„ეს მოწამეობა კი არა ტერორიზმია“

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ძლიერ იცვლება არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ რელიგიური ცხოვრების წეს-ჩვეულება. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებიან, ხალხმრავალი ეკლესიები ან საერთოდ დაიხურა, როგორც გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და პოლონეთში, ან წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ტარდება.

ეპიდემიის გამო რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას ონლაინ-ტრანსლიაციის საშუალებით იქადაგა.

ამ ფონზე რიგ დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიებში კვლავ კამათის საგანს წარმოადგენს კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით მორწმუნეებისთვის ტაძრებში შეშვების აკრძალვა თუ ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე უარის თქმა.

ასევე ნახეთ საქართველოს საპატრიარქო: ვინც ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე უარს ამბობს, უარს ამბობს მაცხოვარზე

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი მოძღვრები გააგრძელებენ ღვთისმსახურებას, ვინაიდან ეს წარმოადგენს „მრევლის სულიერი და ფიზიკური დახმარების მნიშვნელოვან ასპექტს“, განსაკუთრებით, აღდგომის წინა დღეებში.

ეპიდემია არის უფლის სასჯელი ადამიანთა ცოდვების გამო, ჩვენ კი ვფიქრობთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ ეპიდემიას.
ფილარეტი

ყველაზე დიდი სკანდალი და უფლებადამცველთა უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინის საპატიო პატრიარქმა, ფილარეტმა, რომელმაც კორონავირუსის გამომწვევ მიზეზად ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება დაასახელა.

„ეპიდემია არის უფლის სასჯელი ადამიანთა ცოდვების გამო, ჩვენ კი ვფიქრობთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ ეპიდემიას. სწორად იქცევიან ყველა სახელმწიფოს მთავრობები, მათ შორის ჩვენი ხელისუფლება, როდესაც თავდაცვის ზომებს მიმართავს, მაგრამ კორონავირუსის მიზეზი კაცობრიობის ცოდვისადმი მიდრეკილებაა. რაში ვლინდება ეს? სიკეთეს კი არ იცავენ ღიად, არამედ იცავენ ცოდვას, და არა მხოლოდ იცავენ, არამედ ავრცელებენ მას. მე მხედველობაში მაქვს, პირველ ყოვლისა, ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინება“, - განაცხადა უკრაინის ეკლესიის საპატიო პატრიარქმა, ფილარეტმა, ერთ-ერთ უკრაინულ არხთან ინტერვიუში.

რატომ რეაგირებენ ასე განსხვავებულად რელიგიები კორონავირუსის ეპიდემიაზე? შესაძლოა თუ არა ასეთ ვითარებაში ღვთისმსახურების ჩატარება და სააღდგომო ზიარება? ამ და სხვა შეკითხვებს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში უპასუხა არქიმანდრიტმა კირილ გოვორუნმა, ლოს-ანჟელესის ლოიოლა მერიმაუნტის უნივერსიტეტის პროფესორმა

რწმენა და ცრურწმენა - ძროხის შარდი და ლაიმა

„მთელ მსოფლიოში რელიგია განსხვავებულად რეაგირებს. თითოეულ რელიგიურ ტრადიციაში არსებობს რწმენა და ცრურწმენა. პანდემიასთან დაკავშირებულმა ამ კრიზისმა ერთიც გამოავლინა და მეორეც. სხვადასხვა რელიგიისგან გვესმის რჩევები, რომელთა შეფასება სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა ცრურწმენა. მაგალითად, ბუდიზმში. ზოგიერთი ბუდისტი ბერი მიანმარში კორონავირუსისგან განკურნების მიზნით ხალხს ლაიმისა და პალმის ხის კურკების ჭამას ურჩევს. ინდოეთის რომელიღაც ნაწილში ცრუმორწმუნეები ლამის ძროხის შარდის დალევას ურჩევენ, რადგან ძროხა ინდოეთში წმინდა ცხოველად ითვლება. შიიტები კი თავიანთი წმინდა ადგილების ღობეებს კოცნიან.

ზოგიერთმა დამოუკიდებელმა ეკლესიამ საკუთარი ტაძრებიც დახურა. მაგალითად, ასე მოიქცა მსოფლიო პატრიარქი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ტაძრების (მარტის ბოლომდე) დახურვის შესახებ.
კირილ გოვორუნი

ცრურწმენა ყველა რელიგიაში არსებობს, მაგრამ ყველა რელიგიაში ისმის ჯანსაღი ხმაც, ხმა ნამდვილი და არა ცრურწმენისა, ხმა, რომელიც ამბობს, რომ ყველა უნდა იყოს ფრთხილად და ერიდოს ყველა ამ ცრურწმენას, რომელმაც ვირუსის შემდგომი გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს“, - ამბობს არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი.

