხვევაში.
ნაცვლად ამისა, არჩევნებში გამარჯვებული ისაა, ვინც მინიმუმ 270 ელექტორალურ ქულას მოაგროვებს, ეს კი ცალკეულ შტატებში გამარჯვებით ხდება - ყველა შტატს, მოსახლეობის პროპორციულად, გარკვეული რაოდენობის ქულა აქვს მინიჭებული.
ხშირად შეიძლება გაიგოთ, როგორ ყოფენ აშშ-ის შტატებს სამ კატეგორიად - ლურჯ, წითელ და მერყევ შტატებად. „ლურჯ“ შტატებში, როგორც წესი, დემოკრატები იგებენ, „წითლებში“ - რესპუბლიკელები. ასეთ შტატებში სხვაობა ან ერთი ან მეორე პარტიის სასარგებლოდ დიდია და მოწინააღმდეგე ბანაკს დიდი ხანია, არ გაუმარჯვია.
შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, ფაქტობრივად, „მერყევ“ შტატებში წყდება - სადაც სხვაობა მცირეა და ხან რესპუბლიკელი იგებს, ხან - დემოკრატი.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯო ბაიდენს კანდიდატურაზე უარის თქმა მოუწია, ის იყო, რომ ამ შტატებში დონალდ ტრამპმა გაუსწრო.
რა შანსები აქვს ასეთ შტატებში კამალა ჰარისს?
სოციოლოგებს დემოკრატებისთვის ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი აქვთ - ემერსონის კოლეჯის კვლევის თანახმად, რომელიც 22-23 ივლისს, ბაიდენის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ჩატარდა, მერყევი შტატების უმეტესობაში დონალდ ტრამპს კამალა ჰარისიც ჩამორჩება.
კარგი ამბავი კი მისთვის ისაა, რომ ბაიდენთან შედარებით, სხვაობა შემცირებულია და უმეტესწილად, მინიმალური - ჯორჯიასა და პენსილვანიაში ტრამპი ჰარისს 2%-ით უსწრებს, მიჩიგანში - 1%-ით, ვისკონსინში კი ორივე კანდიდატი თანაბრადაა.
ამავდროულად, ყველა ამ შტატში გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობას კვლავაც შეუძლია, არჩევნების ბედი შეცვალოს.
„მცირე სხვაობა იქნებოდა, ბაიდენი რომ დარჩენილიყო და მცირე სხვაობა იქნება, თუ ჰარისი იქნება ტრამპის ოპონენტი, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ტომას გიფტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი, - საბოლოოდ კი არჩევნების ბედს გადაწყვეტს ხმების მცირე წილი რამდენიმე მერყევ შტატში - ოჰაიო, პენსილვანია, მიჩიგანი, ვისკონსინი, ჯორჯია, არიზონა - რომელთაც სულ ახსენებენ“.
კამალა ჰარისის სასარგებლოდ შეიძლება იმოქმედოს იმანაც, რომ ამერიკელების ნაწილმა მის შესახებ ბევრი არაფერი იცის - ვიცე-პრეზიდენტობიდან ოთხი წლის თავზე, ჯერ კიდევ ბევრს ეშლება, სად უნდა დასვას მახვილი მისი სახელის წარმოთქმისას. ჰარისს ნოემბრამდე აქვს დრო, ესეც სათავისოდ გამოიყენოს.
ვინ იქნება კამალა ჰარისის მეწყვილე?
კამალა ჰარისის მიერ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის არჩევა კამპანიის დარჩენილი სამი თვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
ჰანს ნოელი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ მეწყვილის არჩევისას, დემოკრატები კამალა ჰარისის პერსონის „დაბალანსებას“ ეცდებიან:
„ვფიქრობ, იარსებებს გარკვეული წნეხი. დემოკრატები იფიქრებენ - "კარგი, ჰარისი ფერადკანიანი ქალია და ალბათ, ამის დაბალანსება უნდა გვინდოდეს ტრადიციული, თეთრკანიანი კაცი კანდიდატით“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც, დიდი ალბათობით, კამალა ჰარისი მეწყვილის არჩევისას გაითვალისწინებს, ზემოხსენებული მერყევი შტატებია - წესით, უპირატესობა ექნება კანდიდატს, რომელიც სწორედ ასეთ შტატს წარმოადგენს.
ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ამერიკული მედია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს:
- ჯოშ შაპირო პენსილვანიიდან - მერყევი შტატის პოპულარული, ახალგაზრდა გუბერნატორი. 2020 წელს პენსილვანიაში ბაიდენმა მოიგო, მაგრამ ახლა გამოკითხვებში ტრამპია წინ. თუმცა შეიძლება, შაპიროს ხელი იმან შეუშალოს, რომ ებრაელია - დემოკრატებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ისრაელისადმი კრიტიკულად განწყობილ ახალგაზრდა ამომრჩევლებს გაანაწყენებენ.
- არიზონის სენატორი მარკ კელი - შაპიროს მსგავსად, ისიც მნიშვნელოვანი მერყევი შტატიდანაა, სადაც 2020 წელს ბაიდენმა სულ მცირე სხვაობით მოიგო და გამოკითხვებში ახლა ტრამპი ლიდერობს. ყოფილი ასტრონავტი და აშშ-ის ფლოტის კაპიტანი კელი დაქორწინებულია კონგრესმენ გები გიფორდსზე, რომელიც 2011 წელს მკვლელობის მცდელობისას მძიმედ დაშავდა.
- ენდი ბეშირი კენტუკიდან - მყარი „წითელი“ შტატის ახალგაზრდა დემოკრატი გუბერნატორი. ბეშირი ისეთ პოლიტიკოსადაა მიჩნეული, ვინც უპარტიო ამომრჩევლებისა და ზომიერი რესპუბლიკელების ხმები შეიძლება მოიზიდოს. მას თავდაპირველად კამალა ჰარისის სავარაუდო მეტოქედაც განიხილავდნენ, თუმცა 22 ივლისს მას საჯაროდ დაუჭირა მხარი.
- ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორი როი კუპერი - კიდევ ერთი პოპულარული დემოკრატი მნიშვნელოვანი მერყევი შტატიდან, სადაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატი იგებს. ბეშირის მსგავსად, კუპერი დემოკრატებს შეიძლება დაეხმაროს ზომიერი რესპუბლიკელებისა და უპარტიო ამომრჩევლების მოზიდვაში.
პირველი ქალი პრეზიდენტი?
კამალა ჰარისი ბევრ რამეში იყო პირველი - ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი, იქამდე კი კალიფორნიის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო.
კამალა დევი ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში, სან-ფრანცისკოს ყურეში. დედამისი, შმიალა გოპალანი, 19 წლის იყო, როცა ინდოეთიდან აშშ-ში წავიდა ოკლენდის მეზობელი ქალაქის, ბერკლის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ბიოლოგიის სასწავლად.
მამამისი, დონალდ ჰარისი, 1961 წელს გადავიდა იამაიკიდან აშშ-ში და ბერკლის უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობდა. პოსტკეინზიანელი, მარქსისტი ეკონომისტი, მოგვიანებით სტენფორდში, აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში პროფესორი გახდა.
კამალა ჰარისი შვიდი წლის იყო, როცა მისი მშობლები გაშორდნენ და დედასა და დასთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით, აშშ-ში დაბრუნდა და დაამთავრა ჯერ ჰოვარდის უნივერსიტეტი პოლიტიკის მეცნიერებისა და ეკონომიკის მიმართულებით, შემდეგ კი კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
2004 წელს კამალა ჰარისი სან-ფრანცისკოს ოლქის პროკურორად აირჩიეს. თანამდებობაზე გატარებული შვიდი წლის განმავლობაში მის ოლქში საბრალდებო განაჩენების რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც მკაცრი პროკურორის იმიჯი მოირგო.
ახლა კამალა ჰარისი ცდილობს, დონალდ ტრამპთან დუელში ეს საკუთარ უპირატესობად აქციოს. ტრამპის სასამართლო სკანდალების ფონზე, ჰარისი ამბობს, რომ როგორც ყოფილმა პროკურორმა, კარგად იცის, ტრამპის სახით ვისთან აქვს საქმე.
2010 წელს ჰარისმა მცირე სხვაობით მოიგო კალიფორნიის გენერალური პროკურორის არჩევნები, ოთხი წლის შემდეგ კი უკვე დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა.
შემდეგი ნაბიჯი, რამაც ეროვნული მასშტაბის ცნობადობა მოუტანა, აშშ-ის სენატი იყო. უკვე ათწლეულებია, კალიფორნია „ლურჯ“ შტატად ითვლება - დემოკრატებს ქვეყნის ყველაზე დასახლებულ შტატში იმხელა უპირატესობა აქვთ, რომ სენატის არჩევნებში კამალა ჰარისის მთავარი ოპონენტი არა რესპუბლიკელი, არამედ დემოკრატი იყო, რომელიც მარტივად დაამარცხა.
