Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ახსნა სალომე ზურაბიშვილმა უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება [სრული ტექსტი]


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი საგანგებო ბრიფინგზე ახსნა.

გთავაზობთ, პრეზიდენტის მიმარვის სრულ ტექსტს:

„მივიღე გადაწყვეტილება გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი.

სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლი გასაგები ვერ იქნება და შესაძლოა ვერც მაპატიოს.

სანამ ჩემი, ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს ავხსნი, შეწყალების არსი, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგებად, უნდა განვმარტო:

1. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვახცადებ, რომ საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

ზვიადის და მერაბის შემდეგ, და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში.

გასაგები რომ იყოს, დავამატებ, პოლიტიკოსი, რომელიც ციხეში იხდის სასჯელს, მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება - იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია.

ამ თემით სპეკულირება ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას, ამდენად სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს!

2. არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავეს გამართლებას!

3. არავის, არც მანამდე, და არც ეხლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით.... და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე!

პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე ,,უნდათი“ არავინ არ უნდა საუბრობდეს!

მით უმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, განიხილებოდეს თუნდაც საკონსტიტუციო, თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში.

4. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა, ადამიანს შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო, ჩემი პასუხისმგებლობით. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას.

როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალურ ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესეც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას.

ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებს და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებ!

ახლა მთავარი - ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას?

დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესლამე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.

ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხრივ, ისიც არ სჩანს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

ვერ დავუშვებ ორი დამნაშავის გამო, რომ სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს!

რადაც არ უნდა მიღირდეს - და მერწმუნეთ ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება - მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ.

დღეს ჩემ თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ, საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის, ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს.

საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის!“

უგულავას საქმე

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულავა დამნაშავედ იყო ცნობილი მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. ამ მოვლენებს მოჰყვა შეშფოთების და კრიტიკის შემცველი არაერთი განცხადება, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. მმართველი პარტია უგულავას პოლიტიკური ნიშნით დევნას უარყოფს.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს, 12 თებერვალს ევროპარლამენტარებს შესთავაზა საქართველოში მისიის გაგზავნა გიგი უგულავას საქმის შესასწავლად.

„ევროპულმა საქართველომ“ „ქართული ოცნების“ ტრიუკად შეაფასა საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის მოწვევა.

ოქრუაშვილის საქმე

„20-21 ივნისის საქმეზე“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. 2020 წლის 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს 5 წლით თავსუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო შემდეგი მუხლით: „ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, სწორედ, ოქრუაშვილის, უგულავას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს აყენებდნენ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა. მისი განცხადებით, მათი გათავისუფლება არ წარმოადგენდა შეთანხმების საგანს. საპასუხოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორები კი შეთანხმების შესრულების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდნენ. 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. მას „ტვიტერზე" გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს რიში წერს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ“.

„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა. „პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება შეთანხმების დარღვევას და სამართლიანი არჩევნებისთვის უარს ნიშნავს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - დაწერა „ტვიტერზე“ ევროპარლამენტის წევრმა პოლონეთიდან ანჟეი ჰალიცკიმ.

შეთანხმების შესრულების აუცილებლობის საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხაელ გალერიმ და ვიოლა ფონ კრამონმა. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ლიტველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. მისი შეფასებით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა მთავრობა მას არ ასრულებს, რაც შეამცირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი ნდობას.

XS
SM
MD
LG