ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საქართველოს მმართველი პარტიის „კიდევ ერთი გატეხილი დაპირების“ შესახებ გამოქვეყნებული მწვავე კრიტიკული განცხადებების გამო, სოციალური ქსელით გაავრცელა ახალი წერილი.
ამჯერად ცნობილი გერმანელი დეპუტატის ადრესატია „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობა, რომელმაც ღია წერილით მიმართა ვიოლა ფონ კრამონს და მას, როგორც წერილის ადრესატები ამტკიცებენ, „საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გულისტკივილი“ გაუზიარა.
ვიდრე ვიოლა ფონ კრამონის „პასუხის პასუხზე“ გადავიდოდეთ, ოდნავ ვრცლად იმაზე, თუ რა წერია „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობის ღია წერილში, რომლის სრული ტექსტი ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული.
„აქტიური ლობირება“ დამნაშავის „პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის“
- „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენ აქტიურად ლობირებდით რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხს. თქვენმა განსაკუთრებულმა მონდომებამ, აქტიურობამ და აქამდე ჯერ არნახულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი დამნაშავე შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა.
- ვფიქრობთ, რომ თქვენ ბატონების – უგულავასა და ოქრუაშვილის – შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და იმ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ამჟამად სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის, ავტორიტარული რეჟიმის რეაბილიტაციას.
- პატივცემულო ქ-ნო ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის.
- აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ბ-ნმა ოქრუაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში თავი გამოიჩინა, როგორც ყველაზე უფრო აგრესიულმა და სახიფათო მილიტარისტმა პოლიტიკოსმა: 2004 წელს მის მიერ დაგეგმილი გაუაზრებელი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ცხინვალის რეგიონში რუსი და ოსი შეიარაღებული ფორმირებების ხელით ათობით ქართველი მშვიდობიანი მოსახლე, ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა. დაიღუპნენ, ცხადია, მოწინააღმდეგე მხრიდანაც.
- 2006 წელს თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ცენტრალური ტელევიზიების პირდაპირ ეთერში იმუქრებოდა, რომ ახალ წელს თავის თანამებრძოლებთან ერთად ცხინვალში შეხვდებოდა. ოფიციალურ უწყებებზე თავდასხმის ორგანიზატორი, ავანტიურისტი პოლიტიკოსი დღეს თქვენი წყალობით უკვე პოლიტპატიმრის სტატუსით ცდილობს დივიდენდების დაგროვებას“.
"მაშველი რგოლი რიგი ევროპელი პოლიტიკოსებისა“
- „გულწრფელად ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას, რომლის მიზანიც ახალი ინსტიტუტების მშენებლობა და სისტემური ცვლილებების განხორციელებაა, მაგრამ საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ ხშირად რიგი ევროპელი პოლიტიკოსები, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის ნაცვლად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ ნეოკოლონიალიზმის ყველაზე ფარული და დახვეწილი ფორმების საქართველოში დანერგვის მცდელობებს, ქართველი ხალხის დახმარების ნაცვლად კი მაშველ რგოლს აწვდიან კორუმპირებულ, მილიტარისტ, დანაშაულში მხილებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა სხვა მანკიერებასთან ერთად კიდევ იმით ხასიათდებიან, რომ ბუნების მიმართ სრულიად პარაზიტულ-მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ და მთელ ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს განადგურებით ემუქრებიან.
- სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობებმა შეიმუშავეს 150-მდე საშუალო და გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ამ ჰესების აშენებას ხელისუფლება საეჭვო ტრანსნაციონალური კორპორაციების დახმარებით გეგმავს.
- მართალია, ევროპის ბუნებისდაცვითმა ორგანიზაციამ მოსთხოვა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მის მიერ ხელმოწერილი CONVENCION DE BERNE , ანუ დაიცვას მდინარეები, მაგრამ ასეთი მთავრობები ადვილად არ იღებენ ხელს იმ პროექტებზე, რომელთაგან თავად გამოელიან მოგებას.
- აი, აქ გვჭირდება თქვენი და არა მხოლოდ თქვენი დახმარება, ქალბატონო ფონ კრამონ-ტაუბადელ.
- ამიტომ, მოგიწოდებთ: ცალკეული კრიმინალების ციხიდან დახსნის ნაცვლად, დაგვიდგეთ გვერდით, რათა ერთად გადავარჩინოთ საქართველოს რეგიონები, მისი უნიკალური სილამაზის მაღალმთიანეთი ველური, ნეოლიბერალური კაპიტალიზმისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალებისგან!“
ასეთია ძირითადი შინაარსი ევროპარლამენტარის სახელზე გაგზავნილი იმ ღია წერილისა, რომელსაც ხელს აწერენ:
ნაირა გელაშვილი – კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარე, მწერალი, გერმანისტი, გარემოს დამცველი;
გიორგი ლობჟანიძე – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი;
ლევან ლორთქიფანიძე – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, პოლიტოლოგი;
თეა გალდავა – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, ისტორიკოსი;
ივანე აბრამაშვილი – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, კონფლიქტოლოგი
„სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებული“ წერილი
„წერილის კითხვა დავიწყე დიდი ინტერესით და დავასრულე ასეთივე დიდი იმედგაცრუებით. ამ პროცესში გამახსენდნენ „პერსონაჟები“ გივი მარგველაშვილის ნაწარმოებიდან „Verfasser Unser“, რომლებიც გაიძახიან: „ვითხოვთ უკეთეს ნაწერს“ (“Wir fordern eine bessere Verfassung”)“, - ასე იწყებს თავის საპასუხო წერილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც „სახელგანთქმულ მწერლებს, ფილოლოგებს“ შეახსენებს იმასაც, რომ „კარგად წერა შედეგია კარგად კითხვისა“.