ამით ის აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ მეორე შავკანიანი სენატორი გახდა.
სენატში მან არაერთხელ გამოიჩინა თავი ტრამპის მიერ დასახელებული ამა თუ იმ მაღალჩინოსნის მკაცრი, პროკურორისებრი დაკითხვებით, მათ შორის - გენერალური პროკურორობისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების.
სენატში შესვლიდან ორ წელიწადში კი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში კენჭისყრაც გადაწყვიტა, თუმცა წარუმატებლად - მან საკუთარი კანდიდატურა ჯერ კიდევ დეკემბერში, პრაიმერიზის დაწყებამდე მოხსნა და ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი.
როგორც აღმოჩნდა, არც ბაიდენი დარჩენია ვალში.
მეორე ჯენტლმენი
პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი იმასაც ნიშნავს, რომ აშშ-ს ისტორიაში პირველად „მეორე ლედის“ ნაცვლად „მეორე ჯენტლმენი“ ჰყავს. კამალა ჰარისის ქმარი 59 წლის ებრაული წარმოშობის იურისტი, დაგლას ემჰოფია.
კამალა ჰარისმა და დაგლას ემჰოფმა 2014 წელს იქორწინეს სანტა მონიკაში. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ, თუმცა ერთად გაზარდეს ემჰოფის ორი შვილი მისი წინა ქორწინებიდან, რომლებიც დედინაცვალს „მამალას“ (Momala; mom - ამერიკულ ინგლისურში დედას ნიშნავს) ეძახიან.
ამერიკული მედია იმასაც წერს, რომ კამალა ჰარისს მეგობრული ურთიერთობა აქვს დაგ ემჰოფის პირველ ცოლთან და შვილების დედასთან, პროდიუსერ კერსტინ ემჰოფთან, რომელმაც 23 ივლისს X-ზე მხარი დაუჭირა ჰარისის კანდიდატურას.
სანამ მისი მეუღლე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდებოდა, დაგლას ემჰოფი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა და წარმატებული იურისტი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც კამალა ჰარისი ქვეყნის მეორე პირი გახდა, ემჰოფი ცოლთან ერთად გადავიდა ვაშინგტონში და აშშ-ის მეორე სანაპიროზე სამსახური მიატოვა.
„პირველი კაცი ვარ, ვისაც [მეორე ჯენტლმენობა] წილად ხვდა, მაგრამ ნამდვილად არ მსურს, ბოლო ვიყო“, - ამბობს დაგლას ემჰოფი თეთრი სახლის ოფიციალურ ბიოგრაფიაში. ნოემბერში გავიგებთ, იქნება თუ არა ის აშშ-ის „პირველი ჯენტლმენი“.
როგორი ვიცე-პრეზიდენტია კამალა ჰარისი?
ვიცე-პრეზიდენტობისას, ბაიდენმა ჰარისს მიანდო დიპლომატიური ძალისხმევა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, რომლის მიზანიც აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე საიმიგრაციო ტალღის შემცირება იყო.
საზღვარი და ემიგრაცია მთავარი საკითხია, რაზეც ტრამპის კამპანია ჰარისს თავს ესხმის. ერთი მხრივ, ჰარისი, როგორც ორი ემიგრანტის შვილი და ლიბერალური შტატის, კალიფორნიის წარმომადგენელი, ემიგრაციისადმი მკაცრი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა. მეორე მხრივ კი, ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ შემსუბუქდა ტრამპის დროს მიღებული საიმიგრაციო შეზღუდვები, რამაც სამხრეთის საზღვარზე აშშ-ში შესვლის მსურველთა ნაკადი გაზარდა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობისას ყურადღება გაამახვილა, აბორტის უფლება იყო.
2022 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ტრამპის დროს კონსერვატორი მოსამართლეებით შეივსო, გააუქმა დადგენილება, რომელიც ყველა შტატში უზრუნველყოფდა აბორტის უფლებას. 2022 წლის შუალედური არჩევნებისას დემოკრატებმა ეს საკითხი კარგად გამოიყენეს - კამალა ჰარისმა წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატი კანდიდატების მხარდასაჭერად ქვეყანა მოიარა და მოსახლეობას აბორტის უფლების დაცვას ჰპირდებოდა.
მიიჩნევა, რომ აბორტის თემა დემოკრატებს 2022 წლის შუალედურ არჩევნებში „წითელი ტალღის“, ანუ რესპუბლიკელების დამაჯერებელი გამარჯვების შეკავებაში დაეხმარა და, შედეგად, მათ სენატის კონტროლი შეინარჩუნეს.