„წამებულები ტერორისტებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ წამებულები საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს, ტერორისტები - სხვა ადამიანების სიცოცხლეს. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ამგვარი მოწოდებებით საფრთხის ქვეშ აყენებენ სხვა ადამიანებს”, - ამბობს არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი.

რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიების არაერთგვაროვან რეაქციას კორონავირუსის ეპიდემიის დროს, კირილ გოვორუნის თქმით, მართლმადიდებელ რელიგიაში, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, ეკლესიები არ არიან ცენტრალიზებული. რომის პაპმა ყველა კათოლიკეს მოუწოდა გარკვეული წესრიგის დაცვისკენ, რასაც ყველა იცავს. მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიები წესებს საკუთარ თავს თავადვე უწესებენ.

„მაგრამ, საერთო ჯამში, ამ გადაწყვეტილებებს ერთი საერთო, საკმაოდ გონივრული, მნიშვნელი აქვთ. იგი მოუწოდებს ყველა მორწმუნეს, მოერიდონ პირდაპირ კონტაქტებს, დაიცვან სოციალური დისტანცია. ზოგიერთმა დამოუკიდებელმა ეკლესიამ საკუთარი ტაძრებიც დახურა. მაგალითად, ასე მოიქცა მსოფლიო პატრიარქი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ტაძრების (მარტის ბოლომდე) დახურვის შესახებ“.

„მრავალრიცხოვანი ფიზიკური კონტაქტების რელიგია“

ახლოვდება აღდგომის დღესასწაული. შესაბამისად, აქტუალურია შეკითხვა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო ისეთი რიტუალები, როგორიცაა ზიარება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხში შეუვალია. „ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობისა და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!“-

საქართველოს საპატრიარქოს ამ განცხადებას სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ასევე ნახეთ სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი მიიჩნევს, რომ ძალიან რთულია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაჭრა, გამომდინარე მართლმადიდებლობის ბუნებიდან - ის „მრავალრიცხოვანი ფიზიკური კონტაქტების“ რელიგიაა.

ეს მოძღვრები გარდა იმისა, რომ თავიანთ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში, ასევე საფრთხეში აგდებენ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს.
კირილ გოვორუნი

„ჩვენ გვიყვარს, თაყვანს ვცემთ ხატებს, ვეამბორებით ხატებს, ვეამბორებით ჯვრებს. სხვა რელიგიებშიც არის, მაგრამ მართლმადიდებლობაში მრავალი შესაძლებლობაა ვირუსებთან შემხებლობის მხრივ. ეს ყველაფერი იმდენად ბევრია, რომ ძნელია ამ ყველაფრის კატალოგიზება და დადგენილების გამოცემა, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა - არა“,- ამბობს კირილ გოვორუნი. ამასთან, ამერიკაში მოღვაწე არქიმანდრიტი „უპასუხისმგებლოსა და დანაშაულებრივს“ უწოდებს იმ სასულიერო პირების განცხადებებს, რომლებიც მრევლს მოუწოდებენ მივიდნენ ეკლესიებში და უწინდებურად ეამბორონ ხატებსა და ჯვრებს.

„ეს მოძღვრები გარდა იმისა, რომ თავიანთ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში, ასევე საფრთხეში აგდებენ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. ზოგიერთი დღესაც მოუწოდებს მოწამეობისკენ, აქაოდა, მოდით ეკლესიაში, ეამბორეთ ხატს და თავს დაიდგით მოწამის გვირგვინიო. მაგრამ ეს მოწამეობა კი არ არის, არამედ ამას შეიძლება ვუწოდოთ ტერორიზმი. მოწამეები ტერორისტებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მარტვილები თავიანთ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში, ხოლო ტერორისტები - სხვა ადამიანების სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებიც ასეთი ქმედებისაკენ მოწოდებით საფრთხეში აგდებენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს“, - აცხადებს არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი.

რაც შეეხება აღდგომის დროს ზიარებას, რაც ბევრ მორწმუნეს აინტერესებს, კირილ გოვორუნი მიიჩნევს, რომ ეს უნდა მოხდეს „მაქსიმალური სიფრთხილით“ და უსაფრთხოების იმ ზომების დაცვით, რაც ზოგიერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კორონავირუსის ეპიდემიათან დაკავშირებით უკვე მიიღო.

დადგენილების დარღვევისთვის, გოვორუნის აზრით, უნდა დაისაჯონ ის სასულიერო პირები, რომლებიც თვითნებურად დაარღვევენ საგანგებო ვითარების დროს შემუშავებულ წესდებას.