სამწუხაროა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გამოგეტოვებინათ ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც განცხადების წაკითხვა ეწოდება. რომ არა ეს, ამაცილებდით მე ამ წერილის წერის, ხოლო საკუთარ თავს, ამ წერილის კითხვის უხერხულობას.
თქვენ რომ მე პირადად შემხმიანებოდით, როგორც ეს „საერთო პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებების“ მქონე მოკავშირეს შეშვენის, კიდევ ერთხელ სიამოვნებით განგიმარტავდით ჩემს პოზიციას და ამ გზით თავიდან აირიდებდით თქვენი წერილის სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებას.
ასევე ზედმეტია ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეების შეხსენება. ეს ყველაფერი ჩემთვის კარგადაა ცნობილი. გერმანიის პარლამენტის წევრობისას მე გახლდით სააკაშვილის მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსი. ამის გამო მან და მისმა გუნდმა შემრაცხა პერსონა ნონ გრატად და აქტიურად (მაგრამ არა ყოველთვის წარმატებით) ცდილობდნენ საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებში ჩემს დაბლოკვას. 2012-ში მეც, მილიონობით ქართველის გვერდით, იმედით და კეთილი მოლოდინით შევყურებდი „ქართულ ოცნებას“. ვაი, რომ იმედი გახუნდა.
გარდა ამისა, არ ვსაჭიროებ თქვენს მეურვეობას. შესანიშნავად მომეხსენება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საეჭვო მეთოდები და სწორედ ამიტომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას უდიდესწილად ვიღებ ექპერტებისგან, მკვლევრებისგან, დიპლომატებისა და ხშირად რიგითი ქართველებისგან.
„სამწუხარო უკან დახევის ტენდენცია გამოიკვეთა“
თქვენ ამტკიცებთ, რომ მე „აქტიურად ვლობირებდი რამდენიმე დატუსაღებული ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლებას“. ეს არის სრული და მტკნარი სიცრუე. არც ჩემს ოფიციალურ განცხადებაში და არც ინტერვიუებში არ მომითხოვია ვინმეს გათავისუფლება. ასევე სიცრუეა, როცა ამტკიცებთ, რომ მე თითქოს ვიღაც „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოვაცხადე. არასოდეს გამომიყენებია ეს სიტყვები. მე ჩემს საქმიანობას ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალს უდიდესი ზრუნვით. სწორედ ამიტომ ვარჩევ სიტყვებს მაქსიმალური სიზუსტით. ამავდროულად, მოველი, რომ თქვენ აირჩევთ ამ სიტყვების სწორად წაკითხვას, სანამ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებას მიჰყოფთ ხელს.
ჩემი რჩევა (და არა თხოვნა ან მოთხოვნა) საქართველოს მთავრობის მიმართ არის იგივე, რაზეც ხალხი 2012 წელს ოცნებობდა: დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და ობიექტური, გამჭვირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევრები ადასტურებენ, ამ სფეროებში ძალიან სამწუხარო უკან დახევის ტრენდი გამოიკვეთა.
უცილობელია, რომ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს, თუმცა დამნაშავეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებებიც დაეყრდნობა მყარ მტკიცებულებებს და თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ყველანი ერთად ვაშენებთ არა დემოკრატიულ საქართველოს, არამედ რეჟიმს, რომელსაც თქვენ და სხვა დისიდენტები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდით.
ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის შეფასებისას. არაერთხელ ვყოფილვარ რა საქართველოში, მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალით მწვანე და მდგრადი ენერგიის წარმოების სფეროში. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვმუშაობთ თავდაუზოგავად, რათა „ახალი მწვანე შეთანხმების“ დადებითი შედეგები გასცდეს ევროკავშირის საზღვრებს და საქართველოსთან ერთად სარგებელი მოუტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც. ეს ნაბიჯები გაამყარებს „საქართველოს ევროპულ ოჯახში ურყევი ინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა“, - ასე ამთავრებს თავის ეპისტოლეს ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი „საქართველოსა და მისი ხალხის უპირობო და უკომპრომისო მეგობარია“.
სწორედ ასეთი პოზიციის გამოხატვად მიიჩნევს გერმანელი პარლამენტარი მის მიერ 13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის 8 მარტის შეთანხმების შესრულებას შეეხებოდა.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარი კრამონი: კიდევ ერთი გატეხილი დაპირება "ოცნებას" არასაიმედო პარტნიორად აქცევს- „რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონავირუსზე, იმდენადვე სამწუხაროა „ქართული ოცნების“ მცდელობა, გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება. კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად“;
- „დაუშვებელია და, უბრალოდ, ცუდი ტონია "ქართული ოცნების" მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა“.
- „ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს, უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“;
- დაბოლოს, ვიოლა ფონ კრამონი 8 მარტის შეთანხმების შესრულების შესახებ დაწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი არ არის.
- მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უმალვე გამოეხმაურა ამ ნაბიჯს: „საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გადადგა თამამი და რთული ნაბიჯი მის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დეპოლარიზაციისკენ და გზა გაუხსნა უფრო დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს“, - აღნიშნა ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, გერმანელმა დეპუტატმა.
- „არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები. ზვიადის და მერაბის შემდეგ, და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს, საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. გასაგები რომ იყოს, დავამატებ: პოლიტიკოსს, რომელიც ციხეში იხდის სასჯელს, მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, - იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის ტექსტში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ გაავრცელა.