ვიცე-პრეზიდენტობისას კამალა ჰარისი საგარეო პოლიტიკის კუთხითაც გააქტიურდა და გამოცდილების დაგროვება სცადა - ათეულობით ვიზიტისას ის 150-ზე მეტ ლიდერს შეხვდა, ივნისში კი სწორედ ის წარმოადგენდა აშშ-ს შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის ფორუმზე.
რას უნდა ველოდოთ ჰარისის საგარეო პოლიტიკისგან?
ბუნებრივია, აშშ-ის გარეთ, პირველ ყოვლისა, ეს კითხვა ისმის. ექსპერტები კი თანხმდებიან, რომ კამალა ჰარისი ამ თვალსაზრისით წინამორბედის კურსს გააგრძელებს.
„პირველ ყოვლისა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის უზარმაზარი შედეგი კვლავ იქნება საგარეო პოლიტიკის წამყვანი საკითხი. ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი აშკარად იყო ტრანსატლანტიკური ალიანსისა და კონკრეტულად, ნატოს ძლიერი დამცველი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ესტერ ბრიმერი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.
ამ მხრივ, ძნელი სათქმელია, რა შეიძლება მოხდეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში. თებერვალში, წინასაარჩევნო გამოსვლისას, დონალდ ტრამპი თავად მოჰყვა, როგორ უთხრა ნატოს ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში, აშშ მათ არ დაეხმარებოდა.
„არა, არ დაგიცავთ, მეტიც, [რუსებს] წავახალისებდი, რომ თქვენთვის ის ექნათ, რა ჯანდაბაც მოუნდებოდათ-მეთქი“, - გაიხსენა მაშინ დონალდ ტრამპმა.
ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, რაც ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმას ყველა წევრზე თავდასხმად მოიაზრებს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველია. დონალდ ტრამპი კი მის საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენებას არ ერიდება. თუმცა ზოგიერთი რესპუბლიკელი ტრამპის ასეთ ხისტ გამონათქვამებს იმით ხსნის, რომ მას სურს, ევროპელებმა საკუთარ თავდაცვაზე მეტი დახარჯონ.
კამალა ჰარისის საგარეო პოლიტიკის კვალიფიკაციაზე საუბრისას ესტერ ბრიმერი აღნიშნავს, რომ გასული სამი წლის განმავლობაში აშშ-ს სწორედ ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ბრიმერის სიტყვებით, საგარეო პოლიტიკის „ოსკარებზე“:
„გასაკვირი არაა, რომ თუ შევხედავთ, რას ამბობდა წლევანდელ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მან ხაზი გაუსვა ნატოს ალიანსის მნიშვნელობას, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის სიმყარეს და ამ გამოწვევის გადალახვის მნიშვნელობას საერთაშორისო სისტემისთვის“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ჯიმ ტაუნსენდი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი და ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მკვლევარი ფიქრობს, რომ კამალა ჰარისი ჩინეთის მიმართაც ბაიდენის პოლიტიკას გააგრძელებს:
„ის ჩინეთის მიმართ "ქორული" პოზიციით არ გამოირჩევა, მაგრამ ჰილარი კლინტონივით "გადატვირთვას" არ გამოაცხადებს, როგორც ამ უკანასკნელმა რუსეთთან მიმართებით გააკეთა 2009 წელს. ალბათ, მინიმუმ გაისად, მისი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ იმის ექო იქნება, რაც ბაიდენის მრჩევლებისგან ისმის, რაც ბაიდენის პოზიციები იყო და, სხვათა შორის, არ განსხვავდებოდა ტრამპის პოზიციებისგან.
იქამდე, სანამ ისეთი რამე მოხდება, რაც მოვლენებს დააჩქარებს. შეიძლება, ჩინეთმა ტაივანთან დაკავშირებით რაიმე ნაბიჯი გადადგას, შეიძლება ჩინეთი რუსეთს მეტად დაუახლოვდეს უკრაინის ომის კუთხით და სამხედრო შეიარაღების გადაცემა დაიწყოს, ან რამე სხვა მოხდეს ისეთი, რაც სიტუაციას შემოაბრუნებს, კამალას კი ამასთან გამკლავება მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, [ჰარისს] მოუწევს, საკუთარი პოლიტიკა შეიმუშაოს“, - ამბობს ჯიმ ტაუნსენდი რადიო თავისუფლებასთან.