ვინ არის თავდამსხმელი, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, აიღო თუ არა ფული - რა ვიცით და რა - არა

კაცი, რომელმაც გუშინ 43 ადამიანი ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მძევლად აიყვანა, მიიმალა. მისი ვინაობა კვლავ უცნობია. ყველა მძევალი თავისუფალია. ესაა დღეს დილის 5 საათისთვის გავრცელებული ბოლო ინფორმაცია, რომელიც გუშინ 14 საათზე დაწყებული თავდასხმის, მძევალთა დატყვევების და მათი დახსნის შესახებ არის ცნობილი.

"საქართველოს ბანკის" ფილიალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მერიის შენობასთან ახლოს მდებარეობს.


როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რა დეტალები გახდა ცნობილი და რა არის კვლავ ბუნდოვანი?

ბანკში შეჭრა და მძევლების აყვანა

ბანკის შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:20 საათზე შევიდა. “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეჭრის მომენტში განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა მოასწრო.

შეიარაღებულმა ნიღბიანმა კაცმა რამდენჯერმე გაისროლა და შენობაში მყოფებს მუხლებზე დაჩოქება მოსთხოვა. თავდამსხმელმა ხანდაზმულებს შენობის დატოვების საშუალება მისცა.

განგაშის ზარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და მძევლების განთავისუფლებისა და თავდამსხმელთან მოლაპარაკების ოპერაცია დაიწყო. გადაიკეტა მიმდებარე ქუჩები და შენობასთან მივიდა სპეცრაზმიც.

პირველი განცხადებები შსს-სა და "საქართველოს ბანკში"

სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული განცხადებით დაადასტურა "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირის შესვლა და მძევლების აყვანა. ამავე, ოფიციალური განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საქმის გამოძიება სამი მუხლით: ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და მძევლად აყვანის მუხლით დაიწყო.

მალევე "საქართველოს ბანკმაც" გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ.

ბანკის ზუგდიდის ფილიალის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მძევლებს შორის მხოლოდ 3 ადამიანი იყო მისი თანამშრომელი. ერთ ოთახში შეკრებილი მძევლები მან ტელევიზიის ეთერში ნახა, როდესაც თავდამსხმელმა ერთ-ერთ მძევალს "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში ვიდეოზარი გააკეთებინა. იმ დროისთვის შენობა უკვე დატოვებული ჰქონდა 20-მდე ადამიანს; უფრო ადრე, პირდაპირ ეთერში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ტოვებდნენ ბანკის შენობას სახურავიდან სახანძრო კიბის გამოყენებით.

ზარი "მთავარ არხზე" და თავდამსხმელის მოთხოვნები

მძევლებიდან ერთ-ერთს, ირაკლი კვარაცხელიას, შეიარაღებულმა პირმა "მთავარი არხის" ეთერში დარეკვის უფლება მისცა. მძევალმა თქვა, რომ ერთ-ერთი იყო იმ 19 ადამიანს შორის, რომლებიც ერთ ოთახში იმყოფებოდნენ. ვიდეოზარის დროს ჩანდნენ იატაკზე მსხდომი ქალები და კაცები და, ასევე, სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. მძევლების უმრავლესობას პირბადე ეკეთა, მათი ნაწილი, თავდამსხმელის ჩათვლით, კადრების ტრანსლირებისას სახეზე ხელს იფარებდა.

ირაკლი კვარაცხელიამ ეთერში განაცხადა, რომ გამტაცებელი "კბილებამდე შეიარაღებული" იყო, ავტომატით, პისტოლეტით, ხელში ეჭირა ხელყუმბარა, რომელსაც მოხსნილი ჰქონდა დამცავი რგოლი.

საუბრის დროს კადრებში მკაფიოდ ჩანდა შეიარაღებული კაცი, რომელიც პერიოდულად მამაკაცს თავის სათქმელსაც ჰკარნახობდა. "მთავარი არხის" საშუალებით გამტაცებელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი და ადგილის უსაფრთხოდ დატოვება მოითხოვა.

ირაკლი კვარაცხელიამ "მთავარ არხზე" რამდენჯერმე დარეკა. მან ერთ-ერთი ჩართვისას თქვა, რომ შეირაღებული კაცი სამართალდამცავებს მძევლების შუამავლობით ელაპარაკება.

შსს-ს განცხადება სპეცოპერაციის დაწყებიდან 3 საათში

სპეცოპერაციის დაწყებიდან სამ საათში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც არც მძევლების მდგომარეობასა და არც თავდამსხმელთან მიმდინარე კომუნიკაციის შესახებ არ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ მედიას სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეწყვეტა მოსთხოვა და თქვა, რომ თუკი მედია ამ მოთხოვნას არ დაემორჩილება, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გაუთიშოს მაუწყებლებს სიგნალი.

"ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გათავისუფლებული პირველი მძევლები

სპეცოპერაციის დაწყებიდან 5 საათის შემდეგ "საქართველოს ბანკის" შენობას ორი მძევალი ტოვებს. უცნობია, გადასცეს თუ არა მათ გამტაცებლის რამე დანაპირები სამართალდამცავებს.

"როგორც იცით, მოლაპარაკების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლდა, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს და ყველა სამართალდამცავი უწყება ჩართულია, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ სახლში", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მოლაპარაკებები

"საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში, გვიან საღამოს შენობაში შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა. ის მძევლების ნაწილს ჩაენაცვლა.

ამ დროს "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი თქმით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მოიტანეს და თავდამსხმელთან ერთად დატოვებდნენ შენობას რამდენიმე წუთში.

ასეც მოხდა, გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. როგორც ვიდეოკადრებში ჩანდა, თავდამსხმელთან ისინი ბორკილებით იყვნენ დაკავშირებულები. ბანკის შენობიდან გამოსვლის დროს თავდამსხმელს ერთი ხელი აწეული ჰქონდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ის ყუმბარა ეჭირა, რომელზეც მედიასთან კომუნიკაციის დროს საუბრობდა.

თავდამსხმელმა ბანკის მიმდებარე ტერიტორია ამ პირებთან ერთად მანქანით დატოვა. როგორც ცნობილია, მათ სამართალდამცავები არ გაჰყოლიან.

ღამის 12:00 საათის შემდეგ შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. სწორედ ამ განცხადებიდან ხდება ცნობილი, რომ თავდამსხმელს, ჯამში, 43 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

ყველა მძევალი თავისუფალია

გამთენიისას, როცა მძევლების აყვანიდან 14 საათზე მეტი იყო გასული, შსს-მ ბოლო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, თუმცა თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

რამდენიმე მთავარი კითხვა, რომლებიც ახლაც უპასუხოდაა:

  1. სად არის თავდამსხმელი და რა ღონისძიებები ტარდება მის დასაკავებლად?
  2. ვინ არის თავდამსხმელი და იცის თუ არა მისი ვინაობა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა?
  3. როგორ მოახერხა მან მიმალვა და ჰქონდა თუ არა GPS მანქანას, რომლითაც გამტაცებელი მოძრაობდა?
  4. გახსნა თუ არა და სად თავდამსხმელმა ყუმბარა?
  5. უცნობია ყველა მძევლის ვინაობაც, ვინც გუშინ ერთ ოთახში აღმოჩნდა თავდამსხმელთან;
  6. იყო თუ არა მძევლებს შორის თავდამსხმელის თანამზრახველი ან თანამზრახველები?
  7. რატომ ატარებდა სპეცოპერაციას შსს და არა სუს-ი?
  8. მართლაც მისცეს თუ არა მას ფული, რამდენი და ვინ?