20 ივნისს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ვალერი კვარაცხელიამ მის საავტორო გადაცემაში "ოქროს კვეთა" ამერიკის სამხილებლად მაყურებელს აჩვენა ვიდეო, სადაც მისი თქმით ჯორჯ ბუში ამხელდა ამერიკას. "მითების დეტექტორმა" გაანალიზა ნაჩვენები ვიდეო, რომელიც ვიდეო მანიპულაციაა და ჯორჯ ბუშის ნაცვლად მისთვის მიმსგავსებულ კლონს ალაპარაკებს იმ თემებზე, რომლების გავრცელებაც ანტიდასავლური პროპაგანდის მანქანა ცდილობს.
20 წუთიან ფრაგმენტში, რომელიც ინტერნეტში “Большое Американское Шоу”-ს (დიადი ამერიკული შოუ) სახელით ვრცელდება, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის კლონი გამოსახულება მაყურებელს ამერიკული იმპერიალიზმის შესახებ უყვება.
აი ნაწილი იმ ამბებისა, რომელსაც ჯორჯ ბუშის კლონი ვიდეოში ამტკიცებს.
- ჰიტლერი ხელისუფლებაში აშშ-მა მოიყვანა
- ტყუპი ცათამბჯენები ამერიკელმა სამხედროებმა ააფეთქეს
- პერლ ჰარბორი ამერიკელებმა დაბომბეს
- ადამიანებს სხეულში მიკროსქემას დაუმონტაჟებენ
- ყველა ტერორისტული აქტის დამკვეთი აშშ-ა
- საქართველო და უკრაინა ამერიკის კოლონიები არიან
- აგვისტოს ომი ამერიკელების წაქეზებით დაიწყო
ვიდეოში გაჟღერებული თემებიდან ანტიდასავლური პროპაგანდისთვის სიახლე არც ერთი არ არის. ამ კონსპირაციული თეორიების სიზუსტესა და ნამდვილობაში დარწმუნებას რუსული პროპაგანდა დიდი ხანია ბევრი სხვადასხვა მეთოდით ცდილობს და თუკი რუსულენოვან ონლაინ რესურსებს გადავავლებთ თვალს, თითოეულ თემაზე მომზადებულ არაერთ მასალას ვნახავთ.
ასევე ნახეთ მოდი, ვისაუბროთ ჭეშმარიტ “ფეიკებზე” - კრემლის მედიადესანტი თბილისშიიმ მითების ნაწილს, რომელსაც ვალერი კვარაცხელია "ობიექტივის" ეთერიდან ჯორჯ ბუშის სახელით გვთავაზობს, თავადაც ამტკიცებს ხოლმე გადაცემაში. ვალერი კვარაცხელიას აზრით, საქართველოში რუსეთის ოკუპაცია არ მომხდარა და საქართველო მხოლოდ ამერიკის მიერ არის ოკუპირებული; სხვა დროს ის ამტკიცებდა, რომ 9 აპრილის ტრაგედიაში დამნაშავე ამერიკა იყო.
თავად ვიდეო მანიპულაცია, რომელსაც ვალერი კვარაცხელია ქართველ მაყურებელს როგორც სინამდვილეს, როგორც ფაქტს, ისე სთავაზობს განმარტებით, რომ ამ მასალის გაშვებაზე ყველა ამერიკულმა მედიამ უარი განაცხადა, მაგრამ მაინც გავრცელდა - Youtube-ზე ყველაზე ადრე 2010 წლიდანაა ხელმისაწვდომი. ინტერნეტში არ იძებნება ამ ვიდეოს "ორიგინალი", ინგლისურენოვანი ვარიანტი, რუსულ ვერსიას კი აქტიურად ავრცელებენ რუსული საინფორმაციო საშუალებები და ბლოგები.
ასევე ნახეთ დეზინფორმაცია და პროპაგანდა - საფრთხე საქართველომაც აღიარავალერი კვარაცხელიამ 2008 წლის 29 თებერვალს დაარეგისტრირა პარტია „ნეიტრალური საქართველო.“ ის ასევე არის მოძრაობა "სოციალისტური საქართველოს დამფუძნებელი."
2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო „სოციალისტური საქართველო“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა და „თავისუფლების ქარტია“ შეახსენა, რომლითაც ასეთი ქმედება კანონმდებლობით აკრძალულია. 2018 წლის 9 მაისს ვაკის პარკში ვალერი კვარაცხელია საბჭოთა სიმბოლიკით მივიდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვალერი კვარაცხელიამ მონაწილეობა პ/გ „საქართველოს კომუნისტური პარტიის“ სახელით მიიღო, რადგან მის პარტიას რეგისტრაცია დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო გაუქმდა. ვალერი კვარაცხელია ანტიდასავლური პროპაგანდის გარდა, აქტიურად იყენებს სიძულვილის ენასაც.